რუფინიუსი - "მეუდაბნოე მამათა ცხოვრება"
(გაგრძელება)
"აი, რას ნიშნავს განუდგე სატანას და მის საქმეებს!
ეშმაკი ხომ ჩვენში რომელიმე ბილწი მიდრეკილების ანდა ბიწიერი სურვილის მიერ შემოიპარება. ბიწიერება - ეს მისი (მოქმედების) არეა, სათნოებები კი ღვთისგანაა. ჩვენს გულში დაბუდებული ბიწიერება ადგილს უთმობს ეშმაკს, თავის პირველმიზეზს, როგორც პატრონს, და ჩაჰყავს ის სამფლობელოში (გულში), როგორც საკუთარ ავლადიდებაში. აი, მიზეზი, თუ რატომ არ შეიძლება იყოს (ბიწიერ გულში) სიმშვიდე, სიწყნარე, ყოველთვის აღელვებული არიან, რაიმეთი შთანთქმულნი: დღეს - ფუჭი სიხარულით, ხვალ - მძიმე, უნაყოფო მწუხარებით. მათში ხომ ბოროტი მობინადრე ცხოვრობს, რომელსაც საკუთარი ვნებებით და ბიწიერებით გულის სიღრმეში საცხოვრებელი მისცეს. პირიქით ამისა კი - სული, რომელიც ჭეშმარიტად განუდგა სოფელს, ანუ მოიცილა თავიდან ყველანაირი მანკიერება და ყოველი შესასვლელი ჩაუკეტა ეშმაკს. იგი დააცხრობს მრისხანებას, დათრგუნავს მძვინვარებას, გაურბის სიცრუეს, არ კადრულობს სიძულვილს, და არა მხოლოდ ბოროტს არ იტყვის, ნებასაც კი არ აძლევს საკუთარ თავს, ცუდი იფიქროს მოყვასზე. ძმის სიხარულს და მწუხარებას თავისად თვლის. ამის და სხვა მისი მსგავსის დამცველი (აღმასრულებელი) სული საკუთარ თავში განუმზადებს ადგილს სულიწმინდას. თუ ასეთ სულში დასახლდება და განაბრწყინებს მას სულიწმინდა, მასში ყოველთვის სუფევს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, მოთმინება, სულგრძელობა, სიმდაბლე (გალ. 5,22) და ყველა ნაყოფი სულიწმინდისა. სწორედ ამ უმთავრესზე ბრძანებს უფალი სახარებაში: "ვერ ხელეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფის ხენეშისა გამოღებად და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად". ხე თავისი ნაყოფით იცნობა. ზოგიერთი გარეგნულად კი განუდგა სოფელს, მაგრამ არ ზრუნავს გულის სიწმინდეზე, არ ამოიძირკვავს სულიდან მანკიერებებს და არ გამოისწორებს ზნეს. მავანი სულ იმას ცდილობს, რომელიმე წმინდა მამა ნახოს, მოისმინოს მისი ნათქვამი, მერე სხვებს მოუყვეს და იტრაბახოს, აი, რა გავიგე ამ ადამიანისგანო... თუ რაიმე ცოდნას შეიძენენ ანდა სხვათაგან ცოტაოდენს ისწავლიან, მაშინვე მასწავლებლობა სურთ და ასწავლიან არა იმას, რაც საკუთარი თავით შეუსრულებიათ, არამედ განაგონს და ნანახს, თან სხვებს ზემოდან დასცქერიან. ისინი დეკანოზობას ეძიებენ, ცდილობენ (ეპისკოპოსის) დასში შეძრომასაც, არ იციან, რომ ნაკლებად განიკითხებიან ისინი, ვინც, თუმცა თვითონ წარემატა სათნოებებში, მაგრამ ვერ ბედავს სხვის დამოძღვრას, ვიდრე ისინი, ვინც სხვას ასწავლის სათნო ცხოვრებას, თვითონ კი ჩაფლულია ვნებებსა და მანკიერებებში. მე არ ვამბობ, რომ საჭიროა ყველანაირად გაექცე მღვდლობას ანდა სასულიერო წოდებას, ისევე როგორც არ არის საჭირო ყველაფრის ფასად მისი მოძიება. უპირველესად საჭიროა მანკიერებების ამოძირკვა და სულში სათნოებების დანერგვა. ღვთის განგებულებას უნდა მივენდოთ: ინებებს თუ არა უფალი ვინმე თავისი სამსახურისთვის ანდა მღვდლობისთვის აკურთხოს: "რამეთუ არა რომელი იგი თავსა თვისსა წამებოდის, იგი არს გამოცდილ, არამედ, რომელსა იგი უფალი ეწამოს" (2 კორინთელთა 10,14).
მონაზვნის მთავარი საქმე - წმინდა ლოცვის აღვლენაა ღვთის მიმართ (კასიანე ამბობდა: "მუდმივად წმინდა და განუფანტველი ლოცვა არის მიზანი და სრულყოფილება ბერისა". ბერებს მთავარ ლოცვის წიგნად "ფსალმუნნი" ჰქონდათ. ნეტარი ავგუსტინე ამბობდა, ფსალმუნთა გალობის სიყვარულმა წარმოშვა მონასტერიო. საეკლესიო ლოცვისთვის განსაზღვრული ტიპიკონი არ ჰქონდათ. ღირსი ისიდორე ბრძანებს: - ახალგაზრდობაში ლოცვისთვის დრო არ მქონდა განსაზღვრული - დღე და ღამე ლოცვაში მიდიოდაო. საღამოს და ღამით აუცილებლად თორმეტ-თორმეტი გალობა უნდა წარმოეთქვათ. ასე ცხოვრობდნენ ძველი დროის მოღვაწენი. საზოგადო ღვთისმსახურება შაბათ-კვირას აღესრულებოდა. ღამისთევის ლოცვა მამლის ყივილამდე იწყებოდა და მთავრდებოდა გათენებისას, მაშინ როცა მამალი მეოთხედ იყივლებდა, - მღვდელი მიხეილი). მას სინდისი არ უნდა საყვედურობდეს; სიტყვისაებრ უფლისა: "და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკეთუ გაქუნდეს რაიმე ბოროტი ვისთვისმე, რაითა მამამან თქვენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქვენნი (მარკ 11,25).
ამგვარად, თუ წარვდგებით ღვთის წინაშე წმინდა გულით, თავისუფალნი მანკიერებებისა და ვნებებისგან, ძალგვიძს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, თვით ღმერთის ხილვაც - ლოცვისას მივაპყროთ მისკენ გულის თვალები და ვილოცოთ უხილავი, ხორციელი თვალებით კი არა, არამედ სულით - განვჭვრიტოთ და არა ხორციელი ხილვით. და რადგანაც ღმერთი არის თავისთავადი, დაე, ნურავინ იფიქრებს, რომ მას თვით ღვთის არსების ხილვა შეეძლოს, რომ წარმოიდგინოს იგი თავის სულში რაიმე სახით, მსგავსი რაიმე ხორციელისა. არ შეიძლება ღვთაების წარმოდგენა არც ფორმით, არც გამოსახულებით. იგია გრძნობა, გონება, რომელზეც შეგვიძლია ვიფიქროთ გულის სიღრმეში და რომელიც თავისით აღწევს ჩვენს სულში. არ შეიძლება იგი მოვიცვათ ფიქრით, აღვწეროთ ანდა სიტყვით გამოვხატოთ. ამიტომაც უნდა მივუახლოვდეთ უფალს შეძლებისდაგვარი კეთილმოკრძალებით და შიშით. ჭვრეტა სულისა იმ სიმაღლეზე უნდა გვეპყრას, რომ ყოველთვის აღვიაროთ ღმერთი აღმატებულად, ყველანაირ ბრწყინვალებაზე, ნათელზე, ციალსა და დიდებულებაზე, ყველაფერზე აღმატებულად, რაც შეიძლება გამოსახოს გონებამ, წმინდა გულის დროსაც კი, მცირეოდენი არაწმინდა სურვილის შეურევლად (წმინდა იოანეს სიტყვაში ანთროპომორფიზმის წინააღმდეგ გაფრთხილებაა, რომ ისინი ღმერთს ხორციელი ბუნების თვისებას მიაწერდნენ. ამ ცთომილებას ბევრი მიმდევარი ჰყავდა ეგვიპტელ მონაზვნებში). ამაზე ყველაზე მეტად მან უნდა იზრუნოს, ვინც სოფლიდან განდგომისა და ღვთის მსახურების სურვილს გამოთქვამს, როგორც არის დაწერილი: "მოიცალეთ და გულისხმა ჰყავით, რამეთუ მე ვარ ღმერთი" (ფს. 45,10). როცა კაცი შეძლებისაებრ ამგვარად შეიცნობს ღმერთს, ყველა დანარჩენსაც მისწვდება, მისწვდება ღვთის საიდუმლოებასაც და რაც უფრო წმინდა იქნება სული მისი, უფრო მეტს განუცხადებს მას ღმერთი, იგი ხდება მეგობარი ღვთისა, მათი თანასწორი, ვისზეც ბრძანა მაცხოვარმა: "არღარა გარქუ თქვენ მონად... ხოლო თქვენ გარქუ მეგობრად" (იოანე 15,15) და რასაც შესთხოვს უფალს, მისცემს, როგორც ძვირფას მეგობარს; და თვით ანგელოზთა ძალნი და იდუმალი ზეციური სამყარო შეიყვარებს მას, როგორც ღვთის მეგობარს, და ყველა აღასრულებს მის თხოვნას. ამ კაცს უკვე ვერაფერი განაშორებს ღვთის სიყვარულს - ვერც სიკვდილი, ვერც ცხოვრება, ვერც ანგელოზნი, ვერც დასაბამნი, ვერც ხელმწიფებანი და ვერანაირი სხვა ქმნილება. ამიტომაც, საყვარელნო, რადგანაც ირჩიეთ ღვთისთვის სათნოყოფა და მისდამი სიყვარულის მოპოვება, ეცადეთ, განეშოროთ ყველანაირ პატივმოყვარეობას, სულიერ სიბილწესა და ხორციელ სიამოვნებას. ნუ ჩათვლით ხორციელ სიამოვნებად მხოლოდ იმას, რითაც ტკბებიან ამა სოფლის ერთგული კაცნი. დამერწმუნეთ, ასეთ სიამოვნებას იღებენ ზოგჯერ ისინიც, ვინც მოთმინებას იმარხავს. ეს მაშინ ხდება, როცა რაიმეს გატაცებით ხმარობენ, თუნდაც მისი გატაცების საგანი უმნიშვნელო, ყოველდღიურად სახმარი რამ იყოს. თუნდ ეს იყოს პური და წყალი. თუ კაცი მას სულის სიამოვნებისთვის ჭამს და არა ხორციელი საჭიროებისთვის, ეს მოღვაწეს ხორციელ (გრძნობად) ცოდვად ჩაეთვლება... უნდა ვეცადოთ, ყველაფერში შევიძინოთ ჩვევა სულის მანკიერებათაგან განთავისუფლებისა. უფალს სურდა, ესწავლებინა სულისთვის წინააღდგომა სურვილებისა და ვნებებისადმი და ბრძანა: "შევედით იწროისაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაი, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად და მრავალნი ვლენან მას ზედა. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაი, რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა" (მათე 7,13-14). ფართო გზა სულისთვის გადაიშლება მაშინ, როცა ის ისწრაფვის ყოველი სურვილის დასაკმაყოფილებლად; ირჩევს "საჭირველ" გზას - თავის გატაცებას წინ აღუდგება. ამის მიღწევაში ეხმარება ასევე განმარტოებით ცხოვრების წესი, უდაბნოსეული მყუდროება, ვინაიდან ძმათა მონახულების, მრავალ მიმსვლელ-მომსვლელის დროს ზოგჯერ მოფონდება აღვირი თავშეკავებისა და ზომიერებისა, მერე კი მასში შეუმჩნევლად ჩაინერგება ხორციელი სიამოვნების ჩვევა და მოთხოვნილება. ზოგჯერ ამგვარი სახით თვით სრულყოფილი კაცებიც კი გაებმებიან ბადეში. ამიტომ, დავითის სიტყვისაებრ, "ეს-ესაა, განვეშორე სივლტოლითა და განვისუენე უდაბნოსა შინა, მოველოდე ღმერთსა, მაცხოვარსა ჩემსა სულმოკლებისაგან და ნიავქარისა" (ფს. 54,7-8)".
წმინდა იოანე ამგვარი სახით ბევრს გვეტყოდა პატივმოყვარეობის მანკიერებაზე. დასასრულს გვითხრა: - ახლა კი მოგითხრობთ, თუ რა შეემთხვა ცოტა ხნის წინ ჩვენს ერთ ძმას. ამ მაგალითებს შეუძლიათ უფრო მეტად განგაკრძალოთ. ჩვენს მეზობელ უდაბნოში, მღვიმეში, ცხოვრობდა ერთი ბერი. დიდად თავშეკავებული იყო და დღიურ ლუკმას თავის ხელთა ნაღვაწით მოირეწდა. დღე და ღამეს ლოცვაში ატარებდა. მას ყველანაირი სულიერი სათნოება განამშვენებდა. მაგრამ გაამაყდა ასეთი სასიხარულო წარმატებებით, სასოება ღმერთის ნაცვლად თავის მოჩვენებით სრულყოფილებაზე დააყრდნო და საკუთარი თავის დამსახურებად თვლიდა თავის სრულყოფილებას. შეამჩნია ეს ეშმაკმა და მახე დაუგო. ერთ საღამოს გამოეცხადა მას უდაბნოში გზააბნეული მშვენიერი ქალის სახით. თითქოს უდაბნოში ხეტიალით საშინლად დაღლილი მივიდა მღვიმის კართან. ვითომდა დაღლილ-დაქანცული და დაუძლურებული დაემხო განდეგილის ფერხთა წინაშე და შეევედრა, მოწყალე იქმენ ჩემდამიო.
- უდაბნოში დასამალად შემოვედი, მაგრამ ღამემ მომისწრო მე უბედურს. გევედრები, შენი მღვიმის კუთხეში დასვენების ნება მომეცი, რომ მხეცთა ლუკმა არ გავხდეო.
თანაგრძნობის საბაბითYბერმა იგი მღვიმის სიღრმეში შეიყვანა და ჰკითხა, - რას დაეხტებოდი უდაბნოშიო.
ქალმა ოსტატურად გამოიგონა მიზეზი. თხრობაში ურევდა შხამს ალერსისა და ქალური ხიბლისას. თავს უმანკოდ, მსხვერპლად აჩვენებდა, რომელსაც მფარველობა სჭირდება. მან განდეგილის სული მშვენიერი და მოხდენილი საუბრით მოხიბლა. თანდათანობით ეს მომხიბლავი საუბარი ხუმრობასა და სიცილში გადაიზარდა. ანცად ეხებოდა ბერის წვერსა და ნიკაპს, მერე ყვრიმალსა და ყელში ალერსიანი მოფერება დაუწყო. ბოლოს და ბოლოს ქრისტეს მეომარი ტყვედ აღმოჩნდა... მის გულში ვნება ადუღდა, აღელდა ტალღები ავხორცობისა... დაივიწყა თავისი ღვაწლი, აღთქმა და დანიშნულება.
გულის სიღრმეში იგი უკვე მიეცა ავხორცულ სურვილს, ფიქრებში - არაწმინდა ვნების დანაშაულებრივ კავშირს. საცოდავი დახრის კისერს და გახდება "ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა" (ფს. 31,9). აი, უკვე მზად არის, შემოხვიოს ხელები სამარცხვინო ფერებისთვის, რომ ქალი, მსგავსად აჩრდილისა, საშინელი ყვირილით ქრება მისი მკლავებიდან... უამრავი ბოროტი სული მოფრინდა ამ სახილველზე და ღრიალითა და ბოროტი დაცინვით შესძახეს:
- აი... ეს შენ ხარ ცამდე ამაღლებული, ახლა ხომ შთავარდი ჯოჯოხეთში! ახლა გესმის ნათქვამი: "ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს" (ლუკა 14,11)?
მაშინ მან, თითქოს ჭკუიდან გადასულმა, ვერ დაითმინა ცდუნების სირცხვილი, რომ თავის თავს უფრო მეტად ატყუებდა, ვიდრე დემონები აცდუნებდნენ. იმის მაგივრად, თავისი სულის აღდგენასა და ბრძოლის გაგრძელებაზე ეფიქრა, იმის მაგივრად, გამომსყიდველი ღვაწლით - ცრემლებით გულის შემუსვრით აღეხოცა დანაშაული ადრინდელი თავმაღლეობისა - იგი სასოწარკვეთილი, სიტყვისაებრ მოციქულისა, მიეცა ყოველგვარ ბილწებასა და უსჯულოებას (შეადარე ეფეს. 4,19), დაუბრუნდა ერის ცხოვრებას და ეშმაკის ნადავლი გახდა. ახლა იგი გაურბის წმინდა კაცებთან შეხვედრასაც კი, რომ ვინმემ მაცხოვნებელი რჩევებით არ ამოათრიოს წარწყმედისაგან. მას რომ მოსურვებოდა, ძველებურად თავშეკავებული ცხოვრება განეგრძო, უეჭველად დაუბრუნდებოდა ადრინდელი ღირსება და მადლი...