მონაზვნობა დიდი სიხარული და ბედნიერებაა
ბერი პაისი წიგნში "მონაზვნად ჩინებულთათვის" სულისმიერ სიხარულს ასე გვასწავლის:
მონაზვნურ ცხოვრებაში წარსამატებლად აუცილებელია ვიყოთ გონიერნი, ახოვანნი, ვიღვაწოთ დიდი მოშურნეობით, ვიყოთ შეუდრეკელნი და უაღრესად ვსასოებდეთ ღმერთს; ყველაფერი საუკეთესო მას უნდა მივუძღვნათ, ძლიერ გვიყვარდეს იგი და ვძრწოდეთ ცოდვის და არა სიკვდილის შიშით, უნდა ვხარობდეთ, რომ ტყავი და ძვალი სულის სიმრთელეს ინახავს და არ უნდა გვადარდებდეს კილოგრამებისა და ქონის დაკარგვა, რაც მხოლოდ მატლებს თუ არგებთ.
ასე რომ, წმინდა მოსაგრეობას უაღრეს თვითუარყოფასთან ერთად, რაც დიდი რწმენისა და ღვთისადმი ძლიერი სიყვარულის ერთობლიობით იშვება, ადამიანისთვის ამქვეყნადვე მოაქვს ჭეშმარიტი სიხარული; ის ხარობს, რომ ცოცხალია, რადგან მისი გული, ვით ფრთოსანი, დაფრინავს და მის კეთილისმყოფელ ღმერთს დიდებას აღუვლენს; მას სიკვდილიც ახარებს, რადგან კვლავ ღვთისაკენ გაეშურება და იქ გააგრძელებს დიდებისმეტყველებას. ის ერთნაირ სიხარულს განიცდის იმისგანაც, რომ ცოცხლობს და იმისგანაც, რომ მოკვდება. სამოთხეში უსათუოდ უკეთ იქნება, რადგან ამ ცხოვრებაში იგი ღმრთისგან მხოლოდ ნაწილს იღებს სამოთხის სიხარულისას, რადგან ეს სიხარულიც კი მიწაზე ესოდენ დიდია, ხოლო ამაზე მეტი მან ჯერ არ იცის, ამიტომ სრულ სიხარულს განიცდის.
***
ბერ-მონაზვნები უფალთან სიახლოვეს გრძნობენ, ამიტომაც ირჩევენ ცხოვრების ამგვარ წესს და საკუთარ თავს უფალს უძღვნიან. დედა ანას (სურგულაძე) თბილისში შევხვდი. მის პატარა ოთახში სიმყუდროვე და მადლი სუფევდა. დედა ანას საკმაოდ დიდი ხნის გამოცდილება აქვს მონაზვნური ცხოვრებისა, მასთან მისულნი დიდ ნუგეშსაც იღებენ. თითოეულ ადამიანს მალამოდ დადებულ მადლიან დარიგებებს აძლევს. როცა შედეგი ჩანს, თვითონაც ხარობს. მონაზვნის გარეგნობაც დიდ სიხარულს განიჭებს, მასთან საუბარი კი იმედს და რწმენას გიბრუნებს. დედა ანამ საუბარი წარსულის გახსენებით დაიწყო:- მამაჩემი კომუნისტური პარტიის წევრი იყო, თანაც თანამდებობის პირი და ამიტომ გვიან მომნათლეს. ბავშვობა ბებიასთან, აბაშაში გავატარე. ღვთის სიყვარული თავიდანვე მომყვება. ღვთის წყალობით და მადლით, შევიძინე ხატები, სასულიერო წიგნები და, დედის აკრძალვის მიუხედავად, სალოცავი კუთხე მოვიწყვე. ძმაც კი მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ უფლის სიყვარულით და რწმენით დავითმინე შეურაცხყოფა.
1959 წელს მშობლებმა გამათხოვეს. შემეძინა ხუთი შვილი. უფროსი ვაჟი, თამაზი, 15 წლისა დამეღუპა. მას შემდეგ უფლის წინაშე აღთქმა დავდე, რომ შავით შევიმოსებოდი და უფლის მსახური გავხდებოდი. სასოწარკვეთილი უფალმა წამომაყენა და სწორი ცხოვრების გზა მიჩვენა. 1974 წელს სამთავროს დედათა მონასტერში წავედი (დედა და ჩემი შვილები, გასაკუთრებით ქეთევანი, ძალიან განიცდიდნენ ამას). მაშინ სამთავროში ხუთნი (დედა დარო, დედა ტატიანა, დედა ნინო, დედა ეკატერინე და თქვენი მონა-მორჩილი) ვცხოვრობდით. სამთავროში იმხანად მეუფე ზოსიმე მოღვაწეობდა. მამა გაბრიელი (ურგებაძე) იქ ცხოვრობდა. როცა მეუფე ზოსიმე მღვდელმთავრად გამოარჩიეს, სვეტიცხოველში გადაიყვანეს, შემდეგ კი წილკნის ეპარქიაში.
მამა გაბრიელთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. მართლაც დიდი მოღვაწე ბერი გახლდათ. დიდი სიამოვნებით მოგისმენდა. ყველა უყვარდა. სამთავროში წირვა-ლოცვას ხშირად აღავლენდა. მსახურების შემდეგ მუდამ გვიქადაგებდა - სიყვარული და ჭეშმარიტება თუ არ გექნებათ, საუკუნო ცხოვრებას ვერ მიიღებთო. თუ დამნაშავე იყავი, მაშინვე გრძნობდა და გამხელდა. სიცოცხლის ბოლოს მითხრა, - ძალიან დიდი განსაცდელი გელოდება... მე უფალი ამ ქვეყნიდან მალე გამიყვანსო და თავისი სურათი მომცა - ჩემზე განსაკუთრებით ილოცეო. შეწუხებულმა ვუპასუხე, - ეს უფლის ნებაა, ჩვენი კი არა-მეთქი. მამა გაბრიელს განსაკუთრებით უყვარდა მიცვალებულების მოხსენიება. საუკუნის წინ გარდაცვალებულიც კი მოიხსენიეთო, მუდამ ამას გვიქადაგებდა ხოლმე. სვეტიცხოველში მამა არსენი მსახურობს, 90 წლამდეა მიღწეული. ერთხელ მოსახსენიებელი გადაემალა და ვეღარ მოიხსენია მიცვალებულები. ამბობდა, იმ საღამოსვე მიცვალებულებმა არ დამაყენესო. აღდგომის მარხვაში მიცვალებულების ორმოცდღიანი მოსახსენებელი იწერება. ერთხელ გამომრჩა რამდენიმე გარდაცვლილი ახლობელი. მეც აღარ მასვენებდნენ მათი სულები და იმ დღიდან ვცდილობ, ყველა უკლებლივ მოვიხსენიო.
კომუნისტების დროს მამაჩემისთვის დაუვალებიათ ტაძრის დანგრევა. დაფიქრებულა და უპასუხია, - ჩემს შვილებს მტრებს ვერ დავუტოვებ და ღმერთს ვერ შეურაცხვყოფო. მერე მამა ომში დაიღუპა.
1984 წლამდე სამთავროში ვცხოვრობდი. ჩემი სულიერი მოძღვრები არიან მამა იოაკიმე და მამა ლეონტი. მამა იოაკიმეს კურთხევით, 2001 წელს მონაზვნად აღმკვეცეს.
გული მწყდება, ერში ცხოვრებისას როგორ ფუჭად ვფლანგავდი დროს.
მონაზვნობა დიდი სიხარული და ბედნიერებაა. მონაზონი ლოცულობს თითოეული ადამიანის სულის გადასარჩენად, სამშობლოს კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის. განსაკუთრებით ახალგაზრდებზე ვლოცულობ. გული შემტკივა მათზე, ვწუხვარ, რომ დღეს ნარკომანიის სენით მრავალია შეპყრობილი. გამრავლდა აბორტიც. საკუთარი სულის გადარჩენაზე კი არავინ ზრუნავს. ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ლოცვა საქართველოს გადარჩენის ტოლფასია.
მშობელი ვალდებულია, შვილი სულიერად აღზარდოს. ეს ყველაფერი აღსარებით, ზიარებითა და ეკლესიური ცხოვრებით მიიღწევა. ქრისტიანს უფლება არ აქვს, კვირა დღე გააცდინოს და მოსწყდეს წირვის მადლს. დედები უნდა იყვნენ მოწესრიგებულნი როგორც სულიერად, გონებრივად, ასევე გარეგნულად. წმინდა მამათა ცხოვრება, სახარება უნდა იქცეს ცხოვრების წესად. თუ ვერ შეძლებს ამგვარ ცხოვრებას, ეს ცოდვაა. ღმერთმა იმისთვის კი არ მოგვცა შვილი, მგელმა რომ შეჭამოს, არამედ უფლის სადიდებლად. ამგვარი ჭეშმარიტებით მიუახლოვდებით უფალს და ცხონების გზას. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სიყვარული, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მადლი არ მოუშალოს ღმერთმა ჩვენს ქვეყანას - საქართველოს. უფალს ვთხოვ, მომავალი თაობა აღიზარდოს უფლის დიდებით.
როდესაც მშობელი შვილს აღზრდის ქრისტიანულად, მას უკვე საძირკველი მყარი აქვს. ძალიან ბრძენი უნდა იყოს ქრისტიანი, რათა საუკუნო ცხოვრებისათვის ეკლიანი გზა გაიკაფოს.
ხშირად მოდიან ჩემთან განსაცდელში მყოფნი. ვცდილობ, სულიერი რჩევა მივცე და სიტყვით შევეწიო მათ. წმინდა ადგილებიდან ჩამოტანილ ზეთს ვაცხებ ხოლმე.
ივერიის ღვთისმშობლის ხატს რამდენიმე თვის წინ შევნიშნე მირონის დენა. მერე წმინდა ნინოს ჯვარი გამოისახა. დიდება უფალს ყველაფრისთვის. წალკაში მოღვაწე მამა მირიანი (ნარიმანიძე) ხშირად მოდის ჩემთან და ღვთისმშობლის პარაკლისს აღავლენს.
ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის მთავარია გულწრფელი აღსარება, სინანული, ზიარება კი სულიერი საკვებია, რომელიც უფალთან სიახლოვეში გვეხმარება. ამქვეყნად უცოდველი არავინ არის, მთავარია, განიწმინდო გული. აღსარების შემდეგ არ უნდა დაუბრუნდე ძველ ცოდვებს, მუდამ საკუთარი თავის გამოსწორებას უნდა ცდილობდე...