მტვირთველო ჯვრისა! შეიცან ქრისტე! ადიდე უფალი, დრტვინვა და ჩივილი უარყავ, განაგდე შენგან ყვედრება და გმობა უფლისა
წუთისოფელში თითოეულს საკუთარი ჯვარი გვარგუნა მაცხოვარმა. ზოგიერთს - მსუბუქი, ზოგიერთს - მძიმედ სატარებელი.
თუმცა, უფალი ისეთს არაფერს დაგვაკისრებს, რისი ზიდვაც არ შეგვეძლება. წმინდა ეპისკოპოს ეგნატეს (ბრიანჩანინოვი) სწავლებით, "ჯვარი თვისი" - არის მწუხარებანი და ტანჯვანი ამა სოფლისანი, რომელთაც ყოველი კაცი განიცდის.
"ჯვარი თვისი" - ეს ხომ მარხვაა. მღვიძარება და კიდევ სხვა კეთილგონივრული ღვაწლი, რომელიც მოაკვდინებს ხორცს და სულს ააღორძინებს. თითოეული ეს ღვაწლი არ აღემატება მოღვაწის ძალებს და, შესაბამისად, ყოველ კაცში სხვადასხვაგვარადაა გამოხატული.
"ჯვარი თვისი" ცოდვით დაცემა ანუ ვნებანია, რომელიც ყოველ კაცს თავ-თავისი აქვს. ზოგი ვნება დაბადებიდანვე დაგვყვება, ზოგიერთი წუთისოფლის გზაზე დაგვასნეულებს. "ჯვარი ქრისტესი" მაცხოვრის სწავლებაა: "დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყვა შენი, რაითა მეშინოდის მე შენგან" (ფსალმ. 118,38). როგორი მძიმე ჯვარიც არ უნდა იტვირთო, იგი ფუჭია და ამაო, თუკი მაცხოვრის შედგომის შემდგომ "ქრისტეს ჯვრად" არ გადაისახა.
"ჯვარი თვისი" მაშინ გარდაისახება ქრისტეს ჯვრად, ოდეს ადამიანი უფალ იესოს დაემოწაფება, ღრმად იწამებს მის მფარველობას, თავს დამტყდარ უბედურებებსაც მაცხოვრისგან მოვლენილად შერაცხავს, ვითარცა ქრისტიანობის აუცილებელ პირობას, უდრტვინველად აიტანს ყოველგვარ გასაჭირს, რამეთუ სწამს, რომ მწუხარებები შეაერთებს მაცხოვართან, მისი ხვედრის თანამოზიარეს გახდის ამქვეყნად და შემდგომ - ცათა შინა.
"ჯვარი თვისი" ქრისტეს ჯვრად გარდაისახება მათთვის, ვინც ქრისტეს შეუდგა, რამეთუ ცხოვრების მიზნად მცნებების აღსრულება დაუსახავს. ყოვლადწმინდა მცნებების აღსრულება არის ჯვარი ადამიანისა, რომელზეც თავად უნდა გაეკრას, ჯვარს აცვას გადაღრძუებული და ხრწნადი ადამიანური ბუნება "ვნებითურთ და გულისთქმით". აქედან გამომდინარე, ცხადია, ვიდრე ვიტვირთავთ ქრისტეს ჯვარს, საკუთარი თავი უნდა უარვყოთ, რათა არ წარვწყმდეთ, ვიდრე ჯვარს ავიღებდეთ, სხეული უნდა განვიწმინდოთ ბილწებისაგან და მხოლოდ არსებობისთვის აუცილებლით დავკმაყოფილდეთ. ჩვენი სიმართლე უმძიმეს დანაშაულად უნდა შევრაცხოთ უფლის წინაშე, ხოლო გონიერება - უგუნურებად, დაბოლოს, მთელი ძალისხმევითა და რწმენით მივდიოთ უფალს და დავეწაფოთ სახარებას პირადი ნების უარმყოფელნი.
ვინც განუდგა საკუთარ თავს, მას უკვე უტვირთავს "ჯვარი თვისი". ეს ადამიანი შეიგრძნობს თავის უსუსურობას, უფალს ესავს და ევედრება გააძლიეროს. უდრტვინველად და უშფოთველად შესცქერის მოსალოდნელ უბედურებას. ცდილობს, დიდსულოვნად აიტანოს ყოველგვარი გასაჭირი და ამ გზით უფალ იესოს ვნებათა თანამონაწილეა, თანაზიარქმნილია უფლის საიდუმლო აღმსარებლობასთან მარტოოდენ გონებითა და გულით კი არა, საქმითა და ცხოვრებით.
ჯვარს ატარებდე მოთმინებით - ეს ნიშნავს, რომ ჭეშმარიტად ხედავდე და აღიქვამდე საკუთარ ცოდვებს. ამ აღიარებაში არ არსებობს თვითცდუნება, ხოლო ვინც საკუთარი ცოდვები შეიცნო, მაგრამ მოთქვამს და დრტვინავს, მაშინ თვალსაჩინო ხდება, რომ ცოდვა ზერელედ უღიარებია და ფარისეველი და პირმოთნე საკუთარ თავს იტყუებს. ჯვარს ატარებდე მოთმინებით - ეს ჭეშმარიტი სინანულია.
მტვირთველო ჯვრისა! შეიცან ქრისტე! აი, მაშინ განგეხვნება ბჭენი სამოთხისანი, ადიდე უფალი, დრტვინვა და ჩივილი უარყავ, განაგდე შენგან ყვედრება და გმობა უფლისა, დაე, მადლობდე უფალს საუცხოო ხვედრისთვის, ტანჯვითა შენითა ჰბაძვიდე ქრისტეს. დაე, ღვთისმეტყველებდე, რამეთუ ჯვარი ერთადერთი და ჭეშმარიტი სავანეა მეცნიერებისა, ტახტ-საყდარ-საბრძანებელია ჭეშმარიტად ღვთისმეტყველისთვის, იესო ქრისტეს ვერ შეიმეცნებ ჯვრის გარეშე.
ნუ დაეძებ ქრისტესმიერ სრულყოფილებას ადამიანურ სათნოებებში, ვერ ვიპოვი, რამეთუ იდუმალია და ქრისტეს ჯვარშია დაფარული...
იტვირთო და ატარო ჯვარი იესო ქრისტესი - ხორციელი თვალისათვის, ერთი შეხედვით, უმკაცრესი განაჩენია. ქრისტეს მოწაფესა და მიმდევარს კი უმაღლეს სულიერ ტკბობას განაცდევინებს. ეს ნეტარება იმდენად დიდია, რომ ჭმუნვა-წუხილს განაქარვებს, ტკივილებს აყუჩებს და უსაშინლესად გვემული ენით უთქმელ შვებას განიცდის.
"ჯვარი ქრისტესი" ჯვარცმულ ქრისტეს მოწაფეს დედამიწას წარსტაცებს, საკუთარ ჯვარზე გაკრული, შემმეცნებელი ამაღლებული სიბრნისა, გონებითა და გულით ზეცად აღიტყორცნება და ჭვრეტს საიდუმლოებებს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა. "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა: "უარჰყავ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე". ამინ!
***
ხშირად, როცა ღვთის გზაზე მიმავალი ცხოვრების ნავსაყუდელს მონასტრულ წიაღში ხედავს, მშობლებისგან უდიდეს საყვედურს იღებს: გშობე, გაგზარდე, გასწავლე, მაგრამ სულ სხვა გზით წახვედიო. შემდეგ კი ხვდებიან, რომ შვილი ამგვარი ცხოვრებით უფალთან თანამყოფობაშია, ბედნიერია და სულიერ სიმშვიდეს გრძნობს. მშობლებს, რომლებიც ჩიოდნენ, რომ შვილებმა მიატოვეს და მონაზვნად შედგნენ, მორჩილი ბერი ეფრემ კატუნაკელი ნამდვილ ამბებს უყვებოდა, რათა ეჩვენებინა, რომ მათზე ღმერთი ზრუნავს. ხშირად მოჰყავდა ერთი შემთხვევა: "ერთმა ბერმა მიიღო მორჩილი, რომელიც წმინდა მთის მახლობელი სოფლიდან იყო და ურჩია, არ ეზრუნა თავისიანებზე, რადგან მათ გამო შინაგან ბრძოლას განიცდიდა. ჭაბუკს მამა გარდაცვლოდა, დედა და ორი გაუთხოვარი და ჰყავდა. ბერმა მორჩილს აუკრძალა მომსვლელ ერისკაცებთან საუბარი, რათა დაეცვა იმ მიზეზებისგან, რომელთაც მასში სულიერი ბრძოლის გამოწვევა შეეძლოთ. ერთხელ მონაზონმა ბერის რჩევა დაარღვია და საუბარი გაუბა ერთ ხნიერ სტუმარს, რომელიც მისი თანასოფლელი აღმოჩნდა. თავისი ოჯახის შესახებაც ჰკითხა. სტუმარმა გულისტკივილით უპასუხა: - როგორ უნდა იყვნენ, მამაო! დიდ გაჭირვებას ებრძვიან. ქვრივ-ობლებმა ისიც არ იციან, სად დაიკარგა მათი ერთადერთი პატრონი ვაჟი, ცოცხალია თუ არა... არიან ასე უნუგეშოდ.
ჭაბუკი შეწუხდა და ბერს მიადგა: - მამაო, ამას ვეღარ გავუძლებ. წავალ და მათზე ვიზრუნებო.
ბერმა ვერც დაამშვიდა აღელვებული და ვერც გულისსიტყვა შეაცვლევინა. ბერის მცნების დარღვევამ - არ ელაპარაკა მომსვლელებთან - მორჩილთან ბრძოლის უფლება მისცა სატანას, რომელმაც მიზანს მიაღწია.
მორჩილი კურთხევის გარეშე, ფეხით გაემართა თავისი სოფლისკენ. ბინდისას უდაბურ ადგილას ღამის გასათევად გაჩერდა. ბერმა კი მორჩილის წასვლისთანავე დაიწყო ლოცვა: - უფალო ჩემო, დაიცავი იგი ყოველგვარი საცდურისა და საფრთხისგან და მოაქციე თავისი სინანულის ადგილას; აპატიე შეცდომები, შეისმინე ლოცვა ჩემიო.
მორჩილმა განთიადისას დაინახა ნათლის ანგელოზი, რომელმაც უთხრა: - შენი შინიდან წამოსვლის წამიდან ღმერთმა შენს ახლობლებზე საზრუნავად მიმავლინა. მაგრამ რახან შინ ბრუნდები, მე საჭირო აღარ ვარო. გონს მოეგო მორჩილი და შეჰყვირა: - ამას რას ვაკეთებ?! მათ გადასარჩენად მივდივარ თუ მათთან ერთად დასაღუპავად?! თუ მათზე ღმერთი ზრუნავს, შენ რაღა გინდა, უგუნურო მონაზონო?!
უმალ დაბრუნდა თავის კალივაში. ბერმაც სიხარულით მიიღო და განცვიფრება ვერ დამალა, თუ რაოდენი ძალა ჰქონია ლოცვას.
მალე მორჩილის თანასოფლელი ესტუმრათ. ბერმა მას ჩუმად გამოჰკითხა მორჩილის ოჯახის ამბავი.
- მამაო, - უპასუხა სტუმარმა, - ამ სახლში დიდი სასწაული მოხდა. ერთი მეტად შეძლებული ჩვენი თანამემამულე ამერიკიდან სოფელში ჩამოვიდა. ერთი ქალიშვილი ცოლად შეირთო, მეორეს კი მზითევი განუმზადა. ჩვენმა სოფელმა დიდად გაიხარა, რადგან იმედიც არ გვქონდა, რომ ეს ობლები ფეხზე დადგებოდნენო.
ბერმა უხმო მორჩილს და უამბო, რა სასწაულს მოუვლენს ქრისტეს განგებულება მათ, ვინც მისდამი სიყვარულით განუდგება ყოველ თავის მონაგებს".
***
დღესაც ბევრია მაგალითი იმისა, რომ წინააღმდეგობების მიუხედავად, ღვთის რჩეულს უფლისთვის არ უღალატია და მისთვის შეუწირავს თავი. იღუმენმა იოანემ (გვაჯაია), რომელიც თბილისის ნაქულბაქევის წმინდა გიორგისა და ავჭალის ნათლისღების სახელობის მონასტრებს წინამძღვრობს, მიამბო: - ჩვენს მონასტერში ერთი მორჩილი ცხოვრობდა, რომელსაც მშობლები მუდამ აყვედრიდნენ საერო ცხოვრებაში მზრუნველობას - სწავლას, აღზრდას... ნანობდნენ, რომ გვარის გამგრძელებელი აღარ ეყოლებოდათ. შვილს კი ბერობა უნდოდა, რასაც ბოლომდე უერთგულა. როცა აღკვეცის დრო დადგა, მშობლებმა თავად დაულოცეს გზა... ასეთი შემთხვევაც იყო. სარეცელზე მიჯაჭვულმა მშობელმა მამამ აღსარება თქვა და შენდობას ითხოვდა, რადგან შესცოდა ღვთის წინაშე და შვილს მონასტერში წასასვლელად წინ ეღობებოდა.
უწმინდესის სიტყვები მინდა გავიხსენო, რომ მშობელს ყოველთვის ენანება შვილის მონასტერში გაშვება, მაგრამ ის მაინც გრძნობს კეთილსინდისიერი ცხოვრების გზაზე მავალი შვილის ბედნიერებას. ნებისმიერ მშობელს უხარია შვილის სიკეთე. ყველა მონაზონი ბედნიერია. მონასტერში მცხოვრებნი არასდროს იწყებენ სხვის ყვედრებას. კეთილსინდისიერი ადამიანიც არასდროს ხდება მაყვედრებელი. პირველად სამოთხეში ადამსა და ევას ცხოვრებაში მოხდა დაყვედრება, შედეგად ღვთის ჭვრეტისგან განდგომა მივიღეთ.
მთავარია, ყოველდღე ვმადლობდეთ უფალს. მთელი ჩემი ცხოვრება მადლობაა. გისურვებთ, არასდროს დაგეკარგოთ ღვთის წინაშე მადლიერების გრძნობა. მოძღვარი კი საკუთარ სამწყსოს ასწავლის უფლისადმი მადლიერების გამოხატვას სავედრებელი, სამადლობელი და სადიდებელი ლოცვით.
***
მონასტერი ის ადგილია, სადაც მუდმივად სინანულს გრძნობ. მონაზვნობაში უმთავრესია გიყვარდეს მარტოობა - შენ და ღმერთი. ჩვენი ოჯახი მონასტერია, ამგვარი ცხოვრების წესით ვადიდებთ უფალს. უდიდესი ბედნიერებაა, როცა ყველა გიყვარს და გიყვარს თანაბრად. ამაშიც გამოიხატება მონაზვნური ცხოვრების სიმსუბუქე. წმინდა ისააკ ასური ამბობს: "გიყვარდეთ ცოდვილნი და გძულდეთ მათი საქმენი". ადამიანი უნდა გიყვარდეს, ნებისმიერში საკუთარ თავს უნდა ხედავდე. რამდენჯერაც გთხოვს შენდობას, იმდენჯერ აპატიე. სახარებაში წერია: რამდენჯერ, უფალო? - სამოცდაათჯერ შვიდგზისო. შემცოდე შენდობის მთხოვნელს მოძღვარი, მონასტრის წინამძღვარი სიყვარულით ეპიტიმიას აძლევს, სიყვარულით დასჯის, ისევ მის გამოსასწორებლად. ***
როდესაც ჭეშმარიტად მორწმუნეთ განსაცდელი თუ სხვადასხვა ცხოვრებისეული დაბრკოლება მიეცემათ, მადლობას სწირავენ უფალს, რადგან ამის საშუალებით სულიერი თვალი აეხილათ და გონს მოვიდნენ. ეს ხომ სულის განსაწმენდად და სანუგეშოდ გვეძლევა. თუ სნეულება მოგვეცა, მას უნდა ვებრძოლოთ და განვიკურნოთ თავი, თუ ცოდვა მოგვეცა, უნდა შევძლოთ მისგან თავის დაღწევა. როდესაც ტკივილს იგრძნობ, იფიქრებ, რა არის ამის მიზეზი. ყოველივე ჩვენი სულის საცხოვნებლად გვეძლევა.ზოგი ვინმეს დახმარებას ანგარების გამო ცდილობს. მაგრამ როდესაც მისგან ვერ მიიღებს მოსალოდნელს, იწყებს წუხილს, რატომ დავეხმარეო და კვლავ ცოდვაში ვარდება... რასაც გასცემ, უფალი მეტად მოგაგებს. ყველა ადამიანს ეძლევა ის ნიჭი, რომლითაც უნდა ცხონდეს, მაგრამ მის განხორციელებაში უდიდეს დაბრკოლებას ხვდება. დედაეკლესია თითოეულს უღვიძებს ღვთისგან ბოძებული ნიჭის კეთილად გამოყენების შესაძლებლობას. მოძღვარი ღვთის სიტყვის მქადაგებელია. უფალი მისი პირით გვაუწყებს ღვთის ნებას. როცა სიხარულით მიიღებ ყოველივეს, შენში ღვთის ნება თითქოსდა ამოქმედდება.
მონასტერში ამას უკეთესად ითავისებ და ის შენი ცხოვრების წესიც ხდება.
ღმერთმა დაგლოცოთ. შეგვეწიოს უწმინდესის ლოცვა-კურთხევა, რამეთუ ის ჩვენი სამაგალითო, უსაყვარლესი და დიდი სულიერი წინამძღოლია.