ეკლესიის წმინდა მამები ბევრს წერდნენ ბერმონაზვნობის სათნოებათა შესახებ. წმინდა დოროთე ბრძანებს: "სხვა სათნოებებს, მოვალეობის გამო შესრულებულს, აქვს მხოლოდ ხარკის მნიშვნელობა, რომელიც ყველამ უნდა გაიღოს ისე, როგორც ქვეშევრდომი უხდის - მეფეს; ბერმონაზვნობაში მორჩილება, უვერცხლობა და ქალწულება ის სათნოებებია, რომელიც აღესრულება კეთილი ნების გამო და მათ აქვთ მნიშვნელობა ძვირფასი ძღვნისა, რომელსაც ღმერთს მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის გამო სწირავენ, მსგავსად იმისა, როგორც გამოჩენილი ადამიანები მეფეს, ხარკის გარდა, მიართმევენ აგრეთვე ძღვენს და ამის სანაცვლოდ ღირსი ხდებიან ძვირფასი ჯილდოსი, პატივისცემისა და წოდებისა". წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, - "ბერმონაზვნური აღთქმანი, თავისი არსით, არის ქვეყნიერების გადარჩენა. მათი მეშვეობით ხდება ომისა და ჭირის თავიდან აცილება", ხოლო წმინდა დიმიტრი როსტოველი ამბობს: "თუმცა კი ზოგიერთს უმნიშვნელო ჰგონია ბერების ლოცვა, მაგრამ ისინი მთელ ქვეყნიერებას განამტკიცებენ. ქრისტიანული სამყარო წმინდა წერილში ემსგავსება ვენახს, ისევე, როგორც ძველად ისრაელი (ისაია 5,7). ვნახოთ, რას ეყრდნობა ვაზი. ერთ გამხმარ, უნაყოფო სარს. გამოაცალეთ ვაზს სარი, რტო მიწაზე ჩამოვარდება, ვეღარ მოიტანს ნაყოფს და ფეხით გაითელება. გამოაცალეთ ქრისტიანულ სამყაროს ბერმონაზვნობა ისევე, როგორც ვაზს გამხმარი, უნაყოფო სარი, და რა მოუვა სამყაროს? - თავად განსაჯეთ..."
გვესაუბრება ავჭალის ნათლისღების სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი გიორგი (ქობალია):
- როცა ადამიანი დაიწყებს ფიქრს ბერმონაზვნურ ცხოვრებაზე, რისი დატევება მართებს?
- ყველა ადამიანი ინდივიდუალურად იწყებს ამაზე ფიქრს. პირადად მე ეკლესიური ცხოვრების დასაწყისისთანავე მქონდა შეხება ბერმონაზვნებთან, ვნახე მათი ცხოვრების წესი. ძალიან მომეწონა. ეს იყო 90-იან წლებში. ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიიდან გახლავართ. ჩვენს სოფელში, კორცხელში, მონასტერი გაიხსნა (დღეს იქ დედათა მონასტერია). გახსნაზე ჩამოვიდნენ დღეს უკვე მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), მამა ელისე, რომელიც კოდორში გარდაიცვალა. მონასტერში ძალიან ხშირად მივდიოდი, როგორც ერის ადამიანი. ფაქტობრივად, მონაზონთა ხელში გავიზარდე სულიერად. მათი ცხოვრება ჩემთვის ძალიან სათნო იყო. გარკვეული წლების შემდეგ დავტოვე ერული ცხოვრება და მონასტერში წამოვედი. როცა ბერად აღვიკვეცე, ორმაგად შევიყვარე ბერული ცხოვრება. დღეს საქართველოს მოსახლეობისთვის არ არის მიუწვდომელი ეს. მიხარია, რომ საკუთარ თავში აღმოვაჩინე ძალა და ვნახე ადგილი, თუ როგორ მივსულიყავი ღმერთთან.
***
ყველა ადამიანს თავისი ჯვარი აქვს, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი, რომლის საშუალებითაც კაცი ღმერთამდე მიდის. მთავარია, ვიპოვოთ ის ჯვარი, რომელიც ღვთისგან მოგვეცა. როცა მიხვდები და იცი, რომ სწორი გზით მიდიხარ, ბედნიერი ხარ. ეს მნიშვნელოვანია ერისკაცისთვისაც და ბერისთვისაც. ვიდრე ამ ქვეყანაზე ხარ, საკუთარ ჯვარს ატარებ და იცი, რომ ბოლომდე უნდა მიიტანო.ბერმონაზვნური აღთქმა, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი წერს, არის ღვთისთვის გაღებული ყველაზე დიდი მსხვერპლი, რადგან ყველანაირი საზრუნავი უნდა დაუტევო და შეუდგე ქრისტეს გზას. თუ ადამიანი უფალს მიენდობა, უმსუბუქდება ამ ჯვრის ზიდვა. მონასტრის კედლები, წმინდა მამების ცხოვრების კითხვა ვერ გვაცხოვნებს; გვაცხოვნებს ყოველდღიური ლოცვითი და ფიზიკური შრომა, მონასტრის ტიბიკონით ცხოვრება. ყველა მონასტერს აქვს თავისი მეურნეობა, რათა საძმო დაპურდეს ან გაიღო მოწყალება. ეს საზრდო ხორცს სჭირდება, მაგრამ ეს არ არის ბერისთვის უპირატესი, მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარეა. უპირატესი ზრუნვა სულიერი საზრდოა. ეს არის სულიერი სხვაობა.Aამაზე ფიქრია ბერისთვის უპირატესი. ვიდრე ამქვეყნად ვართ, მუდამ სულიერად უნდა ვიზრდებოდეთ, ყოველდღიურად უნდა შევიძინოთ ახალი სათნოებები, გამოცდილებები. ამას კი სულიერი და ფიზიკური შრომა სჭირდება.
***
ავჭალის ნათლისღების სახელობის მამათა მონასტერში მოსვლამდე ნაქულბაქევის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ვმსახურობდი. მონასტერში მეტად მნიშვნელოვანია მონასტრის საძმოსთან ურთიერთობა, რომელიც არის ძმობა ქრისტეში. საძმოში იმით არის მნიშვნელოვანი ცხოვრება, რომ ერთმანეთს ვეხმარებით სულიერი თუ ფიზიკური შეჭირვების დროს, ერთმანეთის სიხარულსაც ვიზიარებთ. მონასტერი ერთი დიდი ოჯახია, რომლის თითოეულ წევრს ერთი თვალთახედვა გვაქვს. მსოფლმხედველობა, ცხოვრების წესი ერთია - სულის ცხონება. სულის ცხონებისთვის ბერებმა მონასტრული ცხოვრება ავირჩიეთ. დღეს არანაკლები ჯვარია ერში ცხოვრება და ერის გამრავლება. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებმაც ეს გზა ავირჩიეთ და ამ გზით მივდივართ უფალთან სულის საცხოვნებლად. ბერმონაზვნების ხედვა მხოლოდ უფალთან თანამყოფობაშია. ურთიერთის ტვირთს ვეზიდებით და ასე აღვასრულებთ ქრისტეს სჯულს. როცა მაცხოვარს გოლგოთაზე მიჰქონდა ჯვარი, ტარებაში ერისკაცთაგანი შეეშველა. ეს არის მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის, თუ როგორ შევუმსუბუქოთ ერთმანეთს უფლისგან დაკისრებული ჯვრის ტარება. სასიხარულოა, რომ ძმობა არის მრავალრიცხოვანი და ერთიანი. ეს არის ერის სიძლიერე, რამეთუ თავად ბერების ლოცვაზე დგას სამყარო. ამას ამბობენ ბასილი დიდი და ჩვენი წმინდა მამები. ამჟამად მარტო ვცხოვრობ მონასტერში, მაგრამ მიცხოვრია მრავალრიცხოვან მონასტერში და ვიცი ძმობაში ცხოვრების სისავსე და სიყვარული. მარტო ცხოვრების დროს მეტი შესაძლებლობა გაქვს, იფიქრო საკუთარ ცოდვებზე, საკუთარ თავზე. ამგვარი ცხოვრება უკვე წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით ხდება და არა თვითნებით. ლოცვა-კურთხევა მეტ ძალას გმატებს. მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი იოანე (გვაჯაია). ***
როგორია მონასტრიდან დანახული სამყარო? სამყარო არის ქმნილება ღვთისა. თუ სამყაროს შეხედავ, როგორც ქმნილებას ღვთისას, უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის. ის მართლაც მშვენიერია. თუ ადამიანი ქრისტიანულად არ ცხოვრობს, ეს მისი პრობლემაა და არა სამყაროსი.Yყველაფერი ხომ უფალმა შექმნა. ღმერთმა შექმნა ყველაფერი საუკეთესო. ქმნილებათა შორის გვირგვინი ადამიანები ვართ, რომელთაც მოგვეცა თავისუფალი ნება. თუ ჩვენ ამ თავისუფალი ნებით არასწორად ვცხოვრობთ, ეს უკვე ჩვენი საწუხარია და სამწუხაროა. ამ თვალით ვუყურებ სამყაროს. როცა ხედავ, რომ ერში ადამიანი ზრუნავს მხოლოდ ამა ქვეყნისთვის, წამიერი სიცოცხლისთვის, საცოდავია და მასზე უნდა ვლოცულობდეთ. ბერებს მოგვეცა ამაზე ფიქრის და ზრუნვის საშუალება. ბერ-მონაზვნებმა უნდა ვილოცოთ ერის კეთილდღეობისთვის, რომ ერმა იზრუნოს სულიერი და არა ხორციელი წარმატებისთვის, სულის ცხონებისთვის. ქრისტიანის არსი სულის ცხონება, ღმერთთან ყოფნაა.ყველა ქრისტიანის მოვალეობაა, მაგალითი იყოს თითოეული ადამიანისთვის. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ გვიყვარდეს ღმერთი და გვიყვარდეს ერთმანეთი.