რუფინიუსი - "მეუდაბნოე მამათა ცხოვრება"
(გაგრძელება)
მამა კოპრე ჰყვებოდა: ერთხელ ბომონის ახლოს გავლა მომიხდა. წარმართები მსხვერპლის შეწირვას აპირებდნენ.
- თქვენ, კაცნი გონიერნი, როგორ შესწირავთ მსხვერპლს უტყვ და უგრძნობ კერპებს? ნუთუ მათზე მეტად ვერ აზროვნებთ? - ვუსაყვედურე მათ.
და განუხსნა მათ უფალმა გონება... დაუტევეს თავიანთი ცდომილება, გამომყვნენ და ირწმუნეს მაცხოვრისა ღვთისა ჩვენისა.
ოდესღაც ჩემი სავანის გვერდით ბოსტანი გვქონდა მოწყობილი, სადაც მომსვლელ მამათათვის ბოსტნეული მოგვყავდა. ერთ ღამეს შიგ წარმართი შეიპარა და ბოსტნეული მოიპარა. შინ ცეცხლი გააჩაღა და ნაქურდალი მოსახარშად შემოდგა. სამი საათი იწვალა, მაგრამ ბოსტნეულის მოხარშვას საშველი არ დაადგა, ის კი არა, წყალიც არ შეცხელებულა. გონს მოსულმა ქურდმა ქვაბი ზედადგრიდან გადმოდგა და თავის ბოსტნეულიანად უკან მოიტანა. დაემხო ჩვენს ფეხებთან და გვევედრებოდა, ღმერთს სთხოვეთ, მომიტევოს და გამაქრისტიანოსო. მისი სურვილი აღვასრულეთ. თანაც სწორედ იმ დღეს ჩვენთან სტუმრად ბევრი მწირი ძმა მოვიდა და ისე გამოვიდა, თითქოს მათთვის მომზადდა ეს ბოსტნეული.
მადლობა შევწირეთ უფალს ამ სასწაულისთვის. ორმაგად გავიხარეთ: ადამიანის გადარჩენისა და ღვთის მოწყალებისთვის.
თავი X. აბბა სირზე, ისაიაზე, პავლესა და ანუფიზე
აი, კიდევ რა მოგვითხრო კოპრემ:- ერთხელ კაცნი მართალნი, დიდად მომარხულენი და ღრმად ღვთისმოშიშნი აბბა სირი, ისაია და პავლე ერთმანეთს მდინარის პირას შეხვდნენ, უნდოდათ, მოენახულებინათ მოსაგრე ანუფი (მისი ხსენება 5 ივნისსაა). წინ სამი დღე-ღამის გზა ედოთ, მდინარეც უნდა გადაელახათ, მაგრამ ნავები არ ჰქონდათ. თქვეს: - უფალს ვთხოვოთ წყალობა, რომ კეთილი საქმისთვის განზრახული მოგზაურობა არ ჩაგვეშალოსო.
პავლემ და ესაიამ უთხრეს აბბა სირს:
- შენ გმართებს ყველაზე უწინ უფლისადმი ვედრება. ვიცით, რომ გისმენს და ახლაც აგისრულებს სათხოვარსო.
აბბა სირმა სთხოვა, მათაც მოედრიკათ ლოცვისთვის მუხლნი და თვითონაც პირქვე დაემხო უფლის წინაშე. მორჩნენ ლოცვას. წამოდგნენ ფეხზე და ნაპირს ნავიც მოადგა. მამები ჩასხდნენ ნავში. ნავი ისე სწრაფად აუყვა აღმა მდინარეს, რომ ერთ საათში გალიეს სამი დღის სავალი. გადმოვიდნენ ნაპირზე და თქვა ესაიამ:
- უფალი მახილვებს კაცს, ვისკენაც ვისწრაფვით - იგი ჩვენს შესახვედრად მოდის და კითხულობს ჩვენი გულის საიდუმლოებებს.
პავლემ კი თქვა:
- მეც განმიცხადა უფალმა, რომ სამი დღის მერე წაიყვანს მას თავისთან.
სამივენი სავანისკენ გაემართნენ. მცირე მანძილი გაიარეს და დაინახეს მათთან შესახვედრად გამოსული ანუფი. ის მიესალმა ძმებს და უთხრა:
- კურთხეულ არს უფალი, რომელმაც კეთილ ინება და მახილვინა თქვენი თავი ხორციელადაც, როგორც უწინ დამანახა სულიერადო, - და თითოეული მათგანის ღვაწლი და დამსახურება გაიხსენა ღვთის წინაშე.
პავლე მიუბრუნდა:
- უფალმა გამოგვიცხადა ჩვენ, რომ სამი დღის შემდეგ მიგიხმობს თავისთან. მოგვიყევი სულიერ ცხოვრებაში წარმატებებზე, ღვაწლზე, რომლითაც სათნოეყავ უფალს. შენ არ შეგაწუხებს პატივმოყვარეობის საფრთხე, რადგან მალე უნდა დატოვო ეს სოფელი. დაგვიტოვე ამბები მომავალ თაობათა დასამოძღვრად და საკუთარ მოღვაწებათა მოსაგონებლად.
- არ მახსოვს, დიდი რამ მომეღვაწოს, - უპასუხა მათ ანუფმა, - მაგრამ, აი, რას დავაკვირდი: მას შემდეგ, რაც დევნისას აღვიარებდი ჩვენი უფლის სახელს, გავფრთხილდი - ჭეშმარიტების აღსარების შემდეგ აღარ გამოვიდეს ჩემს ბაგეთაგან სიცრუე. და რახან ერთხელ შევიყვარე ზეციური, დაე, ნუ მიმდრეკს მე მიწიერი საგნებით გატაცება. ამ ყველაფერში კი მადლი ღვთისა მეხმარებოდა. არც მჭირდებოდა რაიმე ამქვეყნიური: ღვთის ანგელოზებს მოჰქონდათ ჩემთვის საჭმელი, რომელსაც ვისურვებდი და ვიცოდი ღვთის წყალობით, რაც ხდებოდა სოფელში... გული ჩემი ყოველთვის განათდებოდა საღმრთო ნათლით და მისით გაბრწყინვებულს აღარ მესაჭიროებოდა ძილი - მუდამ უფლის ნახვის სურვილი მიღვიოდა... ღვთის წყალობით, ჩემი მფარველი ანგელოზი არ განმეშორებოდა და ამ ქვეყანაზე თითოეულ სათნოებას მასწავლიდა... და ეს ნათელი დაუვსებლად მიკიაფებდა სულში... ჩემს ყოველ სათხოვარს უფალი დაუყოვნებლივ ასრულებდა... ხშირად მახილვებდა თავის წინაშე წარდგომილ უთვალავ ანგელოზს. მინახავს სახე მართალთა, გუნდნი მოწამეთა, კრებული მონაზონთა და წმინდანთა, რომლებიც წმინდა გულით დაუდუმებლად განადიდებენ უფალს. მინახავს სატანაც და ანგელოზნი მისნი, საუკუნო ცეცხლს მიცემულნი, მინახავს საუკუნო ნეტარებაც, მართალთათვის გამზადებული.
აი, ამას და მრავალ ამისდაგვარს უყვებოდა ძმებს სამი დღის მანძილზე, მერე კი სული თვისი მიაბარა უფალს. და მაშინვე იხილეს მათ, როგორ მიიღეს ანგელოზებმა მისი სული და შეიყვანეს ზეცად. ისმოდა გალობა, რომლითაც სული მისი ადიოდა უფალთან, იგი ანგელოზებთან ერთად ქებას აღუვლენდა ზენაარსს.
თავი XI. გელენი
აქვე ცხოვრობდა სხვა წმინდა კაცი, სახელად გელენი, რომელიც სიყრმიდანვე განესწავლათ ღვთისმსახურებაში. მკაცრი მარხვისა და წმინდა კანონთა დაცვის წყალობით, მან უმაღლეს სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. ჯერ კიდევ ყრმას, მონასტერში ცხოვრებისას, როცა დასჭირდებოდათ, მეზობელი მონასტრიდან მხურვალე ნაკვერცხალი მოჰქონდა კალთით ისე, რომ სამოსს არაფერი ევნებოდა. გაოცდებოდნენ სასწაულით ძმები და ცდილობდნენ, მიებაძათ მოსაგრეობისადმი მისი მხურვალე მოშურნეობისთვის...ერთხელ უდაბნოში მას თაფლის ჭამა მოუნდა, მოიხედა უკან და კლდის ნაპრალში ფიჭა დაინახა. მიხვდა, მტერი ატყუებდა, მაშინვე უსაყვედურა საკუთარ თავს: "განმეშორე ჩემგან, მატყუარა და მაცთურო სურვილო! წმინდა წერილში წერია: "სულითა ვიდოდეთ და ხორცთა გულისთქმათა ნუ აღასრულებთ" (გალატ. 5,16). მაშინვე მიატოვა იქაურობა, ღრმა უდაბნოში განმარტოვდა და იქ უმკაცრეს მარხვას მიეცა, თითქოს სჯიდა საკუთარ თავს ხორციელი სურვილისთვის. მესამე შვიდეულში უდაბნოში მიმოფანტული მრავალგვარი ხილი იხილა - ესეც ეშმას მახე იყო. მიხვდა და წამოიძახა:
- არ შევჭამ ამას და არც შევეხები, რომ არ ცდუნდეს ძმა ჩემი ანუ სული ჩემი. "არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა" (მათე 4,4). დაიწყო უკვე მარხვის მეოთხე კვირა... ერთხელ მილულულს გამოეცხადნენ უფლის ანგელოზები და უთხრეს:
- ადექი და რასაც იპოვი, უეჭველად იგემეო!
გამოღვიძებულმა დაინახა მორაკრაკე წყარო, რომლის პირიც შემოქობილი იყო ნაზი და არომატული მცენარეებით, დაკრიფა, ჭამა, თან წყაროს წყალს აყოლებდა. შემდგომში ირწმუნებოდა, სიცოცხლეში ამაზე ტკბილი და გემრიელი სასმელი არ მიგემიაო. შორიახლოს იპოვა მღვიმე, სადაც ზოგჯერ ისვენებდა ხოლმე. იმ დღიდან, ღვთის წყალობით, გელენს არაფერი აკლდა. რაც ხორციელი მოძლიერებისთვის დასჭირდებოდა, მისივე თხოვნით, ღმერთი ყველაფერს აძლევდა.
ერთხელ სამი ავადმყოფი ძმის მოსანახულებლად წავიდა და თან ნუზლი წაუღო ხორციელად მოსაძლიერებლად. გზად ტვირთის სიმძიმემ დაღალა. უეცრად უდაბნოში მოხეტიალე გარეულ ვირებს ჰკიდა თვალი და დაუძახა: - უფალ იესო ქრისტეს სახელით - ერთი თქვენგანი მოვიდეს ჩემთან და წაიღოს კალათაო. ერთი ვირი თვინიერად მიუახლოვდა, აშკარა სურვილით აიკიდა ტვირთიც და განდეგილიც და გზას გაუდგა.
ერთხელ, აღდგომა დღეს ერთ მონასტერში მისულმა ნახა, რომ ძმები ვერ აღასრულებდნენ დღესასწაულს. მიზეზი იკითხა. მიუგეს, ჩვენი მღვდელი მდინარის გაღმა ცხოვრობს და ნიანგის შიშით ვერ გადმოდის აქეთო. შესთავაზა, - თუ გსურთ, წავალ და მოგიყვანთო. მივიდა მდინარესთან. მოუხმო უფლის სახელს და მძვინვარე მხეცი წარდგა მის წინაშე. მრავალთა დამღუპველი ქვეწარმავალი ახლა ეტლივით ემსახურებოდა მართალ კაცს - ნიანგმა ხილული შიშით დაღუნა თავი ღვთის კაცის წინაშე, შეისვა ზურგზე და მდინარის მეორე ნაპირზე გადაიყვანა. გელენი მივიდა ხუცესთან და სთხოვა, ძმებთან წამოსულიყო. მთხოვნელს უბრალო და შეურაცხი სამოსი ეცვა. გაოცებულმა დეკანოზმა ჰკითხა, - ვინ ხარ, საიდან მოხვედიო. მაგრამ მასში უმალ ღვთის კაცი შეიცნო და გაჰყვა. მივიდნენ მდინარესთან. ხუცესმა უნავობა მოიმიზეზა. გელენმა დაამშვიდა: - ნუ წუხხარ, მამაო, გადასასვლელი მოგიმზადეო. ხმამაღლა უხმო მხეცს. ნიანგმა მდაბლად მიუშვირა ზურგი. გელენი პირველი შეჯდა და ხუცესი მიიწვია, - შეჯექი, ნურაფრის შეგეშინდებაო. ის კი ნიანგის დანახვაზე შიშისგან თავზარდაცემული გაიქცა...
ყველა შეშინებული ადევნებდა თვალს ღვთის კაცს, რომელიც ნიანგზე მჯდარი მოცურავდა. ის გადმოვიდა ნაპირზე, თან მხეციც გადმოიყოლა და უთხრა: - სჯობს დაიღუპო, ვიდრე ამდენი ადამიანი მოინელოო. მიწაზე განრთხმულმა მხეცმა უმალ სული განუტევა...
სამი დღე დარჩა გელენი ამ მონასტერში და დამოძღვრა ძმები სულიერი სიბრძნით. ზოგიერთს განუმხილა დაფარული ფიქრები და გულისთქმები: ზოგს მრუშობის სული მიიტაცებდა, სხვებს - სული მრისხანებისა, მესამეთ კი ვერცხლისმოყვარეობისა, სხვათა - სული პატივმოყვარეობისა და სულიერი სიამაყისა. ზოგში კი, საპირისპიროდ, განჭვრეტდა მათ სიმდაბლეს, სიმართლეს, მოთმინებას... ამგვარად, ამხელდა მანკიერებებს და შეაქებდა სიკეთისკენ სწრაფვას. ყველას აღძრავდა გამოსწორებისა და სულიერი სრულყოფილებისაკენ. და ისინი, ვისაც ის ამხილებდა, იძულებულნი ხდებოდნენ, ეღიარებინათ, რომ მამა გელენი თითქოს კითხულობდა მათ სულებს და ემუსრებოდათ გულები.
გამგზავრების წინ თქვა, - ბოსტნეული მოამზადეთ ძმათა გასამასპინძლებლადო.
დაიწყეს მზადება და მართლაც მოვიდნენ ძმები. ისინი პატივით მიიღო. ძმათაგან ერთ-ერთმა სთხოვა, ნება მომეცი, შენთან უდაბნოში დავსახლდეო.
- ეჰ, - უპასუხა გელენმა, - მძიმე და დიდად ძნელია, წინ აღუდგე ბოროტი სულების განსაცდელებსო.
მაგრამ ახალგაზრდა დაჟინებით სთხოვდა გაყოლას, ჰპირდებოდა, ყველაფერს მოთმინებით გადავიტანო. გელენმა ახალგაზრდა წაიყვანა და უბრძანა, მეზობელ მღვიმეში ეცხოვრა.
იმ ღამით ბოროტი სულები მოფრინდნენ ახალგაზრდასთან. ააღელვეს არაწმინდა და საძაგელი გულისთქმებით, მერე კი სიკვდილით დაემუქრნენ... ახალგაზრდა გამოვარდა მღვიმიდან, წმინდა გელენის კელიასთან მიირბინა და მოუყვა, თავს რაც დაატყდა. აბბამ რამდენიმე სიტყვით დაამშვიდა იგი, გაამხნევა სარწმუნოებასა და მოთმინებაში. წაიყვანა უკან, კელიაში, მღვიმის სიახლოვეს ქვიშაზე ხაზი გაავლო და თითქოს ბოროტ სულებს მიმართა: "უფლის სახელით გიკრძალავთ გადააბიჯოთ ამ ხაზს!" ამის მერე ახალგაზრდას აღარ ჰქონია ძველებური განსაცდელები.
ამ ახალგაზრდაზე ჰყვებოდნენ, რომ უდაბნოში ცხოვრებისას ხშირად შექმნილა ღირსი, ეგემა ზეციდან გამოგზავნილი საჭმელი. როცა მასთან ძმები მიდიოდნენ და არაფერი ჰქონდა გასამასპინძლებელი, ვინმეს ყმაწვილის სახით მასთან მოჰქონდა პური და ყველა სხვა აუცილებელი საგანი და ნობათს მღვიმის ზღურბლთან ტოვებდა.
- კურთხეულ არს უფალი, რომელმაც უდაბნოში მოგვიმზადა ტრაპეზი! - ამბობდა ყმაწვილი.
ამას და სხვა მრავალს გვიყვებოდა წმინდა მამათა ღვაწლზე აბბა კოპრე და გულთბილად გვმოძღვრავდა. საუბრის მერე თავის ბაღში გაგვიყვანდა და გვიჩვენებდა თავის დარგულ პალმებსა და ვაშლებს.
- ყველაფერი ეს სოფლელთაგან დამოძღვრილმა გავაშენე, - ბრძანა მამა კოპრემ, - ისინი საოცარ რწმენას აჩვენებენ, აგროვებდნენ ჩვენს ფეხდანაბიჯებ ქვიშას, მიმოფანტავდნენ მინდვრებში და უნაყოფო მიწას ნაყოფიერების საკვირველ ძალას აძლევდნენ. სირცხვილი ჩვენ, - ვფიქრობდი, - რომ გვაკლდეს რწმენა მათთან შედარებით, ვისაც, ღვთის ნებით, თვითონ ჩავუნერგეთ ის.