ლოცვაში გატარებული წუთისოფელი
როცა ადამიანი გამჩენ ღმერთს შეიყვარებს "ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა", საკუთარ თავს უფრო უღრმავდება, სულიერ და ფიზიკურ სახეცვლილებას გრძნობს და უფალს გულმხურვალედ, თვალცრემლიანი სთხოვს ღვთის ნების აღსრულებას.
ხშირად უფალი მას განაშორებს ამ ქვეყნის ორომტრიალს და უფალზე ქორწინებას სთავაზობს.ღვთის გზაზე შემდგარი ადამიანი უფლის წინაშე აღთქმას დებს, სიცოცხლის ბოლომდე უშურველად ემსახუროს შემოქმედს, უარყოს საკუთარი სურვილები და დღეები ღვთის ნებით და უფლის დიდებაში გალიოს. მორჩილებით დაითმინოს მასზე მოწეული ყოველგვარი განსაცდელი, სიხარული და სულიერი მოძღვრის კურთხევა უფლის მაუწყებელ სიტყვად მიიღოს.
წმინდა მამა, არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი წიგნში, "სულიერ შვილებს - მონაზვნობის შესახებ", წერს: - "ჩემო კურთხეულო შვილებო, გააცნობიერეთ უფლის მიერ მომადლებული ნიჭი - გახდეთ მისი სასძლოები. ამიტომ განუზომელი სიმდაბლით მოდით, მიუძღვენით სული ტკბილ იესოს და გულწრფელი სიყვარულით აღუთქვით, რომ სიკვდილამდე მისი სიყვარულის ერთგულნი დარჩებით... ეს წმინდა თავის მიძღვნა ღვარძლიან ეშმაკს გააშმაგებს და თქვენ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბამს. თქვენ ნუ შეშინდებით, რადგან შემწედ საყვარელი იესო გეყოლებათ. გამხნევდით და ნუ გეშინიათ: უფალი უხილავი ხელით უხილავ მტრებს შემუსრავს. ღვთისა და წინამძღვრების მიმართ რკინისებრი რწმენა და სრული მორჩილება გქონდეთ და ღვთის შეწევნა და მათი ლოცვა-კურთხევა სასწაულებრივად დაგიფარავთ".
დამწყებ მონაზვნებს ურჩევს: "დედამიწაზე ყველაზე მეტად თქვენი სიძე - ქრისტე შეიყვარეთ, რომ ზეცაში ნეტარებდეთ. ნუ იზრუნებთ რაიმე მიწიერზე, მხოლოდ იმაზე იფიქრეთ, როგორ სათნოეყოთ უმშვენიერეს სიძეს - ქრისტეს, რადგან სულიერი ქორწინება საუკუნოდ გასტანს, ხოლო ამქვეყნიური - საერო ცოტა ხანს გაგრძელდება. შემდეგ კი ცხოვრების სატანჯველი, წვალება და შრომა დაიწყება. თუკი ვინმე მონაზვნურ ცხოვრებაში გაირჯება, ყველაფრისთვის უხვ და მარადიულ სასყიდელს მიიღებს, თუმცა მშობლების, და-ძმებისა და სხვათა დამტოვებელთ ამქვეყნადაც ასწილად მოგვეგება. იესო ქრისტესმიერ კრებულს შეგვძენს, სადაც სიყვარული სულიერია, სიყვარულის მიზანი კი ჩვენს სულიერ წინსვლაშია. ხოლო ხორციელს მხოლოდ ფიზიკური და ამაო უყვარს".
ბერი იოსებ ათონელი მონაზვნის აღთქმის შესახებ გადმოგვცემს: "თუკი მონაზონი აღთქმის დადების შემდეგ დაუძლურდება, უდებებაში იქნება და მოძღვარსა და ძმობას უმიზეზოდ დატოვებს, მას მომაკვდინებელი მწუხარება მოიცავს, რადგან დიდი ჭირი ეწევა და სამსჯავროს ვერ გაექცევა. ცხოვრების ბოლომდე უნდა იზღვიოს თავისი საქციელი და ბოლოს მაინც ვალში დარჩება. აღთქმისა და მცნების დამრღვევად შეირაცხება, რადგან თქვა უფალმა: "რომელსა უყვარდეს მამაი ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს", და კიდევ: "არავინ დასდვის ხელი სახვნელსა და ჰხედავნ იგი გარეშეუკუნ და წარმართულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა"; და კვლავ: "კეთილ არს რომელ არა აღუთქმად შენდა, ვიდრეღა აღთქმასა შენდა და არა მიცემად".
***
მონაზვნურ გზაზე შემდგართა პირადი ცხოვრება ერთმანეთისგან განსხვავებულია. ზოგის თავგადასავალი სევდიანია, ზოგისა - სიხარულის მომნიჭებელი. ერთი კი ცხადია - საერო ცხოვრებას ყველა მათგანი ღვთის ძახილმა განაშორა, მონაზვნად გამოარჩია და მარტო დატოვა უფალთან სასაუბროდ. მადლობა ღმერთს, რომ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დღეს მრავალი ეკლესია-მონასტერი იხსნება. ბერ-მონაზვნებიც ძლიერდებიან ღვთისა და ერის საკეთილდღეოდ. სარკის მამათა მონასტრის მამებმა ბერული აღთქმის დადების შემდეგ ცხოვრების გამოცდილება "კარიბჭის" მკითხველს გაუზიარეს.
- როცა ერში ვცხოვრობდი, ბერობის სურვილი შინაგანად ცოტა მაინც მქონდა. ბებიას ნაამბობს რელიგიურ დღესასწაულებზე სულგანაბული ვუსმენდი. მეუფე იობთან სიახლოვემ კი ბევრი რამ შემძინა. ბერობა რეალობად მექცა. რასაც თურმე მთელი სიცოცხლე ველოდი და მაინტერესებდა, ბერულ ცხოვრებაში აღმოვაჩინე, - მიამბობს მონასტრის იღუმენი ისაია (გოგიბერიძე), - როცა სულიერი ცხოვრება დავიწყე, ამას ვერ ეგუებოდნენ ჩემი მეგობრები. მორიდებით მიყურებდნენ და ეს მახარებდა, რადგან უფრო მეტი პატივისცემა უჩნდებოდათ ღმერთის მიმართ. ახლა უკვე ისინი აღსარებასაც მაბარებენ, დღესაც ვმეგობრობთ და ყველანაირად გვერდით მიდგანან.
1996 წელს მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით იერუსალიმის წმინდა ადგილები მოვილოცე. მაშინ კაბოსანი მორჩილი ვიყავი და ერთადერთი, რაც ვთხოვე უფალს, ბერობის აღთქმის დადება იყო. რამდენიმე თვეში ბერად აღვიკვეცე. ღვთის მადლით, ვცდილობ, ჩემი ცხოვრება ლოცვა-კურთხევით გავლიო.
ბერი მუდამ ლოცვაში უნდა იყოს, მთავარი მორჩილება და ლოცვა-კურთხევის შესრულებაა. წმინდა მამები გვასწავლიან: სამი რამ გახსოვდეთ - ღმერთი, მოძღვარი და საკუთარი თავი. ბერმა არასდროს არ უნდა დაივიწყოს უფალი, გულწრფელი იყოს საკუთარ თავთან და მოძღვართანო. ამ შემთხვევაში ყოველთვის გზა ხსნილი გვექნება და არასდროს დავეცემით.
ჭეშმარიტი ბერი საკუთარ თავს ისეთს არ დაგანახებს, როგორიც არის. მისი ფარული მორჩილება მხოლოდ უფალმა და მოძღვარმა იციან. მორჩილება კი ათი მცნებიდან გამომდინარეობს და უდიდესი გვირგვინია. ბერობა საკუთარი თავის უარყოფა და უფლისთვის შეწირვაა. ბერი პირადი ცხოვრებით მქადაგებელი უნდა იყოს. წმინდა ანტონ დიდმა ხილვა ნახა - მთელი დედამიწა ეშმაკის მახეში იყო გაბმული და მასში ბევრი ადამიანი იხლართებოდა. ამის შემყურეს გული შეუწუხდა და ატირებულმა იკითხა, - ვინ გადარჩებაო. ღვთისგან ხმა შემოესმა, - მორჩილი და თავმდაბალიო. მორჩილება მონობას არ გულისხმობს. პირადად მე მოძღვარს, ათი მცნებიდან გამომდინარე, ყველაფერში დავეთანხმები, მაგრამ თუ ამ ათ მცნებას გადაუხვევს სულიერ საკითხებში, ვერ დავეთანხმები. ერში მცხოვრებს მშობლების მორჩილება უნდა ჰქონდეს. ესეც ათი მცნებიდან გამომდინარეობს. როცა ბერობა გადავწყვიტე, მშობლები წინააღმდეგი წავიდნენ, განსაკუთრებით მამაჩემი. არ დავემორჩილე (თუმცა ეს არ ნიშნავს მორჩილების დარღვევას) და უფლის ხმას გავყევი. მამათა ცხოვრებიდანაც უამრავია მსგავსი მაგალითი. ბევრ მამას სურდა მონასტერში წასვლა, მაგრამ მშობლების ხანდაზმულობას დაუბრკოლებია. საბოლოოდ, მაინც ღვთის გზა აურჩევიათ.
ლოცვას დიდი ძალა აქვს. ბოროტმა ეს იცის და ხშირად ებრძვის ადამიანებს. მარადჟამს უნდა ვცდილობდეთ, ჩვენი ლოცვა ფხიზელი, გულწრფელი და ყოველდღიური იყოს. ბერის ცხოვრება ლოცვაში განვლილი წუთისოფელია. ითხოვეთ და მოგეცემათო, - სახარება გვასწავლის. ვითხოვოთ ღვთისგან სულიერი საზრდო და ღვთის შეწევნა.
ღვთის დაშვება კი არის, მაგალითად, ავადმყოფობა. უფალმა განსაცდელი დაუშვა იმიტომ, რომ გამოგვაფხიზლოს და სწორ გზაზე დაგვაყენოს. ღვთის ნება იყო, რომ უფალმა ამქვეყნად მოგვავლინა. ღვთის ნება არ არის ბოროტება - ეს ღვთის დაშვებით ხდება, რათა გავარჩიოთ, რომ ბოროტება ცუდია. ყოველივე ამის კარგად გარჩევა კი ეკლესიის წიაღში მყოფ ადამიანებს შეუძლიათ. ეკლესიური სწავლებით, ადამიანი იზრდება, ყალიბდება და რწმენაში მტკიცდება. ეკლესიის გარეშე ხომ შეუძლებელია გადარჩენა. წმინდა მამების სწავლებით, ეკლესია არის ხომალდი აბობოქრებულ ზღვაში, რომელსაც ერთი ნაპირიდან მეორეზე ძალუძს გადასვლა. როცა ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას დაიწყებს, უკან აღარ უნდა გამოვიდეს და ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს ცხონებაზე. მონასტერი კი სულიერი სავანეა.
სარკის მონასტერში ამჟამად ექვსნი ვართ. გვყავს ბერდიაკვანი იოანიკე, ბერი ბარნაბა, მორჩილი ლაშა, გიორგი და გოჩა. ჩვენი ძმობიდან ორნი - მამა თეოდოსი და მამა ანთიმოზი მღვდლად აკურთხეს. მეუფე იობმა ორივეს ახალი მონასტერი ჩააბარა და სქემაშიც აღკვეცა.
ზამთარში საკუთარ თავთან მეტი ჩაღრმავების საშუალება გვაქვს. ამ დროს ფიზიკურად ნაკლები სამუშაოა და გამუდმებით წირვა-ლოცვას ვასრულებთ. ამით ბედნიერები ვართ.
ბერდიაკვან იოანიკეს (ტყეშელაშვილი) ბერული აღთქმის აღსრულებაში, როგორც თავად თქვა, უფალი ეხმარება და დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებს:
- როდესაც ადამიანი ჭეშმარიტი გზით მიდის, მას სულიერი წინააღმდეგობები და დაბრკოლებები აქვს. სწორედ ასეთ მდგომარეობაში მყოფს სჭირდება დახმარება, ურთიერთსიყვარულით სიმძიმის გადატანა. წმინდა მამები გვირჩევენ, როდესაც მოყვასი დახმარებას ითხოვს, დაუტევე ბერული კანონი და მოყვასი ააყენეო.
მორჩილება გამოიხატება მოკრძალებაში, სიყვარულში. სიყვარული ხომ ყველაფერს შობს. როცა ერში ვცხოვრობდი, ერთხელ მარტო დარჩენილი ჩავუღრმავდი საკუთარ თავს და ვიგრძენი უფლის უდიდესი სიყვარული. შინ მაცხოვრის ხატი მქონდა. დახმარება ვთხოვე. მაშინ ვიგრძენი, რას ითხოვდა ჩემგან უფალი. მაშინ ვიგრძენი, რა იყო ჩემთვის სარწმუნოება. მას შემდეგ ყოველნაირი სიმძიმე მომეხსნა. ასე თანდათან დაიწყო ჩემი სულიერი გამოღვიძებაც.Aაღსარების საშუალებით პირველი ნაბიჯები გადავდგი ეკლესიისკენ და დიდი მადლი მივიღე. ძალიან ბევრი დაბრკოლება შემხვდა ერში. ვგრძნობდი, რომ ის მოდიოდა არა ადამიანისგან, არამედ ადამიანის სახით ბოროტისგან. ჩემი ჯვარი მონასტერში ვპოვე.
ბერმა, უპირველეს ყოვლისა, მორჩილებით უნდა იღვაწოს. თუ ადამიანს მორჩილება არა აქვს, დაიღუპება. მართალია, ბერობის გზაზე დაცემაც ხდება, მაგრამ აღდგომაც აუცილებელია. ერთი მამა ცხოვრობდა თავის სულიერ მოძღვართან. როცა დაცემას განიცდიდა, მოძღვარს გულწრფელად შესჩივლებდა ხოლმე, მამაო, დავეციო. ასე გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში. თუ დაეცი, ადექი. ყველა დაცემას აღდგომა მოსდევს და ყველა აღდგომას - დაცემაო, - პასუხობდა მოძღვარი. როდემდე, მამაოო. სიცოცხლის ბოლომდეო. ღმერთი მოწყალეა და ადამიანმა სასო არ უნდა წარიკვეთოს. სასოება უფლისა არის სულიერი ძალა და სულიერი წინსვლა. მონასტერში დაცემა შეიძლება სულიერი მდგომარეობიდან, ურჩობიდან გამომდინარეობდეს. მთავარია, ყველა დაცემას თან ახლდეს სინანული, რომელიც ყველაფრის მკურნალია. სიყვარული დიდი შრომით და მოღვაწეობით მოიპოვება. მოღვაწეობა კი სწორ ცხოვრებაში და მოძღვართან სულიერ კავშირში გამოიხატება. მონასტერში, სერობის მერე, ყოველთვის მეტანიებს ვაკეთებთ და ერთმანეთს შენდობას ვთხოვთ.
საუბარში ბერი ბარნაბა (დარახველიძე) შემოგვიერთდა: - ბათუმის პედაგოგიური კოლეჯის დამთავრების შემდეგ თბილისის თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ ეროვნულ აკადემიაში ჩავაბარე. ორი წლის შემდეგ საკუთარი ნებით დავტოვე აკადემია - უფალმა მომიწოდა, ბერული ჯვარი მეტვირთა, რომელიც ტკბილი არის და მსუბუქი. ჩემი მშობლები მორწმუნეები იყვნენ და ღვთის ნებით იღებდნენ ჩემს ყოველ გადაწყვეტილებას. 2005 წელს გავხდი აღმსარებელი. პირველად ბათუმის ახალშენის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ ვასილ ბერიძეს ვთხოვე ჩემი დამძიმებული მდგომარეობიდან გამოყვანა. მან მიმიღო, როგორც ძე შეცდომილი და დამარიგა.
მშობლების ლოცვა-კურთხევით წამოვედი მონასტერში და ბერული აღთქმა დავდე.
ადამიანში მთავარი სინანულია. ერში ყოფნის დროს მეც მეგონა, რომ რწმენა მქონდა, მაგრამ... უფალს ღვთის სიყვარულით და კაცთმოყვარეობით უნდა მივეახლოთ. უფალი კი თვალს აგვიხელს, გულში ჩაგვიკრავს.
ბერული აღთქმა საკუთარი თავის უარყოფას ნიშნავს, პირველ რიგში, უფლის და მოძღვრის მორჩილებას. ერთმა წმინდა მამამ მორჩილს დიდ მარხვაში ხორცის ჭამა უთხრა. მორჩილი ამის გაგონებაზე დაბრკოლდა. მოძღვარმა ეს იგრძნო და მიუგო: - შვილო, რომ იცოდე, მორჩილება ყველაფერზე აღმატებულიაო.
მინდა ყველამ იცხოვროს თავმდაბლობით, მორჩილებით და უფლის მცნებების დაცვით.