ერთმა ლიბანელმა მოისურვა ათონის მწვერვალზე ასვლა, გასცდა წმინდა ანას სკიტს, გზა აებნა და შეხვდა ვიღაც უცნობ მოღვაწეებს, რომლებიც მას მწიფე ლეღვით გაუმასპინძლდნენ. როცა მან ამის შესახებ წმინდა ანას სკიტში მოჰყვა, ზოგიერთი მამა წავიდა მათ მოსაძებნად, მაგრამ ვერავინ ნახეს.
სხვა დროს კი წმინდა ანას სკიტელი მონაზვნის ერთ-ერთი ღვთისმოშიში ნათესავი, წარმოშობით კრიტელი, ასცდა სკიტის ბილიკს და ერთ მღვიმეში შეძვრა, სადაც ვიღაც გარდაცვლილი მონაზვნის სხეული ესვენა. განსვენებულს მარჯვნივ და მარცხნივ სანთლები ენთო. როცა კრიტელი ამის შესახებ მოჰყვა, რამდენიმე მონაზონი თავიანთ მოძღვართან ერთად იმ ადგილის მოსაძებნად წავიდა, მაგრამ ვერაფერი იპოვეს.
დაახლოებით 1990 წელს წმინდა პეტრეს კელიაში მცხოვრები მონაზონი თავისი კელიის დასავლეთით შეხვდა 10-11 უცნობ მონაზონს, რომელთაც თან წაყოლა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი უთხრა.
კიდევ ერთმა წმინდა პეტრეს კალიველმა წმინდა მოსაგრემ, ნეტარმა კეთილმოკრძალებულმა მამამ დანიელმა, როგორც თვითონ ჰყვებოდა, უმასპინძლა "უჩინარ მოსაგრეებს" და აზიარა უწმინდეს საიდუმლოებებს. ხოლო ნეტარ მამა პაისის ათონის მწვერვალზე შეხვდა სამოსდაკონკილი უცნობი მოსაგრე.
მთაწმინდაზე, კიკოს მონასტრიდან წმინდა პავლეს მონასტერში მიმავალ ბერდიაკონ ეფრემს გზად შეხვდა უცნობი მოსაგრე. ისინი შეჩერდნენ და საუბარი გააბეს. ამ მოსაგრეს ძველისძველი კაბა ეცვა და წელამდე წვერი ქამარში ჰქონდა ჩატანებული. მათ საღვთო ზიარებაზე ისაუბრეს და ბერდიაკონმა უცნობ მოსაგრეს კითხვები დაუსვა, რათა მისი აზრი შეეტყო საღვთო ზიარებაზე. მოსაგრემ უპასუხა. მერე თავ-თავისი გზით წავიდნენ. კვიპრელი ყმაწვილი რამდენიმე ნაბიჯით გაშორდა, მერე მობრუნდა, რათა კვლავ თვალი შეევლო უცნობისათვის, მაგრამ მხოლოდ ბუჩქები და ცარიელი ბილიკი დაინახა.
არის გადმოცემის უფრო ძველი წყაროები "უჩინარ მამებზე" ანუ "იდუმალ მოსაგრეებზე":
უძველესი გადმოცემა ამბობს, რომ სათნო მოძღვარი ქრისტეფორე მასპინძლობდა მათ და აზიარებდა უწმინდეს საიდუმლოს მე-19 საუკუნის დასაწყისში იანაკუპოლის კალივაში.
1835 წელს რამდენიმე მონადირე გარეულ თხებზე ნადირობისას დილით გადაეყარა ნახევრად შიშველ მამას, რომელსაც მცირედ გაესაუბრნენ. მან მონადირეებს მოუყვა, რომ იქ სულ შვიდი მამა ცხოვრობდა. მონადირეებმა წმინდა ანას სკიტში დაბრუნებისთანავე ეს ამბავი იქაურ მხცოვან მამებს უამბეს. მათ აიღეს კვერთხები და მეუდაბნოეთა მოსაძებნად გაემართნენ, მაგრამ იმ ადგილებში ვერავინ ნახეს.
დიდი ლავრის მეტყევემ, მონაზონმა არსენმა 1861 წელს უამბო ერთ რუს მეუდაბნოეს, რომ იცნობდა ოთხ დაფარულ მამას, რომლებიც ათონის უდაბნოში განდეგილად ცხოვრობდნენ.
ჟურნალ "მთაწმინდის ბიბლიოთეკის" ერთ-ერთ ნომერში, რომელიც ადრე გამოდიოდა, წერია "უჩინარ მოსაგრეებზე". ის, რომ "ისინი შვიდნი იყვნენ და ათონის მღვიმეებში ცხოვრობდნენ და როცა ერთი კვდებოდა და ექვსნი რჩებოდნენ, რაღაცნაირად იდუმალი სახით მთაწმინდიდან მოდიოდა უცნობი მოღვაწე მონაზონი და იკავებდა მის ადგილს!" ამ ღირს და დიდსულიერ კაცებს, თუმცა ურთიერთობა აქვთ სხვა მეუდაბნოე მონაზვნებთან, მაგრამ ისინი უსახელონი და შეუმწიფველნი არიან სოფლისათვის. ნეტარი მამა პაისი ამტკიცებდა, რომ ჩვენს დროშიც საკმაო რაოდენობის უცნობი მოღვაწე იყო.
"უჩინარი მოსაგრენი" იმიტომ დაარქვეს, რომ ვერც მათ პოულობენ და ვერც მათ მღვიმეებს.
ამ გადმოცემას ნათელს ჰფენს ის ფაქტი, რომ დროდადრო მოსაგრე მონაზვნები, სკიტელები და მეუდაბნოეები უკვალოდ ქრებიან. 1940-42 წლებში წმინდა პეტრეს კელიაში ორ მორჩილთან ერთად ცხოვრობდა ერთი მამა, რომელმაც თქვა, - კუნძულ სამოსზე მივდივარ, მღვდლად უნდა დამასხან ხელიო, მაგრამ უკვალოდ გაქრა.
დაახლოებით 1954 წელს ივერთა სკიტში დაყუდებული იყო ბერი სერგი, ძალზე მოღვაწე, მდუმარე და განმსჯელი. ისიც გაქრა, მისი კალივის კარები კი დიდხანს იყო ღია. ვათოპედის მონასტრის კუთვნილი კოლივის კელიის მოძღვარი მამა ნექტარიოსიც უკვალოდ დაიკარგა, ასევე - კიდევ ორი ბერი ქსენოფონტეს მონასტრიდან - მამა ნიკოდიმოსი და კაფსალელი მარტინიანე.
მთაწმინდაზე როცა ვინმე დაიკარგება, ამბობენ ხოლმე, "უჩინარმა მოსაგრეებმა" წაიყვანესო. ყოველ შემთხვევაში, თუ "უჩინარი მოსაგრენი" არსებობენ (ეს კი სხვადასხვა ფაქტით დასტურდება), მაშინ მთელ სამყაროს უნდა უხაროდეს, რომ ამ "უხორცო მოღვაწეთა" ლოცვით მცირდება ღვთის სამართლიანი რისხვა კაცთა მოდგმაზე, ჩვენი ცოდვებისათვის აღძრული. ხოლო თუ ვინმეს არ სჯერა "ათონის უდაბნოთა საიდუმლო", ჩაიხედონ იოანეს და ბრძენი სოფრონეს "ძველ ლიმონარში" და იქ იპოვიან ამგვარ მოთხრობებს. პირველ ნაწილში 119 მოთხრობაა წმინდა მამებზე, მეორე ნაწილში კი შეტანილია "გამოთქმანი და ღვაწლნი მამათა ჩვენთა, სინაზე და რაიფაში გაბრწყინვებულთა". ეს მეორე ნაწილი 36 თავისგან შედგება და ასევე აქაა შეტანილი "მოსე შავის წინასწარმეტყველება". 22-დან 28 თავამდე იხსენიებიან სინას უდაბნოს უჩინარი მოსაგრენი.
სინას გარშემო - სიდის, მეტმორის მთის, გუდარესის, არენდულის და სხვა დასაყუდებელ ადგილებში VI-VII საუკუნეებში ცხოვრობდა მრავალი განდეგილი. მოგითხრობთ ერთ ამბავს, რომელიც არენდულაში მოხდა: "ამბა მათე მეუდაბნოე შემდეგს მოჰყვა: როცა ის არენდულაში ცხოვრობდა, სადაც ბევრი მეუდაბნოე იყო, ტაძარში, განსაკუთრებულ კარადაში ინახებოდა სანაწილე, საიდანაც აძლევდნენ წმინდა ზიარებას მეუდაბნოეებს. ტაძარში მისულ მამა მათეს არაერთხელ დახვედრია სანაწილე და კარადა ღია და ძალზე წუხდა. მაშინ მან გადათვალა წმინდა ნაწილები და კლიტე დაადო. შემდგომში კვლავ გადაითვალა ნაწილები და აღმოაჩინა, რომ სამი აკლდა. გაკვირვებულს მომდევნო საღამოს გამოეცხადა სამი მონაზონი. მათ ის გააღვიძეს და უთხრეს, - ეს, ჩვენ, ცოდვილები, მოვდივართ და სანაწილიდან ვეზიარებითო. მაშინ ის მიხვდა, რომ განდეგილები წმინდანები იყვნენ და ღმერთი განადიდა იმის გამო, რომ ისინი უბოძა ჩვენს მოდგმას.
ბერი ვლასი-იდუმალი "უჩინარი ღირსი მამანი"
როცა პირველად ათონის მთაზე მოვხვდი, კავსოკალივის სკიტიდან წმინდა ანას სკიტისკენ მიმავალს გზა ამებნა - ათონის მთის მწვერვალზე მიმავალ ბილიკს დავადექი. ამას კარგა ხნის სიარულის შემდეგ მივხვდი და უკან დასაბრუნებელ გზას დავუწყე ძებნა. ღვთისმშობელს შეწევნა ვთხოვე. უეცრად ჩემს წინ განდეგილი აღიმართა, სახეზე ნათელი გადასდიოდა. 70 წლისას ჰგავდა. ჩაცმულობით კი იტყოდი, რომ ადამიანებთან ურთიერთობა არ ჰქონია. ეცვა ალაგ-ალაგ გამომწვარ-დაგლეჯილი, წნელებით შეკრული ქერელის ტილოს კაბა. მხარზე ასევე დაგლეჯილ-დაბლანდული ტყავის აბგა მოეგდო, კისერზე მსხვილი ჯაჭვით მომცრო ყუთი ეკიდა. დარწმუნებით იტყოდი, რომ შენს წინ წმინდანი იდგა.
შეკითხვაც ვერ მოვასწარი, მეუბნება: - შვილო, ეს გზა წმინდა ანას სკიტისაკენ არ მიდისო და საჭირო ბილიკი მაჩვენა. არა, ნამდვილად წმინდანი იდგა ჩემს წინ. ვკითხე, - სად ცხოვრობ, მამაო-მეთქი. ათონის მწვერვალზე მიმითითა. მე მაშინ გაწამებული ვიყავი მოძღვრის ძებნით, რომელსაც სულიერი რჩევა შეიძლებოდა მოეცა. ახლა კი ისიც დამავიწყდა, კვირის რომელი დღე და რიცხვი იყო. ვკითხე მეუდაბნოეს და მიპასუხა, - პარასკევიაო. შემდეგ ტყავის ქისა ამოაძვრინა, რომელშიც ნაჭდევებიანი ჩხირები ეწყო. დახედა მათ და თვის რომელი რიცხვი იყო, ისიც მითხრა. ამის შემდეგ კურთხევა ავიღე და ნაჩვენებ ბილიკს გავუყევი, რომელმაც პირდაპირ წმინდა ანას სკიტში მიმიყვანა. გონებიდან არ მშორდებოდა განდეგილის ნათელი და გაბრწყინვებული სახე.
მოგვიანებით მითხრეს, ათონის მწვერვალზე თორმეტი განდეგილი ცხოვრობსო, სხვები კი ამბობენ, შვიდნი არიანო. ეს რომ გავიგე, გავიფიქრე, ნეტა ერთი მათგანი ხომ არ შემხვდა-მეთქი. ხსენებული ამბავი მოვუყევი გამოცდილ ბერებს. დამიდასტურეს: იმ ღირს განდეგილ მამათაგანი იქნებოდაო.
მამა პაისი ათონელი, უცნობი განდეგილი
(ვფიქრობ, ერთი დაფარულ ღირს მამათაგანი)
(ვფიქრობ, ერთი დაფარულ ღირს მამათაგანი)