ყველა მორწმუნემ კარგად უნდა იცოდეს, რომ მონასტრული წესრიგი მისი სულის გაძლიერების საწინდარია
როცა ადამიანი ცხოვრების გზას იცვლის და უფლის სამსახურში დგება, ის მამაზეციერის წინაშე დებს აღთქმას, უფლისთვის შეწირული ხდება და ყოველდღიური ღვთისმსახურებით განადიდებს გამჩენ ღმერთს.
ნუ დაგავიწყდებათ დადებული აღთქმები, - ვკითხულობთ ბერი იოსებ ვათოპედელის წიგნში "მადლმოსილი მორჩილი ბერი ეფრემ კატუნაკელი":
ნუ დავივიწყებთ დიდ სქემაში აღკვეცის მსახურების სიტყვებსა და ლოცვებს. ჩვენმა ბერმა იოსებმა მცნებად მოგვცა დროდადრო ტრაპეზის საკითხავად ამ მსახურების ტექსტი გვეკითხა, რათა არ დაგვავიწყდეს, რა აღვუთქვით ღმერთს და რა გვევალება. "იხილე, შვილო, რომელსა აღთქუმასა აღუთქუამ მეუფესა ქრისტესა", ესე იგი სათნოებებით ყოვლადშემკულ ცხოვრებას შეგვახსენებს წინამძღვარი. ყველა სათნოება კარგია, მაგრამ მათგან ძირითადი და სრულყოფილი არის მორჩილება.
ემორჩილები ბერს? მაშინ ემორჩილები ღმერთს და დედა ღმრთისმშობელს. და ქრისტეც, რომელიც სრულიად დამორჩილდა თავის ზეციურ მამას, გიღებს და გისმენს. მისი მსგავსი ხდები, ამიტომ მორჩილს ორმაგი გვირგვინი ექნება.
მორჩილება სამგვამოვანი ღმერთისგან იღებს სათავეს. თავად იესო ტკბილი შეგვახსენებს: "არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისა მამისასა". დაუკვირდით - ის მოავლინეს, ანუ იგი მორჩილი იყო. როგორღა გავამართლოთ ჩვენი თვითნებობა და გაკერპება, რითაც ასე იოლად და ურცხვად ვსვამთ ამ საშინელ და სამგზის წყეულ შეკითხვას - "რატომ".
***
კატუნაკში ორ ბერს ერთი ეშმაკეული დაუდგა მორჩილად. მორჩილების აღსრულებამ იგი განკურნა. თვითონ ჰყვებოდა, რომ დემონს თავის გვერდით ხედავდა. როდესაც ლოცვას ერთხელ წარმოთქვამდა, დემონი პირს იბრუნებდა და ღელვას იწყებდა, მეორე წარმოთქმაზე ძრწოლა იპყრობდა, მესამე ლოცვის შემდეგ კი ქრებოდა. დემონები მორჩილს ხშირად ჩასჩიჩინებდნენ: "მიატოვე ბერიკაცები და დაეშვი ქვემოთ, გასწიე ზღვისკენ, მარილის სამუშაოებზე. აქ, სადაც შენ ხარ, ბერები ჭამენ, სძინავთ და ცოტას ლოცულობენ, ხოლო ჩვენს გამოსადევნად გაძლიერებული ლოცვა და მარხვაა საჭირო". ლოცვისა და მარხვის შესახებ, რა თქმა უნდა, მართალს ამბობდნენ, მაგრამ ეს მათი ხრიკი იყო, რათა მორჩილი იძულებული გაეხადათ, მორჩილება მიეტოვებინა. როდესაც ამ მაცდურებმა თავისას ვერ მიაღწიეს, იძულებულნი გახდნენ, სხვა ძალის ზემოქმედებით, ეღიარებინათ: "თუ ბერებისგან შენს დაშორებას შევძლებდით და მარილის სამუშაოებზე მიგიყვანდით, თანდათანობით სასოწარკვეთილებაში ჩაგაგდებდით და ზღვაში დაგახრჩობდით, მაგრამ მორჩილებით გვძლიე და განიკურნე კიდეც".
***
"ერთხელ ბერმა რაღაცის გაკეთება ბრძანა, მე კი დავალება მაშინვე არ შევასრულე. იმ ღამით ძილში ვხედავ დემონთა ბრბოს - ტაშს უკრავენ და მხიარულად ყიჟინებენ: "ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ!.."აქ, შესაძლოა, გაჩნდეს კითხვა: ნუთუ საღმრთო მადლი მორწმუნეთა მიმართ ესოდენ მკაცრად მომთხოვნია? დიახ, იგი უცოდველი და ღვთივმიმსგავსებულია, მაგრამ მისი მომთხოვნელობის ხარისხი ცალკეული ადამიანის ცოდნასა და მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მათ მიმართ, ვინც მადლის მეოხება შეიცნო, ის შეუვალია, რამეთუ "რომელმან იცოდის და არა ქმნეს, ცოდვა არს მისა". ამ მიზეზით ჩნდება განსაცდელები, როგორც "აღმზრდელობითი საშუალება", რადგანაც "ყოველმან შჯულისა გარდამავალმან და ურჩმან მიიღო სასჯელი კუალადგებისაი".
***
ბერმონაზვნობის აღთქმა, ერთდროულად ქალწულების, უქორწინებელი ცხოვრების, უპოვარებისა და მორჩილებისა, წარმოითქმება საზეიმოდ, განსაკუთრებული წესის დაცვით და ხანგრძლივი გამოცდის შემდეგ იმ პირისა, ვინც დებს ამ აღთქმას. ბერმონაზვნის მოსაგრეობა არის სათნოება, სრულყოფილი ერთიანობა და უწმინდესი ძღვენი უფლისათვის. ჭეშმარიტი ბერმონაზვნობა მდგომარეობს ყველა სულიერი და ხორციელი ძალის ნებაყოფლობით მსხვერპლად შეწირვაში ღვთისა და მოყვასის მსახურებისათვის. ეს არის მოკვდინება და მოკვეთა ყველა ვნებისა, მოძულება ყველა ამქვეყნიური სიკეთისა. ეკლესიის წმინდა მამები ბევრს წერდნენ ბერმონაზვნობის სათნოების შესახებ. წმინდა დოროთე ბრძანებს: "მოვალეობის გამო შესრულებულ სხვა სათნოებებს აქვს მხოლოდ ხარკის მნიშვნელობა, რომელიც ყველამ უნდა გაიღოს ისე, როგორც ქვეშევრდომი უხდის მეფეს. ბერმონაზვნობაში მორჩილება, უვერცხლოება და ქალწულება ის სათნოებებია, რომელიც აღესრულება კეთილი ნებით და მათ აქვთ მნიშვნელობა ძვირფასი ძღვნისა, რომელსაც ღმერთს მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის გამო სწირავენ, როგორც გამოჩენილი ადამიანები მეფეს, ხარკის გარდა, მიართმევენ ძღვენს და სანაცვლოდ ღირსი ხდებიან ძვირფასი ჯილდოებისა, პატივისცემისა და წოდებებისა. "ბერმონაზვნური აღთქმანი, - ბრძანებს წმინდა ბასილი დიდი, - თავისი არსით ეს არის ქვეყნიერების გადარჩენა, მათი მეშვეობით ხდება ომისა და ჭირის თავიდან აცილება". წმინდა დიმიტრი როსტოველი ბრძანებს, რომ ბერების ლოცვით იცავს ღმერთი ამ სამყაროს. თუმცა კი ზოგიერთს უმნიშვნელო ჰგონია ბერების ლოცვა, მაგრამ ისინი მთელ ქვეყნიერებას განამტკიცებენ. ქრისტიანული სამყარო წმინდა წერილში ემსგავსება ვენახს, ისევე როგორც ძველად ისრაელი. მოდით, ვნახოთ, რას ეყრდნობა ვაზი. ერთ გამხმარ, უნაყოფო სარს. გამოაცალეთ ვაზს სარი, რტო მიწაზე ჩამოვარდება, ვეღარ მოიღებს ნაყოფს და ფეხით გაითელება. გამოაცალეთ ქრისტიანულ სამყაროს ბერმონაზვნობა ისევე, როგორც ვაზს გამხმარი, უნაყოფო სარი, და რა მოუვა სამყაროს? თავად განსაჯეთ.
***
მთაწმინდის წმინდა დავით გარეჯელისა და დავითგარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძრის წინამძღვარს არქიმანდრიტ იოანეს (კიკვაძე) მამადავითზე ვესტუმრე. მან თავის სენაკში, მაღალ კოშკში მიმიპატიჟა.- როგორც ყველა მორწმუნეს, მეც გამორჩეულად მიყვარს წმინდა იოანე ნათლისმცემელი, რომელიც ჩემში იწვევს საოცარ განცდას და ვცდილობ, მას რამენაირად დავუკავშირო ჩემი ცხოვრება. დავითგარეჯის უდაბნოში, მრავალ მონასტერთა შორის არსებობდა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ლავრა, ნანახი კი არ მქონდა, თუმცა სტუდენტობის დროს დავდიოდი წმინდა ადგილების მოსალოცად. როცა მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ტაძარში დავიწყე მოღვაწეობა, სურვილი გამიჩნდა, მრევლთან ერთად წავსულიყავი გარეჯში, ნათლისმცემლის მონასტერში. ეს იყო დაახლოებით ცხრა წლის წინ.
მისვლის უმალ დავიწყეთ მონასტრის გასუფთავება. ყოველი კვირის ორშაბათს და დღესასწაულებზე მივდიოდი და ღვთისმსახურებას აღვავლენდი. თანდათან გამოჩნდნენ ღვთისნიერი ადამიანები, რომელთა ფინანსური დახმარებით დავიწყეთ მონასტრის რესტავრაცია. მიმდინარეობს სატრაპეზოს, სენაკების, სამრეკლოს მშენებლობა. გვინდა ავაშენოთ უწმინდესისთვის რეზიდენცია.
ამჯერად გვყავს ერთი ბერდიაკვანი ნეოფიტე და ორი მორჩილი. ერთ მორჩილს მალე ბერად აღვკვეცთ. ბერმონაზვნობა ძალიან რთული ჯვარია. როცა კაცი მონასტერში მიდის, თანაც წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში, დიდი მადლია. მემატიანე გადმოგვცემს, რომ საცხოვრებლად იოანე ნათლისმცემლის მონასტერი "არს ფიცხელ". ზამთარ-ზაფხულ მკაცრია აქაური ცხოვრების პირობები. ვცდილობთ, შევარჩიოთ მომავალი ბერები, რომლებიც მოღვაწეობას შეუდგებიან მონასტერში. აქ დიდი საგანმანათლებლო საქმიანობა მიმდინარეობდა და გვინდა, მონასტერს კვლავ დავუბრუნოთ სამწიგნობრო ფუნქცია. ღმერთმა თუ ინება და სურვილი ავისრულეთ, დიდ სიხარულს მივიღებთ.
მონასტრის წინამძღვარია ბერდიაკონი ნეოფიტე. მამა ნეოფიტეს მართლაც განსაკუთრებული სიყვარული აქვს მონასტრული ცხოვრებისა. ამ მონასტერში აღიზარდნენ მღვდელმსახურები, რომლებიც დღეს სხვადასხვა ეპარქიაში არიან გამწესებული. ძალიან გვეხმარება მრევლი. 2000 წლიდან მონასტერში ლოცვა არ შეგვიწყვეტია. სულიერად განგვამტკიცებს წმინდა იოანე ნათლისმცემელი. მონასტრის წევრები დადგენილი ტიპიკონის მიხედვით ცხოვრობენ, ასევე სტუმრებიც. ეჩვევიან უმკაცრეს პირობებს, მორჩილებასაც ასრულებენ, მონასტრის ეზოში ხეხილი მოვაშენეთ... მხოლოდ ერთი - ბერდიაკვანი ნეოფიტე უვლიდა ყველაფერს. ხშირად სულ მარტო გახლდათ მონასტერში, ატარებდა ღამისთევის ლოცვებს. მადლობა ღმერთს, უკვე მომრავლდნენ წევრები...
***
მონასტრული ცხოვრება წმინდა იოანე ნათლისმცემლის სიყვარულმა და პატივისცემამ დამაწყებინა. ვიცოდი, რომ წმინდა იოანე უდიდეს სულიერ და ფიზიკურ ძალას მომცემდა ჩემს თანამოაზრეებთან ერთად. ვისაც ერთი ღამე მაინც გაუთენებია მონასტერში იქ გულით და რწმენით მისულს, არასდროს დაივიწყებს მონასტერს და მუდამ იფიქრებს უკან დაბრუნებაზე. პირადად მე დიდი სურვილი მაქვს განმარტოებული ცხოვრებისა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ჯერ ვერ ვახერხებ. ვცდილობ, დავემორჩილო უწმინდესის ლოცვა-კურთხევას და სადაც უფლის ნება იქნება, იქ ვიმსახურებ.
ბერობის სურვილი კარგა ხანია მქონდა. ჩემი სურვილი უწმინდესს გავუმხილე კიდეც. მაშინ რთულად იდგა საინგილოს საკითხი. უწმინდესმა მცირე ხნის დუმილის შემდეგ მითხრა, - საინგილოში ხომ არ წახვიდოდიო. თუკი თქვენი ლოცვა-კურთხევა იქნება, მზად ვარ-მეთქი. მადლობა უფალს და უწმინდესს, რომ ვიმსახურე საინგილოში. ბევრი რამ შემძინა იქაურობამ. მომემატა პასუხისმგებლობის გრძნობა. საინგილოს მოსახლეობა დღემდე მიმაჩნია ჩემს საზრუნავად. წელიწადში ორჯერ ჩავდივარ და ვცდილობ, გარკვეული თანადგომა აღმოვუჩინო მათ. მადლობა უფალს, რომ საინგილოს დაუდგინეს ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე), ახალგაზრდა, ნიჭიერი, განათლებული მეუფე, და ვფიქრობ, მიხედავს მათ სატკივარს. მალე საინგილოში კარგი, გამართული სულიერი ცხოვრება დაიწყება.
***
ყოველთვის მაქვს სურვილი მონასტრის კეთილმოწყობისა. რამდენიმე ადგილას მინდა აღდგეს მონასტრული ცხოვრება. ბატონ მამუკა ხაზარაძის დახმარებით ვაპირებთ მანგლისისა და წალკის ეპარქიაში მდებარე გუდარეხის მონასტრის აღდგენას. მეუფე ანანიას ლოცვა-კურთხევით, დავიწყეთ დაზვერვითი სამუშაოები. ბერისთვის საცხოვრებელი სახლიც ჩავდგით. წელს შევეცდებით, ერთი ბერი გავუშვათ მორჩილთან ერთად ამ უძველეს მონასტერში ლოცვების აღსავლენად. ამავე დროს, ვაპირებთ, ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, სოფელ ბანაში ნატაძრალის აღდგენას. საოცარი ადგილია, ჩანს, აქ ერთ დროს მონასტერი იყო. ვფიქრობ ასევე დედათა მონასტრის დაარსებას. თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ირაგაში შევიძინეთ მიწის ნაკვეთი და მალე შევუდგებით მშენებლობას...***
ვფიქრობ, ყველა მონაზონი უნდა მიდიოდეს უფლის მიერ კურთხეული წესრიგისკენ. მაშინ ექნებათ ჩვენს მონასტრებს ის სახე, რაც სულიერ ძალებს გაამრავლებს ერში. ყველა მორწმუნემ კარგად უნდა იცოდეს, რომ მონასტრული წესრიგი მისი სულის გაძლიერების საწინდარია. ვიდრე ბერმონაზონი აღთქმას დადებს უფლის წინაშე, ყველას ვურჩევ, არ იჩქაროს, კარგად შეამოწმოს ის ძალები, რაც მას მონასტრული ცხოვრების სავალ გზაზე დაეხმარება. ყოველივე ეს მოძღვართან შეთანხმებით ხდება. თუკი უწმინდესი გადაწყვეტს ამ საკითხს, ამას არაფერი აჯობებს. მასზე უკეთ არავინ იცის, ვინ შეიძლება იტვირთოს ბერმონაზვნობის ჯვარი.
***
მართლაც რთული დროა, კიდევ უფრო გართულდება დრო და ჟამი. ყველაფერი მაშინ იქნება კარგად, როცა ვილოცებთ, ვიმარხულებთ და ღვთის სათნოდ ვიცხოვრებთ. ღმერთმა დაგლოცოთ.