პროლოგი
"კურთხეულ არს ღმერთი, რომელსა ყოველთა კაცთაი ჰნებავს ცხოვრებაი. და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაი" (1 ტიმ. 2,4). მან წარგვიმართა ფერხნი ჩვენნი გზათა ეგვიპტისათა და გამოგვიცხადა მრავალი რამ ფრიად საკვირველი დასამოძღვრად მომავალ თაობათა და მისი განჭვრეტით დაგვებადება არა მარტო სურვილი მაცხოვნებელი მოღვაწეობისა, არამედ ჩვენს თვალთა წინაშე წარდგება, როგორც ცოცხალი მაგალითი ცხონებისა და სასარგებლო სწავლებად ღვთისმოშიშებისა. ყოველივე ეს მათ, ვისაც მოსაგრე ცხოვრების შედგომა უნდა, გარდასულ მოღვაწეთა დაჯერების, მოსაგრეობის ფართო გზას უხსნის. ვაი, რომ არა გვაქვს საკმარისი ძალნი, ღირსეულად მოვყვეთ ასეთ ღვაწლზე. უღირსად წარმოგვიდგება ჩვენ, თუ ვინმე მცირე და დიდი ვერაფერი მწერალი უდიდეს საქმეთა აღწერას შეუდგება და მარტივი ენით დაიწყებს საუბარს ამაღლებულ სათნოებაზე. მაგრამ ელეონის წმინდა მთაზე მცხოვრებ მამათა სიყვარული გვაიძულებს, ავსახოთ ეგვიპტელ ბერთა ცხოვრება, მათი სულიერი სრულყოფილება, მათი ღვთისმოსავური ღვაწლი და სიმტკიცე თავშეკავებისას. მოკლედ, ყოველივე, რაც ჩვენი თვალით გვინახავს. ვსასოებთ, რომ შეგვეწევა ცხოვრების აღწერის მთხოვნელთა ლოცვა, შევუდგებით საქმეს არა იმ აზრით, თითქოს მჭევრმეტყველებით განდიდება გვსურდეს, არამედ იმ იმედით, რომ ჩვენი მონათხრობიდან მკითხველი სწავლებას მიიღებს. ვინ იცის, იქნება მოსაგრეთა მაგალითებით ვინმე სურვილით აღიძრას, მოიძაგოს სოფლის საცთურნი, ეძიოს სულიერი სიმშვიდე და ღვთისმოსაობაში მოღვაწეობა.
მინახავს ჭეშმარიტად საგანძურნი ქრისტესნი, ადამიანურ ჭურჭელში დამალულნი. არ ვიქნები ძუნწი, შურიანი და არ დავმალავ ნაპოვნ საგანძურს, არამედ ღვთის სინათლეზე გამოვიტან და საერთო საკუთრებად ვაქცევ. კარგად ვიცი, რომ გავმდიდრდები, თუ სხვათა ცხონება სასურველი ჯილდო იქნება ჩემი შრომისთვის.
სანამ თხრობას შევუდგებით, უწინარეს ყოვლისა, ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს, შევთხოვთ შეგვეწიოს თავისი მადლით, რომლის ძალითაც აღასრულებენ ეგვიპტელი მოღვაწენი ღვთისმოსაობის ყველა საქმეს. დიახ, ეგვიპტეში მინახავს მიწაზე მოსიარულე მამები, რომლებიც ზეციურ ცხოვრებას ეწეოდნენ. მინახავს სულიერი სათნოებებით და წინასწარმეტყველებათა ნიჭით აღფრთოვანებული ახალი წინასწარმეტყველნი, რომელთა ღირსებაზეც მოწმობდა მათთვის ბოძებული ნიშ-სასწაულთა ნიჭიც. მართლაც, იმ ადამიანებმა, რომელნიც არანაირი მიწიერისა და ხორციელისკენ არ ისწრაფვიან, რატომ არ უნდა მიიღონ ზეციური ძალები? ზოგიერთნი ისეთი თავისუფალნი არიან მანკიერებაზე ყოველგვარი ფიქრისგან, რომ ივიწყებენ, არსებობს თუ არა სოფელში ბოროტება. ისეთია სახიერება და სიმშვიდე მათი სულისა, რომ შეიძლება კიდეც მათზე ითქვას: "მშვიდობაი მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყვარს სჯული შენი" (ფს. 118,165).
ისინი უდაბნოში ბინადრობენ, გაფანტულ და ერთმანეთისგან განშორებულ კელიებში, მაგრამ სიყვარულით შეერთებულან. ერთმანეთისგან მოშორებით ცხოვრობენ, რათა არცა რაიმე ხმამ, არცა შეხვედრამ, არცა უქმად მეტყველებამ არ დაარღვიოს მყუდროებაში განსვენებულთა ტკბობა და წმინდა საგნებზე გონების მიპყრობა. გონებამოკრებილნი თითოეული თავის ადგილას ქრისტეს მოსვლას ელოდება ისე, როგორც სახიერი მამისა, ანდა როგორც ბანაკში ელოდებიან მეომარნი იმპერატორის მობრძანებას, ანდა როგორც მონანი - ბატონის მოსვლას, რომელიც მათ დაჰპირდა თავისუფლებასა და ჯილდოს. ისინი მცირედითაც არ ზრუნავენ საჭმელზე, სამოსზე ანდა მათ მსგავსზე, "რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ" (მათე 6,32). ღვთის სიმართლესა და სასუფეველს ეძიებენ და ეს ყველაფერი მაცხოვრის დაპირებისამებრ მიეცემათ. და თუ ბოლოს და ბოლოს მათგან ბევრი იგრძნობს კიდეც, რომ სჭირდება რაიმე ხორცისთვის სახმარი, ადამიანებს კი არ მიმართავენ, არამედ შესთხოვენ ზეციერ მამას და მიიღებენ კიდეც ნათხოვარს, რამეთუ ისეთია მათი რწმენა, რომ მთების გადაადგილებაც კი შეუძლია. ამიტომაც ზოგიერთმა მათგანმა ლოცვით გააჩერა შმაგი მდინარეები, რომლებიც მეზობელი დაბების დატბორვით იმუქრებოდნენ, გადადიოდნენ წყალზე, როგორც ხმელეთზე, მძვინვარე მხეცებს ათვინიერებდნენ და აღასრულებდნენ მრავალსა და უთვალავ სასწაულს, რომლებიც წინასწარმეტყველთა და მოციქულთა სასწაულმოქმედებას მოგაგონებდა. ამგვარად, არ უნდა ვიეჭვოთ, რომ მათ სათნოებებზე დგას სოფელი.
და ყველაზე საოცარი ესაა: თუ ჩვეულებისამებრ ყველაზე უკეთესი იშვიათია და ძნელად საპოვნელი, ისინი რიცხვით მრავალნი არიან, და სათნოებები მათი შეუდარებელია. ერთნი ქალაქთან ახლოს ცხოვრობენ, სხვები - დაბებში, ზოგიერთი - უდაბნოში, მიმოფანტულნი, როგორც ერთგვარი ზეციური მხედრობა, ბრძოლისთვის მოსარტყულნი, ბანაკში მდგომნი, ყოველთვის მზად რომ არიან მეფის ბრძანების აღსასრულებლად, იბრძვიან ლოცვის იარაღით და მტრის დარტყმისგან თავს დაიფარვენ რწმენის ფარით, ცდილობენ თავისთვის ზეციური სასუფეველი (სამეფო) მოიპოვონ. ისინი გამშვენებულნი არიან კეთილი ჩვევებით, სიმშვიდით, მყუდროებით და შეკრულნი არიან სიყვარულით, როგორც ახლო ნათესავნი. ისინი ეჯიბრებიან ერთმანეთს მხოლოდ სრულყოფილებისკენ სწრაფვაში, თითოეული მათგანი ცდილობს, იყოს, რაც შეიძლება შემწყნარებელი, მორჩილი, სიყვარულით სავსე, თავმდაბალი და მომთმენი. თუ მათ შორის ვინმე ბრძენია, ისეთი უბრალოა ყველას მიმართ, რომ, უფლის მცნებისაებრ, თავი ყველაზე უმცროსი და ყველას მსახური ჰგონია.
რადგანაც ღვთის სახიერებით ღირსი შევიქენი მათი ნახვისა და მათთან საუბრისა, ვეცდები, თითოეულ მათგანზე ცალკე მოგიყვეთ ის, რასაც გამახსენებს უფალი, რათა ვისაც ისინი არ უნახავს, როცა მათ ღვაწლზე შეიტყობენ, წაკითხულიდან მიხვდნენ, თუ რა არის სრულყოფილი ცხოვრება, აღიძრან სურვილით, ღვაწლით მიბაძონ წმინდანებს და მოიპოვონ პალმის რტო სრულყოფილი სიბრძნისა და მოთმინებისა.
თავი I. წმინდა იოანეზე
(ნეტარი იოანე ქალაქ ლიკოპოლელი ხელოსნის შვილი გახლდათ და თვითონაც 25 წლამდე ხუროობდა. მერმე აღიძრა სურვილით, ღვთისათვის მიეძღვნა თავი და უდაბნოში განმარტოვდა, სადაც, წმინდა ანტონი დიდის მაგალითით, 12 წელი მოღვაწეობდა, ერთი ვინმე მეუდაბნოის ხელმძღვანელობით, ისწავლა სრული მორჩილება და საკუთარი ნების მოკვეთა. მოძღვრის სიკვდილის შემდეგ წმინდა იოანემ 5 წელი მონასტერში იცხოვრა და მერე უდაბნოში განმარტოვდა, საცხოვრებლად აირჩია ქალაქიდან 4 ვერსით დაშორებულ მთებში მდებარე ადგილი. მთის მწვერვალზე ოროთახიანი კელია გამართა. ერთში ლოცულობდა, მეორეში კი ხელსაქმობდა და საზრდელით ძლიერდებოდა. სტუმრებს წმინდა იოანე მხოლოდ შაბათ-კვირას იღებდა. სტუმრების მოსასვენებლად შემდგომში ასი კაცის სამასპინძლო შენობა ააგო. მასზე მოგვითხრობენ ელენოპოლელი ეპისკოპოსის, პალადიოსის "ლავსაიკონი", ასევე ნეტარი ავგუსტინე, კასიანე და სხვები. მისი ხსენება 27 მარტსაა დაწესებული)*.თავიდანვე ჩვენს თხრობაში, როგორც მყარი საფუძველი, ჩავდოთ მაგალითი ყველა სათნოებისა - იოანე (და მისი ცხოვრება). მართლაც, ნამეტნავად (სულით) ძლიერს შეუძლია უფლისმოსავნი და ღვთისადმი თავმიძღვნილი სულნი აღიყვანოს სათნოებების მწვერვალზე და აღძრას ისინი სრულყოფილებისაკენ.
იგი ვიხილეთ თებაიდის ოლქში, უდაბნოში, ქალაქ ლიკოსის სიახლოვეს (თებაიდა ზემო ეგვიპტეში ძალზე მკაცრი, ვრცელი უდაბნოა. ზოგან ბალახიც კი არ ხარობს. ის სახელგანთქმული იყო წმინდა მეუდაბნოეთა ღვაწლით. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებდა: "ისე არ ბრწყინავს ცა, ვარსკვლავებით გამშვენებული, როგორც ეგვიპტის უდაბნო, ავსებული ყველგან მონაზონთა კელიებით. ეგვიპტის უდაბნო სამოთხის მჯობნია, აქ ადამიანთა სახით იხილავთ ანგელოზთა დასებს, მოწამეთა გუნდებს, ქალწულთა კრებულს).
* აქაც და ქვემოთაც შენიშვნები ეკუთვნის ამ წიგნის რუსულად გამომცემელს (1898 წ.) მღვდელ მიხაილ ხიტროვს ანდა მის მიხედვითაა შედგენილი
იგი ცხოვრობდა კლდეზე მაღალ მთაზე. იქ ასვლა ძალზე ძნელია. მისი სავანის შესასვლელს ყრუ კედელი მიჯნავდა და 40 წლის ასაკიდან 90 წლამდე მის კელიაში ფეხი არავის შეუდგამს. სტუმრებს შეეძლოთ, იგი სარკმლიდან დაენახათ და ისიც შიგნიდან აძლევდა პასუხს. აღმოთქვამდა ღვთის სიტყვას ან დასამოძღვრად სულთა, ანდა საჭიროებისდა მიხედვით ნუგეშს აძლევდა. დედაკაცთაგან ვერავინ მიდიოდა მასთან, შესახედავადაც კი, მამაკაცებსაც იშვიათად იღებდა, ისიც გარკვეულ დროს. თუმცა მან ნება დართო, მის შორიახლოს მნახველთათვის კელია აეშენებინათ: შორეული ქვეყნებიდან მოსულებს შეეძლოთ ცოტა ხანს დაესვენათ. თვითონ კი მუდამ ღმერთში იმყოფებოდა. ასეთი საღმრთო და მიუწვდომელი ნიჭი მოიპოვა მან სულის სრული სიწმინდით. რაც უფრო გაშორდებოდა ამსოფლიურ ამაოებას და საუბრებს, მით უფრო მიუახლოვდებოდა ღმერთს. საბოლოოდ, ისეთ სულიერ სინათლეს მიაღწია, რომ ღირსი შეიქმნა მომავლის ჭვრეტისაც. უფალმა აშკარად მოავლინა მასზე წინასწარმეტყველების ნიჭი. არა მარტო თანაქალაქელებს და თანამემამულეებს პასუხობდა შეკითხვებზე და წინასწარმეტყველებდა, არამედ თვით იმპერატორ თეოდოსის ამცნო მომავალ ომზე, თუ როგორ გაიმარჯვებდა ტირანებზე, ასევე მტრის შემოტევაზე და რის დათმენაც მოუწევდათ.
ერთხელ ეთიოპიის მხრიდან თებაიდის განაპირა ქალაქ კირენას სიახლოვეს ეთიოპიელთა ტომი დაესხა თავს რომის არმიის რაზმს და სასტიკად დაამარცხა, გაძარცვა და ხელთ ნადავლი იგდო. რომაელთა ბელადი მივიდა იოანესთან - ის ვერ ბედავდა მცირერიცხოვანი რაზმით შებრძოლებოდა ურიცხვ ბარბაროსთ. იოანემ უთხრა:
- წარვედ მშვიდობით: ჩემს მიერ მითითებულ დღეს დაამარცხებ მტერს, წაართმევ ნაალაფარს და უკან ნადავლითაც დაბრუნდები.
ყველაფერი ეს აცხადდა. მხედართმთავარმა ეს ამბავი იმპერატორს შეატყობინა, რომელიც ამის მერე კეთილმოკრძალებით ეპყრობოდა იოანეს და პატივს სცემდა მას. ის კი თავის დამსახურებას კი არ მიაწერდა წინასწარმეტყველების ნიჭს, არამედ უფრო მეტად - შემკითხველის სარწმუნოებას. "არა ჩემთვის, - ამბობდა იგი, - არამედ მათთვის, ვინც მისმენს მე, უფალი მომავალს განაცხადებს".
გაგრძელება შემდეგ ნომერში