მამა რომანოზის ღვთისმოშიშებითა და კრძალულებით შემოსილი დღევანდელობა სახარებისეული სიყვარულისა და მადლიერების გამომხატველია. მასთან სიახლოვე ღვთის სადიდებლად განგაწყობთ უნებლიეთ. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ბერმონაზონი რომანოზი (პირველმოსულიშვილი) დღეს "კარიბჭის" სტუმარი გახლავთ.
- მამაო, გვიამბეთ თქვენ შესახებ.
- დავიბადე თელავში 1972 წლის 28 აგვისტოს. დაბადებიდან ვიზრდებოდი დაბა კასპის მზრუნველობამოკლებულთა და ინვალიდთა სახლში. საშუალო განათლებაც, თავისთავად, იქ მივიღე.
მეც ერთი ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, თუმცა, სხვებისგან ცოტა განსხვავებით, მიყვარდა კითხვა, მხატვრული ლიტერატურა, ქართული პოეზია, რომელიც ჩემს სულს დიდ ძალას აძლევდა. არც ძალიან წყნარი და მორიდებული ვყოფილვარ. როცა პანსიონში სტუმრები მოვიდოდნენ, ზოგიერთნი - ჩემნაირ მდგომარეობაში მყოფნი - თავიანთი გარეგნობის გამო არ გამოჩნდებოდნენ. ერიდებოდათ, გარკვეული კომპლექსი ჰქონდათ. მე ასეთი პრობლემები არ მქონია. ალბათ ძალზე ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ არც ბავშვობაში გამჩენია შინაგანი პროტესტი: ასეთი რატომ გავჩნდი, ბავშვთა სახლში რატომ ვიზრდები-მეთქი...
ათეისტური პერიოდი იყო და არც არავითარი რელიგიური განცდა არ მქონია, უბრალოდ, ვფიქრობდი, რახან ასეთად გავჩნდი, ასეთიც გამოვდგომოდი საკუთარ თავსა და ქვეყანას. ამაში წიგნების კითხვა მეხმარებოდა.
- მშობლები, ახლობლები თუ გინახულებდნენ ხოლმე?
- როგორ არა, მოდიოდნენ, განსაკუთრებით - მამა. მშობლები დღესაც ცოცხლები მყავს. მყავს გათხოვილი დაც და ერთი ძმა. ისინი ძალიან მიყვარს.
- უფლის არსებობა როდის შეიგრძენით?
- როგორ გითხრათ... კასპის პანსიონში ცხოვრების პერიოდში მონათლული არც ვყოფილვარ. საშუალო განათლების მიღების შემდეგ მცხეთის პანსიონში გადავედი საცხოვრებლად, სადაც დროდადრო მღვდლები მოდიოდნენ. იხდიდნენ პარაკლისებს, ატარებდნენ ნათლობებს და მეც 18 წლის ასაკში, 1991 წლის 7 იანვარს, მომნათლა მამა რევაზმა (სიხარულიძემ), ნათლიაჩემი კი, ერისკაცობაში - გიორგი რაზმაძე, ამჟამად - დეკანოზი გიორგი, წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური გახლავთ. აი, ასე ვეზიარე ქრისტეს ნათელს და დაუსრულებელი სიყვარულის გარემოცვაში აღმოვჩნდი.
თუმცა ჩემი ეკლესიური ცხოვრების პირველი ნაბიჯები ქუთაისს უკავშირდება. მცხეთის ინვალიდთა სახლში მხოლოდ ერთი წელი ვიცხოვრე, შემდეგ დაიხურა (ამჟამად, როგორც ვიცი, საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია). ქუთაისის პანსიონში კი 4 წელი გავატარე - 1991-95 წლები. იმხანად მძიმედ ვავადმყოფობდი. წელიწადნახევარი ვმკურნალობდი. სანახავად მოდიოდნენ ეკლესიური ადამიანები, ახალგაზრდები, რომლებიც ფიზიკურადაც მივლიდნენ და ჩემი სულიერი ცხოვრების მოწესრიგებაზეც ზრუნავდნენ. არAშემიძლია, განსაკუთრებული მადლიერებით არ გავიხსენო შორენა გაბელაშვილი და მისი და, რომელიც ამჟამად მონაზონია, მთვარისა, მარიეტა, ოლეგი, სხვებიც, რომელთა სახელები, სამწუხაროდ, აღარ მახსენდება... მათთან სიახლოვემ მონასტერში ცხოვრების სურვილი აღმიძრა. მათ გელათის მონასტრის წინამძღვართან, მამა ნიკოლოზთან (ამჟამად არქიმანდრიტი გახლავთ) მიშუამდგომლეს. 4 თვე დავყავი მონასტერში. აღსარებას მამა ნიკოლოზს ვაბარებდი. მაშინ გელათში მხოლოდ ორი მორჩილი იყო.
წმინდა დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს მოწამეთაში მამა დავითი (აწ უკვე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი დიმიტრი) გავიცანი, რომელმაც ბათუმში გადმოსვლა შემომთავაზა. მეც ერთ თვეში გადავწყვიტე და 1995 წლის 21 დეკემბერს, კარგად მახსოვს, 5 საათზე ჩამოვედი ბათუმში. კოკისპირულად წვიმდა, თუმცა ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია. ფერიის მოხუცებულთა და ინვალიდთა სავანეში დამაბინავეს.
- როგორ მოხდა თქვენი ბერად აღკვეცა?
- ჩამოსვლის დღიდან სისტემატურად ვესწრებოდი წირვა-ლოცვას. მამა დავითის კურთხევით სასულიერო სემინარიაშიც ჩავაბარე. ბერობის სურვილი ქუთაისშიც მქონდა, მაგრამ მისი განხორციელება ბათუმში შევძელი. როცა მამა დავითს გავუმხილე, მან მეუფე იობს მოახსენა და მისივე კურთხევით, 1996 წლის 18 აპრილს ამჟამინდელმა არქიმანდრიტმა სტეფანემ სავანეში მორჩილის კაბით შემმოსა, ბერად კი იმავე წელს, 24 აგვისტოს, ბათუმის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღმკვეცა მეუფე იობმა. მამა დავითის ეპისკოპოსად კურთხევამდე სავანეში ვცხოვრობდი. შემდეგ თავისთან რეზიდენციაში გადამიყვანა, სადაც დღემდე ვცხოვრობ.
- რეზიდენციიდან გასვლა ხშირად გიწევთ? ვინ გეხმარებათ?
- ამ ეტლით, როგორც აჭარლები იტყვიან, დუნია-მემლექეთი მოვიარე. მკითხეთ, სად არ ყოფილხარ-თქო... ეკლესია-მონასტრები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მოვილოცე. ვიყავი ათონზეც, კაბადოკიაშიც... ღმერთით, დიდებულ ტაო-კლარჯეთსაც მოვილოცავ. ერთი სიტყვით, ძმები, სადაც შეიძლება - ეტლით, სადაც არა - ეტლთან ერთად მატარებენ. ამაზე დიდი წყალობა რა უნდა იყოს? ჩემი ცოდვილი თავი განა ღირს ამდენ პატივად? დავით ზამბახიძე და ირაკლი დეისაძე, მეუფის კურთხევით, რეზიდენციაში ცხოვრობენ. უფრო სწორად, ეს ახალგაზრდებიც და სხვებიც ჩემი ცხოვრებით ცხოვრობენ და მუდამ მზად არიან, დამეხმარონ.
- მამაო, სააღდგომო მარხვა დაიწყო...
- ღმერთმა მარხვა ჩვენი სულის გაკეთილშობილებისთვის დააწესა. მარხვაში გამოჩნდება ჩვენი ერთგულება უფლისადმი, თუ რისი დათმენა შეგვიძლია. შევეცადოთ, ყოფითი საზრუნავით დამძიმებული ცხოვრების რიტმი სულზე ზრუნვით შევცვალოთ. ბოროტი ყველაზე მეტად, ცხადია, მარხვაში მძვინვარებს. თუკი ჩემს მდგომარეობაში მყოფი ფიზიკურად განრიდებულია ცოდვას, ეშმაკი სხვა კუთხიდან უწყებს შემოტევას, ცდილობს, გონებაში მოიძიოს საყუდელი - ხან ხიბლით, ხან ამპარტავნებით, ხან თვითდაჯერებულობით... ვინ მოთვლის ეშმაკის მანქანებას! რომ არა ბერობის მადლი, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა...
- სათნოებათაგან რომელზე ისურვებდით საუბარს?
- ღმერთმა ყველაფერი სიყვარულით და სიყვარულისთვის გააჩინა. ნებისმიერი ღვაწლი მარხვაშიც და სადაგ დღეებშიც სიყვარულიდან უნდა მომდინარეობდეს. "იხილეთ, რაბამი სიყვარული მომცა ჩვენ მამამან, რაითა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ" (I იოანე 3,1). ღმერთის შვილებად წოდებულებს არ გვაქვს უფლება, სიყვარულით არ დავიხარჯოთ.
მინდა, ჟურნალ "კარიბჭის" ყველა თანამშრომელს, მკითხველსა და სრულიად საქართველოს მშვიდობიანი, ნათელი მომავალი ვუსურვო. ყველას ერთიან, გაბრწყინებულ საქართველოში გვეცხოვროს!
ესაუბრა ირინარქი (იზოლდა) კვირკველია