რუფინიუსი - "მეუდაბნოე მამათა ცხოვრება"
(გაგრძელება)
სხვა კაცს ამგვარივე განსაცდელი დაატყდა თავს, მაგრამ სხვანაირი იყო მისი დასასრული.
მეზობელ ქალაქში ცხოვრობდა ერთი ბოროტმოქმედი. მას ყველა უწესობის მოთავედ თვლიდნენ. მაგრამ ერთხელ მოწყალე ღვთის თითი შეეხო მის გულს და სინანულში ჩავარდა, აკლდამაში ჩაიკეტა, ცრემლთა ნაკადებით ჩამოირეცხდა წარსულის სირცხვილს. დღედაღამ მიწაზე დამხობილი ვერ ბედავდა ზეცისთვის შეხედვას, ვერც სიტყვის წარმოთქმას, ვერც ღვთის სახელის ხსენებას... ისმოდა მხოლოდ მისი გოდება და ქვითინი. ასე გაატარა მთელი კვირა... უეცრად აკლდამაში ყვირილით გამოეცხადნენ ბოროტი სულები:(გაგრძელება)
- რას აკეთებ, არამზადავ და გარყვნილო! ყოველგვარი სიბილწითა და არაწმინდებით გამაძღარმა ახლა მოისურვე წმინდანობა და ღვთისმოშიშობა? შენ ხომ მანკიერებათა შინა დაბერდი: ძალაც კი არ შეგრჩა ბოროტების გამოსასწორებლად. თავს ქრისტიანად, მონანულად და თავმდაბლად აჩვენებ... ნუთუ გგონია, რომ ბოროტებით გაჟღენთილი სამოთხეში მოხვდები და ჩვენთან ერთად აღარ იქნები?.. შენ ხომ ჩვენი ხარ და სხვანაირად ყოფნა არ შეგიძლია. დაბრუნდი სასწრაფოდ და შემოგვიერთდი. ცოტა დროღა დაგრჩენია, ნუ დაკარგავ მას, გამოიყენე სიამოვნებისათვის! უხვად მოგიმზადებთ ამქვეყნიურ სიხარულს, მოგგვრით მომხიბვლელ ლამაზმანებს და ყველაფერს, რასაც შეუძლია დაგიბრუნოს სინორჩე სიყმაწვილისა. უაზროდ თავს რად იწვალებ? დროზე ადრე თავს რატომ იტანჯავ? განა იგივე არ უნდა დაითმინო ჯოჯოხეთში, რასაც ახლა ეძებ? თუ დასჯა გსიამოვნებს, ცოტა ხანს დაიცადე - ის უკვე გამზადებულია შენთვის. ახლა კი ჩვენს საჩუქარზე უარს ნუ იტყვი - შენ ხომ ის ყოველთვის გსიამოვნებდა!
ამგვარი და უარესი სიტყვებით ისინი დასცინოდნენ მონანულს, ის კი განუძვრელად იწვა, თითქოს არაფერი ესმოდა, კრინტი არ დაუძრავს. ბოროტი სულები კი თავს არ ანებებდნენ. დემონებმა რომ ვერაფერი გააწყვეს, საშინლად გამძვინვარდნენ... მთელი ხროვა დაესხა მონანულს, ცემით სიკვდილის პირას მიიყვანეს და გაქრნენ. მლოცველი ადგილიდან არ დაძრულა. მეორე დღეს ახლობლებმა მოიძიეს და ნაცემი იპოვეს. ამბის გაგების შემდეგ სთხოვეს, გამოჯანმრთელებამდე შინ წაგიყვანთო. მონანულმა უარი თქვა. ბოროტი სულები მეორე ღამესაც დაესხნენ თავს და ადრინდელზე მეტად სცემეს. ბერმა მაშინაც არ მოისურვა იქაურობის მიტოვება - სჯობს, მოვკვდე, ვიდრე დემონებს დავემორჩილო და დავუთმოო.
მესამე ღამეს დემონთა ურიცხვი ჯგრო დაეძგერა მას და შეუბრალებლად გადაანთხიეს ბოღმა, ტანჯეს... წამებისას სხეული დაუძლურდა, მაგრამ სული მისი ბოლომდე შეურყეველი იყო. ბოროტი სულები გაშმაგებულნი ყვიროდნენ, - გვაჯობა, გვაჯობაო!
თითქოს ზეციურმა ძალმა განდევნაო, დემონებმა კისრისტეხით მოკურცხლეს და ბერს თავი ანებეს. ამის მეტი აღარც საცთური ყოფილა და არც სატანჯველი...
ბერი ისეთ სულიერ სრულყოფილებამდე ამაღლდა, განბრწყინდა სულით, ღვთის მადლის ისეთი ძალით აღივსო, რომ ისე უყურებდნენ, როგორც ციდან გარდამოსულს და უფრო ანგელოზად თვლიდნენ, ვიდრე კაცად: "ესე არს განახლებაი მარჯვენისა მაღლისაიო" (ფს. 76,10). მისი მაგალითით რამდენი ცხონებისთვის სასოწარკვეთილი კვლავ გამხნევდა იმედით, შეუდგა თავის გამოსწორებას, რაზეც ადრე ფიქრს ვერ გაბედავდა. რამდენი ამოვიდა ჯოჯოხეთის უფსკრულიდან და სათნოებებში გაძლიერდა! მასში მომხდარი ცვლილების მერე ყველას ყველაფერი შესაძლებლად მიაჩნდა. და არა მარტო ის გაბრწყინდა თავისი გამოსწორებით და სულიერი სრულყოფილებით, არამედ ღვთის მადლმაც უხვად განისვენა მასზე. მის მიერ მოხდენილი ნიშ-სასწაულნი ნათლად აჩვენებდა, თუ როგორი მოწყალება მოიპოვა ღვთის წინაშე. ამგვარად, თავმდაბლობას და ღვთისკენ მოქცევას მოაქვს ყველა სიკეთე, სიამაყე და სასოწარკვეთა კი მიზეზია - სიკვდილისა და დაღუპვისა (წარწყმედისა).
დაცემის საფრთხისგან გაქცევაში, ღვთის მადლის მოპოვებასა და თვით ღვთის ცხადად შეცნობაში დიდად ხელს უწყობს მყუდროება და უდაბნო. სიტყვა კი არა, ჩემი აზრით, თვითონ საქმე და მაგალითები უკეთ გვარწმუნებს ამაში.
ჩვენს შედარებით უფრო მყუდრო უდაბნოში ცხოვრობდა ერთი ბერი. მრავალი წელი გაატარა მუდმივ მარხვასა და თავშეკავებაში და სიბერეს მიუახლოვდა. სრული თავშეკავების სიმაღლეზე მყოფს ყველა სათნოება განამშვენებდა. ემსახურებოდა ღმერთს და დაუდუმებლად უგალობდა მას ფსალმუნებსა და საგალობლებს. და აი, როგორც თავის დამსახურებულ მხედარს, ღმერთმა მას საზღაური მოუმზადა: ჯერ კიდევ ხორცში მყოფს ანგელოზთა მსგავსად შეეძლო ემსახურა უხორცოთა ღვთისმსახურებით, ვინაიდან უფალმა ღირსყო, უდაბნოში გამოკვებილიყო ყოველდღიურად გამოგზავნილი ზეციური პურით. ის ხომ დაუძინებელ სადარაჯოზე იდგა და ზეცათა მეუფეს მოელოდა!
ამგვარად სათნო უჩნდა უფალს, რომ ამ სიცოცხლეშივე დაეჯილდოებინა გულმოდგინე მოსაგრეობისათვის და უზრუნველეყო იგი ყოველდღიური საკვებით. როგორც კი იგრძნობდა შიმშილს, შევიდოდა მღვიმეში და მაგიდაზე საოცრად წმინდასა და უჩვეულო გემოს პურს ნახულობდა. მოძლიერდებოდა და კვლავ ლოცვას იწყებდა, ღვთისადმი გალობას აღავლენდა. ბოლოს ღმერთმა ღირსყო განსაკუთრებული გამოცხადებისა და წინასწარმეტყველების ნიჭისა.
მაგრამ, ამგვარ უდიდეს სრულყოფილებას მიღწეულმა, დიდებისმოყვარეობით დაიწყო ფიქრი, თითქოს თავის დამსახურებათა გამო ღირსეულად მიეზღო ზეციური წყალობა. ამ დროს შეიპარა მის სულში უზრუნველობა, თავიდან მისთვისაც კი ოდნავ შესამჩნევი. ამ მცირე ჩანასახიდან წამოიზარდა დიდი დაუდევრობა (სიზარმაცე): უკვე ისეთი მოშურნეობით აღარ ჩქარობდა გალობას; ეზარებოდა ლოცვისთვის გაღვიძება. ფსალმუნებს ძველებური გულმოდგინებით აღარ გალობდა, ჩვეულებრივი კანონიდან მხოლოდ მცირედს აღასრულებდა, მის სულს უკვე დასვენება ეჩქარებოდა, თითქოს გადამეტებული შრომით იყო დაღლილი... გრძნობა დაებინდა, სულიერი სიმაღლიდან გარდამოეშვა მისი სული და მისი გულისთქმები მთებსა და უფსკრულებში დაღოღავდა... გულის სიღრმეში უკვე ჩაესახა მისთვისვე აუხსნელი, არაწმინდა და დანაშაულებრივი გულისთქმა. თუმცაღა, მისი ცხოვრება გარეგნულად არ შეცვლილა. მსგავსად იმისა, როგორც წყლის დინება ძველებურად მოძრაობის ძალით ნავსაც კი გაიტაცებს, თუნდაც მისი ნიჩბები აღარ ვარგოდეს, ასევე ძველისძველი ჩვევა ბერს ადრინდელი, ჩვეულებრივი საქმიანობისკენ უბიძგებდა. ამიტომაც ჩანდა, თითქოს ის ძველებურად ღირსეული იყო. ჩვეულებისამებრ, ლოცვის მერე, საღამო ხანს, პურსაც ძველებურად პოულობდა მაგიდაზე, თუმცა უკვე დანაყრებული არ ზრუნავდა იმის გამოსასწორებლად, რაც მის გულში ხდებოდა. სულ არ ფიქრობდა მასში მომხდარი ცვლილების მავნეობაზე, აგდებითაც კი უცქერდა, როგორც უმნიშვნელო რამეს, ვერ განჭვრეტდა იგი, რომ მალე სრული დაცემა მოელოდა...
და აი, აბრიალდა მის გულში საშინელი ხანძარი სურვილებისა და საძაგელი ვნებით ალმოკიდებული მზად იყო სოფელში გავარდნილიყო... მაგრამ ამჯერად თავი შეიკავა, დაასრულა ჩვეული ლოცვის კანონი, გალობა და მღვიმეში შევიდა სატრაპეზოდ. მაგიდაზე პური კი დახვდა, მაგრამ ის ძველებურად წმინდა აღარ იყო... გაუკვირდა და დაღონდა. მიხვდა, რომ ეს მინიშნება იყო... საჭმელი აიღო და დანაყრდა. სამი დღის მერე მისი შინაგანი წყლული გასამკეცდა. მის ფიქრებსა და წარმოსახვებს დაეუფლა აკვიატებული სახე დედაკაცისა. თითქოს ის მის თვალთა წინაშე იყო და მასთან ერთად იწვა... ეჩვენებოდა, რომ ეხვეოდა დედაკაცს.
თუმცა მეორე დღესაც გამოვიდა ჩვეულებრივი ღვაწლისთვის, მაგრამ გაფანტული ჰქონდა გონება და გულიც სხვა რამეს დაეკავებინა. საღამოს მღვიმეში პური იხილა, მაგრამ საზიზღარი შესახედაობისა იყო, დაობებული და დაღრღნილი. ამოიოხრა, ცრემლები დაღვარა, თუმცა იმდენი არა, ჩაექრო მის გულში აბრიალებული ხანძარი. საჭმელმა ძველებურად ვეღარ დაუცხრო შიმშილი. ამასობაში გულისთქმები შემოიჭრნენ ბარბაროსთა ჯარივით და ყოველმხრივ ისრებს ესროდნენ... საბოლოოდ, შეიპყრეს და ერში გაიტაცეს. ბერი წამოდგა ლოგინიდან და ღამით ქალაქის გზას დაადგა. გათენდა. ქალაქი ჯერ კიდევ შორს იყო. საშინელმა სიცხემ არაქათი გამოაცალა და თვალებით მონასტერს ეძებდა. ანაზდად მღვიმესა და ბერებს მოჰკრა თვალი და დასასვენებლად იქითკენ გაეშურა. ღვთის მონები მის შესახვედრად გამოვიდნენ და დიდი პატივისცემით მიიღეს, ვითარცა ღვთის ანგელოზი. ფეხები დაბანეს და სთხოვეს, ჩვენთან ერთად ილოცეო. ძმებმა სუფრა გაშალეს. როცა სტუმარი მოძლიერდა და ცოტათი დაისვენა, მასპინძლებმა ჩვეულებისამებრ სთხოვეს: დაემოძღვრა ისინი და ცხონების საქმეში რჩევა მიეცა. ყველა ხომ მას ღრმადგანსწავლულ და სულიერ ცხოვრებაში გამოცდილ ბერად თვლიდა. ჰკითხეს ასევე, თუ როგორ გაქცეოდნენ ეშმაკის საფრთხეებს და როგორ მოეგერიებინათ მისგან შთაგონებული არაწმინდა გულისთქმები. ამგვარად, აუცილებლობის გამო მას უნდა დაემოძღვრა ძმები... სტუმარმა დაუწყო მათ ყველა გარემოების ახსნა და ამ დროს შინაგანად იტანჯებოდა სინდისის მხილებისგან. ჩაუფიქრდა საკუთარ თავს და გულის სიღრმეში ამოიძახა: "სხვებს ვასწავლი, თვითონ კი შეცდომილი ვარ... როგორ ბედავ სხვების გამოსწორებას, როცა საკუთარი თავის გამოსწორებისთვის არ ზრუნავ? აბა, გულგაყინულო, პირველად შენ აღასრულე, რასაც სხვებს ასწავლიო!" ამგვარი მხილებით განგმირული, მიხვდა თავისი დაცემის სიღრმეს. დაემშვიდობა ძმებს და თავის მღვიმეში დაბრუნდა. დაემხო მიწაზე და ხმამაღლა ამოიძახა: "არა თუმცა უფალი შემეწია მე, კნინ ერთღა და დამცაემკვიდრა ჯოჯოხეთს სული ჩემი" (ფს. 93,17). მთლიანად ვიყავი ჩაფლული ბოროტებაში და "წუთღა წარმწყმედდეს მე ქუეყანასა ზედა" (ფს. 117,87). ჭეშმარიტად განმართლდა ჩემზე სიტყვანი წმინდა წერილისა: "ძმა ძმისგან შეწევნილ იქმნების, ვითარცა ქალაქი მტკიცე, და მაღალ ხოლო განძლიერებულ, ვითარცა საფუძველი სამეუფო" (იგავი 18,19).
მას შემდეგ მთელი სიცოცხლე ტირილსა და ცრემლთაღვრაში გაატარა, ხედავდა, რომ მოაკლდა ზეცათაგან გამოგზავნილ საჭმელს და ახლა უკვე თავის ხელთა ნაშრომითა და ოფლითა პირისა თვისისათა მოიპოვებდა საკვებს... თავისი მღვიმის სიღრმეში შემწყვდეული იწვა მიწაზე მტვერსა და ნაცარში, ტიროდა და ქვითინებდა, არ შეუწყვეტია ლოცვა, ვიდრე არ წარმოუდგა ანგელოზი უფლისა და უთხრა: "უფალმა შეიწირა შენი სინანული, მოწყალე იქმნა შენზე, მაგრამ გაფრთხილდი, კვლავ არ ჩავარდე სიამაყის განსაცდელში. მოვლენ შენთან ძმები, რომლებსაც მოძღვრავდი და გაკურთხებენ შენ. ნუ იტყვი უარს კურთხევის მიღებაზე, გაინაწილე მათთან ერთად ტრაპეზი და მადლობა შესწირე ღმერთს".
გაგრძელება შემდეგ ნომერში