რუფინიუსი - "მეუდაბნოე მამათა ცხოვრება"
თავი 28. მაკარი მეგვიპტელი და უფროსი მაკარი. მხცოვანი მამები გვიყვებოდნენ, ორ სხვა მაკარიზე, რომლებსაც ადრე აქ უცხოვრიათ.
ერთი მათგანი ეგვიპტის მკვიდრი იყო, მეორე - ალექსანდრიელი. პირველი გახლდათ მოწაფე ნეტარი ანტონისა. მათ მართლაც ორ ზეციურ სანთელად გაიბრწყინეს. ერთნაირი სახელი ერქვათ, ერთმანეთს ჰგავდნენ სულიერი სრულყოფილებითა და უდიდესი მადლმოსილი ნიჭებით. ორივე მკაცრი მოღვაწე, ერთნაირად სრულყოფილნი... ერთმანეთს მხოლოდ იმაში წარემატებოდნენ, თუ რა მადლმოსილი ძალები და სულიერი სრულყოფილება მიიღეს მემკვიდრეობით ნეტარი ანტონისგან. აი რა გვიამბეს: ერთხელ, მეზობლად კაცი მოკლეს და ეს ბოროტმოქმედება ერთ უდანაშაულო ადამიანს დააბრალეს. ბრალდებულმა კი მფარველობისთვის მაკარს მიმართა, აქვე მოვიდნენ სამხილით ბრალმდებლებიც, - დიდ საფრთხეში ჩავვარდებით, თუ დამნაშავეს თავისუფლად დავტოვებთ და კანონით მკაცრად არ დავსჯითო, - ამბობდნენ.
ამ დროს კი ბრალდებული ფიცით ამტკიცებდა, რომ მის კისერზე მოკლულის სისხლი არ იდო. ატყდა კამათი, ბრალმდებლებსა და ბრალდებულს შორის.
- მოკლული სად არის დაკრძალული? - იკითხა მაკარიმ.
ბრალმდებლებმა საფლავზე მიიყვანეს. მან მოიდრიკა მუხლნი, მოუხმო უფალ იესო ქრისტეს სახელს, მერე ხალხს მიუბრუნდა: - ახლა უფალი გაჩვენებთ, სამართლიანია თუ არა თქვენი ბრალდება ამ კაცის მიმართო. აღიმაღლა ხმა, მოუხმო სახელით გარდაცვლილს. ის მაშინვე გამოეხმაურა საფლავიდან.
- გაფიცებ შენ, ქრისტესადმი რწმენით მითხარი, მართლა ამ კაცმა მოგკლა, რომელსაც მკვლელობას აბრალებენ? - ჰკითხა მაკარიმ.
საფლავიდან ცხადად გაისმა პასუხი:
- არა! მე ამ კაცს არ მოვუკლავარ.
სასწაულით შეძრული ყველა მიწაზე დაემხო, ბრალმდებლები მაკარის ჩაუვარდნენ მუხლებში და შეევედრნენ, - ჰკითხე, ვინ არის მკვლელიო.
- არა, - იუარა მაკარიმ, - ჩემთვის საკმარისია, უდანაშაულო გავათავისუფლო, მაგრამ ჩემი საქმე არ არის დამნაშავის გაცემა.
***
მამა მაკარისთან ერთხელ ვიღაც ერეტიკოსი მივიდა იერაკიტების სექტიდან (ისინი ხორცის მკვდრეთით აღდგომას უარყოფდნენ: ამგვარი ერესი ეგვიპტეში გვხვდება). მან ენამჭევრობით მრავალ მეუდაბნოე ძმას აურია გზა-კვალი. ბოლოს, გაკადნიერდა და მაკარისთან მივიდა, რათა არასწორად ფიქრში ემხილებინა. ბერმა მისი უკუქცევა სცადა. ერეტიკოსი ბერის უბრალო სიტყვებს მზაკვრულად შემოატრიალებდა ხოლმე. წმინდა მამა ხედავდა, რა საფრთხეში ვარდებოდა ძმათა წმინდა სარწმუნოება. - რატომ ვიკამათოთ მსმენელთა საცთუნებლად? - უთხრა მაკარიმ. წავიდეთ აკლდამასთან, სადაც უფალთან წასული ძმები განისვენებენ, და რომელ ჩვენგანსაც უფალი მისცემს ძალას გარდაცვლილის მკვდრეთით ადღგენისა, დაე, იცოდეს ყველამ, რომ მისი რწმენა სათნოა უფლისთვის.
ეს წინადადება დიდი სიხარულით მიიღეს ძმებმა.
მივიდნენ საფლავთან. მაკარიმ შესთავაზა ერეტიკოსს, უფლის სახელით მკვდარი აღედგინა.
- არა, ბატონო, - იუარა მან, - ეს პირობა შენ შემომთავაზე და პირველად შენ აღადგინე.
მაკარი დაეცა მიწაზე და ლოცვა დაიწყო. განგრძობილი ლოცვის შემდეგ აღაპყრო თვალნი ზეცად და თქვა: - უფალო, ამ მკვდრის აღდგინებით გამოგვიცხადე, ჩვენ ორ შორის რომელს აქვს სწორი რწმენაო.
მერე კი სახელით უხმო ცოტა ხნის წინ დაკრძალულ ძმას. მან მაშინვე უპასუხა საფლავიდან. ძმები ეცნენ და საფლავის გათხრა დაიწყეს. მოხსნეს განსვენებულს სახვევები და საფლავიდან ცოცხალი გამოიყვანეს. შეშინებულმა ერეტიკოსმა მოკურცხლა. ძმები დაეწივნენ და ქვეყნის საზღვარს იქით გააგდეს.
თავი 29. მაკარი ალექსანდრიელი-უმცროსი. მეორე წმინდა მაკარიც ასევე გამოირჩეოდა უდიდესი სათნოებებით. მას მამებს შორის ყველაზე მეტად უყვარდა უდაბნო. შორეული და მიუდგომელი ადგილებიც კი მოვლილი ჰქონდა. ერთხელ, უდაბნოს განაპირას ერთი ადგილი იპოვა, სადაც უხვად ხარობდა სხვადასხვა ჯიშის ხეხილი და ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობები იყო. იქ ორი ძმა ცხოვრობდა. მაკარიმ ჰკითხა: - მოგვცემთ უფლებას, აქ მონაზვნების დასახლებისაო? უპასუხეს, - ბევრი მონაზვნის სარჩენი საშუალება არ არის, გზაც ძალზე ძნელია და ადვილად შეიძლება ეცდუნოს მგზავრი ბოროტ სულთან. ისინი უდაბნოში ბინადრობენ... მათთან ბრძოლა შეუჩვეველ ხალხს გაუჭირდებაო.
ძმებთან დაბრუნებული მაკარი ბევრს ჰყვებოდა იმ ადგილის სიკეთეზე და მრავალს აღუძრა სურვილი, იქ მასთან ერთად წასვლისა. მაგრამ სხვა მამებმა მოთოკეს ახალგაზრდული აღტკინება და მათ მაცხოვნებელი რჩევა მისცეს.
- ამბობენ, რომ ეს ადგილი იოანემ და იამბარემ (მოგვები, რომელთაც მოსეს წინაშე თავი დამარცხებულად აღიარეს - იხ. გამოსვლათა (8,10) დაამუშავეს. თუ ეს მართალია, იქაურობა სატანის მოქმედებით ხომ არ არის მოწყობილი ჩვენდა საცთუნებლად?.. თუ ყველაფერი უხვადაა იქ ხორცის დასატკბობად, მაშ, რაღას მოველოდეთ მომავალ ცხოვრებაში, რა ჯილდოს მივიღებთ ზეცაში თუ აქ მიწაზე გრძნობადი სიამოვნებებით განვსცხრებითო.
მაკარი ცხოვრობდა სკიტში. ეს ვრცელი ველი ნიტრიის მხრიდან დღე-ღამის სავალზეა. იქამდე მხოლოდ ვარსკვლავებით თუ გაიგნებდი გზას... წყალი ცოტაა, მაგრამ თუ იპოვი საშინელი, ფისის მსგავსი სუნი ასდის, მაგრამ დასალევად მავნებელი არ არის. იქ მხოლოდ სულიერ ცხოვრებაში სრულყოფილებას მიღწეულნი სახლობენ. ეს კაცნი, დამთმენნი და ერთმანეთის მოყვარულნი, გულწრფელი სიხარულით იღებენ ყველა მომსვლელს.
ერთხელ ვიღაცამ წმინდა მაკარს ყურძნის მტევანი მიართვა. მან კი ის სნეულ ძმას მიუტანა. სნეულმა მადლობა შესწირა ღმერთს, მაგრამ ყურძენი თვითონ კი არ იგემა, ძმათა სიყვარულით აღძრულმა სხვას მიართვა. მან კი - სხვას. მტევანმა ყველა კელია მოიარა და ბოლოს მაკარის დაუბრუნდა. გაიხარა მაკარიმ, როცა ძმათა შორის ასეთი სიყვარული, ასეთი თავშეკავება იხილა - და სულით მეტი მოღვაწეობისათვის აენთო.
ერთ ღამეს მაკარის კარზე ბოროტმა სულმა დააკაკუნა - ადექი, ამბა მაკარი, წავიდეთ ღამისთევის ლოცვაზე! ძმები უკვე შეიკრიბნენო.
- ჰოი, ცრუო და მტერო ჭეშმარიტისა! - შეუძახა მაკარიმ, - რა გაქვს საერთო იქ შეკრებილ წმინდანთა კრებულთან?
- განა არ იცი, რომ უჩვენოდ მონაზონთა არც ერთი შეკრება არ ჩაივლის? - უთხრა ეშმაკმა, - წადი და ნახე ჩვენი საქმეები...
- დაე, შეგრისხოს უფალმა, უწმინდურო დემონო! - უთხრა მაკარიმ და შეუდგა ლოცვას, მერე კი ღამისთევის მსახურებაზე წავიდა. დაინახა - მთელ ტაძარში დახტუნაობდნენ და თითქოს ფრთებმოსხმულნი დაფრინავდნენ, უშნო ჯუჯა არსებები, ეთიოპები. ძმათა შეკრებისას ასეთი წესი ჰქონდათ: ერთი ფსალმუნს კითხულობდა, სხვები ისხდნენ და უსმენდნენ და მოძახილით პასუხობდნენ. ეკლესიაში გაფანტული ეთიოპები თითოეულ ბერთან მიხტებოდნენ, ზოგს ორი თითით თვალებს დაუხუჭავდნენ და ისინიც მაშინვე თვლემას იწყებდნენ, ზოგს პირში თითს ჩაუდებდნენ და მათაც მთქნარება ეწყებოდათ... დამთავრდა ფსალმუნთგალობა და ძმები დაემხნენ ღვთის წინაშე. ეშმაკებმა ერთ ბერს ლამაზი ქალის სახე აჩვენეს, მეორეს - რაღაცის მშენებლობა, სხვას - სხვა რამ... ბოროტი სულები, თეატრივით, როგორც კი რაღაცას წარმოადგენდნენ, მაშინვე შევიდოდა ის მლოცველის გულში და გულისთქმას წარმოშობდა... ან ვინმესთან თავიანთი სიცრუით მიირბენდნენ, მაგრამ თითქოს უხილავი ძალის მიერ ხელნაკრავნი მაშინვე უკან ხტებოდნენ. იქ გაჩერებას კი არა, ასეთი ბერების სიახლოვეს გავლასაც ვერ ბედავდნენ. სამაგიეროდ, უფრო სუსტ ძმებს კისერსა და ზურგზე ასხდებოდნენ. ეტყობა, ისინი უყურადღებოდ ლოცულობდნენ...
ამის მხილველმა მაკარიმ ამოიოხრა და აცრემლებულმა წამოიძახა: - ნუ დასდუმდები, ნუცა დამშვიდდები, ღმერთო! (ფს. 82,2) დაე, აღსდეგინ ღმერთი და განიბნენ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდნენ მოძულენი მისნი პირისა მიწისაგან, რამეთუ აღივსო სული ჩვენი სიბილიწითა" (ფს. 67,2).
ლოცვა დასრულდა და წმინდა მაკარიმ მოისურვა, დარწმუნებულიყო ნანახის ჭეშმარიტებაში. მოუხმო ცალ-ცალკე იმ ძმებს, რომლებსაც სხვადასხვანაირი ხილვებით დასცინოდნენ ეშმაკები, და ჰკითხა, ლოცვისას ხომ არ ფიქრობდნენ მშენებლობაზე, მგზავრობაზე ან სხვა რაიმეზე, შესაბამისად დემონთა შთაგონებისა, თითოეული მართლაც აღიარებდა იმ ცოდვას, რაშიც ამხილებდა. აქედან ჩანს, რომ ყველა ამაო და გარეშე ფიქრი, რომლებიც დაეუფლება სულს ფსალმუნთა კითხვისას ან ლოცვისას, დემონთა შთაგონებით წარმოიშობა. პირიქით კი - ვინც მკაცრად იმარხავს თავის გულს, მას გაურბიან საზიზღარი ეთიოპები, ღვთისკენ მოსწრაფე და ყურადღებიანი სული განსაკუთრებით ფხიზლობს ლოცვის ჟამს, უცხოს, გარეშეს არ იღებს.
წმინდა მაკარი ჰყვებოდა თავის უფრო საშინელ ხილვაზე. ძმები მიეახლნენ საზიარებლად ღვთის საიდუმლოს. როგორც კი ზოგიერთმა გაუშალა ხელი უფლის პატიოსანი ხორცის მისაღებად, ეშმაკები, თითქოს მღვდლებმა გააფრთხილესო, ხელში ნახშირს უდებდნენ, ამასობაში მღვდლისაგან მიწოდებული ხორცი უფლისა, უკან, საკურთხეველში წაიღებოდა. პირიქით, უფრო ღირსეულ მაზიარებელს ბოროტი სულები შეძრწუნებულნი გაურბოდნენ. ხედავდა ასევე უფლის ანგელოზსაც, რომელიც მღვდელთან ერთად ურიგებდა მაზიარებლებს წმინდა ძღვენს. მას მერე მიისვენა მაკარიზე ღვთის მადლმა, რომელიც მას ღამისთევისას ფსალმუნთა და ლოცვების კითხვისას გამოუცხადებდა, ბოროტ სულთაგან შთაგონებული ძმები როგორ მიეცემოდნენ გულისთქმებს, მისთვის ცხადი იყო საკურთხეველს მიახლებულ ძმათა მანკიერება თუ ღირსება.
ერთხელ, ორივე მაკარი გზაზე უცნობ ძმას შეხვდნენ და მერე მდინარის გადასალახავად ავიდნენ გემზე, რომელზეც იმყოფებოდნენ ტრიბუნები, მდიდარი და ძალმოსილი ხალხი. ერთმა მათგანმა შეამჩნია ხომალდის განაპირას მჯდარი ორი უბრალო სამოსიანი უბარგო ბერი და მიუბრუნდა მათ: - ნეტარ ხართ თქვენ, რამეთუ უარჰყავით სოფელი და არაფერს მოელით მისგან, მცირეოდენი საზრდელისა და გლახაკის სამოსის გარდა!
- მართალი თქვი: ვინც გაჰყვება ღმერთს, სოფელთან აღარაფერი შეჰკრავს, - უპასუხა ერთ-ერთმა მაკარიმ, - მაგრამ გვწყინს, რომ თქვენ პირიქით, ერთგულებთ სოფელს.
ამ სიტყვებით შეძრულმა ტრიბუნმა შინ დაბრუნებისთანავე დაუტევა ყოველივე, საბადებელი გლახაკებს გაუნაწილა და შეუდგა ღვთისმსახურებას. წმინდა მაკარი ალექსანდრიელის მიერ მოხდენილ მრავალ ამგვარ საკვირველ ამბავს მოგვითხრობდნენ...