უფალი ყველას თავის სავალს მიუჩენს ხოლმე. ზოგის ცხოვრება განსაცდელებითაა აღსავსე, ზოგის კი უშფოთველია. ხანაც ადამიანი თავისი ნებით ირჩევს ცხოვრების გზას. ამაშიც ღვთის ნებას ხედავს და უფალს მადლობას სწირავს.
დედა მატრონა (სხირტლაძე) მეუფე ეფრემთან სტუმრობის დროს გავიცანი და გადავწყვიტე, "კარიბჭის" მკითხველისთვის გამეცნო ეს სათნო, ღვთისმოსავი ადამიანი. მონაზვნური ცხოვრება თავად აირჩია. მაგალითად ყოველთვის მოჰყავს დედა, რომელმაც შვილებს ღვთის უსაზღვრო სიყვარული ასწავლა. ამ სიყვარულმა ჯერ შვილი, მერე კი დედა წაიყვანა მონასტერში. ამისთვის დედა-შვილი ღმერთს მადლობს.
- ადრე დაქვრივებული დედა მე და ჩემს დას დიდი რწმენით და შემართებით გვზრდიდა. სათნოებას და ღვთის სიყვარულს გვინერგავდა, - მიამბობს დედა მატრონა, - უფალმა მისმინა და ნატვრა ამისრულა - სამხატვრო აკადემიაში ჩავირიცხე. მაინც შინაგან სიცარიელეს ვგრძნობდი. არავის ეგონა, მონაზონი თუ გავხდებოდი. ყველაფერი კი ერთმა პატარა შემთხვევამ გადაწყვიტა: ერთ-ერთი რელიგიური დღესასწაულის დროს დედამ მთხოვა, ტაძარში წავსულიყავი და სანთლები დამენთო. მაშინ აუცილებელ პირობად სწავლა მიმაჩნდა და დედას შევეპასუხე - მონაზვნობაც არ მომთხოვო-მეთქი. დედამ მიპასუხა, - შენნაირებს ვინ მიიღებს მონასტერშიო...
დედის ცხოვრებას ჩუმ-ჩუმად ვაკვირდებოდი. არ ვაგრძნობინებდი, მაგრამ მომწონდა. რაღაც სხვანაირი, ჩუმი ცხოვრებით ცხოვრობდა. დილით დედის ლოცვა მაღვიძებდა, ღამე დედის ლოცვით ვიძინებდი... დავიწყე მონაზვნობაზე ფიქრი. ისეთ ადამიანებს ვეძებდი, ვინც დამანახვებდა, რა იყო მონაზვნობა. ეკლესიური ცხოვრებაც დავიწყე. ხალხმრავალ ტაძრებში ვერ ვჩერდებოდი. სვეტიცხოველში დავდიოდი. სასულიერო აკადემიაში ჩაბარების სურვილიც გამიჩნდა... პარალელურად მონასტერში წასვლის საშუალებაც მომეცა. ლოცვა-კურთხევით ქარელში მამა ეფრემის (ამჟამად ბოლნელი ეპისკოპოსი მეუფე ეფრემი) რეზიდენციაში მივედი. პირველ დღესვე ვიგრძენი, რომ იქ იყო ჩემი ადგილი. იმ დღეს, 22 მაისს, ნიკოლოზობას მეუფე იობი ყინწვისში აღავლენდა ღვთისმსახურებას. დიდი მადლი ვიგრძენი მსახურების დროს. იქიდან წამოსვლა აღარ მინდოდა. მეორე ხმა ჩამჩურჩულებდა, - შენ ხომ სწავლობ, წარმატებები გაქვს, სასულიერო აკადემიაში ჩაბარებასაც აპირებ, იქნებ სჯობს, კვლავ ერში დაბრუნდეო. ამ ყოყმანში გამახსენდა დედის სიტყვები - გონებაზე დაყრდნობით გულისთქმას უნდა დაუჯეროო. მივხვდი, გული სასულიერო გზისკენ მიწევდა. საბოლოო გადაწყვეტილება ყინწვისში მივიღე. როცა მეუფე ეფრემისგან დადებითი პასუხი მივიღე, მივხვდი, ეს უფლის პასუხი იყო.
დედას ჩემი გადაწყვეტილება თავიდან ხუმრობა ეგონა. მეუფემ დედის სანახავად გამიშვა. მე და დედამ მთელი ღამე საუბარში გავატარეთ. მეორე დღეს დამლოცა და მონასტერში გამომიშვა. მას შემდეგ მეუფე ეფრემთან ვარ. მისი კურთხევით, სამ თვეში მედავითნეობა ვისწავლე. მეუფის მორჩილებაში ერთი წელი დავყავი. თავისი პირადი ცხოვრებით მან ბევრი რამ მასწავლა. ისე ცხოვრობდა, რომ შეუძლებელი იყო, მისთვის არ მიმებაძა. მართალია, მყარად გადავწყვიტე მონასტრული ცხოვრება, მაგრამ რაღაც უცნაური აზრები მაინც მიჩნდებოდა - როგორ წავა ჩემი ცხოვრება-მეთქი. ღვთის მადლით, ყველაფერი დავძლიე.
თავიდან შეუჩვეველი ვიყავი მონასტრულ ცხოვრებას. ქალაქის პირობებიდან მოვხვდი მკაცრ მონასტერში - ორთუბნის მონასტერში (ქარელის რაიონში). ბოროტი მაშინებდა, ცუდ აზრებს ჩამაგონებდა, ვერ გაუძლებ ამგვარ ცხოვრებასო. დილაადრიან ადგომა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. დროთა განმავლობაში მადლი მოვიდა უფლისგან. როცა მონასტრიდან გამოსვლა მიხდებოდა, მიკვირდა, აქამდე როგორ ვცხოვრობდი ერში-მეთქი. წარსულს ჩავაბარე ყველაფერი. სრულებით ახალი ნერგი აღმოცენდა ჩემში და ეს მახალისებდა. ვხვდებოდი, რომ თავიდან დავიბადე და აბსოლუტურად სხვა აზროვნება ჩამომიყალიბდა.
- დედაო, მონასტრული ცხოვრების არჩევის შემდეგ რა დათმეთ და რა აირჩიეთ ცხოვრების წესად?
- პირველ რიგში პროფესია დავთმე, თუმცა კი გამიჭირდა. მონასტერში ზოგჯერ ფურცელი და კალამი რომ ჩამივარდებოდა ხელში, სურვილი მიჩნდებოდა, რაღაც ჩამეხატა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს ზედმეტი იყო. წლების შემდეგ უფალმა მონასტრის კედლების მოხატვის ღირსი გამხადა. სამწევრისის დედათა მონასტერში სატრაპეზო მოვხატე, ხოლო მონასტრის მისაღებში ღვთისმშობლის ხატი დავწერე. ამ დროს ვგრძნობდი, რომ ღვთისმშობელი მაწერინებდა.
მაშინ სამწევრისის მონასტრის წინამძღვარი გახლდათ მონაზონი საბიანა. დედა საბიანას ძალიან მადლობელი ვარ, სულიერი დედობა გამიწია. სულიერი მამის სახით კი ყოველთვის მეუფე ეფრემი მყავდა. სამწევრისში ძალიან ბევრი რამ შევიძინე. ამის შემდეგ, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ურბნისის დედათა მონასტრის წინამძღვარი გავხდი. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ სამწევრისში გადამიყვანეს კეთილმოწესედ. მაშინ უკვე წინამძღვარი დედა ალექსანდრა გახლდათ. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, სამი თვე ვიცხოვრე ბეთლემში, დედა ზოილესთან. მოულოდნელი იყო ჩემთვის ბეთლემში წასვლა. მეც არ ვიცი, რატომ გამომარჩია მეუფე იობმა და გამიშვა დედა ზოილესთან. დიდი ნუგეში ხომ დიდი ტკივილის დროს მოდის. ალბათ იმ დროს ძალიან მჭირდებოდა სულიერი ნუგეში. მადლობა უფალს, მადლობა მეუფე იობს, დედა ზოილეს, რომ წმინდა მიწაზე მცირე ხნით ცხოვრების საშუალება მომეცა. სამწუხაროდ, დღეს მიზეზთა გამო ბეთლემის მონასტერი დაკეტილია. იმედი გვაქვს, კვლავ აღდგება წმინდა მიწაზე ქართულ მართლმადიდებლურ მონასტერში სამონასტრო ცხოვრება.
- დედაო, როცა მამა ეფრემი ბოლნელ ეპისკოპოსად გამოარჩიეს, მეუფეს თან გამოჰყევით. არჩევანის გაკეთება ამჯერადაც მოგიხდათ...
- მეუფედ გამორჩევის შემდეგ დედები თან გამოვყევით. ეპისკოპოსის რეზიდენციაში ვცხოვრობთ ორი მონაზონი და მეუფეს ვემსახურებით. თითქმის ყველა მამას, ვინც გამოჰყვა, მეუფემ მონასტერი ჩააბარა.
- დედა მატრონა, თქვენს ოჯახზე მართლაც ღვთის მადლია.
- მონასტერში უკვე შემოსილი მორჩილი გახლდით, როცა დედამ გადაწყვიტა მონასტრული ცხოვრების დაწყება. თავიდანაც შეეძლო ამ გზას დასდგომოდა. მეუფემ აკურთხა - წამოდი და შენს შვილს ღვთისმშობელი მიხედავსო. მერე სულიერ მოძღვარსაც დაეკითხა და მისგანაც მსგავსი პასუხი მიიღო. დედამაც ღვთის ნება დაინახა და წელიწად-ნახევრის შემდეგ მონასტერში წამოვიდა. ახლობლებს ყველას უკვირდა ჩვენი ოჯახის ამბავი. მაგრამ როცა უფალი მოგიწოდებს, უკვე ერში ვეღარ ჩერდები. სული თავისით ეძებს მშვიდ ნავსაყუდელს. ძველი მამები წერენ, რომ დედა-შვილი ან მამა-შვილი ერთ მონასტერში არ უნდა მსახურობდეს. ისე ხდებოდა ხოლმე, რომ დედას მაინც ჩემთან უნდოდა ყოფნა. სადაც წავიდოდი, მეუფეს სთხოვდა, გამაყოლეო. ბოლოს მეუფემ მითხრა, სამწევრისშიც წაიყვანე დედაო. მაშინ ცოტა სულიერი განსაცდელი მქონდა და არ მინდოდა, დედას დაენახა ჩემი სულიერი ტკივილი. მინდოდა მარტო ვყოფილიყავი საკუთარ თავთან. ამიტომ მეუფეს ვთხოვე, არ გამომაყოლოთ-მეთქი.
- საოცარია, თქვენ, ხორციელი შვილი, და დედაც - ორივე დედები ხართ და დედაოთი მოგმართავენ. თითქოსდა საკუთარ დედას გაუტოლდით.
- ურბნისში, როცა დედას წინამძღვარი ვიყავი, მახსენდებოდა ბავშვობის წლები, როცა დედა მარიგებდა - ჩემს ადგილზე არ ხარ და იმიტომ განსჯი ასეო. როცა მონასტერში ვწინამძღვრობდი, დედა მახსენებდა ხოლმე, - ხომ ცუდია, ვიღაც რომ ერევა შენს გადაწყვეტილებაშიო. ახლა თითქოს თანაბარი გავხდით - მე დედას ვეძახდი, ის კიდევ დედაოს მეძახდა. ჩემი წინამძღვრობის პერიოდში გახდა მძიმედ ავად აწ გარდაცვლილი სქემმონაზონი ნინო (დაშნიანი). დედა ნინოს თავსმდგომი სჭირდებოდა, ისეთი, ვინც ფიზიკურ და სულიერ ტკივილებს დაუამებდა. ეს მორჩილება დედას დავაკისრე. დედა სქემმონაზონ ნინოს სიცოცხლის ბოლო წუთამდე ერთგულად უვლიდა. კანონებსაც დედა უკითხავდა, ლოცვებს, დაუჯდომლებსაც ასრულებდა, რაც სქემმონაზონის მოვალეობაში შედიოდა.
როცა ურბნისის მონასტრის წინამძღვრად დამნიშნეს, დედა ნინომ შვილივით მიმიღო. ძალიან პატარა ვიყავი როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად და მისგან დედობრივ სიყვარულს ვგრძნობდი. დედა ახლაც ურბნისში მსახურობს. სულიერი ერთობა ყოველთვის გვაქვს. დედა ყოველთვის გრძნობს ჩემს სულიერ სიმძიმეს და ტელეფონით მამხნევებს ხოლმე. წერილებს მიგზავნის. როცა მის წერილებს ვკითხულობ, ვმშვიდდები. თითქოს ლოცვაც არის მასში, კურთხევაც, დარიგებაც, დედობრივი სითბოც, მონაზვნის დარიგებაც. დედა ყოველთვის მარიგებს, რომ უბრალო ვიყო ცხოვრებაში და რაც შეიძლება მეტად მივბაძო ძველ ბერ-მონაზვნებს. თვითონაც ცდილობს ძველი დედების მიბაძვას.
ადამიანი ყოველთვის დგება არჩევანის წინაშე. როცა ღვთიურ არჩევანს აკეთებ, სულიერად ყოველთვის სიმშვიდე მოდის. ამით უნდა მიხვდე, რა არის უფლის ნება. როცა უფლის ნებას საკუთარი ნებაც ემთხვევა, მაშინ მოდის სულიერი სიმშვიდე. ხოლო თუ არ არის ღვთის ნება, სულში შფოთი ისადგურებს.
ურბნის-რუისის ეპარქიაში იმდენი ბრწყინვალე სასულიერო პირი იყო, რომ მათ შემყურეს მონაზვნობის სურვილი გამიმძაფრდა. მამა შიომ (ხარძეიშვილი) ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ცოცხალი წმინდანივით იყო.
- დედაო, კიდევ რომ გქონდეთ არჩევანის საშუალება, ისევ მონაზვნობას აირჩევდით?
- ჩემი ცხოვრების წესია მონაზვნობა. მონაზვნობისკენ მიდრეკილება თავიდანვე დევს ადამიანში, უბრალოდ, თავად უნდა გაამრავლო და განავრცო ეს ტალანტი. სხვანაირი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.
სამოციქულოში ნათქვამია, "რაჟამს მოგიწოდოთ უფალმა, ნუ განიფიცხებთ თქვენს გულებსო". უფალი მონაზვნობის მსურველს თავის კარამდე მაინც მიიყვანს, მაგრამ არა ისე, როგორც თავიდან მოუწოდა - მსუბუქად, არამედ განსაცდელების გზით მიდიან ხოლმე ხშირად ასეთი ადამიანები. თუ მართლა არჩევანის წინაშე დგებიან და გრძნობენ, რომ უფლისგან მიცემული აქვთ მონაზვნობის ნიჭი, თავიდანვე უნდა გადადგან ეს ნაბიჯი და როგორც მსუბუქი ტვირთი, ისე ზიდონ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი