მორჩილებით მცხოვრებს ჯვარი უმსუბუქდება
ღირსი იოანე სინელის "კიბე" საუკეთესო გზას გვიჩვენებს. ამ გზაზე სვლისას ვნახავთ, რომ იგი უცდომელი წინამძღვარია მისი მითითებების მიმყოლისა, ყოველგვარი დაბრკოლებისაგან უვნებლად დაიცავს მას
და წარმოგვიდგენს განმტკიცებულ კიბეს, რომელიც მიწიდან წმიდათა წმიდისაკენ მიემართება, რომლის მწვერვალზეც დამყარებულია ღმერთი სიყვარულისა.მეოთხე საფეხური მორჩილებაა. ღირსი მამა ამ საფეხურის განმარტებას ამგვარად ამთავრებს: "ამ საფეხურის რიგი მახარებელთა რიცხვს ემთხვევა.
განმხნევდი, მოღვაწეო, უშიშრად ისწრაფე წინ. ოდესღაც იოანემ პეტრეს გაუსწრო. აქ კი მორჩილება სინანულს უსწრებს, რადგან პირველი მათგანი მორჩილების სახეა, ხოლო მეორე - სინანულის".
მეხუთე საფეხური - სინანულია. "მონანულო, სინანულით ხუთი გრძნობა განიწმინდე, ხოლო საკუთარი ნებით წამებითა და თავის დათრგუნვით უნებურს გაექცევი", - განმარტავს ღირსი მამა.
ამ ორი საფეხურის შესახებ გვესაუბრება ბორჯომის ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტრისა და წმინდა ათანასე ათონელის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანდრია (ტარიადისი).
- მონასტერში მთავარი მორჩილებაა. როცა ადამიანი რწმენაშია და უფლის სამსახურში მიდის, ის უკვე უარყოფს თავის თავს ისე, როგორც სახარებაში წერია: "უარყავი თავი თვისი, აღიღე ჯვარი შენი და შემომიდექ მე". ამ დროს ადამიანი თავის გონებას უარყოფს და ემორჩილება იმ წინამძღვარს, რომელ მონასტერშიც ცხოვრობს. როგორც წმინდა მამები ამბობენ: ვინც უფლის სიყვარულით უარყოფს თავის თავს და უფალს დაემორჩილება, აუცილებლად მიაღწევს დიდ სულიერ საფეხურს. იოანე კლემაქსი თავის წიგნში მოგვითხრობს ამბა დოროთესა და მისი მოწაფისა და მორჩილის, ამბა დოსითეს შესახებ. ამ უკანასკნელმა თავისი სრული მორჩილებით, თავის უარყოფით და დიდი მოღვაწეობით ისეთ სულიერებას მიაღწია, რომ ექვს წელიწადში უდიდეს მეუდაბნოე მამებს გაუტოლდა. ადამიანს, რომელიც მიდის მონასტერში, გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ ვერ იხილავს უფალს, თუ ვერ მოიპოვებს სრულ მორჩილებას და ასევე უნდა ახსოვდეს უფლის მანუგეშებელი სიტყვები: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვრთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, და ისწავეთ ჩემგან. რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქუენთა". მორჩილი, რომელსაც ახსოვს ეს ყოველივე, მუდამ ხალისიანია და მონასტრის ყველა სიმძიმეს, რომელიც ეშვება უფლისაგან, თავმდაბლობით ლახავს და სხვაზე არაფერზე ფიქრობს, არამედ მხოლოდ იმაზე, თუ რას გვასწავლიან წმინდა მამები. ეს სწავლება ორი სიტყვისაგან შედგება: "შემინდეთ და დამლოცეთ".
მე ახლა ვსაუბრობ მორჩილებაზე, რომელიც აუცილებელია მონასტერში. მაგრამ მინდა ასევე ყურადღება გავამახვილო ერის ადამიანებზე, რომლებსაც რატომღაც ბოლომდე არა აქვთ გაცნობიერებული ამ უდიდესი სათნოების მნიშვნელობა. ჯვრისწერის დროს ამბობენ: ცოლო, იყავი ქმრის მორჩილი და ასევე, ქმრებო, გიყვარდეთ, პატივი ეცით და უერთგულეთ თქვენს მეუღლეებს. სახარება კი გვასწავლის: შვილებო, დაემორჩილეთ მშობლებს და მშობლებო, ნუ აღიზიანებთ შვილებს. ამ ყველაფერში დევს ორმხრივი მცნება. მორჩილებით შეიძლება დაამყარო სიმშვიდე და აიცილო ცუდი. როდესაც მშობელს აქვს ცხოვრებისეული დიდი გამოცდილება და თავის შვილს ურჩევს სწორად მოქცევას, შვილი უნდა დაემორჩილოს.
- მამაო, მშობელი ყოველთვის ეწინააღმდეგება საკუთარი შვილის მონასტერში წასვლას. ეს ურჩობაა?
- ამ შემთხვევაში წმინდა მამები ამბობენ: არ დაემორჩილოთ არც ერთ ადამიანს, ვინც ღმერთს დაგაშორებთ. ცხადია, მშობელს უყვარს შვილი, მაგრამ მშობელს მასთან ხორციელი სიყვარული აკავშირებს. როდესაც თვითონ სულიერ ცხოვრებაში არ არის გათვითცნობიერებული, მისი შეხედულება სხვაგვარია. ადამიანები ხშირად სვამენ ამგვარ შეკითხვას: რას აკეთებენ ადამიანები მონასტერში? ან რატომ მიდიან მონასტერში? იქ მხოლოდ ლოცულობენ? ამგვარი შეკითხვა იმიტომ ჩნდება, რომ ვერ შეიგრძნობენ იმ სულიერ აღმავლობას და სიმდიდრეს, რასაც მონასტერში წასული გრძნობს, როდესაც ის უღრმავდება და მუშაობს ყველა თავის ვნებასა და მანკიერებაზე.
იოანე კლემაქსის წიგნში 30 საფეხურია აღწერილი, რომელიც ადამიანს აიყვანს სულიერ სიმაღლემდე. ნათქვამია, რომელ ცოდვას როგორ უნდა ებრძოლო. როდესაც ადამიანის გულში არის ანთებული სურვილი, წავიდეს მონასტერში, მაშასადამე, ეს ადამიანი ღვთის რჩეულია. მშობელი ვერ ხედავს ამას და თავისი ხორციელი სიყვარულით ეუბნება, - შვილო, არ წახვიდე, რად გინდა? ამ დროს უფლის მორჩილები უნდა ვიყოთ. მორჩილება გითითებს უფლის სიყვარულისკენ. მორჩილებას აქვს თავისი მიზანი სულიერი ამაღლებისა და სულიერი სრულყოფილებისკენ. ვინც სწორად ემორჩილება ამ ყველაფერს, სულიერად იზრდება. მშობელი, რომელმაც იცის სულიერება, არასდროს აუკრძალავს შვილს მონასტერში წასვლას, პირიქით, ლოცულობს და უხარია, მისი შვილი ღვთის გზას რომ დაადგა, რადგან თავადაც ემორჩილება უფალს. ცხადია, როცა უფალს ემორჩილება, შვილსაც მორჩილების გზით სიარულისკენ მიუთითებს.
- მორჩილება რომ ყველასთვის აუცილებელია, იმიტომაც განიხილა ღირსმა იოანე კლემაქსმა თავის წიგნში ერთ-ერთ საფეხურად...
- დიახ, მორჩილებით ადამიანი უარყოფს თავის თავს, ბევრ რამეს სწავლობს და რაც იცის, იმასაც განიმტკიცებს. მორჩილების შემდეგ უფალი ადამიანს აძლევს სიბრძნეს და ამ სიბრძნით ის არჩევს, რა არის მისთვის კარგი და რა - ცუდი. მორჩილების გზით საკუთარი თავის უარყოფით ხდება სულიერი აღმავლობა. ხშირად ადამიანს ჰგონია, რომ სწორი მიმართულებით მიდის, ამავე დროს, ცდება. მორჩილებაში რომ უარყოფ საკუთარ თავს, მაშინ შენში უკვე უფლის მადლით სიბრძნე შემოდის. ამ დროს გრძნობ ღვთის ნებას და ღმერთთან დაახლოებას. ადამიანის ცხოვრებაში მთავარია, თავის თავში ღვთის ნების მოპოვება, ღვთისადმი მორჩილება და ღვთის ნებით ცხოვრება. არსებობს სამი ნება: ერთია ღვთის ნება, მეორეა - ადამიანის ნება და მესამე - ბოროტის ნება.
- მამაო, ამის გარჩევა როგორღა შევძლოთ?
- თუ კაცს უყვარს თავის გამართლება, თავისი ნების გატანა, საკუთარი თავის შექება, ეს ნიშნავს, რომ არ არის მორჩილებაში, ხოლო თავმდაბალი შეცდომას მოყვასს ადვილად პატიობს, რაც ნიშნავს, რომ ის მორჩილია. როცა ადამიანი თავს იმდაბლებს და მორჩილებით ცხოვრობს, ის უკვე თავისას არასდროს ამტკიცებს და არ ფიქრობს საკუთარი აზრის ბოლომდე გატანას. აქედან ჩანს, რომ ეს ადამიანი მორჩილია. ერთ ბერს მონასტერში წინამძღვრობა შესთავაზეს. თავმდაბლობის გამო უარი განაცხადა და მონასტრიდან გაიქცა. ძმობა გაეკიდა. ბერმა ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და ვერ მიაგნეს. დაღონებულები უკან გამობრუნდნენ. მეორე დღეს მონასტრიდან სახედარი გაიქცა და როდესაც ბერები დაედევნენ, სახედარი ზუსტად იმ გამოქვაბულს მიადგა, სადაც ის ბერი იმალებოდა. უნდოდათ, ბერი გაკოჭილი დაებრუნებინათ მონასტერში, მან კი მიუგო: არ არის საჭირო, რადგან უკვე განცხადდა ღვთის ნებაო. აქედან ჩანს, რომ თუ ეს ბერი ღვთის ნებას ვერ დაინახავდა იმ სახედრის მისვლით, იგი საკუთარი ნების გამტარებელი იქნებოდა. აი, როგორ უნდა გავარჩიოთ ღვთისა და ადამიანის ნება. ხოლო რაც შეეხება ბოროტის ნების გატარებას, ეს მაშინ ვლინდება, როდესაც ადამიანი არ უსმენს სინდისის ხმას. მაგალითად, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდა დედაკაცებს ან ზოგადად გაჭირვებულ ადამიანს არაწმინდა მიზნებით აძლევენ წყალობას ან გასაჭირში ეხმარებიან, გულში კი სამარცხვინო განზრახვის აღსრულება აქვთ დასახული... ასეთები, რა თქმა უნდა, ბოროტი ნების გამტარებლები არიან, თუმცა კი ვიცით, რომ ქვრივის, ობლის და გაჭირვებულის დახმარება დიდი მადლია.
- როგორ უნდა იცხოვრო თანამედროვეობაში მორჩილად?
- უფალმა შექმნა სამყარო და ურჩობით ადამმა დაკარგა იგი. იესო ქრისტემ აღადგინა თავისი უდიდესი მორჩილებით კაცობრიობის ცხონება. აქედან გამომდინარე, დროს მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ ვამბობთ ასეთ ლოცვას:M"მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველაგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა..." ანუ უფალი პირველ საუკუნეშიც იყო და დღესაც არის. უბრალოდ, დღეს ცხოვრება გართულდა. ადრე თუ ადამიანი უფრო სულიერად ცხოვრობდა, დღეს სულიერებაში დაცემულია. ხსნა და ცხონება კი უფლის სიყვარულში, თავმდაბლობასა და ყოველთვის უფლის გზის ძიებაშია, რაშიც გვეხმარება წმინდა ეკლესია. ვინც ეძიებს, ის პოვებს. ვინც ირეკვიდეს, გაეღოს. ამ სურვილით ადამიანი თავის თავს აუცილებლად აცხოვნებს და დაამყარებს უფალთან კავშირს, რომელიც ყველას სჭირდება.
***
სინანული კი უფლისგან მოცემული მადლია. როდესაც ვინათლებით, სულიწმინდის მადლი გადმოდის ჩვენზე. აღთქმას ვდებთ, რომ ვიქნებით უფლის მცნებების დამცველნი. სამწუხაროდ, აღთქმას ვარღვევთ და ამით ვახარებთ ეშმაკს. ცხოვრებაში არის ბევრი დაცემის და შეცდომის მომენტებიც. სინანული კი არის განახლება. სინანულის მადლით, საკუთარი შეცდომების გამოსწორების საშუალება გვეძლება. იგი მარტო ჩადენილი ცოდვების აღიარება როდია. სინანულია, როდესაც აღიარებ და თან გამოასწორებ საკუთარ ცოდვას, სრულად გაიგებ შენს დაცემას, რომ ზურგი გაქვს უფლისკენ შექცეული. როცა ამ ცოდვებით დამძიმებული მოისმენ მოძღვრის ქადაგებას, გონება გეხსნება და შენში მადლი შემოდის. ამ დროს არა მარტო სიტყვიერად უნდა მოინანიო, არამედ დაამტკიცო შენი მოღვაწეობით. როგორც ეს გააკეთა მეზვერე ზაქემ. ის ავიდა ხეზე, რათა ეხილა უფალი. უფალმა მას უთხრა: "ზაქე, ისწრაფე და გარდმოხვედ, რამეთუ დღესა სახლსა შინა შენსა ჯერ არს ჩემი ყოფაი. და ისწრაფა და გარდამოხდა და შეიყვანა იგი სიხარულითა. და იხილეს ყოველთა და დტვინვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილსა კაცსა შევიდა დადგრომად. აღსდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაი მივცე გლახაკთა, და უკეთუ ვინმე ცილი დასდევ, მივაგო ოთხი წილი. ჰრქუა მას იესო: დღეს იქმნა ცხოვრებაი სახლისა ამისა". ამით გამოხატა არა მარტო სიტყვიერი სინანული - უფალო, შემინდე და მაპატიეო, არამედ საქმით დაამტკიცა, რომ ოთხმაგად სიკეთით გადაუხადა ყველას, ვისაც აწყენინა. ეს არის ჭეშმარიტი სინანული, რომელიც ადამიანს სასუფეველში შეიყვანს და იხსნის ყოველი სიმძიმისაგან, ყოველი ცოდვისაგან. რა თქმა უნდა, სინანული არის კარი სიხარულისა, კარი სამოთხისა, ცხონებისა. ვინც მოიპოვებს საკუთარ თავში ძალას და სინანულს გამოხატავს, ის გულიდან დიდ ლოდს მოიშორებს და მომავალში უფლისთვის სათნოდ იცხოვრებს.- დიდი მარხვაც ხომ სინანულისკენ მოგვიწოდებს?
- ღვთის წყალობით, დიდი მარხვა განმწმენდია. დიდი მარხვა სინანულთან არის დაკავშირებული. ეფრემ ასურის ლოცვაში ითქმის: "მომეც, უფალო, განცდა ცოდვათა თვისთა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა". მარხვა არის დღეები და დრო, სადაც ადამიანს ეძლევა საშუალება, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს თავის თავზე. ხშირად ადამიანს მარხვაში უფრო მეტად შეუძლია სინანულში ყოფნა. რატომ? მარხვის დროს ძალაუნებურად ხდება საკვების, სასმლის მიღებისგან თავის შეკავება. როცა ადამიანი თავს იკავებს ნაყროვანებისგან, იქ უფრო მატულობს ლოცვა და უფრო ვარდება სინანულში. ის უკვე ძლიერდება - ლოცვით, მარხვით. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ეს ორი ფრთა არის, რომლითაც ადამიანი სასუფეველში შევა. არა მარტო გარეგნული ფორმა უნდა ჰქონდეს მარხვას და ლოცვას, არამედ სულიერი მარხვითაც უნდა გამოირჩეოდეს. სულიერ მარხვაში იგულისხება როგორც საკვებისგან თავის შეკავება, ასევე სიყვარული, თავმდაბლობა, მოთმინება, სიკეთე. რა აზრი აქვს მარხვას, თუ ხარ აგრესიული, მრისხანე, ასევე სხვა ცოდვის გამომხატველი? ეს ნიშნავს, რომ შენ ჯერ კიდევ მარხვაში არ ხარ განმტკიცებული და აუცილებლად დაფიქრება გმართებს. მარხვა აუცილებლად მოძღვრის ლოცვა-კურთხევით უნდა დაიწყო. თვითნებურად არაფრის გაკეთება არ შეიძლება. ხშირად ადამიანი მოძღვრის ლოცვა-კურთხევის გარეშე იწყებს მარხვას. თუ ასე იქცევა, მერე აუცილებლად უნდა მივიდეს მოძღვართან, გაესაუბროს და ლოცვა-კურთხევა აიღოს. ვისაც მოძღვარი ჰყავს, უკვე იცის, როგორ იცხოვროს და იმარხულოს ლოცვა-კურთხევით.Dდიდ მარხვაში, ყველიერის კვირაში, შენდობის კვირას ადამიანები ერთმანეთს შენდობას სთხოვენ.Eეს არის წმინდა დღე. მამები უდაბნოდან ამ დღის გამო საგანგებოდ ჩამოდიოდნენ, ერთმანეთს შენდობას სთხოვდნენ, ლოცავდნენ, რათა დიდი მარხვა სულიერებაში, უფალთან სიახლოვეში გაეტარებინათ.
მარხვის პირველ კვირას, როცა იკითხება ანდრია კრიტელის დიდი სინანულის კანონი, ათონის მთაზე ასეთი წესია: პირველი სამი დღე დიდ მარხვაში არ ტრაპეზობენ. პირველ დღეს საერთოდ არაფერს მიირთმევენ და საერთო ლოცვების გარდა, რომელიც ტაძარში სრულდება, ცდილობენ დრო განმარტოებით ლოცვასა და მდუმარებაში გაატარონ. მეორე დღეც ასეთივეა. მესამე დღეს პირველშეწირულის წირვაზე მონასტრის ყველა წევრი ეზიარება და ასე აგრძელებენ ამ წმინდა დღეებს.
- მამაო, დრო სინანულისთვის გვაქვს მოცემული? როგორ უნდა გავატაროთ წუთისოფელში ეს დღეები?
- ყოველმა ადამიანმა უნდა ისარგებლოს უფლის მიერ მოცემული დროით და რაიმე სათნოება შეიძინოს სწორი ცხოვრებით. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება გამახვილებულია სიყვარულზე. უფალი თვითონ არის სიყვარული და ჩვენგანაც ამასვე ითხოვს. როდესაც ადამიანის გულში არის სურვილი უფალთან სიახლოვისა, ის ცდილობს, არა მარტო თვითონ, არამედ თავისი მოყვასიც იყოს კარგად. უნდა ისწრაფო, რაღაც სიკეთე გააკეთო. რასაც მოასწრებ კარგის გაკეთებას, ის შენია, რასაც ვერ მოასწრებ - დაკარგულია. სიკეთის კეთება ყველანაირი შეიძლება. შეიძლება მატერიალურად დაეხმარო, შეიძლება ლოცვით, მიწოდებული კარგი აზრით და თანადგომა გაუწიო გაჭირვებულ ადამიანს. მარხვაში კი ყველაზე დიდი სიკეთე არის ლოცვა.
***
მამა ვიტალი (სიდორენკო) ამბობდა, - მე ყველგან კარგად ვარო. თვითონვე მოგვცა ამ სიტყვების ახსნა-განმარტება: როდესაც ლოცულობ, საკუთარი ნებით არ ცხოვრობ და ხარ თავმდაბალი, მაშინ ყველგან და ყოველთვის კარგად იქნები. თუ გაწუხებს ამპარტავნება, თავნებობა, ზარმაცი ხარ, მაშინ ყოველთვის შეწუხებული იქნები. მამა ვიტალის ნათქვამის მიხედვით, მინდა ვუსურვო ყველას და საკუთარ თავსაც, ღმერთმა მოგვცეს ისეთი შინაგანი განწყობა, რომ ყველგან და ყოველთვის კარგად ვიყოთ.ღმერთმა დაგლოცოთ.