კაცხის სვეტი მდებარეობს ჭიათურის რაიონში, მდინარეების - კაცხურას, ყვირილას მარჯვენა და ღვითორის მარცხენა შენაკადში. 40 მ სიმაღლისაა. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ერთი მცირე ზომის ეკლესია და ერთი სახლი.
ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიაში - სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული - სამარხი).
არავინ იცის, ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთამსვლელთა ჯგუფმა ინახულა. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელი იყო.
კომპლექსი აერთიანებს სვიმონ მესვეტის სახელობის ეკლესიას, საძვალეს, ძველ სამრეკლოს და ბერების საცხოვრებელ სახლს. მთლიანად კომპლექსი გალავნით არის შემოსაზღვრული.
ვახუშტი ბატონიშვილი კაცხის სვეტის შესახებ წერს: "ხრამსა შინა არს კლდე აყვანილი, ვითარცა სვეტი, ფრიად მაღალი. მის კლდის თხემზე არს ეკლესია მცირე, არამედ ვეღარა აღვალს კაცი, არცა უწყიან ხელოვნება აღსვლისა".
"ნაკერპთა მათ მთათა მაღალთა და ბორცვთა ზედა ესე ვითარივე იყო განცხრომა-როკვანი; ამისთვის აღაშენეს მათ ზედა ეკლესიანი და ჯვარობიდან მუნ, ვითარცა აწ ფერხისა სიმღერითა - გაათენიან".
1944 წლის 29-30 ივლისს კაცხის სვეტზე ასულა პირველი ექსპედიცია, მათ შორის იყო მწერალი ლევან გოთუა. ის წერს: "აკლდამას ნალისებრი შესავალი აქვს. შესავალი თავიდანვე ღია ყოფილა და ქარს შიგ ჭარბად შეუტანია შლამი და დამპალი ჟვერო. როცა გამოვწმინდე და მოვთხარე - ადამიანის ჩონჩხს წავაწყდი მუხის ფესვებში გაკვალთულს და მყარად ჩაწნულს, ძლივს ამოვჭერი ფესვები, ძლივს ამოვთხარე. ერთი ჩონჩხია, ძლიერ გამოფიტული, თავის ქალა სრულიად ჩაშლილია, ჩანს, თავი გასავლისაკენ, ე.ი. დასავლეთისკენ ჰქონია. აქვე თიხის ჯამის ნამსხვრევი ვნახეთ. ალბათ უკანასკნელი მესვეტის ჩონჩხია. მას დამარხვა აღარც ღირსებია. სიკვდილის მოახლოების ჟამს თავად თუ შესულა აკლდამაში, იქ მიწოლილა სიკვდილის სარეცელზე და ისევე დაგვხვდა. იქნებ ათას წელიწადს შემდგომ, მუხის ფესვებში ჩახლართული და ჩაჭედილი...
მრავლად ამოვკრიფეთ ჯამ-ჭურჭლის ნამსხვრევები, ერთი ქოთანი კი თითქმის მთელი ჩამხობილი იდგა საყდრის კუთხეში. ვიპოვეთ მცირე ზომის, სამწუხაროდ, დამსხვრეული სურა ჩინებული ნაკეთობისა, ხოლო საკურთხევლის გაწმენდის დროს აღმოჩნდა სურათოვნად ჩამოსხმული ბრინჯაოს შანდალი თუ ჯვარსადგარი. ქვაბულის კუთხეში კი კრამიტის ნამსხვრევები და ვგონებ კეცის ნატეხიც ვიპოვეთ.
კლდის კიდეზე მარანი ნაწილობრივ გადანგრეულა, ერთი ქვევრი შუაზე გამსკდარა, გატეხილა. ახლა გაპობილი გლობუსის შთაბეჭდილებას ტოვებს. ოთხი კი მთელია, ხუთ-ხუთ ჩაფს ჩაიტევს. ქვის ბადიმიც კი ეხურა ერთ-ერთს. ქვევრები სავსეა ჟვეროთი და ლოკოკინებით. შიგ შუქი ჩავანთე და ჩავძახე კიდევაც, ჩემმა ხმამ შემაძრწუნა. ლოცვით გაბოხებული ხმის ანარეკლი გამოიღო ქვევრმა. ასეთი ხმა თუ ჰქონდა უკანასკნელ მესვეტეს!"
კაცხის სვეტზე მეორედ, 11 წლის შემდეგ, 1955 წელს ავიდა რგანის მაღაროს ალპინისტური სექციის ჯგუფი, ვარდენ გოცაძე, თენგიზ აბესაძე, თენგიზ ხვედელიძე და ზურაბ ხვედელიძე, გოდერძი სამხარაძის ხელმძღვანელობით. "როდესაც ფეხი კაცხის სვეტის თხემზე დავაბიჯე - ხელები მაღლა ავწიე და ღმერთს მადლობა შევწირე", - იგონებს გოდერძი სამხარაძე. სვეტის თხემის ფართობი სამოცი კვადრატული მეტრია,იქ დაგვხვდა ქვის მცირე ზომის ეკლესია დაახლოებით 4მX4მ, მარტო კედლები დაგვხვდა, რომელზეც მხატვრობის კვალი არ ემჩნეოდა. ეკლესიის სამხრეთ მხარეზე იყო მოწყობილი აკლდამა, რომელშიც ერთი ადამიანის ჩონჩხი ესვენა, იქვე იყო 6 ცალი ქვევრის წყლის სამარაგო, თითოეული 160 ლ ტევადობის. ეკლესიის შიგნით სპეციალურად გაკეთებულ ნიშზე იდო თუნუქის ქილა, რომელშიც იდო წერილი. ხელს აწერდნენ მთამსვლელები: ალიოშა ჯაფარიძე, ლევან გოთუა, აკაკი ბელიაშვილი და ვახტანგ ცინცაძე. წერილი ჩვენ წამოვიღეთ და ახლა სოფელ ხრეითში, ალიოშა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმში ინახება. ეკლესიის დაახლოებით ორი მეტრის მოშორებით დაგვხვდა პატარა ზომის შენობის ნაშთი, ალბათ კელია, ბერთა საცხოვრებელი, რომელშიც ბუხარი იყო და ნაცეცხლარი ეტყობოდა. იქვე იყო ქვის პატარა როდინი თავისი ქვასანაყით, ქვევრის ფარფლის ნატეხი ჯვრის გამოსახულებით, ქართული აგურისა და კრამიტის ნატეხები (ეს ნივთები გ. სამხარაძის პირად მუზეუმში ინახება). იქვე იდგნენ მუხის ხეები 20 სმ დიამეტრის. სვეტის ძირში იდგა ცაცხვის ხე, რომლის კენწერო სვეტის თხემს აღწევდა. დაახლოებით ოცი წლის წინ, ცაცხვის ხე ქარმა მოგლიჯა - ქვის აკლდამა გამოჩნდა. მასში დაახლოებით 25 ადამიანის თავის ქალა და დიდი ძვლები აღმოჩნდა. არც ერთი პატარა ძვალი არ აღმოჩენილა, არც რაიმე ნივთები ახლდა ძვლებს. მე თვითონ ძვლებს რაიმე დაზიანების კვალი ვერ შევამჩნიე. კაცხის სვეტის ძირში ცხოვრება დუღდა, მტერმა ადამიანები დახოცა და მიატოვა, გვამები ნადირმა და სვავებმა გაანადგურეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოსახლეობა დაბრუნდა, გაფანტული ძვლები მოაგროვა და ერთად დაკრძალა.
სვეტის ჩრდილოეთით დარჩენილია კლდეში ნაკვეთი სამი საფეხური. შესაძლოა, აქ კლდეში ნაკვეთი კიბე იყო, რომელიც დროთა განმავლობაში დაინგრა. მაშინდელ ადამიანს სხვა ფიზიკური მონაცემები ჰქონდა. შეიძლება აქ იდგა დიდი ხეები, რომლის მეშვეობითაც ადიოდნენ სვეტზე, - ამბობს გოდერძი სამხარაძე, - პირადად მე წლების განმავლობაში ათჯერ ვარ ასული კაცხის სვეტზე და დაახლოებით ორასი კაცი მყავს აყვანილი. კაცხის სვეტი ისეთი საოცრებაა, რომ ნებისმიერი ევროპული ქვეყანა ინარტებდა.
კაცხის სვეტის ძირში, კლდეზე, ამოკვეთილია ბოლნური ჯვარი, რაც ადასტურებს, რომ წინაქრისტიანული ხანიდან აქ სასულიერო პირები ცხოვრობდნენ. VI საუკუნის II ნახევარში საქართველოში ცამეტი ასურელი მამა შემოვიდა, მათი ჩამოსვლის შემდეგ დაიწყო ჩვენს ქვეყანაში მონასტრების, მეუდაბნოეობის და მესვეტეობის დამკვიდრება. ამის შესაფერისი პირობები კაცხშიც იყო ბუნებრივად გამოკვეთილი სვეტის სახით. ისტორიამ არ შემოგვინახა, ვინ იყო პირველი მესვეტე ბერი კაცხში, რომელიც განმარტოებით ცხოვრობდა და ლოცულობდა კაცხის სვეტზე, ვინ იყო ის ბერი, რომლის ძვალთშესალაგიც კაცხის სვეტის თხემზეა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი