ბერ-მონაზვნის გზა მოკლედ და ზუსტად არის გადმოცემული ბერი დანიელის ამ სიტყვებით:
"ვინც უფლის სიყვარულით მოისურვა ბერმონაზვნური ცხოვრება და გადაწყვიტა, მისდიოს მას, ხედავს, რომ საერო ცხოვრების მაცდურ პირობებში ის ვერ შეძლებს უერთგულოს სახარების მცნებებს და დაიცვას უბიწო ხატი უფლისა, ამიტომ ტოვებს საერო ცხოვრებას, უფლის აღთქმათა სიყვარულით ტოვებს მშობლებს, ძმებს, დებს, თანატოლებს, წუთისოფლის ყველა სიხარულს, ერთადერთი მიზნით - გახდეს უფლისთვის სათნო. ბერმონაზვნური ცხოვრება ასწავლის ვიწრო და მწუხარებით აღსავსე გზას, ლოცვას, მარხვას, ღამისთევასა და ყოველგვარი საერო ფუჭსიტყვაობის უარყოფას. ბერი თმობს ქონებას, ყველა ამქვეყნიურ სიამოვნებას, თმობს საკუთარ ნებას და შეხედულებებს, მიდის მონასტერში და ნებაყოფლობით ეწევა მორჩილებას უფლის სიყვარულისთვის".
15 წელიწადი გავიდა მას აქეთ, რაც ბერმა სვიმონმა (აბრამიშვილი) აღთქმა დადო და ბერმონაზვნურ მოღვაწეობას მიუძღვნა თავი. იმ დროისთვის მონასტრული ცხოვრება საქართველოში ახლად იდგამდა ფეხს. მამა სვიმონმა ტკივილებით, სიძნელეებითა და დაბრკოლებებით აღსავსე, მაგრამ სულიერი თვალსაზრისით მეტად საინტერესო და ნაყოფიერი გზა განვლო. იგი ყველაზე მძიმე პერიოდში მოღვაწეობდა აფხაზეთში. 1993 წელს ჩავიდა ამ მხარეში და თითქმის სოხუმის დაცემამდე დარჩა. იმ ძნელბედობის ჟამს განუზომლად ფასეული იყო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მოღვაწეობა აფხაზეთის ტერიტორიაზე და იქ მყოფი სასულიერო პირების თავგანწირულმა სულისკვეთებამ, გმირობის მაგალითმა ბევრი ადამიანის ეკლესიაში მოსვლასა და სულიერ გადარჩენას დაუდო საფუძველი.
- მამაო, რატომ აირჩიეთ მონასტრული ცხოვრების გზა?
- ბერობა ერთ დღეს არ გადამიწყვეტია. დიდი სულიერი გარდატეხა მოახდინა ჩემში 9 აპრილმა. მაშინ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი გახლდით. 9 აპრილმა გამოაჩინა, რომ ჩვენ ვიყავით მოტყუებული თაობა. ვცხოვრობდით ყალბ, ძალადობაზე, სიცრუესა და აბსურდზე აგებულ სამყაროში. დავინახეთ, რომ სინამდვილეში არაფერს წარმოადგენდა ადამიანთა უფლებები, მოვალეობები. ამის მერე გადავწყვიტე, ამერჩია სასულიერო გზა. დავიწყე ინტენსიური სიარული ეკლესიაში. პირველი ზიარება ანჩისხატის ტაძარში მივიღე. მაშინ იქ მსახურობდა ჩემი მოძღვარი - მეუფე დანიელი (მაშინ მამა დავითი). უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჩავაბარე სასულიერო აკადემიაში. ბერობაზე ვფიქრობდი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მიძნელდებოდა - ვაითუ ვერ შევძლო ამხელა ჯვრის ზიდვა-მეთქი. ამასობაში ქვეყანაში საშინელი მდგომარეობა შეიქმნა. თბილისის ომის შემდეგ მოასტერში წასვლა გადავწყვიტე. მეუფე დანიელის ლოცვა-კურთხევით, სხალთის მონასტერში წავედი ერთი წლით. ოჯახის წევრებთან სიცრუის თქმა დამჭირდა - საბერძნეთში მიშვებენ სასწავლებლად-მეთქი, რათა ხელი არ შეეშალათ ჩემთვის. უკან დასაბრუნებელი ყველა გზა მოვიჭერი. თუკი რამ მებადა, ყველაფერი გავაჩუქე. ათი თვის თავზე მორჩილის კაბით შემმოსეს. ეს იყო 1993 წელს. ამ დროს სხალთაში ჩემთან ერთად მოღვაწეობდა მღვდელმონაზონი ანდრია ყურაშვილი, რომელიც კომანში მოკლეს.
- როგორ მოხვდით აფხაზეთში?
- პირველად აფხაზეთში მაშინ ჩავედი, როდესაც მეუფე დავითის (ჭკადუა) გარდაცვალების შემდეგ წმინდა სინოდმა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსად მეუფე დანიელი (დათუაშვილი) გამოარჩია. მე და მღვდელმონაზონმა ანდრიამ, როგორც მეუფე დანიელის სულიერმა შვილებმა, გადავწყვიტეთ, აფხაზეთში გავყოლოდით მოძღვარს. ჩვენთან ერთად იყვნენ მონაზვნებიც. 1993 წლის თებერვალში აფხაზეთში გადავედით. ჩვენ იქ ომის ბოლო, ძალიან მძიმე შვიდი თვე გავატარეთ.
სოხუმში საზარელი სანახაობა დაგვხვდა, ადამიანები სასოწარკვეთილნი იყვნენ, მხოლოდ გადარჩენის ინსტინქტით მოქმედებდნენ.
სოხუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, უწმინდესის ყოფილ რეზიდენციაში, დავაარსეთ წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტერი. ლესელიძის ქუჩაზე მდებარე საკათედრო ტაძრის მახლობლად კი დედები დასახლდნენ. ხალხის უმრავლესობა აბსოლუტურად ურწმუნო იყო. დიდი მარხვა ახლოვდებოდა. მე და მამა ანდრია მეუფემ გვაკურთხა, რომ კომანის მონასტერში წავსულიყავით. ერთხანს მანქანით ვიარეთ. შემდეგ, რაკიღა მანქანის გამოჩენა აკრძალული იყო, ფეხით განვაგრძეთ გზა. კომანში დაგვხვდნენ მონაზონი მარიამი (ანუა), მაშინ ზოია, მისი შვილი მანანა და მეუღლე - იური (გიორგი) ანუა. ხშირად ვატარებდით წირვებს. მაშინ მამა ანდრია დაახლოებით 26 წლისა გახლდათ, მე 27-ის ვიყავი.
- რამდენად იგრძნო ხალხმა თქვენი მხრიდან გამოჩენილი სულიერი თუ მორალური თანადგომის ძალა?
- კომანის გარდა დავდიოდით ახლომახლო სოფლებში: ახალსოფელში, შრომაში... ყველგან ვხედავდით ადამიანთა უსუსურობას. ბევრს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ღმერთზე, სულიერ ცხოვრებაზე. მაგრამ როცა ვესაუბრებოდით, ვუხსნიდით, მოდიოდნენ, იყო შიშის, უთანხმოების მომენტებიც. ჯარისკაცები აცხადებდნენ, - ვაითუ მეგობრებმა დაგვცინონ. გვითხრან, აქამდე ღმერთი არ გახსოვდათ და ახლა რამ გაგახსენათო. ვარწმუნებდით, იმის აღიარება კი არ იყო სირცხვილი, აქამდე რომ არ ახსოვდათ ღმერთი, არამედ ის, რომ სიკვდილისთვის თვალის გასწორების დროსაც არ შეეძლოთ დანახვა. ეს ადამიანები მე და ანდრიას ხშირად გვეკითხებოდნენ, რატომ გახდით ბერებიო. განსაკუთრებით უკვირდათ, წესის აგებაში ფულს რომ არ ვიღებდით, - აბა, რით არსებობთო. მრევლი თანდათან გამრავლდა.
ხშირად გვიწევდა ჯარისკაცებთან გასვლა. ვაკურთხებდით სამხედრო ნაწილებს, ყაზარმებს, ვანუგეშებდით მათ, ვესაუბრებოდით, ვჩუქნიდით ჯვრებს, ბროშურებს, ლოცვის წიგნებს, ხატებს... გავდიოდით მრევლში და ვქადაგებდით. პირდაპირ ოჯახებში შევდიოდით და ვეუბნებოდით, რომ ქართველობა არის მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა. ამან დიდი შედეგი გამოიღო. ხალხი თანდათან გვიახლოვდებოდა, ეკლესიაში მოდიოდა.
უწმინდესმა მოგვცა კურთხევა, რომ იქაურებიდან ვისაც სურვილი ჰქონდა, მოგვენათლა და თუ მონათლულნი იყვნენ - გვეზიარებინა, მიუხედავად იმისა, იმარხულეს თუ არა. პატრიარქმა სააღდგომო საჩუქარიც გამოგზავნა - პასქა, კვერცხი, კონიაკი. მრევლზე ამან საოცრად იმოქმედა. ჯარისკაცებმა თავი მიტოვებულად აღარ იგრძნეს, ამის შემდეგ წირვა-ლოცვებს ინტენსიურად ესწრებოდნენ. ღამისთევის ლოცვები ხშირად ტარდებოდა და ტაძარი ყოველთვის სავსე იყო. ბოლოს, როდესაც სოხუმში მდგომარეობა მეტისმეტად დაიძაბა, ჩვენდა გასაკვირად, შევიტყვეთ, რომ თურმე ჯარისკაცები საიდუმლოდ გვყარაულობდნენ, დედებსაც იცავდნენ და ეხმარებოდნენ. მოდიოდნენ და დაღუპული მეგობრებისთვის პანაშვიდის გადახდას გვთხოვდნენ. მათმა შემყურე ჯერ ხნიერმა ქალებმა დაიწყეს ტაძარში სიარული, შემდეგ - ახალგაზრდებმაც. დედებს ბავშვებიც მოჰყავდათ.
როდესაც დაჭრილები მომრავლდნენ, საავადმყოფოებში დავდიოდით და ვეხმარებოდით მათ. უპატრონოების სია გვქონდა შედგენილი, საჭმელს ვუზიდავდით. წინა ხაზებზე გავდიოდით - საზიარებლად, მოსანათლად. ჩვენ გვერდით იყვნენ და ერთად ვეხმარებოდით გაჭირვებულ ადამიანებს მაშინ ჯერ კიდევ ერისკაცნი - მამა ბენიამინი (ბელქანია), ამჟამად მარტყოფის მონასტრის წინამძღვარი, მისი ძმა, ბერმონაზონი ელისე, მეუფე ისაია (ჭანტურია) და სხვები.
ჩვენს თვალწინ იღუპებოდნენ ადამიანები. ასეთი განსაცდელის პირისპირ რომ აღმოვჩნდი, სულ სხვანაირი სიმწვავით დავიწყე ფიქრი ყოფნა-არყოფნის საკითხზე. აშკარად ვგრძნობდი, რომ აქ ალბათობა, "შემთხვევითობა" გამორიცხული იყო, სასწორზე იდო თითოეულის სიცოცხლე. ერთადერთი - ღმერთზე მინდობაღა რჩებოდა. სხვა იმედი არ არსებობდა. ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გამიღრმავა ბერად აღკვეცის სურვილი.
- ალბათ მამა ანდრიას მაგალითმა და მისმა მკვლელობამაც იმოქმედა თქვენს გადაწყვეტილებაზე. თქვენ სად იყავით იმ დროს?
- მეუფე დანიელის კურთხევით, მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ეწყობოდა ფეხით მსვლელობა ხატ-ჯვრებით. ამ მსვლელობაში მეც უნდა მიმეღო მონაწილეობა და ამ მიზეზით არ აღმოვჩნდი იმ წუთებში მამა ანდრიას გვერდით. მამა ანდრიას მკვლელობამ ყველაზე საშინლად იმოქმედა. მოდიოდნენ არა მხოლოდ მოსასამძიმრებლად, არამედ უდიდესი სინანულის გამოსახატავად. მამა ანდრიას გვერდით ცხოვრებამ დამანახა ბერული ცხოვრების სიდიადე.
განსაკუთრებით იმოქმედა ჩემზე ასევე თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული მრევლის დამოკიდებულებამ სასულიერო პირების მიმართ, მათმა ნდობამ, სითბომ და სიყვარულმა. ისინი მხარში გვედგნენ და ერთად ვეხმარებოდით გაჭირვებულებს. ეს ადამიანები შეგვნატროდნენ, თვალებში შემოგვციცინებდნენ, თითქოსდა რაღაც გამორჩეულები, განსაკუთრებულები ვიყავით. ეს გვავალებდა, რომ ყველასთვის სიტყვითა თუ ქმედებით მაგალითის მიმცემნი ვყოფილიყავით, რაც სულიერი განვითარებისა და გაძლიერების სტიმული გახლდათ.
ახლაც არ ვიცი, რა ძალა შეგვეწეოდა. ქალაქი იბომბებოდა და ჩვენ ვგალობდით. არანაირი შიშის გრძნობა არ არსებობდა. მრავალი ადამიანისთვის იყო საჭირო ის, რასაც ვაკეთებდით და ეს შინაგან ძალას გვმატებდა.
- ბერად მაშინ აღიკვეცეთ, როცა ქალაქი თითქმის ყოველდღე იბომბებოდა...
- ბერად აღვიკვეცე 1993 წლის 24 აგვისტოს. 5 დღე წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტერში დავყავი. მერე დავიწყეთ ფეხით მსვლელობა აფხაზეთის ტერიტორიაზე. დაბომბვაში მოვყევი. დავიჭერი, ბომბის წნევამ 7,8 მეტრზე გადამაგდო და ფეხი დავიზიანე. ვეღარ დავდიოდი. 20 სექტემბერს სოხუმიდან გადმოვფრინდი თბილისში, საავადმყოფოში დამაწვინეს, ერთი კვირის თავზე სოხუმიც დაეცა.
- თითქმის 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მონაზვნური ცხოვრების აღთქმა დადეთ. ამ გადასახედიდან როგორ აფასებთ განვლილ გზას, რამეს ხომ არ ნანობთ?
- ვნანობ, პირველ რიგში, იმას, რომ დავაგვიანე ბერული აღთქმის დადება. ალბათ ესეც ღვთის ნება იყო. ბერულ აღთქმაში პირველ ადგილზე დგას მორჩილება. მე კი ვნანობ იმას, რომ მოღვაწეობის მანძილზე ხშირად მიწევდა ადგილის შეცვლა, რასაც, უმეტეს შემთხვევაში, მოუმზადებელი ვხვდებოდი. ამას კი ბევრი შეცდომა მოსდევდა. ბერი უნდა იყოს მეტად დინჯი, ბრძენი, აუჩქარებელი. ასჯერ უნდა გაზომოს და მხოლოდ ერთხელ გაჭრას, ფრთხილი უნდა იყოს. განვლილ გზას რომ გადავავლებ თვალს, ვგრძნობ, უფრო მეტი სიკეთის გაკეთება შემეძლო... ვნანობ დაკარგული, არასწორად გამოყენებული წლების გამო.
ბერობა არის ანგელოზური ცხოვრების წესი დედამიწაზე. შავი სამოსის ტარება იმის ნიშანია, რომ ბერი მკვდარია ყველა ამქვეყნიური აზრისთვის, ფიქრისთვის, სურვილისთვის... უფალი ბრძანებს: "უარყავ თავი შენი, აღიღე ჯვარი და შემომიდეგ მე". ამიტომ ბერ-მონაზონმა, პირველ რიგში, თავისი თავი უნდა დაივიწყოს და ბოლომდე მიენდოს ღმერთს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი