ათონის წმინდა მთის შესახებ თითქოს ბევრი რამ გვსმენია და წაგვიკითხავს, საერო და სასულიერო პირთა უმრავლესობას მოულოცავს იქაური სიწმინდეები და წმინდა მიწის მადლით დაპურებულნი უკან დაბრუნებულან
, მაგრამ ალბათ სულ სხვაა, როცა ამ წმინდა მიწაზე, ათონის მამების გვერდით წლების განმავლობაში იცხოვრებ და მათთან ერთად გამოცდი იქაური მონასტრული ცხოვრების წესს.
როცა ათონის წმინდა მთის თანამედროვე ცხოვრების შესახებ გადავწყვიტე მასალის დაწერა, ვცდილობდი, ისეთი ადამიანი მომეძებნა, ვისაც მცირე ხნით მაინც უცხოვრია ათონზე, შეხვედრია ისეთ მამებს, ვისგანაც სარგებელი და ცხოვრებისეული გამოცდელება მიუღია. ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა გიორგი რაზმაძის ლოცვა-კურთხევით, იოსებ საბანოვი წლების განმავლობაში ცხოვრობდა ათონის მთის სხვადასხვა მონასტერში. ბევრი რამ აქვს გასახსენებელი, თუმცა ამის საჯაროდ აღიარება არ უცდია, რომ არა ჩემი, როგორც სულიერი დის, დაჟინებული თხოვნა.
- დრო ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ამას ჩემი თვალთახედვით ვამბობ. ათონზეც შეიმჩნევა დროის გამეფება, თანამედროვეობა მოქმედებს ეკლესიაზეც, - მიამბობს იოსები, - ათონის მთაზე სხვადასხვა სტილის მონასტრული ცხოვრებაა. ვგულისხმობ კელიურ, განდეგილურ, კინოვიურ ცხოვრებას. კინოვიური - საერთო საცხოვრებელს ნიშნავს. თავად კინოვიური ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა. ერთ-ერთია იდიორითმული ცხოვრება. ამ საერთო საცხოვრებელში დასაშვებია საკუთარი, პირადი ნივთების ქონა. საერთო ტრაპეზიდან განსხვავებით, შესაძლებელია ცალკე, საკუთარ კელიაში ტრაპეზი. მონასტერში შესაძლებელია ხელსაქმის კეთება და ამით თავის რჩენა. მეორეგვარი კინოვიური ცხოვრებისას ყველაფერი საერთოა, საერთო ტრაპეზი, საერთო ლოცვა. წინამძღვრის კურთხევისა და მეთვალყურეობის გარეშე კელიებში ზედმეტი ნივთი არ შეიძლება გქონდეს. მონასტრის წევრებს ერთნაირად აცვიათ, ერთნაირად იკვებებიან. ათონზე დღეს ყველა მონასტერი კინოვიურია.Aდაყუდება არის განმარტოებული ცხოვრების წესი. ბერი შეიძლება კინოვიაში, მონასტერშიც იყოს და ჩაკეტილ ცხოვრებას მისდევდეს.
ღვთის დიდი წყალობაა, რომ ოთხჯერ მომიწია ათონის მთაზე ცხოვრება. მაშინ გავიგე უფრო მეტი ათონის შესახებ. პირველად ვიყავი მაშინ, როცა მამა გიორგი რაზმაძემ ვათოპედის მონასტრიდან პანტანასას ხატი ჩამოაბრძანა. შემდეგ ისევ მამა გიორგის გავყევი მოსალოცად. ათონზე ბოლოს ოთხი წელი ვიცხოვრე. ექვს თვეზე მეტი ხანი დავყავი ვათოპედის მონასტერში. ვათოპედი ერთ-ერთი მკაცრი და საკმაოდ კარგი მონასტერია წინამძღვარი გერონდა ეფრემი გახლავთ. ვათოპედის მონასტერი ათონზე იერარქიულად მეორე ადგილზეა. პირველია წმინდა ათანასე დიდის ლავრა. მამათა სიმრავლით გამოირჩევა ვათოპედი. დაახლოებით 113 მამა ცხოვრობს. მონასტერში მრავალი სიწმინდეა. ვათოპედში სიმკაცრეა, მონაზვნობაც ასეთი უნდა იყოს. მონაზონი ნაბიჯს არ დგამს წინამძღვრის ლოცვა-კურთხევის გარეშე.Eეს კი გეხმარება საკუთარი ნების მოკვეთაში. საკუთარი ნების მოკვეთა ნიშნავს, რომ მორჩილი და თავმდაბალი ხარ. მორჩილის სამკაული - ეს არის მორჩილება და თავმდაბლობა. ამისთვის ჰქონდათ სპეციალური, იოსებ ისიქასტისეული პროგრამა. იოსებ ისიქასტის სულიერი შვილი, ბერი იოსებ ვათოპედელი იყო ვათოპედის დიდბერი. ბერი იოსები მონასტრიდან განმარტოებით ცხოვრობდა პატარა კელიაში მამა ათანასესთან ერთად. ხანდახან მივდიოდით ხოლმე მასთან, წირვას ვაყენებდით, ხან თვითონ მოდიოდა. საქადაგებლად ცალკე დღეები იყო, ავიდოდით მასთან სპეციალურ დარბაზში და იქ ქადაგებდა მონაზვნობაზე, რაც თავისი მოძღვრის, იოსებ ისიქასტისგან გაეგო. როცა მამები კითხულობდნენ იოსებ ისიქასტის სწავლებას, შიგადაშიგ აჩერებდა მათ და იხსენებდა იმ მომენტებს, რაც წიგნში ეწერა. ძალიან უყვარდა ბერ იოსებს ქართველები. ვათოპედის მონასტერში სხვადასხვა ეროვნების მამები ცხოვრობენ: მამა ირინეოსი ფრანგი იყო. მექსიკიდან იყო მამა პავლე. ადრე იგი კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი ყოფილა და ერთ დღესაც ხელში ჩაუვარდა მართლმადიდებლური წიგნი, რომლის წაკითხვის შემდეგ მოექცა, ვათოპედში ჩამოვიდა და გახდა ბერი პავლე. იღუმენად კურთხევის შემდეგ ისევ წავიდა თავის ქვეყანაში. ახლა ეწევა მისიონერულ საქმიანობას. ერთმანეთში ბერძნულ ენაზე ვსაუბრობდით.
- როგორია ვათოპედის მონასტრის ტიპიკონი, იქაური ცხოვრების წესი?
- ვათოპედის მონასტრის წევრები ღამის ოთხის ნახევარზე ვდგებოდით. ერთი ბერი, წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით, თითოეულ მონასტრის წევრს აღვიძებს. ლოცვა დილის 8 საათისთვის მთავრდება. მერე მოდის ტრაპეზი, შემდეგ ავიდოდით კელიებში, ძველ სამოსლებს ჩავიცვამდით და მორჩილებებს ვასრულებდით. ზოგი ბაღს უვლიდა, ზოგი ხატწერას სწავლობდა. ეს მორჩილებები სრულდებოდა 12-1 საათამდე. მერე კელიებში ვისვენებდით. დაახლოებით 4 საათზე მწუხრის ლოცვას ვიწყებდით, შემდეგ ისევ ვტრაპეზობდით. ამას მოჰყვებოდა სერობის ლოცვა. თავისუფალი დრო გვქონდა. შემდეგ იწყებოდა მდუმარების საათები. ამ დროს მონასტრის წევრები ვალდებულები ვიყავით, საკუთარ კელიაში მდუმარედ ვყოფილიყავით და აღარ გვესაუბრა.
- ძირითადი ყურადღება რას ექცევა ვათოპედში?
- ცოტ-ცოტა ყველაფერს. რა თქმა უნდა, სინდისს, სუფთა აქვთ თუ არა მონასტრის წევრებს, ქცევებს, გამოხედვას, სიარულის მანერას, საუბარს, ჭამას. ვინც ერიდან ცუდი ცხოვრებით მოდის, მისი ყველანაირი ქმედება მამებისთვის შესამჩნევია. ეს არ არის გასაკვირი, რადგან ერის ადამიანები იმისთვის მოდიან მონასტერში, რომ სულისათვის მავნე ჩვევებს გადაეჩვიონ. ძალიან ბევრს წვალობენ მის მოსაკვეთად. უმთავრესი ყურადღება კი ლოცვას - იესოს ლოცვას ექცევა. დაბალი, ჩუმი ხმით, მშვიდად, მორჩილების დროსაც გამუდმებით შეგვეძლო ხმამაღლა გვეთქვა იესოს ლოცვა. თუ დავიღლებოდით, მაშინ ვჩუმდებოდით და იესოს ლოცვაზე, ღმერთზე ვფიქრობდით. მონაზონი გონებით ყოველთვის ღმერთთან უნდა იყოს. ზოგიერთ მამას ისე აქვს სისხლსა და ხორცში გამჯდარი იესოს ლოცვა, რომ ძილის დროსაც ჩაესმის.
ვათოპედის მონასტერი ბერ იოსებ ისიქასტის მიახლოებული ცხოვრების წესით ცხოვრობს.
- აღსარებას ვის აბარებდი?
- მონასტრის წინამძღვარს, მამა ეფრემს. ზოგჯერ ფიზიკურად შეუძლებელი იყო მასთან შეხვედრა და ვინც იყვნენ მღვდელმონაზვნები, მათ ვაბარებდით.Mმე მყავდა ფრანგი მოძღვარი, მამა ირინეოსი. ძალიან სერიოზულ საკითხებთან დაკავშირებით წინამძღვართან მივდიოდით.
როცა ვათოპედში მორჩილის ცხოვრებას იწყებ, ბლოკნოტს და კალმისტარს გაძლევენ. ყოველდღიურად რასაც დააშავებ, ყველაფერი უნდა ჩაიწერო. ყოველ წუთს, ყოველ წამს, ყოველ შენს ნაბიჯს აკონტროლებ.
რაც მალე ჩავაბარებდით აღსარებას, უკეთესი იყო. დღე ისე არ გადის, რომ ცოდვები არ დაგვიგროვდეს. მით უმეტეს, როცა ყურადღებით, მონაზვნურად ცხოვრობ და მალ-მალე ავსებ შენს ბლოკნოტს - იმას მოშორება სჭირდება.
- ვათოპედში რა სიწმინდეებია?
- ძალიან ბევრი სიწმინდეა, ერთ-ერთია წმინდა იოანე ოქროპირის თავის ქალა თავისი უხრწნელი ყურით, ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილები, ღვთისმშობლის სარტყელი და სხვა მრავალი.
- ვათოპედის მონასტრის შემდეგ სად გააგრძელე მონასტრული ცხოვრება?
- ვათოპედში ექვს თვეზე მეტხანს ვიყავი. მინდოდა, ათონზე გავცნობოდი სხვა მონასტრების ცხოვრების წესს და ამიტომაც გადავედი წმინდა პავლეს მონასტერში. მაინტერესებდა არა მარტო მონასტრული ცხოვრება, არამედ კელიებიც. წმინდა პავლეს მონასტერი მთის ძირშია. ცოტა მოშორებით იწყება სკიტები. სკიტები პატარა კელიებისგან შემდგარი ბერების სოფლებია.
- ცოდნა, განათლება თუ აქვთ ათონის მამებს?
- რა თქმა უნდა, სულიერ ცოდნას იღებენ. წმინდა ანტონი დიდს ჰკითხეს, - საიდან გაქვთ, მამაო, ამდენი ცოდნაო. ჯერ ცაში აუწევია ხელი, მერე მიწაზე - ცამ და მიწამ მასწავლესო. სულიერი ცხოვრება ყველაზე დიდი განთლებაა.
- რა განსხვავებაა ვათოპედისა და წმინდა პავლეს მონასტრებს შორის?
- წმინდა პავლეს მონასტერში უფრო ადრე, ღამის 1-ელ საათზე დგებოდნენ მამები. ტრაპეზიც განსხვავებულია. მონასტრის წინამღვარია მამა პართენი. ძალიან კარგი ადამიანია. წარმოშობით კეფალონიიდან გახლავთ. საკმაოდ უბრალო და დიდი ხნის ბერია. იქ 40-მდე ბერი ცხოვრობს. ვისაც ათონზე უნდა ცხოვრება, მხოლოდ ერთ მონასტერში არ უნდა დარჩეს, კარგი იქნება, თუ სხვა მონასტრებსაც გაეცნობა. მამა პაისიც ამას ამბობს, - სადაც მისი სულისთვის უფრო სასიამოვნო იქნება და მოეწონება, იქ უნდა გაჩერდესო.
- წმინდა პავლეს მონასტერში დაცული სიწმინდეების შესახებ რა იცი?
- ყველაზე დიდი სიწმინდე არის სამი მღვდელმთავრის წმინდა ნაწილები - ბასილი დიდის თავის ქალა, გრიგოლ ღვთისმეტყველის უხრწნელი ფეხი, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის უხრწნელი მარჯვენა ხელი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- იქაურმა მამებმა თუ იციან, რომ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი საქარველოშია?
- ბევრმა არ იცოდა. ისე, ქართველებს დიდ პატივს სცემენ.
ათონზე მონასტრები ერთმანეთის მოშორებითაა. ერთმანეთთან კავშირი დღესასწაულებზე აქვთ ხოლმე. მატერიალურ დახმარებას ერთმანეთის მიმართ არ საჭიროებენ. როცა გვთხოვდნენ, ვეხმარებოდით, მაგრამ თუ კელია რომელიმე მონასტერს ექვემდებარება, ვალდებულია, დაეხმაროს მას.
- ბერების სოფელი ახსენე, მოგვიყები ამის შესახებ.
- სკიტები ჰქვია ამ სოფელს. წმინდაAანტონი დიდის დროსაც ასე ცალ-ცალკე, ოჯახებად ცხოვრობდნენ ბერები.Kსკიტები შედგება კელიებისაგან - კელიაში შეიძლება ცხოვრობდეს ორი ან სამი ძმა. კელიას აუცილებლად თავისი პატარა ეკლესიაც აქვს. არის ასევე კალივები - ქოხები, რომლებსაც ეკლესია არ აქვს და ბერები თავიანთ ოთახებში ლოცულობენ, იქვე ტრაპეზობენ. ბერი თავს დამოუკიდებლად ირჩენს, აკეთებს სკვნილებს, ჯვრებს, მერე მაღაზიებში აბარებს. ეს არის განდეგილური ცხოვრება. თუმცა კელიებში ძმები ცხოვრობენ - დაახლოებით ექვს კაცამდე და ერთმანეთს ეხმარებიან. შედარებით პატარა ოჯახია, ვიდრე მონასტრებში.
- თუ შეგხვედრია ისეთი მამა, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროს ხედავდეს?
- კი, არიან ასეთი მამები. როცა სულიერია ადამიანი, თუნდაც ერისკაცი იყოს, საუბრის დროს ამჩნევ, რომ ის ხედავს შენს სულიერ სამყაროს და შენს გარშემო ტრიალებს, იმაზე გესაუბრება, რაც გაწუხებს. ათონზე ვერაფერს დაუმალავ მამებს. თავადაც გამოსცადეს საკუთარ თავზე და წლების განმავლობაში იშრომეს იმისათვის, რომ შეცვლილიყნენ. როცა მათში მოხდა სულიერი ფერისცვალება, სხვისი ცხოვრების შეცნობაც აღარ უჭირთ.
- წმინდა პავლეს მონასტრიდან სად წახვედი?
- კარიესში გადავედი. კარიესი არის ათონის მთის დედაქალაქი, რომელიც კელიებით არის დაკომპლექტებული და მონაზვნური ცხოვრება მიმდინარეობს. აქ მდებარეობს ათონის გამგეობაც. აქვეა ყუთლუმუშის მონასტერი. კარიესიდან ნახევარი საათის სავალია მთაში მდებარე წმინდა თეოდორე ტირონის და წმინდა თეოდორე სტრატილატოსის სახელობის პატარა კელია. იქ ერთ ახალგაზრდა როდოსელ მღვდელმონაზონ თეოკლიტესთან ვცხოვრობდი. უფრო განდეგილური ცხოვრება იყო. ტყეში მარტოები ვიყავით. ჩვენს მახლობლად რამდენიმე კელია იყო. ერთ-ერთში ჩვენი მოძღვარი ცხოვრობდა, ვისაც აღსარებას ვაბარებდით. მოხუცი იყო გერონდა ხრიზოსთომი (ოქროპირი). თითოეულ კელიას თავისი ეკლესია აქვს, ჩვენ ჩვენს ეკლესიაში ვწირავდით ხოლმე. მე წიგნს ვკითხულობდი და ვგალობდი. კვირაობით ჩვენს ბერთან ჩავდიოდით წირვაზე და ვეზიარებოდით. მერე წავიხემსებდით, ვისაუბრებდით სულიერ საკითხებზე, მერე ამოვიდოდით კელიაში და ვისვენებდით. ხან ხატებს ვწერდი, ხან ბაღში ვმუშაობდი. აქ უფრო დამოუკიდებლად, განდეგილურად ვცხოვრობდი, არავისზე არ ვიყავი დამოკიდებული. წმინდა პავლეს მონასტერში წელიწადნახევარი ვიცხოვრე.
- ათონზე ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდა?
- განსაკუთრებული შთაბეჭდილება კელიურმა ცხოვრებამ დატოვა. მამა პაისი ამბობს, ათონზე პირველსავე მონასტერში ნუ გაჩერდები, მოიარე და მერე მიდიო. დავამატებ: კელიური ცხოვრებაც უნდა გამოსცადო. მერე, რომელიც შენს გულთან მოვა ახლოს, იქ იცხოვრებ. პირადად მე ძალიან მიყვარს მონასტრული ცხოვრება, მაგრამ უფრო მომწონს კელიური ცხოვრება.
- ათონზე ცხოვრებამ რა გამოცდილება შეგძინა?
- სულიერ ცხოვრებაში უფრო მეტად ფრთხილი გავხდი. ეკლესიურობა ცხოვრების წესია. როცა ადამიანი ტაძრის გარეთ გადის, მაშინაც ისე უნდა ცხოვრობდეს, როგორც ეკლესია გვასწავლის. ათონზე ნათლად დავინახე და მასწავლეს, თუ რა არის ქრისტიანობა, სულიერი შვილის როლი. შევისწავლე ხატწერა. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის უფლისა და დედა ღვთისმშობლისა.
ჩემი მიზანი ის არის, რომ გადავრჩე და ვცხოვნდე, ღმერთთან ვიყო სასუფეველში თუნდაც სადღაც კუთხეში, ოღონდ გადავრჩე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი