მოკლე სახელმძღვანელო მონაზონთათვის
წმინდა ალექსი შუშანია
XXII
სიმდაბლის უფსკრული ისე ღრმაა და ისე შთანთქავს
ფარულად ყოვლისავე სათნოებათა სიმდიდრეს, რომ მომგებელსა მას მუშაკსა სათნოებისასა არას გზით არა სჯერა ქონან თუ არა მას რამე წმიდა ღვთიური სათნოებანი, რადგან ყველაფერში სიყალბე და ამპარტავნება შექსოვილ-არს.XXII
***
მამათა სწავლებაში პირველი ადგილი უჭირავს თავის განკითხვას, თვისი მოქმედების განმსჯელობას, ე.ი. ბერი მარადის თავის მოქმედებას სულიერად განსჯის ცეცხლში უნდა ატარებდეს და მას შინა სიყალბის, ბოროტ მიდრეკილებების და სიგლახის აღმოჩენით ცნობდეს მის უბადრუკებას. ***
გულის ხმის ყოფით თავის განმკითხველ მონაზონს თუ ჭეშმარიტი ხედვა აქვს, ზეგარდმო მიღებული, უსათუოდ თავი თვისი წარმოუდგება საზიზღარ არსებად და ესრეთი ხედვა ისე შეესისხლ ხორცება მას, რომ არას გზით არა სჯერა თუ ღვთის მოსაწონი რამე უქმნია მას; ეს ისე ძლიერად და ღრმად შთანერგულია მის გულში, რომ თუნდაც მთელი ქვეყანა ღაღადებდეს მის კეთილ საქმეებს, იგი მაინც ამას ყოველსა დასასჯელად მისსა ხედავს. და შეიძლება ასეთი შემეცნება, გინა არსებით შესლვა თავის უღირსების ხედვაში, იყოს გზა ღვთის განგებისა და დაუშრობელის წინ სლვის წყაროდ.***
თუმცა პავლე მოციქული ამბობს: "სრბა აღმისრულებიეს, ღვაწლი კეთილი მომიღვაწიეს და ამიერიდგან მიმელის მე გვირგვინი სიმართლისა"-ო, მაგრამ იგივე პავლე იტყვის: "ვხედავ სხვასა სჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი განეწყვების სჯულსა გონებისა ჩემისასა. ვინმე მიხსნას მე კაცი ესე უბადრუკი ამათგან". აქედან ნათლად სჩანს პავლესი სულიერი განკითხვა თავის თავისა და თუ რა ზომ უბადრუკების გლოვით კრულად რაცხავს თავის თავსა. იგულისხმება, რომ მისი უღირსების ხედვას პავლე ატარებდა მთელ მის მოღვაწეობის ხანებში, და მხოლოდ ოდეს აღსასრულის დღე ეუწყა უფლისაგან, მაშინ სცნა, რომ შეუწყნარებია მისი ღვაწლი უფალსა და სიხარულით აღტაცებულმა გაბედულად ღაღად ჰყო: "სრბა აღმისრულებიეს, ღვაწლი კეთილი მომიღვაწიეს, ამიერითგან მიმელის მე გვირგვინი სიმართლისა".XXIII
ჩემი შეხედულებით ლოცვას სამი პირობები აქვს: 1) ბუნებითი, 2) ვალდებულებითი, და 3) საჭიროებითი.1) ლოცვა ისე მახლობელი და აუცილებელია სულისათვის, როგორც ბუნება ცხოვრებისათვის და სულთქმა სიცოცხლისათვის. ლოცვა ბუნებით სულის ტრფობაა და მისი მისწრაფების სულთქმაა. - ლოცვა ერთი უსაკუთრესი თვისებაა სულისა, სურვილის განხორციელების მოაზრე. ეს დიდებული დედა სიკეთისა და ნამდვილი გულითადი წინ სლვის მონატრე ოქროს ფრთოსანი მტრედი მთელ ადამიანთა გულში მოღიღინეა, რაითგანაც, ყოველის ადამიანის გული ნატრულობს ბედნიერებას, ყველას წადიან კეთილ-სიცოცხლე და აცდენა უბედურებისა და თავად ეს არის ბუნებური ლოცვაც, დეე ვისაც რცხვენიან ლოცვა გამოჩენილი გარეგნობით, ნურცა შინაგან გულში ინატრებენ, გინა ისურვებენ ნუ არა რას და თავით თვისითობას შეყურონ, მაგრამ ეგ ხომ შეუძლებელია. - შეუძლებელია, მით რომ უსურვოდ და ბედნიერების უწადოდ სული არ არსებობს. ამგვარად ლოცვა სულის მოთხოვნილებაა, რომელსაც ჩვენ უწოდებთ შინაგან ლოცვას და რასაც ვახორციელებთ გარეგანი სახითაც, რაც აუცილებელი შედეგია შინაგანის სულიერის ლოცვის მოთხოვნილებისა.
***
მართალია, ზემო ხსენებული სულის შინაგანი ლოცვა არც ჟამ-საათობით, არც ადგილობით არ ისაზღვრება, მაგრამ ნუ გონებთ არა მორწმუნენო,* რომ ჩვენი ეკლესია თავის გარეგან კანონებით სულის უსაღმრთოესი გამოხატვა არ იყოს ყოველი უხილავი სულიერი ძალა, ან, ასე ვსთქვათ, ნება და წადილი ფორმაში ხორციელდება გინა იხატება; ხოლო ფორმა მაუწყებელია, - გამომთქმელია შინაგან უხილავ ძალის მიერ განგებულ ნება სურვილისა. ასეთი ურთიერთ დამოკიდებულება უცილობელი ჭეშმარიტებაა შინაგან ლოცვისა, გინა სულის თვისებისა და გარეგან ეკლესიის ფორმათა შორის, ურომლისოდ აბა ერთი მიჩვენეთ ან ბუნებაში და ან ადამიანში?2) - ლოცვის ვალდებულებით მხარეს მე უწოდებ გონიერების მხრივ, მით რომ დიდი უგულის-ხმოება და პირუტყობა იქნება არ ვაქოთ-ვადიდოთ ცისა და ქვეყნის ამგები და კაცისთანა ბრძნულისა და მაღალ მეცნიერების დამბადებელი. თუმცა ეს ქება ღვთისგან იძულებითი კანონად არ არის დადგენილი, რომ იგი მოქენე იყოს ქებისა და ან რაიმე ესაჭიროებოდეს, მაგრამ ჩვენ კი გონიერების ნიჭი გვავალებს და უფრო გვამაღლებს გან-კეთილ-შობილებით, რომ ვადიდოთ ჩვენს სულში სიბრძნის გადმომცემი - გინა ბრძნულ შემოქმედების ნიჭით განმანათლებელი ღმერთი. ეს ადამიანურ ღირსების წინ, როგორც თავისუფალ არსებისა, ნებლობითი ვალდებულებაა, რასაც ღმერთი თავისუფლებით გონიერ არსებისაგან ითხოვს და უყურადღებობას ყვედრის: "ცხრანი იგი, სადა არიან? ვერ იპოვეს ესოდენ (მადლი), რათაცა მოიქცეს და მიჰსცეს დიდება ღმერთსა". ჩემს სიტყვას ისევ საზოგადო მოქმედებიდან დავასაბუთებ. მაგ. - უკეთუ ჩვენივე მზგავსი მიცვალებული, რჩეული პოეტი ვინმე იქებ-იდიდება ჩვენგან, რაც მისთვის სრულიად არ არის საჭირო, მაგრამ ჩვენ, ვაფასებთ რა მის ნიჭსა ჩვენის სულიერის საზრდოებისა და განათლებისათვის, ვალდებულად ვცნობთ ჩვენს თავს ვაქოთ ვადიდოთ მიცვალებული, რაოდენ უფროს გვევალება ვადიდოთ ჩვენი ნიჭის უსაზღვროდ აღმამაღლებელი და მომცემელი ღმერთი.
***
3) - საჭიროებითი. "სთქვა უფალმან: ილოცევდით, რათა არა შეხვიდეთ განსაცდელსა" ეჰა უდიდესი საჭიროება ლოცვისა, რომელზედაც დამოკიდა უფალმან ჩვენი განსაცდელის დღენი, რათა არა დავინთქათ მას შინა მით რომ მხოლოდ გულითადს ლოცვას შეუძლია ადამიანი, რომელიც არის აუწერელ უბედურებით გარემოცული, დაიცვას და განაძლიეროს ყოველი გვარის შებრკოლების და განსაცდელის დასათრგუნად. რამეთუ ოდეს ადამიანი გულითადის ლოცვა ვედრებით შეერთვის ღმერთსა, იგი ღებულობს ძალას, სიმხნეს, ნუგეშს და ასეთს გულითადს ლოცვას შეუძლია განამხნეოს ზესთა შთაგონებით სარწმუნოების სხივ-მფენელის მადლით, რათა არა სასოწარკვეთილებით მოკვდეს.ლოცვა დედაა ნუგეშინის ცემისა, ლოცვა ჭირის აღმასრულებელი ეტლია. ლოცვა ის ღრუბელია, რომელიც დამძიმებულ ცხოვრების მორევში დანთქმულ ადამიანს აღიტაცებს ციურ სუფევის მამულში და მას შინა დროთი დრო მაინც განუსვენებს. ლოცვა ღრმა გრძნობით აღმოცენებული უკდავების პურია და უნეტარესად იმ წამებში სულის განმანათლებელი და ზეგარდმო მშვიდობის მომფენი მადლია. ოჰ! ნეტარების წამო, ამ დროს ადამიანს არ აგონდება საწუთო, ავიწყდება ყოველი გემო ქვეყნიერი და ქრება მის წინ შური, მტრობა და სიძულვილი და ესრედ ამაღლებული გრძნობს ღვთის სიახლოვეს.
***
ვითარცა ცვილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ ამ გულის სიტყვის ღრმად დაკვირვების წინაშე დადნის ყოველი სიამაყე, დიდების მოყვარება და ცად აზვირთებული გული გლოვის უფსკრულში ინთქმება.ის ბერი, რომელიც სულიერს წარმოდგენას მოკლებულია და უკანასკნელი ჟამის - ე.ი. სიკვდილის წამები ღრმად არა აქვს თავის გულში გამოსახული, იგი შინაგან ლოცვის მადლს ვერ გაიცნობს და მარადის სილაღით, თავ-ამაღლების ფრთებით ფრინავს ამაოების წყუდიადში.
***
დრო გამოცდის ადამიანს და არამც თუ ჟამი სიკვდილისა, არამედ მძიმე ავათ-მყოფობის ჟამიც აცნობებს მის სისაწყლეს, მის უღონოებას და მის შემცდარობას. ხოლო სიკვდილის კარზე მიმდგარს ხომ მთლად ეცლება ხელიდან მისი ძვირფასად საგონი მსოფლიო გემოვნება, დიდების მოყვარება და სილაღე.***
ეს ყოველი განვლეს წმიდა მამებმა. საქმით განიცადნეს და გზა გაკაფული დაგვიტოვეს და ყოველი მას შინა უჭეშმარიტესად საჭირო სწავლა ამ საღმრთო გზის მსვლელობისა აგვიწერეს, არა თუ მარტო საბერო სწავლა, არამედ მთელ ქრისტიანობას დიდი განძი დაუტოვეს, - უჭეშმარიტესი მოძღვრებანი, ღვთის-მეტყველებანი, თარგმანებანი, და თვით თავიანთი ნათელ ცხოვრების მნათობი ზე კაცობანი. ამ მრავალ რიცხოვან მამებში მრავალნი იყვნენ უმაღლესად განათლებულნი, როგორც საღვთის-მეტყველო სწავლით, აგრეთვე ფილოსოფიით და სოფლიო მეცნიერებით და მათ ბაგედან, სულისა მიერ წმიდისა, დიოდა წყარო მახარებელად და დამატკბობელად სულიერის ცხოვრებისა, რომელნიცა იპოვებიან მათ მიერ შედგენილ წიგნებში.XXIV
აწ ვინადგან ესრეთი გულითადი ლოცვა სძულს ჩვენს სულიერს მტერს, შეამზადა წინააღმდეგ მისსა მეხი და ღონე შესამუსრავად ლოცვისა და მწარედ სტანჯავს სულსა ჩვენსა მრავალ გვარ ყოვლად საძაგ გმობის გულის სიტყვებით, რომლის მწიკვლოვან კვეთებათა თითოეულად გამოთქმა ფრიად ეძნელება ადამიანს, მაგრამ ისმინე, მოღვაწეო, რჩევა წმიდა მამებისა, და სრულიად უმნიშვნელოდ შერაცხე იგი, ნუ აქცევ ყურადღებას. ვითარცა ლეკვის ყეფა, ეგრეთ შერაცხე იგი, თორემ თუ უზომოდ გაიკვირვე ან განცვიფრდი და მწარე აზრებში გაები, უფრო გაძლიერდება იგი და ვერ პოვებ კურნებასა. გიმეორებ, ვითარცა ლეკვის ყეფა ეგრეთ შერაცხე და ნუ რა რად მიიჩნევ და თავით თვისით შეიმუსრება იგი."არა იცით წერილისა და ცთებით". ასე ამხილა მაცხოვარმან ისრაილებს საღმრთო წერილთა უგულისხმობა; ეს მხილება ჩვენ ყოველთათვის ერთი უძვირფასესი განსაღვიძებელი საღმრთო ხმაა, რომლის გულგრილადხელ კიდება და გვერდის ახვევა, უეჭველად, უმეცრების ხნარცვში ჩაგვაგდებს და სიბნელით მოცულნი სულიერ სიკვდილსა მივეცემით.
***
უდიდესი გზა უცთომელობისა არის შეგნებულად შესწავლა საღმრთო წერილისა, სახელდობრ სახარებისა, წინასწარმეტყველებისა, სამოციქულოისა და წმიდათა მამათა გადმოცემისა. ამ ხსენებულ წიგნებშია სული ღვთისა, - სული ეკლესიისა, ესენი შეადგენს ადამიანის სულიერ სიმდიდრეს, განეტარებას, საღმრთოდ განათლებას და ქვეყნის მნათობად აღზრდა განბრძნობას.***
როგორც დღე და ღამე ერთი-მეორის წინააღმდეგია და თან აუცილებელი შედეგია ბუნების კანონისა: ეგრეთ ბერი მსოფლიო ამაოების ღამეში მცხოვრები ხელიდან არ უნდა უშვებდეს საღმრთო წერილს, რომელ არს ამ ბნელეთის განმანათლებელი მზე სულიერი, გინა ნათელი ჭეშმარიტებისა.***
როგორც წყურვიელი ირემი მიილტვის წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრეთ მონაზონი ყოველ დღე უნდა ეწაფებოდეს მამების სწავლა მოძღვრების კითხვას და მით ასაზრდოებდეს სულიერის სიყმილით გაღატაკებულს სულსა.***
"ბერს ერთი დღეც არ უნდა დაუღამდეს ისე, რომ გული და გონება არ განიწმიდოს სახარების შეგნებულის კითხვით". ასე გვმოძღვრის ერთი მაღალ განათლებული მამათაგანი და მართლაც ვინ არის ისეთი ბედნიერი და ნეტარეული სული, რომ მიწვდა სახარების უგანათლებულესს საღმრთო აზრებს, შეიგნო ღვთაებურ მადლ-მოსილებით და განახორციელა, რაოდენად მაინც შესაძლო იყო, ცხოვრებით და ეღირსა მას შინა აღნიშნულ აზნაურებას - თავისუფლებას?! უკეთუ სცნათ ჭეშმარიტება მანვე გაგანთავისუფლნეს თქვენ".***
ასეთია გზა და ჭეშმარიტება ბერობის აღსავალისა; ასეთია შეწყობილება ჩვენის სულიერის გვამისა, სათნოებათა შედგომილებით სასუფეველისადმი აღმყვანი, რომელიც ისაზღვრების "ძალითი ძალად". - ე.ი. ერთის სათნოების ძალა და მადლი, - მეორე სათნოების ძალა და მადლის კიბეზე ფეხდადგმით აღვიდოდეს და ღმერთსა მიეახლებოდეს.***
ამგვარად გავიგეთ, რომ მონაზონის მოვალეობა არის დღე ყოველ გამუდმებული შრომა, შრომა ხორციელი და სულიერი - საერთონი და კერძო, საიდუმლო ფარულნი და ცხადნი, და ესრედ ამა ყოველთა გამოსავალ წყაროდ და შესავალ მდინარედ, ჩვენ თავში ვახსენეთ სახარება: "პირველად ეძიებდით სასუფეველსა ღვთისასა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ". და რამეთუ ესე სახარება არს ანი და ჰოე, დასაბამი და დასასრული, და როგორც უცდომელი გზა ჭეშმარიტებისა ყოვლის მორწმუნე ადამიანის მოქმედებას საფუძველად უნდა ედვას სახარება, და დასასრულიცა მას შინა მის დაუსრულებლობის ნათლის სიდიადით ვითარდებოდეს და სუფევითა მას შინა ღვთაებრივის მადლითა იშვებდეს და იხარებდეს უკუნითი უკუნისამდე. ამინ.***
თანა მოღვაწენო მამანო და ძმანო! უმდაბლესად ბოდიშს ვიხდი თქვენ ყოველთა წინაშე, მას შინა, რომ მე არას ოდეს აზრად არ მომსლვია სახელ-მძღვანელო დარიგების შედგენა ბერ-მონაზონთათვის, გარნა ისეთმა პირმა დამავალა ამის შედგენა, რომ ყოვლადვე არ შემეძლო უარის თქმა და ესრეთ ხელვყავ; ღმერთია მოწამე, რომ ყველა ამას შინა აღწერილი დაწერილია თვით ჩემის სულის განსაღვიძებლად, ჩემის სულიერად დაცემულის მდგომარეობის განსამართავად, ჩემის არა წმიდა ვნებათა ბუდე გულის მწარედ სამხილებელად!.. შემინდევით და მაკურთხენით, მამანო და ძმანო!..***
ვუძღვნი ჩემს სულიერ მოწაფეთ, რათა ავათ-მყოფობისა გამო, ჩემ-მიერ პირად დარიგებას მოკლებულთ - ამან აღუვსოს ნაკლი.მადლობა
რომელმან მცირეობა წვლილისა შესაწირავისა არა განიცადე კნინად, არამედ სიუხვე გულისა მის დედაკაცისა უმეტეს მდიდართა შესაწირავთა აღამაღლე, რამეთუ ყოველივე, რაიცა ჰქონდა, შესწირა; ესე კადნიერ მყოფს მეცა თქმად: ღმერთო, გულთა მხილველო! შეიწირე ჩემიცა ესე უსწავლელისა-ღარიბისა გონებისგან, ყოველივე, რაიცა იყო ჩემ შორის ძალა, შენდამი გულის სიუხვით შეწირული, ქებად და აღსარებად შენდა, სიყვარულისაგან საღმრთო წყაროისა აღმოცენებული და სავაჭროდ დადებული ტალანტი ესე, შენგან მონიჭებული, შენვე მიიღე აღნადგინებითურთ, და მე, მცირე ესე, დიდთა მუშაკთა შენთა თანა აღმრაცხე და მაკურთხე, და ყოველნი ჩემ მიერ ნაწერნი, შრომანი ქადაგებისანი ჰყავ სადიდებელად შენდა და სასარგებლოდ სამშობლოისა, - კურთხეულის ერისა შენისა - და ჩემ ცოდვილისაცა.
ამინ.
ალექსი ბერი