რუფინიუსი - "მეუდაბნოე მამათა ცხოვრება"
თავი 7. აპოლონი. სახე საკვირველი სიხარულითა და მხიარულებით, საღვთო აღფრთოვანებით უბრწყინავდათ...
თუ ვინმეს ზოგჯერ სახე მოეღრუბლებოდა, ამბა აპოლონი მაშინვე მწუხარების მიზეზს ჰკითხავდა. ძალზე ხშირად, როცა ძმები ცდილობდნენ დაეფარათ მწუხარების მიზეზი, იგი თვითონ ამჟღავნებდა იმას, თუ რა იმალებოდა მის სულში და ძმები აღიარებდნენ ამბას დაფარულთმცოდნეობას. იგი იწყებდა მათ დარიგებას:- არ უნდა მწუხარებდეს ის, ვინც ღმერთში ეძებს ცხონებას და ზეციურ სასუფეველში დამკვიდრების იმედი აქვს. დაე, იმწუხარონ წარმართთა, იტირონ იუდეველებმა, იქვითინონ ცოდვილებმა. მართალთ კი სიხარული შეჰფერით! თუ მათ ყველაფერი მიწიერი უყვართ, ხარობენ ხრწნადი და უიმედო საგნებით, განა ჩვენ არ უნდა აღვფრთოვანდეთ, თუკი მართლაც მოველით ზეციურ დიდებას და საუკუნო ნეტარებას? განა ამასვე არ გვასწავლის მოციქული: მარადის გიხაროდენ, მოუკლებლად ილოცევდით, ყოველსა შინა მადლობდით.
მაგრამ ვის ძალუძს გამოხატოს სიღრმე მისი სულიერი სიბრძნისა და მადლმოსილი ძალა მისი სიტყვისა? სჯობს დუმილი, ვიდრე უღირსი ლაპარაკი...
ბევრს გვესაუბრა ნეტარი აპოლონი თავშეკავების სახეზე, ღმერთთან ურთიერთობის გულწრფელობაზე, სტუმართმოყვარეობის გულმოდგინებაზე, შთაგვაგონებდა, რომ ძმათა მოხილვისას თვითონ უფალი დაგვენახა, ამიტომაც არის ჩვეულება - სტუმარ ძმებს მიწამდე სცე თაყვანი, დაე, ცხადად ჩანდეს, რომ მათ ისე ხვდებიან, როგორც უფალ იესოს მობრძანებას, - სიტყვისაებრ მისისა: "უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე" (მათე 25,35). აბრაამმაც ხომ ერთი შეხედვით უბრალო ხალხი ისტუმრა, ამ დროს კი მათ შორის უფალი შეიცნო. ზოგჯერ სტუმარი ძმები უნდა აიძულო, ხორციელად დაისვენონ, მსგავსად ლოთისა, რომელმაც აიძულა ანგელოზები, მის სახლში შესულიყვნენ (შესაქმე 19,3). ურჩევდა მონაზვნებს, შეძლებისდაგვარად ყოველდღე ზიარებოდნენ ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს, რათა მათგან განშორებით, ღმერთსაც არ მოშორებოდნენ. ვინც ხშირად იღებს წმინდა საიდუმლოებებს, ხშირადვე შეუერთდება უფალს, მისი სიტყვისაებრ: "და რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს, და მე მის თანა" (იოანე 6,56). გახსენება უფლის ვნებებისა დიდად სასარგებლოა, რამეთუ წარმოადგენს მოთმინების მაგალითს. დაე, მონაზვნებს მუდამ ახსოვდეთ უფლის ვნებები! მაგრამ მთავარია, რომ წმინდა საიდუმლოთა მიღებისას გვეძლევა დარიგება - თითოეულმა საკუთარი თავისთვის იფხიზლოს, რომ უფლის წმინდა საიდუმლოთა უღირსი არ გამოჩნდეს. ამასთან, მორწმუნეებს ცოდვათა მიტევება მიეცემათ.
ასევე ურჩევდა, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე არ დაერღვიათ მარხვა ოთხშაბათსა და პარასკევს. ოთხშაბათს მოიფიქრა იუდამ უფლის გაცემა, პარასკევს კი მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს. ასე მგონია, აუცილებლობის გამო მარხვის დამრღვევი, - ამბობდა იგი, - იუდასთან ერთად გასცემს უფალს და ჯალათებთან ერთად ჯვარს აცვამს მაცხოვარს. თუ ამ დღეს გესტუმრება ნამგზავრი და მოისურვებს მოძლიერდეს საკვებით ვიდრე მეცხრე ჟამამდე, სუფრა მხოლოდ მას უნდა გაუშალო. თუ ტრაპეზობას არ მოისურვებს, ნუ დააძალებ: ამ დღეებში მარხვის შენახვა ყველასთვის აუცილებელია...
ამბა ტუქსავდა მას, ვისაც თმის გაშვება უყვარდა, კისერზე რკინას იკიდებდა, ანდა ისეთ რამეს, რითიც შეიძლებოდა მოყვასი ეცდუნებინა. ყველა ამგვარი ადამიანი პატივმოყვარეობის გამო დიდებას ეძიებს კაცთაგან, არადა გვამცნეს, რომ მარხვაც კი საიდუმლოდ შევინახოთ, რომ ის მხოლოდ უფალმა იცოდეს, რომელიც ხედავს დაფარულს და ცხადად მოგვაგებს. მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთ ხალხს არ ჰყოფნის შექება და მისაგებელი დაფარულთმცოდნელისგან - ამის გარდა მას კაცთა წინაშე თავის გამოჩენა უნდა...
მთელი კვირის მანძილზე ბევრს გვესაუბრებოდა მონაზვნურ ცხოვრებაზე, თავისი სიტყვების სიმართლეს დაჰბეჭდავდა თავისი დიდებული საქმეებით.
წამოსვლისას გამოგვაცილა და შემდეგი სიტყვები დაგვამგზავრა: - შვილნო საყვარელნო, უპირველესად გიყვარდეთ და ნუ განეშორებით ერთმანეთსო. მერე კი ძმებს მიუბრუნდა: - ძმებო, თქვენ შორის ვის სურს მამები მეზობელ სავანემდე გააცილოს?
თითქმის ყველამ გამოხატა მზადყოფნა. მაშინ წმინდა ამბამ გამოარჩია სამი მონაზონი, რომელთაც ბერძნული, ლათინური და ეგვიპტური ენები იცოდნენ, რათა საჭიროებისას ჩვენი თარჯიმნები ყოფილიყვნენ. გამომშვიდობებისას გვიბრძანა, მანამდე არ მიგვეტოვებინა იქაურობა, ვიდრე ყველა სავანეს და ყველა მამას არ მოვინახულებდით. განა ვის შეუძლია ყველას მონახულება. დაგვლოცა: და გაკურთხოთ უფალმა სიონით, და იხილოთ კურთხევა იერუსალიმისაი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა (შეადარე ფს. 127,6).
თავი 8. ამონი. გიამბობთ ერთ წმინდა კაცზე, სახელად ამონზე. ჩვენ უდაბნოში ვნახეთ ადგილი, სადაც ის ცხოვრობდა.
გავემართეთ უდაბნოს სამხრეთისკენ. გზად უზარმაზარი დრაკონის ნაკვალევს გადავაწყდით - თითქოს მორი გაუთრევიათ ქვიშაზეო. თანამგზავრი ძმები გვარწმუნებდნენ, უშიშრად გავყოლოდით დრაკონის ნაკვალევს - თქვენ იხილავთ სარწმუნოების სიძლიერეს მაშინ, როცა გველს მოვკლავთ. ჩვენ მრავალი დრაკონი, ნიანგი და გველი მოვაკვდინეთ... განა უფალმა არ მისცა მორწმუნეებს ხელმწიფება, დათრგუნონ გველნი, ღრიანკალნი და ყოველი ხელმწიფება მტრისა.
ისინი ამგვარად გვამხნევებდნენ, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა ასეთი მტკიცე სარწმუნოება... შიში უფრო და უფრო გვემატებოდა... ვითხოვეთ კიდეც, დრაკონის ნაკვალევისთვის გვერდი აგვექცია და პირდაპირი გზით წავსულიყავით. ამასობაში ერთი მათგანი სირბილით გაჰყვა დრაკონს. მიუახლოვდა ბუნაგს, ხმამაღლა უხმობდა, რათა დაგვენახა, რა მოხდებოდა. ამ დროს მეზობელ უდაბნოსთან ჩვენს შესახვედრად ძმა გამოვიდა, რომელმაც შეგვაჩერა: - თქვენ ვერ გაუძლებთ ურჩხულის ხილვას, მით უმეტეს, თუ ის არასოდეს გინახავთ. მე შორიდან დამინახავს ეს ვეება მხეცი, სიგრძით თხუთმეტ წყრთაზე ნაკლები არაა...
მოგვაშორა სახიფათო ადგილს და გაიქცა მხეცის განსაგმირავად გამზადებული ძმის გამოსაყვანად. მან მხოლოდ დიდი თხოვნის შემდეგ დაუთმო ძმას, მოვიდა და გვისაყვედურა სულმოკლეობისა და ურწმუნოების გამო.
დავისვენეთ მასპინძელი ძმის მღვიმეში. მან გულწრფელი სიყვარულით მიგვიღო. მოგვიყვა, რომ სწორედ ამ ადგილას ცხოვრობდა ერთი წმინდა კაცი, მისი მოძღვარი ამონი. უფალმა მისით მრავალგზის გამოამჟღავნა ძალა. ამონი მხოლოდ პურით იკვებებოდა და ხშირად ამასაც ავაზაკები ართმევდნენ. ბერი დიდხანს ითმენდა წყენას. ერთხელ, უდაბნოდან დაბრუნებისას, ორი დრაკონი გაიყოლა და უბრძანა, მღვიმის შესასვლელში დაწოლილიყვნენ სადარაჯოდ. ავაზაკები მივიდნენ. დრაკონების დანახვაზე შიშით გაქვავდნენ და ცოცხალმკვდარნი მიწას დაენარცხნენ. ბერი გამოვიდა, ყველა ფეხზე წამოაყენა და უსაყვედურა - ხომ ხედავთ, რომ მხეცები გჯობიან, ისინი ღვთის ნებით ჩვენ გვემორჩილებიან, თქვენ კი ღმერთის არ გეშინიათ და არ გრცხვენიათ, აწყენინოთ მის მსახურსო. მერე მძარცველები მღვიმეში შეიყვანა და სატრაპეზოდ მიიპატიჟა. ყველანი შემუსვრილი გულით წყევლიდნენ თავიანთ საქციელს. მალე ყოფილი ავაზაკები თავიანთი მოღვაწეობით აღემატნენ მრავალთ, მათზე ადრე ჩამდგართ ღვთის სამსახურში. ისეთი სრული და ღრმა იყო სინანული, რომ უფალმა დააჯილდოვა ისინი ნიშ-სასწაულთა მოქმედების ნიჭით.
ერთხელ საშინელმა დრაკონმა მეზობელ მხარეში მრავალი ადამიანი შეიწირა. იქ მცხოვრებნი წმინდა ამონს ევედრნენ, მხეცი ჩვენი ქვეყნიდან განდევნეთო. თან მიუყვანეს პატარა მწყემსი ბიჭი, რომელიც დრაკონის დანახვამ გააგიჟა. ბერმა ყრმას ზეთი სცხო და ჯანმრთელობა დაუბრუნა. მეორე დღეს, დილაადრიან, მხეცის ბუნაგთან მივიდა, მოიდრიკა მუხლი და ლოცვა დაიწყო. მხეცი მისკენ გამოემართა, ესმოდა მისი სუნთქვა-სისინი. ბერი უშიშრად მიუბრუნდა დრაკონს: - დაე, განგგმიროს შენ ქრისტემ, ძემან ღვთისამან, ისევე, როგორც განგმირა ადრე უფრო საშინელი მხეცი!
მხოლოდ ეს თქვა და უეცრად საშინელმა დრაკონმა ამოისუნთქა, ამოაგდო გესლიანი ქაფი და ხმაურით გასკდა შუაზე. მეზობლებმა მოირბინეს და გაოცებისგან ერთ ადგილს მიეჯაჭვნენ; აუტანელი სიმყრალე გავრცელდა ირგვლივ და სასწრაფოდ დამარხეს. ამბა ამონიც იქვე იდგა, ვინაიდან მკვდარ ურჩხულთანაც კი ეშინოდათ უმისოდ მისვლა...
თავი 9. დეკანოზი კოპრე და პატერმუთია. უდაბნოს მონასტერში ცხოვრობდა ერთი დეკანოზი, სახელად კოპრე. წმინდა კაცი უკვე 80 წლისა იყო. დიდი ძალნი გამოავლინა მის მიერ ღმერთმა. იგი კურნავდა სნეულებს, უბრუნებდა ჯანმრთელობას, განდევნიდა დემონებს და მრავალ საკვირველ რამეს სჩადიოდა, რის თვითმხილველნიც ჩვენც ვიყავით.
შეხვედრისას გვეამბორა და ტრადიციული ლოცვის შემდეგ ფერხნი დაგვბანა. მერე კი გვკითხა: - რა ხდება სოფელშიო.
- გვიჯობს, საკუთარ თავზე მოგვითხროთ, ამბა, თქვენს საქმიანობაზე, გვითხარით, როგორი ღვაწლით, ღვთის წინაშე რა დამსახურების გამო შეიქმენით ღირსი ასეთი დიდი მადლისა, - ვკითხეთ.
მან დაწვრილებით იწყო საკუთარი და თავის წინამორბედთა ცხოვრების მოთხრობა. ისინი თურმე ბევრად ღირსეულნი იყვნენ მასზე, იგი გაჭირვებით ჰბაძავდა მათ.
- ჩემამდე აქ ცხოვრობდა ცნობილი კაცი, სახელად პატერმუთია (წმინდა კოპრესა და წმინდა პატერმუთიას ხსენება 9 ივლისსაა და უნდა განვასხვაოთ მათი სეხნია წმინდანებისგან, რომლებიც ასევე ეგვიპტელი მოსაგრენი იყვნენ და იულიანე განდგომილის დროს ეწამნენ, - კ.კ.). იგი პირველი მეუდაბნოე იყო ამ ადგილებში და პირველმა გვიჩვენა გზა ცხოვნებისა. ადრე პატერმუთია წარმართი იყო - ყაჩაღობდა, აკლდამებს ძარცვავდა, მისთვის აღარაფერი იყო წმინდა... მაგრამ მოიძაგა ბოროტის ქმნა და ცხოვნების გზაზე მოიქცა...