რუფინიუსი - "მეუდაბნოე მამათა ცხოვრება"
თავი 2. ამბავი წმინდა იოანესი. კიდევ ერთ საკვირველ ნიშ-სასწაულზე მოგითხრობთ, უფლისგან წმინდა იოანეს მიერ გამოცხადებულზე.
ერთი სამხედრო ტრიბუნი სალაშქროდ ემზადებოდა, მივიდა მასთან და სთხოვა, - ჩემს ცოლს თქვენთან მოსვლის ნება დართეთო. - იცით, რამდენი ხიფათი შეემთხვა მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ ენახეთო, - უთხრა ტრიბუნმა.
წმინდანმა იუარა:
- ადრეც არასოდეს მქონია ჩვევად დედაკაცისთვის მეცქირა, მით უმეტეს, ახლა, როცა ამ კლდეზე მარტო ჩავიკეტე მღვიმეშიო.
ტრიბუნი კი ჯიუტად სთხოვდა ცოლთან შეხვედრას. თუ ჩემი ცოლი ვერ გნახავთ, ალბათ ძლიერი ხურვებისაგან მოკვდებაო, - არწმუნებდა წმინდა კაცს. ეუბნებოდა, ჩემი ცოლის სიკვდილის მიზეზი იქნები, ის სიკვდილს იპოვის იქ, სადაც ცხონებას ეძებდაო.
ბერი ხედავდა, რომ ასეთი ძლიერი სარწმუნოება უკვე ერთგვარ უბედურებად იქცა.
- წადი, - უთხრა ტრიბუნს, - შენი ცოლი ამაღამ მიხილავს. ოღონდ აქ ნუ მოვა, დარჩეს შინ, თავის საწოლში.
სტუმარი წავიდა, თანაც ამ გამოუცნობ პასუხზე ფიქრობდა. მაგრამ მისი ცოლი სულაც არ შეშფოთებულა. და აი, ძილში, სიზმარში, ღვთის კაცი ქალის წინაშე ხილვით წარდგა.
- ჰოი, დედაკაცო, დიდ არს სარწმუნოება შენი! - უთხრა მან, - აი, მოვედი შენი სურვილის აღსასრულებლად, მაგრამ გირჩევ, ნუ ეცდები ღვთის მონათა ხორციელი სახის ხილვას, ეცადე, სულით განჭვრიტო მათი ღვაწლი და მოსაგრეობა. "სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ხორცნი არად სარგებელ არიან" (იოანე 6,63). მე არც მართალი ვარ და არც წინასწარმეტყველი, როგორც შენ ფიქრობ, არამედ თქვენი სარწმუნოებით გიშუამდგომლეთ უფლის წინაშე და მან გიბოძათ კურნება ყველა თქვენს ხორციელ სნეულებათაგან. ამიერიდან ჯანმრთელნი იქნებით თქვენ და თქვენი ქმარი და კურთხეულ იქნება სახლი თქვენი. გახსოვდეთ ღვთის ქველმოქმედება, მუდმივად ღვთის შიში გქონდეთ და დაკმაყოფილდით საკუთარი ჯამაგირით, ზედმეტს ნუ ეძიებთ... საკმარი იყოს თქვენთვის, ძილში რომ მნახეთ. ზედმეტად ნუ გაიწვალებთ თავს...
გაღვიძებულმა ქალმა ქმარს უამბო ძილში ნანახი და მოსმენილი, სხვათა შორის, აღუწერა გარეგნობა და ყველა ნიშანი ბერისა. გაოცებული ქმარი კიდევ ერთხელ მივიდა ღვთის კაცთან, ქება შესწირა ღმერთს, კურთხევა მიიღო და მშვიდად გაშორდა.
ერთხელ მასთან ერთი მხედართმთავარი მივიდა. შინ ფეხმძიმე ცოლი ელოდა. იმ დღეს, როცა მან ნეტარი იოანე მოინახულა, მისმა ცოლმა იმშობიარა და ძალზე დაუძლურდა. ღვთის კაცმა უთხრა:
- შენ რომ იცოდე წყალობა ღმრთისა, მადლობას შესწირავდი ღმერთს. დღეს ვაჟი შეგეძინა. ოღონდ შენი ცოლი ძალზე დასუსტდა. მაგრამ უფალმა არ დაუტევა და მას უკვე ჯანმრთელს ნახავ. შინ დაბრუნება იჩქარე - ახალშობილს შვიდი დღისას ნახავ და იოანეს დაარქმევ. შვიდი წლის განმავლობაში შინ გაზარდე და დაიცავი წარმართობის ყველანაირი გავლენისაგან (ნეტარი ავგუსტინე თავის თხზულებაში, "გარდაცვლილთათვის ზრუნვაზე", ჰყვება ამ საოცარ ამბავს და უმატებს: "მან, ვინც ეს ამბავი შეიტყო ამ ცოლ-ქმრისაგან, რომლებიც ღირსნი გახდნენ ამ საოცარი ხილვისა, მიამბო მეც. მთხრობელი იყო პატივცემული, ცნობილი და სრულიად ღირსი ნდობისა. იულიანე განდგომილის ხვედრი ძალზე დასამახსოვრებელი იყო ყველასთვის და ამართლებს წმინდა მამის ზრუნვით აღსავსე რჩევას, რომ ბავშვი წარმართული გავლენისაგან დაეცვათ), მერე კი წმინდა და საღმრთო ცოდნის შესაძენად ბერებს ჩააბარეო.
ამის გარდა, ვინც არ უნდა მისულიყო მასთან, თანამემამულე თუ სხვა პროვინციის მცხოვრები, მათი სჭიროებისდა მიხედვით უცხადებდა მათი გულის საიდუმლოებებს. თუ ვინმეს სინდისს უმძიმებდა ფარულად ჩადენილი ცოდვა, მას ცალკე ამხილებდა და სინანულისა და გამოსწორებისკენ მოუწოდებდა.
როცა ნილოსი უზომო ადიდებით იმუქრებოდა ანდა მდინარე შრებოდა, იგი წინასწარ აფრთხილებდა ხალხს. ზუსტად ასევე წინასწარ აფრთხილებდა კაცთ, ცოდვების გამო რა სასჯელი ემუქრებოდათ, ცხადად მიუთითებდა ზეციური სასჯელის მიზეზს.
ავადმყოფებს ჯანმრთელობას და კურნებას იმგვარად უბრუნებდა, რომ გაურბოდა ყოველგვარ პატივმოყვარეობას და ზოგჯერ ნებასაც არ აძლევდა, მასთან სნეულნი მიეყვანათ: ზეთს აკურთხებდა, გაუგზავნიდა ავადმყოფებს, სცხებდნენ მათ და ისინიც ყველანაირი სნეულებისგან იკურნებოდნენ.
ერთხელ რომელიღაც სენატორის ცოლმა მხედველობა დაკარგა და სთხოვა ქმარს ამ ღვთის კაცთან მიყვანა. ქმარმა უპასუხა, იგი დედაკაცებს არ იღებსო. მაშინ ცოლმა სთხოვა, ის მაინც აუხსენი, რითიც ვარ ავად და სთხოვე, ჩემი განკურნებისთვის ილოცოსო. ქმარმა ელჩობა გაგზავნა იოანესთან. ღვთის კაცმა ილოცა, ზეთი აკურთხა და ავადმყოფს გამოუგზავნა. სამი დღის განმავლობაში ქალი ზეთს თვალებზე ისვამდა, მხედველობა კვლავ დაუბრუნდა და ქება მიუძღვნა ღმერთს...
ჩვენ, შვიდი მოგზაური, მივედით მამა იოანესთან. მისალმების მერე მან სიხარულით მიგვიღო და თითოეულს გულთბილად გაგვესაუბრა. ვთხოვეთ, ჩვენთან ერთად ელოცა და მერე კურთხევა მოეცა. ასეთი ჩვეულება აქვთ ეგვიპტეში: ახალმისული ძმები დამხვედრებთან მაშინვე ლოცვის მიერ ამყარებენ ურთიერთობას. იოანემ გვკითხა, იყო თუ არა ჩვენ შორის ორი სასულიერო ხარისხის მატარებელი. არაო, ყველამ განვუცხადეთ. შემოგვხედა თითოეულს და შეიტყო, ვინც იყო სამღვდელო ხარისხისა, მაგრამ მას თავისი წოდების დაფარვა სურდა. მართლაც, ერთი ჩვენგანი დიაკონი იყო. ამის შესახებ მასთან ძალზე დაახლოებული პირის გარდა არავინ ვიცოდით (მინა თავის "პატროლოგიაში" ვარაუდობს, რომ ეს დიაკონი იყო პეტრონიუსი, შემდგომში ბონონოს (ბოლონიის) ეპისკოპოსი). მას სურდა, თავისი ხარისხის პატივი დაეფარა, რათა როცა ამდენ დიდებულ ღირს მამას ნახავდა, ხარისხითაც უფრო დაბლა მდგომი გამოჩენილიყო მათთან, ვისაც ის ღვაწლით თავზე აღმატებულად თვლიდა. მას შეხედა წმინდა იოანემ და, მიუხედავად იმისა, რომ იგი ყველაზე ახალგაზრდა იყო, მიუთითა: "აგერ, დიაკონი!"
მან სცადა უარი ეთქვა თავის ხარისხზე.
იოანემ მისი ხელი აიღო და ამ სიტყვებით ეამბორა:
- შვილო, ნუ უარობ ღვთის მადლს, რომ სიკეთის ნაცვლად ბოროტებაში და სიმდაბლის ნაცვლად სიცრუეში არ ჩავარდე. ყველაზე მეტად უფრთხილდი სიცრუეს, რა მიზნითაც არ უნდა წარმოთქვა იგი - უგუნური ანდა, როგორც ახლა ჩანს, კეთილი მიზნით, ვინაიდან, მაცხოვრის სიტყვებით, ყველანაირი სიცრუე ღვთისგან არ არის, არამედ იშვება ბოროტისაგან.
ეს რომ მოისმინა, უარყოფას თავი ანება და გულთბილად მიიღო ალერსიანი საყვედური.
მერე ლოცვა აღვავლინეთ ღვთისადმი. მისი დასრულებისას, ერთმა ძმათაგანმა, რომელმაც შეტევა იგრძნო ციებ-ცხელებისგან, რომელიც საერთოდ ტანჯავდა, შესთხოვა ღვთის კაცს განკურნება.
- მთხოვ, მოგაცილო ის, რაც შენთვის აუცილებელია, - შეეპასუხა წმინდანი, - სხეული იწმინდება გვარჯილის ქერქისგან და სხვა ამგვარი ექიმობით, სული კი ავადმყოფობებით და სხვა განმწმენდელი სასჯელებით...
და ამის მერე დიდხანს გვესაუბრა, - განსჯიდა მას, თუმცა, ზეთი მაინც აკურთხა, მისცა სნეულს. მან ზეთი იცხო თუ არა, მაშინვე მთლიანად ამოაგდო დაგროვილი ნაღველი. სრულიად ჯანმრთელი მივიდა თავშესაფრამდე.
მერე კი მამა იოანემ იზრუნა, რომ ჩვენს მიმართ აესრულებინა კაცთმოყვარეობისა და სტუმართმოყვარეობის ვალი და ყოველივე მოგვართვა ხორციელი ნუგეშისცემისთვის. ამ დროს საკუთარ თავზე არც უფიქრია, მხოლოდ ჩვენზე ზრუნავდა... მარხვისადმი დიდი ხნის ჩვეულებისა და მიდრეკის გამო მას საჭმლის მიღება მხოლოდ საღამოთი შეეძლო, ისიც მცირეოდენისა. ძლიერი თავშეკავების გამო სხეული გამოეფიტა, გაუხმა. თმა და წვერი გაუთხელდა, როგორც იცის ხოლმე ძლიერი ავადმყოფობის მერე. 90 წლის ასაკშიც კი არანაირ საჭმელს არ იღებდა ცეცხლზე მომზადებულს. ცოტა ხნის დასვენების და მოძლიერების მერე მოვიდა და თავისთან მიგვიპატიჟა. აღფრთოვანებული ვიყავით, რადგან ღვიძლი შვილებივით გულწრფელი სიხარულით მიგვიღო. მაშინღა გვკითხა, სადაურები ვიყავით და რისთვის მივედით მასთან. ვუპასუხეთ, რომ მასთან სულის სიკეთის, სულიერი სრულყოფილების გასაზრდელად მივედით. ის, რაც დიდი ხნის წინ ვიცოდით გადმოცემით, გვსურდა, საკუთარი თვალით გვენახა, რადგან უფრო ღრმად და ძლიერ გამახსოვრდება არა ის, რაზეც (სხვისგან) შეგიტყვია, არამედ რაც თვითონ გინახავს... მან ენით გამოუთქმელი მშვიდი სახით ოდნავ გაიღიმა, თითქოს სულიერი სიხარულის სისავსისგან, და გვიპასუხა:
- საკვირველია, ჩემთვის, ძვირფასო შვილებო, რომ თქვენ ამის გამო ასეთი ძნელი მოგზაურობის ღვაწლი იდეთ თავს... თქვენი ამგვარი ღვაწლის შესაფერისს ვერაფერს იპოვით ჩემში. მე უბრალო და უმნიშვნელო ადამიანი ვარ, არაფერია ჩემში ისეთი, რომ ჩემკენ ისწრაფოდეთ და, მით უმეტეს, არაფერია გასაოცარი... თუნდაც იყოს ჩემში რაიმე ისეთი, მოლოდინს რომ გაგიმართლებდათ, არის კი ის იმგვარი, როგორსაც წინასწარმეტყველებსა და მოციქულებში პოვებთ? მათი ნაწერები ამიტომაც იკითხება ღვთის ყველა ეკლესიაში, რომ არ გავემგზავროთ შორსა და უცხო მხარეში და თითოეულს შინ გვქონდეს უდიდესი მისაბაძი მაგალითები. ამიტომაც უზომოდ მიკვირს თქვენი ღვაწლი და გულმოდგინება, რომ სულიერი წარმატებისთვის გადაწყვიტეთ, ამდენი ქვეყანა გაგევლოთ, ბევრი შრომა გაგეწიათ, მაშინ, როცა ჩვენ აქ სიზარმაცემ და გულგრილობამ ისე მოგვიცვა, რომ კელიიდან გამოსვლაც კი აღარ გვსურს და თუ იმედი გაქვთ, რომ რაიმე სიკეთეს მიიღებთ ჩემგან, პირველ რიგში გეტყვით: ეცადეთ, რომ არ გქონდეთ რაიმე სახის პატივმოყვარეობა, თუნდაც იმის გამო, რომ ჩემთან მოხვედით და ამხელა შრომა გასწიეთ ჩემს სანახავად. განა თქვენგან რომელიმე ისურვებდა, რომ სათნოებებში სულიერი წარმატების მაგივრად, თავის ქებით თავმაღლობა დაეწყო მხოლოდ იმიტომ, რომ ნახა ის, რაც სხვებს მხოლოდ გაუგონიათ?
პატივმოყვარეობის მანკიერება ძალზე მძიმეა და სახიფათო. ის გადმოაგდებს სულებს თვით სრულყოფილების სიმაღლიდან. ამიტომ პირველ რიგში ვისურვებდი, თქვენ მისგან განმეკრძალებინეთ. ეს ბოროტება ორნაირი სახით ჩნდება: ზოგს გამოაჩნდება ღმერთთან ურთიერთობის დასაწყისშივე. მცირეოდენ თავშეკავებას, მარხვას აჩვენებენ, ანდა გლახაკებისთვის რაღაც თანხას დახარჯავენ და იმის მაგივრად, რომ იფიქრონ, ცხონების გზაზე ზედმეტი დაბრკოლება გადავლახეთო - წარმოიდგენენ თავიანთ უპირატესობას იმათ წინაშე, ვისაც დაეხმარნენ. პატივმოყვარეობის სხვა სახე გამოვლინდება ხოლმე სრულყოფილების უმაღლეს საფეხურებზე მაშინ, როცა იწყებენ, ყველაფერი საკუთარ ღვაწლსა და ძალისხმევას მიაწერონ და არა ღმერთს. ასეთი ადამიანი ეძიებს პატივს კაცთაგან და კარგავს უფლისმიერ დიდებას. ამიტომაც, ჩემო საყვარელო შვილებო, ყველანაირად გავექცეთ დიდებისმოყვარეობის მანკიერებას, რომ არ ჩავვარდეთ ეშმაკის მოწეულ განსაცდელში.
მერე კი მთელი ძალისხმევა გულსა და ფიქრებს მივაქციოთ. უნდა ვიფხიზლოთ, რომ ჩვენს გულში ფესვი არ გაიდგას რაიმე ვნებამ, ანდა არაწმინდა მიდრეკილებამ, ანდა რაიმე ფუჭმა სურვილმა, ღვთის ნების საწინააღმდეგომ. ამ ფესვებზე მაშინვე იზრდება ფუჭი და მავნე გულისთქმები. ისინი იმდენად დამამძიმებელნი არიან, რომ ლოცვის დროსაც არ გვასვენებენ. მაშინაც კი არ ეშინიათ სულში შემოჭრისა, როცა ღვთის პირის წინაშე წარმდგარნი ვევედრებით ჩვენი ცხონებისთვის. ისინი ფიქრით დაგვატყვევებენ და ჩვენ, ხორცით თითქოს ლოცვაზე მდგარნი, გრძნობით და ფიქრით დავხეტიალობთ და შარაგზაზე მიმოვქრით. აი, ვიღაც დაფიქრდა საკუთარ თავზე, რომ განუდგეს სოფელს და ეშმაკის მსახურებას. მისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ სიტყვებით გამოხატვა, თითქოს დაუტევა მოხვეჭის სიყვარული, ანგარება და სხვა ერისკაცული ამაოება. აუცილებელია, უარი თქვას სულის ბიწიერებაზე და უკუაგდოს მავნე და ფუჭი მიდრეკილებები. ამაზე ბრძანებს მოციქული: "შესცვივიან განსაცდელსა და საფრთხესა და გულის თქუმათა მრავალთა უცნაურთა და მავნებელთა, რომელთა დაანთქნიან კაცნი მოსასვრელად და წარსაწყმედელად" (1 ტიმ. 6,9).
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)