მოკლე სახელმძღვანელო მონაზონთათვის
წმინდა ალექსი შუშანია
XV
წმინდა ალექსი შუშანია
XV
"მოიცალეთ და გულის-ხმა ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი". ამ სიტყვებითგან ნათლად სჩანს, რომ ღმერთი იწოდებს ადამიანსა მყუდროებისკენ, რათა ამაოებით შფოთიან ცხოვრებისადმი განმსჭვალულმა, ცოტათი მაინც დაამშვიდოს სულის ღელვა და შთაიხედოს აზრ-შემოკრებით თავის გულში, სადაც სამარადისოდ სცემს მსოფლიო ზღვის ღელვათა ტალღები და მის-ძლით გაურკვეველ მდგომარეობაში ჩავარდნილს ძალა უნებურად უბნელდება გულის-ხმის ყოფა, როგორც უმაღლესი ჭეშმარიტებისა, აგრეთვე თავის ცთომათა ცნობისა, ამისთვის განაღვიძებს ხმა საღმრთო და იტყვის: "მოიცალეთ და გულის-ხმა ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი".
ყოველი ბრძენი ადამიანი უბრძნეს ყოფს თავის თავს, რავდენად იგი დროთი დრო თავის ოთახში განმარტოებით მიეცემა სულიერ მხედველობას, მსჯელობას და ღვთის სიბრძნის შემოქმედების ძალებში დანთქმული გულისხმა-ყოფს ძალთა უფალს და მზგავსად დავითისა გაკვირვებით ღაღად-ყოფს: "ვითარ განსდიდენ საქმენი შენი უფალო და ყოველივე სიბრძნით ქმენ".
- მყუდროება ადამიანისა დიდი საპატიო თვისებაა და მისი შინაარსის დამახასიათებელი და გონიერების გამომხატველია, ამას ამტკიცებს ბრძენის სოლომონის სიტყვა: "კაცი გონიერი მყუდროებით იქცევა".
- არამც თუ ადამიანში, თვით უსულო არსთა ბუნებაშიაც მყუდროება დიდ-სასიამოვნო მოვლენაა.
- განიცადეთ, ოდეს ზღვაში მღელვარების დროს მცურავი ხომალდი ირწევინ საშიშრად, და მას ზედა მსხდომნი კაცნი დიდ-მწუხარებაში არიან და რაჟამს დაყუდნის ზღვის ღელვა, სიამოვნებით აღივსიან და გულ-დამშვიდებით განისვენიან, მიიღიან ნუგეშინისცემა სიცოცხლისა, ასეთია, ძმაო, მყუდროების სუფევა.
- ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს იშვიათად ვხედავთ მონასტერში მყუდროების მოყვარულ მონაზონს. მყუდროების მოყვარული მონაზონი მრავალგზის ასცილდება სახიფათო დაბრკოლებას, რომელიც შესდგება უქმ-მეტყველებით კელიებში მიმოსვლის გამო, რომლისაგან ძველის დროის მონასტერთა კრებულნი ივლტოდნენ.
- კრებულში მყოფს მონაზონს ადვილად შეუძლია შეითვისოს მყუდროება, უკეთუ იგი გულის-ხმის ყოფით იქცევა ყოველ მის მოქმედებაში. მონაზონი მყუდრო - იცავს დუმილს, ელტვის მრავალ-მეტყველებას, არ მასხრობს, არ ეძლევა განცხრომა-სიცილ-ხარხარს და არცა მიმორბის უქმობით კელიებში შესაქცევად, არამედ, შაბათ-კვირის გარდა, მყუდროობს თავის კელიაში, თვინიერ საღმრთო მორჩილებისა.
- ამ დაცემულ ბერობის ხანაში ნაცვლად მყუდროებისა უსირცხვილოდ დახეტიალობენ მაწანწალა ბერ-მონაზონნი სოფელ-ქალაქებში. არ არის მათი სიარულის დაცხრომა, აწუხებენ საზოგადოებას თხოვნით და ისედაც. ხოლო, როცა მონასტერში არიან, კელია მათი მხოლოდ ღამის განსასვენებელია და მეტი არაფერი.
- საწყალობელო მონაზონო, ხანდისხან მაინც მყუდროებით, შენს ოთახში შემოიკრიბე გონება, შთაიხედე შენს გულში, სადაც შენი ღირსების შემარცხვენელი თვისებანი და ავ-ზნე-ჩვეულებანი ბუდობენ, მიუდგომელად და მოუფერებლად მტრულად განიკითხე იგი, ღრმად აღმოიოხრე და მწარე სულთქმის ალით აღავლინე ღვთისადმი ხმა სინანულისა. ისეთი დღე რად უნდა გაგივიდეს, რომ შენ ასეთი მყუდრო დაფიქრების საღმრთო ნიავის მარტოობით არ დასტკბე და შენს შინაგან წყლულთა მალამოდ სისაწყლის ხმა არ აღავლინო მხსნელისადმი, როდესაც ძველ მამებს არამც თუ დღე, საათიც კი არ წაუვიდოდათ მათის წყლულის წარმოუდგენლად.
XVI
ყოველი შენი საქმის დასაწყისი სულიერი განკითხვით და წრფელის მხედველებით დაიწყე და ზე გარდამო კურთხევა და ნება ღვთისა ლოცვით მოიწოდე, თორემ წინ დაუხედავი სრბა უაზრო იქნება და ნაყოფი მოქმედებისა სიბნელით აღსრულდება, სიტყვისაებრ მაცხოვრისა: "უკეთუ თვალი შენი (შინაგანი) ბნელი იყოს, ყოველი გვამი შენი ბნელ იყოს".- სიწრფოება უმანკო აზრის სპეტაკ მამულისაგან გამოსრულია, რაც ღვთის წინ საყვარელია: "სიწრფოება შეიყვარა უფალმან". მაგრამ გარეგანად ხანდის ხან თითქო სისულელეს ჩამოგავს და მზაკვართა თვალნი განიკითხავენ და გმობენ მას.
- იქონიე წრფელი მხედველობა ღვთისა და ხალხის ხმას ნუ აყვები ე.ი. ნუ მიმოირწევი რაც გინდ ძაგება გესმას, თორემ ჭეშმარიტების გზა დაგებნევა.
- წრფელთა არა იციან წმასნით და მზაკვრობით ლაპარაკი და ვერც განისვენებენ ფარისევლურ ორ-პიროვან ცბიერებით მოლაპარაკე პირთან, რომელიც სძულს უფალსა, რამეთუ სიწრფოება და უმანკოება ღვთაებური თვისებაა. ხოლო მზაკვარნი ეთვისებიან ეშმაკთა.
- როცა ბაგენი შენი ორ-პირობით ეფარისევლება მოყვასსა და გული შენი ორ-გულებით ეცბიერება, უწყოდე, რომ სული ქრისტესი განდევნილია შენგან და სული ეშმაკეულებისა, ცბიერებისა და მზაკვარებისა დამკვიდრებულ არს შენ შორის.
- ვის არ შეუყვარდება წრფელ-უმანკო ადამიანი, თუნდაც იყოს იგი სახით უნდო, მით რომ ამშვენებს მას სიწრფოება და უმანკოება, თვისება ღვთაებური და ბუნება ანგელოზებრივი.
- ბერი, როგორც ჭეშმარიტების მუშაკი, ერთ სიტყვასაც არ უნდა წარმოიტყოდეს ორ-პირობით და მზაკვრობით.
- წრფელს მონანულს გულს და მით უმეტეს ქრისტეს მოწაფეს, განა შვენის ფინია ძაღლივით ლაქუცობა, ფარისევლობა და მზაკვრობა?! მაცხოვარო დამიფარე ესე ვითარის შენის შეურაცხ-ყოფისაგან.
- ყოველი მოქმედება აზრთა მიმართულებაზეა დამოკიდებული და არა გარეგან სახეთა თვალთა ხედვაზე. უკეთუ აზრი წმიდა და წრფელ არს საქმისა, მოქმედებაცა წმიდა არს, რამეთუ "ღმერთი გონებასა განიკითხავს".
- შეიძლება წრფელ მოქმედებამ გარეგანად საზოგადოების წინ ცთომილი ხილვა დაბადოს, მაგრამ "ღმერთი, რომელი ხედავს გულსა კაცისასა, გამოაბრწყინვებს სიმართლესა წრფელსა".
- თუმცა მაცხოვარმა სთქვა: "ვაი კაცისა მის, რომლისაგან მოვიდეს საცდური"-ო, მაგრამ ეგ სიწრფოების შედეგზე არ არის ნათქვამი, არამედ ვინც მზაკვრულად და გაიძვერობით საქმეს იმოქმედებს, იგი საცდურის მუშაკია და დასჯის მას ღვთის მსჯავრი.
- ვხედავთ ქრისტეს ფერხთა მეამბორედ მეძავ დედაკაცსა და საღმრთო სიყვარულის გატაცებით ნელ-საცხებლის დამსხმელად, რომელიც ზოგიერთთ უკეთურთა თვალთა ხედვამ ბოროტად დასახა, და ნუ თუ ქრისტესგანაც მივიღოთ საცდურებად (სხვის დამაბრკოლებლად) მეძავ დედა-კაცსა ზედა ღვთაებრივი მოწყალება?! განა ქრისტე თავის ზემო თქმულ სიტყვის წინააღმდეგ რასმე იმოქმედებდა?!
XVII
ჰოი, რა ცეცხლი, აღფრთოვანება, რა თავის განწირვით მოღვაწება ასულდგმულებს ზოგიერთებს პირველ გამოსვლის ხანებში, მაგრამ აჰა ესერა მოიწია სულიერი მწუხრი, "დასდვა ბნელი და იქმნა ღამეცა მას შინა, ვიდოდენ მხეცნი მყვირალნი თხოვად საზრდელსა მათსა". ამ დროს ხედავს მოღვაწე, რომ დაიდგა მის წინ სხვა სანახაობა, შეიცვალა ნეტარული სუფევა; იბრძვის ნათელი და ბნელი.- ათასი მარცხნივ მოერიშენი-და ათი ათასი მარჯვნივ ფარულ მახეთა მგებნი გარემოადგნენ მას.
- კიბის აღმწერი იოანე განგვაკრძალებს და გლოვის კილოთ ამბობს: "ძნელსა და ფრიად საშიშარსა გზასა ვალთ ძმანო". ოჰ! რა რთული, რა ყოველ მხრივ გარე მოდგომილ განსაცდელსა შორის სავლელია ჩვენი გზა?!
- გზა ესე მით არის ძნელი, რომ სასტიკი ბრძოლაა ნათელსა და ბნელს შორის; სოფელი ჩვენდამო ჯვარცმულ არს და ჩვენ სოფლისა, მაგრამ გიხაროდენ და განძლიერდი, ძმაო, ეს ყოველივე ჩვენი გამოღვიძების და წარმატების და უფრორე გვირგვინის მოსაღები ასპარეზია.
- უგანსაცდელოდ განსვენებით ცხოვრება სულიერად დიდად საშიშარია და უმადლობის ნიშანია, ვითარცა იტყვის წერილი: "რაოდენად განსაცდელი განმრავლდებიან შენ ზედა, ესოდენ მადლიცა განმრავლდების".
- ახლად შემოსულო ძმაო და შენცა, ხანგრძლივ მოღვაწეობით მყოფო, რომელსაც ჯერ უღელვო ზღვით ნავი გივლინებია, მოელოდე დიდ-აღშფოთებას, უსათუოდ შეგხვდება დღენი გასამწარნი, ყოველ მხრივ ქარიშხლის ბერვით დაღუპვად განწირვისა, ჟამი თითქო სასოწარკვეთილებისა, დრო ღვთისაგან დატოვების გამო არ საიდან გამოხსნის მფიქრავი, მაგრამ აი, აქ გჭირია, ძმაო გმირობა, აქ გამოსჩნდება რაოდენი უარ ყავ შენი თითქო უძლეველი "მე", რაოდენად დაივიწყე და, კვალად გეტყვი, უარ ყავ შენი პირადი ნეტარება და აღამაღლე შენი საარჩევნო მიზანი და მხოლოდ მას ერთსა ეც პატივი და აიტანე გოლგოთის წვერამდე ჯვარი.
- ამ ჭეშმარიტების გარეშე სხვა ნუგეში რა გაუწყო, ან რა დაგიგო, ძმაო, როცა ჩვენი წინამძღვარი-ნათელი ჭეშმარიტი წინა გვიძღვის სულის განტევებამდე ჯვარის ქვეშ ტანჯული. ესე დაიდევ შენცა გულსა შინა შენსა და იტყოდე ხშირად გულის გასაფოლადებელ სიტყვებს: "კვერთხმან შენმან და არგანმან შენმან, - ამათ ნუგეშინის მცეს მე".
მიხედენ ღვთის გულითად მეგობარს დავითს, თუ ვითარ სიკვდილამდე იდევნებოდა და იტანჯებოდა მწარე განსაცდელებით, რომლის გამო გამწარებული ღაღადებდა ღვთის წინაშე: "მილხინე პირველ განსვლად ჩემდამდე, რათა განვისვენო".
- ასეთივე მდგომარეობით აღესრულნენ ყოველნი წმიდანი, რასაც ამტკიცებს პავლეს მიერ მათთვის თქმული შემდეგი სიტყვები: "განიცადეს ტანჯვითა და გვემითა, ბორკილებითა და საბყრობილებითა, განიტვინნეს, განიხერხნეს, მახვილითა მოსწყდეს, იქცეოდეს ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძვირხილულნი, და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არა მოიღეს მათ გამოხსნა, რათა უმჯობესსა აღდგომასა ღირს იქმნნეს".
- არიან ისეთებიც, რომელნიც არა თუ ახალ გამოსლვისას, არამედ მთელს მათს სიცოცხლეში ვერ გაიცნობენ ზემო თქმულს საძნელო გზით სლვის სიმწარის ტანჯვას, არ ვიცი რა ვსთქვა მათთვის, ნუ უკვე გარეშე ჭეშმარიტებისა მოვეფერო მათ? რამეთუ დაშორებულნი ვლენან გზისა მისგან, რომლითა ვლეს ყოველთა წმიდათა.