რუფინიუსი - "მეუდაბნოე მამათა ცხოვრება"
თავი 12. ილია. ღრმა პატივისცემით ვუცქერდით ჩვენ ერთ მამას, ილიას. ის თებაიდის მთავარ ქალაქ ანტინოიის ოლქში ცხოვრობდა. როგორც ამბობდნენ, 109 წლისა იყო...
ჭეშმარიტად ილიას სულმა განისვენა მასზე... ჰყვებოდნენ, 70 წელი გაატარა უკაცრიელ და სასტიკ უდაბნოშიო. მისკენ ისეთი ვიწრო და კლდოვანი ბილიკი მიდიოდა, რომ მისი მოძებნაც კი ჭირდა. ისეთ საშინელ მღვიმეში ცხოვრობდა, მნახველს მისი ნახვა ზარავდა. ღრმა სიბერის გამო მთელი სხეულით კანკალებდა, თუმცა არ წყვეტდა ყველდღიურად ნიშ-სასწაულების მოხდენას და მასთან მისულ ყველა სნეულს განკურნავდა. საკვებად ჰქონდა მცირედი პური და ფინიკი. ამბობენ, ახალგაზრდობაში კვირაობით მარხულობდაო. თავი 13. პიტირიონი. თებაიდიდან მომავლებს გზად მაღალი მთა შემოგვხდა, საიდანაც მდინარე გამოედინებოდა, ვეებერთელა, მდინარის თავზე დაკიდებული შემზარავი კლდის ფერდობებზე მღვიმეები მოჩანდა. იქამდე მიღწევა ძალზე ძნელი იყო. მღვიმეებში ბევრი განდეგილი ცხოვრობდა, მათ თავიანთი ამბა ჰყავდათ, პიტირიონი, მოწაფე ნეტარი ანტონისა, და მისი გარდაცვალების შემდეგ წმინდა ამონთან ცხოვრობდა. როცა ამონიც გარდაიცვალა, ამ მთაზე დასახლდა. ამბამ მიაღწია მაღალ სულიერ სრულყოფილებას. მიეცა მას გარდამეტებულად მადლი კურნებისა და უდიდესი ხელმწიფება ბოროტ სულებზე. უხვად გადაეცა მემკვიდრეობით სულიერნი ნიჭნი ამ ორი უდიდესი მამისგან, რომელთა გვერდითაც ოდესღაც მოღვაწეობდა... ის მრავალს დამოძღვრავდა, შთაუნერგავდა სულიერი სიბრძნის კანონებს, დაწვრილებით ასწავლიდა ბოროტი სულების გარჩევას.
ამბა კვირაში ორჯერ ფაფით მოძლიერდებოდა - უკვე აღარც შეეძლო სხვა საჭმლის ჭამა ხანდაზმულობისა და ჩვეულების გამო.
თავი 14. ამბა ევლოგი. წმინდა ამბა ევლოგის დაფარულმცოდნეობის მადლი ჰქონდა. წმინდა ძღვნის შეწირვისას ჭვრეტდა თითოეულის სულს, ვინც საკურთხეველს მიუახლოვდებოდა, მათ ღირსებებსა და ნაკლოვანებებს. როცა მონაზვნები ემზადებოდნენ წმინდა ზიარების მისაღებად, ზოგიერთს დააყენებდა: - როგორ ბედავთ მიუახლოვდეთ წმინდა საიდუმლოებებს მაშინ, როცა სულნი თქვენნი ბოროტებისკენაა მიმართულიო.
მერე კი თითოეულს ცალ-ცალკე ეტყოდა:
- შენ წუხელ სიძვის გულისთქმებით იყავი შეპყრობილი... შენ კი გულში თქვი: სულ ერთი არ არის, წმინდა მივუახლოვდები წმინდა ზიარებას თუ ცოდვილიო. ის გულში ეჭვისაგან ყოყმანობდაო...
ზოგს წმინდა ზიარების მიღებისგან შეაჩერებდა:
- კიდევ ცოტა ხანს მოიცადეთ, გულწრფელი სინანული აჩვენეთ უფალს და მაშინ მანკიერებათაგან გამოსწორებულნი, სინანულით განწმენდილნი ქრისტესთან ურთიერთობის ღირსნი შეიქმნებითო.
თავი 15. ხუცესი აპელი და იოანე. მეზობელ ქვეყანაში გავიცანით ერთი ხუცესი, სახელად აპელი. ეს მართალი კაცი მჭედელი იყო და ძმებს ყველაფერს უმზადებდა, რაც სჭირდებოდათ. ერთ მშვიდ საღამოს საქმიანობით გართულს ლამაზი ქალის სახით ეშმაკი გამოეცხადა - თითქოსდა შეკვეთის მიცემა უნდოდა. აპელმა შიშველი ხელი სტაცა გავარვარებული რკინის ნაჭერს და სახეში ესროლა. ისე იღრიალა ეშმაკმა, რომ გარშემო მცხოვრებმა ყველა ძმამ გაიგონა. ეშმაკი გაქრა. აპელი კი ამის მერე შიშველი ხელით იღებდა ხოლმე გავარვარებულ რკინას.
ჩვენ ძალიან გულთბილად მიგვიღო. ვთხოვეთ, თავის მოსაგრეობასა და ნაცნობთა სულიერ სრულყოფილებაზე მოეთხრო.
- მეზობელ უდაბნოში ცხოვრობს ერთი ხანდაზმული ძმა, იოანე. სულიერ სრულყოფილებასა და უმკაცრეს მარხვაში მისი თანასწორი არავინ მეგულება. ღრმა უდაბნოში განმარტოებული სამი წელი იდგა ფრიალო კლდის პირას, არასოდეს ჯდებოდა, არც წვებოდა. ლოცვას იყო მიცემული და იმდენ ხანს ეძინა, რამდენიც შეუძლია იძინოს ფეხზე მდგომმა კაცმა. კვირადღეს მიდიოდა მასთან ხუცესი და წმინდა საიდუმლოება მიჰქონდა - ეს იყო მისი ერთადერთი საკვები.
ერთხელ სატანამ მისი მონადირება გადაწყვიტა. მასთან მიმავალი ხუცესის სახით დათქმულ დროს მივიდა - წმინდა საიდუმლოება მოვიტანეო. დაფარულმცოდნე მამა მიხვდა ეშმაკის მზაკვრობას და წყენით დაიძახა:
- ჰოი, მამაო ყოველი მზაკვრობისა და სიცრუისა, მტერო ჭეშმარიტებისა! შენ არა მარტო მუდივად ცდილობ ქრისტიანთა სულების შეცდენას, არამედ გაბედე კიდეც მკრეხელობა საშინელ და წმინდა საიდუმლოზე!
- მე შენი გამოჭერა მინდოდა, - უპასუხა ბოროტმა სულმა, - ასე შევძელი ერთი თქვენგანის მოტყუება და გონება წავართვი. დამიჯერა და ისე დასუსტდა, რომ მრავალმა მართალმა ძლივს შეძლო დაებრუნებინა მისთვის ძველი ღირსება და ჯანმრთელობა.
თქვა ეს ბოროტმა სულმა და გაქრა.
იოანე განუხრელად განაგრძობდა ტვირთვას აღებული ღვაწლისა და მოუკლებელი ლოცვისა. უმოძრაოდ დიდხანს დგომის გამო ფეხები დაუსკდა და ჭრილობებიდან სისხლთან ერთად სითხეც სდიოდა...
გავიდა სამი წელი და მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა:
- უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, სულიწმინდის მიერ, - უთხრა ანგელოზმა, - მიიღო შენი ლოცვები. განკურნა შენი წყლულები და უხვად გიბოძებს ზეციურ საზრდელს, ანუ ღვთისა და მისი სიტყვის შემეცნებას.
შეეხო მის ბაგესა და ფეხებს და განუკურნა წყლულნი, აღავსო ჭვრეტისა და სულიერი სიბრძნის მადლით, განაშორა მისგან შიმშილის გრძნობა. მერე უბრძანა, სხვა მხარეს გამგზავრებულიყო. გზადაგზა უდაბნოში მოენახულებინა იქ მცხოვრები ძმები და დაემოძღვრა ისინი ღვთის სიტყვითა და სულიერი სიბრძნით. კვირაობით ძველ ადგილას ბრუნდებოდა ხოლმე წმინდა საიდუმლოების მისაღებად. დანარჩენ დღეებში საჭაპანე საქონლისთვის პალმის ფოთლებისგან გარსაკრავს წნავდა.
ერთხელ ერთი სნეული მიდიოდა მასთან კურნების სათხოვნელად. ურმით უნდა გასდგომოდა გზას. ხარს ღვთის კაცის ხელით დაწნული გარსაკრავები ჰქონდა და როგორც კი ფეხით მას შეეხო, გამოჯანმრთელდა.
სხვა ავადმყოფს იოანემ ნაკურთხი პური გაუგზავნა. იხმია თუ არა სნეულმა, განიკურნა.
იოანესთვის განცხადებული იყო მეზობელ მონასტრებში მცხოვრები თითოეული ძმის საქციელი. სწერდა ხოლმე მამებს, აუწყებდა, ესა და ეს ძმა სიზარმაცეს მისცემია და ღვთის შიშით ვერ აღასრულებს დაწესებულ კანონსო. სხვები წარემატებოდნენ სარწმუნოებასა და სულიერ სრულყოფილებაში. სწერდა ძმებსაც. ზოგს საყვედურობდა - სულმოკლეობით ძმებს ამწუხარებთო, სხვებს შეაქებდა - ღვთისმოშიშებით, მტკიცე და მოღვაწე ცხოვრებით ძმებს ანუგეშებთო. წინასწარმეტყველებდა, თუ რა განუმზადა უფალმა კაცთ წმინდად ცხოვრებისთვის და პირიქით, რა ემუქრება უდარდელებს. იგი დაუსწრებლად ისე გამოხატავდა მათ ჩადენილ საქმეებს, ღვაწლსა თუ გულგრილობას, რომ ბერები გრძნობდნენ სიმართლეს და ემუსრებოდათ სინდისი.
ყველას მიმართავდა და ურჩევდა, ამაღლებულიყვნენ სულით ხილულ და მატერიალურ საგანზე.
- უკვე დროა, - ამბობდა იგი, - გვეყო ბავშვებად ყოფნა, დროა აღვიწიოთ ამაღლებულისა და სულიერისკენ, - მამაკაცური მოწიფულობით გამხნევებულნი, ავმაღლდეთ განსჯის უმაღლეს საფეხურზე და რამდენადაც შესაძლებელია, გავბრწყინდეთ სულიერი სრულყოფილებით.
ათას რამეს გვიყვებოდა იოანეზე წმინდა კაცი აპელი - სარწმუნო და უცილობელი იყო მისი მონათხრობი... ბევრი დრო დაგვჭირდებოდა, ყველაფერი რომ ჩაგვეწერა, თანაც ზოგიერთ მსმენელს ბევრი რამ დაუჯერებლად მოეჩვენებოდა.
თავი 16. ამბა ისიდორეს მონასტერი. თებაიდაში ვნახეთ ამბა ისიდორეს სახელგანთქმული მონასტერი. ვრცელია და გარს გალავანი არტყია. იქაურ მამებს ფართო სახლები ჰქონდათ. სავანის შიგნით ბევრი ჭაა და მდიდარი ბაღები. მოჰყავთ ყველაფერი, რაც ცხოვრებისთვის არის აუცილებელი. ამიტომ მონაზვნებს მონასტრიდან გამოსვლის აუცილებლობა არ აქვთ. სავანის კართან ზის პატივცემული მამა, რომელიც იღებს მოსულებს და ამცნობს კანონს: მონასტერში შესული უკან ვეღარ გამოვა. მაგრამ მათ ტიპიკონი კი არ აკავებთ, არამედ ნეტარი და წმინდა ცხოვრება... სასტუმრო-კელიაში მეკარე მამა ჭეშმარიტი კაცთმოყვარეობით ზრუნავდა სტუმრებზე. აქვე მიგვიღო ჩვენც. გალავნის შიგნით შეღწევის შესაძლებლობა არ გვქონდა, მხოლოდ მეკარის მონათხრობიდან ვიცოდით, თუ როგორი ნეტარება შეიძლება გვეპოვა ამ სავანეში.
მხოლოდ ორ მამას აქვს სავანიდან გამოსვლა-დაბრუნების უფლება: ისინი ძმების ხელნაკეთს ყიდიან და თუ საჭიროება მოითხოვს, სხვა რამესაც ყიდულობენ. დანარჩენნი ღრმა მყუდროებასა და სიმშვიდეს, ლოცვასა და ღვაწლს არიან მიცემულნი.
სულიერი სრულყოფილებით გამშვენებულნი ნიშ-სასწაულებს მოახდენენ. მაგრამ ყველაზე საკვირველი ნიში ისაა, რომ მათ შორის არავინ არის ღონის მიხდამდე სნეული. როცა სიკვდილის ჟამი მოუწევს, ძმა წინასწარ შეიცნობს ამას და სხვა ძმებსაც განუცხადებს. საბოლოოდ ეტყვის მათ "შემინდეთ!", დაწვება სარეცელზე და სიხარულით ჩააბარებს სულს უფალს.
თავი 17. ხუცესი სერაპიონი. არსინოინის მხარეში შევხვდით მრავალი მონასტრის წინამძღვარს ხუცეს სერაპიონს. მის სავანეში დაახლოებით ცხრა ათასი მონაზონი ცხოვრობდა. ყველანი თავის ხელთა ნამუშაკევით ირჩენდა თავს - ისინი, გარკვეული თანხის ფასად, მკიდნენ ყანებს, თანხის უმეტეს ნაწილს მამა სერაპიონს აბარებდნენ გლახაკთათვის დასარიგებლად. მკაში დაქირავება გავრცელებული იყო მთელი ეგვიპტის მონაზვნობაში. ამგვარად, მონაზვნების შრომით ირჩენდა თავს ეგვიპტის მთელი გლახაკობა. ამის გარდა, ხორბლით დატვირთულ ხომალდებს ალექსანდრიაში გზავნიდნენ ტუსაღებისთვის, მწირებისთვის, გაჭირვებულთათვის... მემფისისა და ბაბილონის ოლქებში მრავალი სხვადასხვა სულიერი ნიჭისა და მშვენიერი ზნეობრივი თვისებების მქონე მონაზონს შევხვდით. იქ არის ადგილი, სადაც იოსები ხორბალს ინახავდა - მას იოსების სალაროს ეძახდნენ. შემორჩენილია სწორედ ის პირამიდები, სადაც იოსების დროს ხორბალს აგროვებდნენო.