წმინდა თეოფანე დაყუდებული "ღვთისადმი მორჩილების შესახებ" წერს, - "უმჯობესია, წინასწარ არაფერი ჩაიფიქროთ - არც მონასტერში წასვლა და არც მონასტრის იქით, რამეთუ ამის ძალები არა გაქვთ. თქვენი შინაგანი უნდა შეაშფოთოთ და ააფორიაქოთ, რომ არ დაეძინოს. ძილში სამსონიც კი შეკრეს, თმა შეაჭრეს და ძალა წაართვეს. როცა გულში მონასტერია, მაშინ მონასტრული წყობა გინდ იყოს და გინდ არა, სულერთია. გულში მონასტერი, აი, რა არის: ღმერთი და სული კაცისა. ოღონდ თუკი ღმერთი მოგიხმობს მონასტერში, უნდა წახვიდე. ოღონდ წინასწარ ნუ იფიქრებთ, რა შეგხვდებათ იქ. წარმოდგენაც არ შეგიძლიათ. თითოეული იქ ხვდება იმას, რაც სწორედ მას სჭირდება. ერთის მაგალითი მეორისას არ ჰგავს. უმჯობესია, ღვთის ნებას მიენდო და ყოველივე მიიღო ისე, როგორც ღვთის ხელიდან მომავალი".
მართლაცდა, უფლის ნების გარეშე არც ავად ვხდებით და არც ვკვდებით. ბერი იოსებ ათონელი ამის შესახებ გადმოგვცემს: "ერთხელ ჩვენთან შვეიცარიაში მცხოვრები დიდი ხნის წინ აღკვეცილი ბერი მოვიდა, რადგან სამი სერიოზული, საშინელი და ამასთან უკურნებელი სენით იყო დაავადებული. ის მდიდარი იყო და უამრავი ფული დახარჯა წამლებში. ვინაიდან ვიღაცამ ჩემთან მოსვლა ურჩია, მან თავისი გულისსიტყვა გამანდო. ძალიან შემეცოდა. ვუთხარი, მორჩები-მეთქი. საბოლოოდ კი მის დასარწმუნებლად ჩემს ტანჯვას აღვწერ. ის არც თავს მანებებდა და არც დაჯერება სურდა, სანამ ღმერთი არ შეეწია და გაიგონა ხმა: "რატომ არ შეისმენ, რომ გამოჯანმრთელდე"? და ასე გადარჩა. ვუთხარი, ეჭამა ის, რაზეც ამბობდა, რომ თუ შეჭამდა, მოკვდებოდა. მოვთხოვე, მთელი სასოება ღმერთზე დაემყარებინა და ცოდნის დატევებით რწმენას მინდობოდა. დღეში ათჯერ ჭამის ნაცვლად, როგორც ის აკეთებდა, ერთხელ ეჭამა. ღვთისთვის მხოლოდ სამი დღე იყო საკმარისი მის გამოსაცდელად. მე კი გულმოდგინედ ვლოცულობდი მისთვის. ღამით სიზმარში ორი საშინელი ფრინველი ვნახე, რომლებმაც ის შესაჭმელად შეიპყრეს, ყელზე კი მაგრად ეხვეოდა გველი. ის არაადამიანური ხმით მეძახდა. შევებრძოლე ამ ურჩხულს, დავხოცე ისინი და გამეღვიძა. მაშ, ასე, ის მოდის და მეუბნება: - სრულიად განვიკურნე, თითქმის თავიდან დავიბადეო. მართლაც, ჩვილივით ჯანმრთელი გახდა. ჩემი რჩევით, წამლები და ნემსების ორი ყუთი კლდიდან გადაყარა. შემდეგ ჯანსაღი ცხოვრება დაიწყო და დღეში ერთხელ ჭამდა.
აი, რას აკეთებს რწმენა. არ იფიქროთ, რომ ეს მე გავაკეთე, არა. ასეთი მდგომარეობისთვის მე არ მიმიღწევია. ეს რწმენაა, რომელსაც აქვს ამის ძალა. ერთმა მონაზონმა მომწერა, - ძალიან ვწვალობ და თუ ოპერაციას არ გავიკეთებ, მოვკვდებიო. ვპასუხობ სრულიად საპირისპიროს. ის იმავეს მწერს. ვუმეორებ: "რწმენა იქონიე, ყველაფერი ღმერთს მიანდე, სიკვდილი არჩიე". ის მიგზავნის პასუხს, რომ გამობრუნდა.
ხედავთ? ათასჯერ გამოვცადე ეს. როცა სიკვდილზე ფიქრობ და ყოველ წამს მას მოელი, ის შორს გაგირბის. ხოლო როდესაც მისი გეშინია, სულ თან გდევს. მე სამი ტუბერკულოზით დაავადებული დავასაფლავე იმ იმედით, რომ მეც გადამედებოდა. სიკვდილი მის მოშიშებთან გამექცა. მთელი ცხოვრება ავად ვარ და არასდროს მიმკურნალია. ჯიუტად ვჭამ აკრძალულს და სად არის სიკვდილი?
ამით იმის თქმა მინდა, რომ უფლის ნების გარეშე ჩვენ არც ავად ვხდებით და არც ვკვდებით. ამრიგად, შორს ჩვენგან მცირედმორწმუნეობა. და როცა თავიდანვე შევიცნობთ, რომ ღმერთია ყოველგვარი სიკეთის შემოქმედი, მამა, განმგებელი და ჩვენი მფარველი, მაშინ უნდა ვირწმუნოთ ის მთელი სულითა და გულით და მხოლოდ მისი იმედი გვქონდეს. შემდეგ კი, როცა ჩვენს თავზე გამოვცდით მის წყალობას, შევიყვარებთ მას. ამის შემდეგ მოყვასიც საკუთარი თავივით შეგვიყვარდება, რადგან გვეცოდინება, რომ ჩვენ ყველანი ბუნებით ადამისმიერი, ხოლო მადლით ქრისტესმიერი ძმები ვართ. ამიტომ სულიერმა ადამიანმა, რაკი ღმერთს მიუძღვნა თავი, უნდა აღიაროს სულის და არა სხეულის ნათესაობა. რადგანაც სხეული, ქმარი და ცოლი, მოდგმის გასაგრძელებლად არსებობენ, ჩვენ კი ამაზე უარი ვთქვით და უფრო ავმაღლდით. ასე რომ, რადგან სულიერები ვართ, სულიერადაც უნდა ვხედავდეთ. არ არსებობს მამაკაცის ან დედაკაცის, ახალგაზრდის ან მოხუცის სული, არამედ ყველაზე ქრისტეს მადლი სუფევს.
განა არ იცი, რომ ყოველთვის ყოველგვარი საჭიროებისას იესოა მომნიჭებელი? ანუ აძლევს: მშიერს - საჭმელს, მწყურვალს - წყალს, ავადმყოფს - ჯანმრთელობას, შიშველს - სამოსელს, მგალობელს - ხმას, მლოცველს - უწყებას, ყველას - ყველაფერს ხსნისთვის.
დამიჯერე, შვილო, რომ რაც უნდა გვჭირდეს, ყველაფერში ქრისტეა სულისა და სხეულის საუკეთესო მკურნალი. საკმარისია გვქონდეს სრული თავის უარყოფა, სრულყოფილი სარწმუნოება და უყოყმანოდ ვენდობოდეთ მას. რატომ გადავიწუროთ იმედი, თუკი ჩვენი ტკბილი იესო ასეთი კეთილი, მოწყალე და სახიერია? მცირეს ვთხოვთ, ის კი ბევრს გვაძლევს. სინათლის ერთ სხივს ვთხოვთ, ის მთლიანად თავის თავს - სრულ სინათლეს, ჭეშმარიტებას, სიყვარულს გვიბოძებს. ასე რომ, დამდაბლდი და მთელი შენი სასოება მასზე დაამყარე.
დამიჯერე, რადგან სიმართლეს გეუბნები - მას შემდეგ, რაც მონაზონი ვარ, რამდენჯერაც ავად გავმხდარვარ, სრულებით არ მიზრუნია თავზე. არც არავისთვის მიმიცია უფლება ჩემი სხეულის ჯანმრთელობისთვის ეზრუნა, არამედ მთელ სასოებას უსასყიდლო მკურნალზე ვამყარებდი".
***
გვესაუბრება ხცისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი ეგნატე (გოგალაძე):- სინერგია ადამიანისა და ღვთის ნების გამოხატულებაა. ეს მართლაც სამოთხისეული მდგომარეობაა. ბერობა კი საკუთარი ნების უარყოფაა, რომელიც ღვთის ნებას აღასრულებს.Bბერობა საუკეთესო გზაა იმისა, რომ ადამიანის გულში სინერგია მოხდეს, ანუ ღვთის ნების აღმსრულებლები ვიყოთ. როგორ უნდა გაიგო, რომ ღვთის ნებას აღასრულებ? თუკი სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევას ასრულებ უდრტვინველად, ამას ნათლად დაინახავ. უფალს არ უყვარს ის, რომ მოძღვარს ძალით გამოსთხოვო კურთხევა. როგორ ლოცვა-კურთხევასაც მოგცემს, ისე უნდა იცხოვრო. ღვთის ნების აღსრულება სწორედ მოძღვრის ლოცვა-კურთხევის შესრულებაშია. ღვთის გარეშე ამ ქვეყანაზე არაფერი ხდება. უფალი გაპოვნინებს იმ მოძღვარს, ვინც შენს სულს უფლამდე მიიყვანს. ადამიანში ურჩობა დევს ხოლმე, ანუ ღვთის საწინააღმდეგო ქმედება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასე უნდა მოიქცე. ადამიანს ანგელოზიც ეუბნება და ეშმაკიც ჩასძახებს, რა გააკეთოს. იმიტომ არის მოძღვრის ლოცვა-კურთხევის შესრულება აუცილებელი, რომ ადამიანმა განსაზღვროს, თუ ვის ნებას ასრულებს - ღვთის ნება საკუთარი სულიერი მოძღვრის მორჩილებაშია.
საკუთარი ნების მოკვეთას, სულიერ ცხოვრებას კი შრომა სჭირდება. ღვთის საქმის ნელთბილად კეთება შეუძლებელია. თუ ადამიანმა საკუთარი ენერგია, მონდომება, ჭკუა, გონება არ დაიხმარა ნებისმიერი საქმის კეთებისას, ის საქმე ვერ გაკეთდება. ასეა სულიერი ცხოვრებაც. თუ სურვილი გაქვს უფლამდე მიხვიდე, ღვთის ნება აღასრულო, მთელი შენი ძალ-ღონე ამ საქმეს უნდა მოახმარო. რა თქმა უნდა, ადამიანმა სულიერთან ერთად ხორციელი საქმეც უნდა აკეთოს, მაგრამ ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის. თუ ადამიანი სიყვარულით სწორად იცხოვრებს, ის ყველანაირად შეეცდება ღვთის ნება აღასრულოს.
რა არის ღვთის ნება? - ღვთის ნება არის ის, რომ ადამიანებს გვიყვარდეს ერთმანეთი. მოყვასს დახმარების ხელი გავუწოდოთ და ურთიერთსიმძიმე ვიტვირთოთ. როცა ღმერთს შევიყვარებთ, მოყვასსაც შევიყვარებთ. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ვდრტვინავთ ადამიანები და განვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს. უფალი ბრძანებს: ადამიანში ცოდვა შეიძულე და არა თავად ადამიანიო. ნებისმიერი ადამიანის სული ძვირფასია ღვთისთვის. ჩვენი ცხოვრების აზრი სიყვარულში და ღვთის ნების აღსრულებაშია. ადამმა არ აღასრულა ღვთის ნება და დაკარგა სამოთხე. ხოლო თუ აღვასრულებთ ღვთის ნებას, შევალთ სამოთხეში, თუ არადა ჯოჯოხეთში. ამიტომ ადამიანი მთელი გულისყურით უნდა აცნობიერებდეს, რა არის ჩვენი ცხოვრების არსი და მიზანი. ჩვენი ცხოვრების აზრი განღმრთობა, ღმერთთან მისვლა და სამოთხის დამკვიდრებაა.
***
მონასტერში შეიძლება ადამიანი ღვთის სიყვარულმა მიიყვანოს, შეიძლება - განსაცდელმა, მაგრამ ვერ გაიგებ, უფალი ვის როგორ მოუწოდებს თავისკენ. მთავარი მაინც ის არის, რომ იცხოვრო ისე, როგორც გავალებს ის ადგილი, საითკენაც უფალმა მოგიწოდა. არ უნდა იცხოვრო ზედაპირულად, შინაგანად უნდა აკეთო ის საქმე, რამაც ცხონება უნდა მოგიტანოს. თუ სული ბოროტობს, ვერასოდეს წარმატებას ვერ მიაღწევ. უფალი ხომ ადამიანის გულს უყურებს და არა მის ქმედებებს. გულიდან უნდა მომდინარეობდეს ყოველივე სიკეთე. თუ ჩვენ გარეგნულად კარგად ვაკეთებთ რაიმე საქმეს და შინაგანად, გულით მოშორებული ვიქნებით უფალს, ეს ღვთისთვის სათნო არ იქნება. როცა ადამიანი მონასტერში მიდის, უნდა ცდილობდეს, უარყოს საკუთარი ნება. საკუთარი ნება შესწიროს უფალს და იცხოვროს წინამძღვრის მორჩილებით.
გაჭირვებაც კიდევ იმიტომ გვეძლევა, რომ უფრო მეტად ვიყოთ უფალზე მინდობილი. სულ დალხენილი რომ ვიყოთ, ხომ მოვდუნდებით. ღმერთი გვაფხიზლებს ხოლმე განსაცდელებით. როცა მოდის განსაცდელი, ადამიანი უფალთან მეტ სიახლოვეს ცდილობს. თუ ადამიანს რწმენა არა აქვს, განსაცდელი სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს. ამიტომ რწმენა და ღვთის სიყვარული აუცილებელია. სინდისის ხმა ყველა ადამიანში დევს. ნათქვამია, სინდისი პატარა ღმერთი არის ადამიანის სულშიო. სინდისის ხმას უნდა ვუსმინოთ, რომელიც ყოველთვის ღვთისკენ მოგვიწოდებს. როგორც ოქრო გამოიწრთობა ცეცხლში, ასევე გამოიწრთობა განსაცდელებში ადამიანი. სულ დალხენილი ცხოვრება რომ გვქონდეს, სასუფეველში ვერ შევალთ. უფალი ხშირად წამალს გვიგზავნის, რათა სულიერად გამოვჯანმრთელდეთ და სულიერი კურნება მივიღოთ. ადამიანს გონება იმისთვის მიეცა, რომ გაარჩიოს შავი დაEთეთრი. ხოლო თუ თავად ვერ წყვეტს, რჩევა მოძღვარს უნდა ჰკითხოს. ღვთის ხმას ყოველთვის სიმშვიდე მოაქვს.