ბერი ერმოლაოსი
"კარიბჭის" მკითხველს კვლავ ვთავაზობთ ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის მამათა მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერის, მამა ერმოლაოსის (ჭეჟია) საუბრებს.
ამჯერად გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ერთი წლის წინ ათონზე, წმინდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა. ეს არის ოცტომეულის პირველი ტომი. გამოცემაში შესულია ათონის წმინდა პანტელეიმონის მონასტერში, წმინდა ანდრიასა და ილია წინასწარმეტყველის სკიტებში, დიდ და მცირე რუსულ სენაკებში მოღვაწე სულიერი ცხოვრებითა და მოღვაწეობით გამორჩეული 200-მდე მამის ცხოვრება. მამა ერმოლაოსის ამჟამინდელი საუბარი აღებულია ამ წიგნის წინასიტყვაობიდან და, ვფიქრობთ, მონაზვნობის სურვილის მქონეთ დიდ სარგებელს მოუტანს. თარგმანში დახმარება გაგვიწია წმინდა ლუკას სახელობის ზუგდიდის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგმა კამილა ობოლაძემ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.
რატომ მიდიან ადამიანები მონაზვნებად?
რატომ მიდიან ადამიანები მონაზვნებად? თითქმის ორი ათასი წელია ბევრი ცდილობდა გაეცა სხვადასხვა პასუხი ამ კითხვაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ მოვლენის ყველაზე ზუსტი განსაზღვრება მოგვცა თვით უფალმა იესო ქრისტემ, როცა უპასუხა მდიდარ ჭაბუკს, რომელიც დაეკითხა ცხონების საშუალებებზე: "წადი, შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს და გექნება საუნჯე ზეცაში, მერე მოდი და გამომყევი" (მთ, 19;21). სწორედ სრულყოფილების სურვილი, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულის მოპოვება უბიძგებს ადამიანს განსაკუთრებული ღვაწლისკენ, აძლევს ძალას, დაივიწყოს ყველა მიწიერი სიამე და მიუძღვნას თავი მხოლოდ და მხოლოდ ღვთისა და ადამიანების სამსახურს. სრულყოფილებისკენ მისწრაფებას მოწყალე ღმერთი სხვადასხვაგვარად აღძრავს, ის ან თავიდანვე ნერგავს ადამიანის გულში თავის მადლმოსილ სიყვარულს, როგორც მოიქცა უფალი ანდრია, პეტრე, იოანე და იაკობ მოციქულების მოწოდებისას: "მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ" (მთ, 1,17), ან თავისი მადლით ისე გაუნათებს ადამიანს გონებას, რომ ეს უკანასკნელი მტკიცედ მიისწრაფვის მისი გამსხივოსნებელი ღვთიური ძალის შესაცნობად: ასე იყო მოწოდებული მოციქული ნათანაელი (იოანე 1,49).
მონაზვნობაში ამ ორივე კატეგორიის ადამიანებს აქვთ ერთი მიზანი - სრულყოფილება ღვთიურ სიყვარულში, მაგრამ სხვადასხვა მეთოდი: პირველნი უნდა იღვწოდნენ ბოძებული მადლის შესანარჩუნებლად, მეორენი კი მთელ ძალისხმევას უნდა მიმართავდნენ მის მოსაპოვებლად.
არიან ასევე ადამიანები, რომლებიც მიდიან მონაზვნებად საკუთარი ნებით, სხვადასხვა გარემოების გავლენით. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს: ვინმეს უბრალო მიბაძვიდან პატივმოყვრულ მისწრაფებამდე, ასევე არახელსაყრელი ცხოვრებისეული პირობების გამო და ა.შ. მაგრამ თუკი ადამიანი მიდის ბერად არა იმისთვის, რომ შეიცნოს და შეძლებისდაგვარად მოიპოვოს ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული, არამედ საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორც იუდა მიეკედლა უფალს თავისი პირადი მიზნების მისაღწევად, მაშინ ის ამწესებს საწამებლად საკუთარ თავსაც და მონასტერში მის გარშემო მყოფ ადამიანებსაც.
მხოლოდ მადლმოსილი სიყვარული, ღვთის წყალობით უკვე დავანებული მონაზვნის გულში ან ადამიანის მისწრაფება - მოიპოვოს ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული, აძლევს მას შესაძლებლობას იოლად გადაიტანოს ბერული ცხოვრების სიძნელეები და უფრო მეტიც, მიიღოს მისგან ღრმა, შინაგანი კმაყოფილება და სულიერი სიხარული. მხოლოდ სიყვარულში მიიღწევა ნამდვილი მორჩილება, ჭეშმარიტი თავმდაბლობა, ლოცვის სიღრმე და სათნოება, რაც ასე აუცილებელია სრულყოფილების მისაღწევად. როგორც დედა უსიტყვოდ და დაუღლელად ემსახურება თავის საყვარელ შვილებს, ასე მადლიერებით სავსე მორჩილი უჩუმრად და სიხარულით ემსახურება სულიერ ძმებსა და წინამძღოლ მამებს. მხოლოდ ასეთი ბერია სულიერი წინამძღვრების ჭეშმარიტად მორჩილი და ასეთი მსახურებისთვის ღმერთი მიმადლებს მას მორჩილების სიხარულს და ლოცვას.
მონასტერი ქრისტიანული სიყვარულის სკოლაა! თუ ადამიანი მიდის მონასტერში სხვა მიზნების მისაღწევად, ვერასდროს გახდება ჭეშმარიტი ბერი ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით. საუკეთესო შემთხვევაში მას შეუძლია გახდეს მონასტრის კარგი ფუნქციონერი, ანუ იყოს ერისკაცი ანაფორაში, უარეს შემთხვევაში კი ჩავარდება ხიბლში ან ერესში, თუმცა კაცთმოყვარე ღმერთი ასეთ ადამიანებსაც არ ტოვებს თავისი ზრუნვისა და მფარველობის გარეშე, როგორც ბოლო მომენტამდე ცდილობდა, განერიდებინა იუდა გამცემლობისგან, ასევე თითოეულ ბერს უჩვენებს ცხონების ერთადერთ სწორ გზას - იცხოვროს ქრისტიანულ სიყვარულსა და თვითუარყოფაში, თუმცა გადაწყვეტილების თავისუფლებას, მიიღოს თუ უარყოს მისი მადლი, უფალი ადამიანს უტოვებს.
ადამიანი შექმნილია ღვთის მიერ იმისთვის, რომ მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე უფლის შეწევნით სრულყოფდეს თავის თავს, რათა მაქსიმალურად შეძლოს, მიუახლოვდეს შემოქმედს, ხოლო რადგან ღმერთი სიყვარულია, სრულყოფა ღმერთში არის გაძლიერება ღვთიურ სიყვარულში. ცოდვილი ბუნების გამო ადამიანს არ შეუძლია მიაღწიოს ამ მიზანს, თუ არ შეიცვლება, ამიტომ ცათა სასუფევლის ანუ ღვთიური სიყვარულის მოსაპოვებლად უფალი მოგვიწოდებს, დავიბადოთ ხელახლა: "ვინც ხელახლა არ იშობა, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს" (იოანე, 3.3).
ამქვეყნად, სადაც უამრავი საცდურია, ამ ამოცანის განხორციელება ძალიან რთულია. მონასტერში კი იდეალური პირობებია შექმნილი ხელახლა დაბადებისათვის. სწორედ ამისთვისაა მოწყალე უფლისგან კურთხეული მონაზვნური ცხოვრების წესი, რომლის პირველსაწყისი ფორმა გამოიხატა მოციქულთა მსახურების წესში, სწორედ მოციქულები იყვნენ პირველი მონაზვნები, მათ პირველებმა დატოვეს წუთისოფელი, უარი თქვეს საკუთარ თავზე და მიჰყვნენ უფლის მოწოდებას, და ჩვენც შევძლებთ უფლის კურთხევის შესრულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვკვდებით წუთისოფლისთვის ("ნუ შევიყვარებთ წუთისოფელს" (იოანე, 2,15)) და ვეცდებით, "ვიზრუნოთ ცხონებისთვის".
ხოლო თუ ვერ შევძლებთ საკუთარი ნებისყოფით განვუდგეთ ყველაფერს, რაც იყო ჩვენს გარშემო მონასტერში შესვლამდე, განვუდგეთ საკუთარ თავსაც კი, მაშინ შეუძლებელი გახდება ხელახალი დაბადება - უფლისმიერი სიყვარულის შეძენა. როგორც მკვდარი არ ირჩევს საფლავს თავისთვის, ასევე ჩვენც, ვინც მივიღეთ ბერობის მოწოდება, არ შეიძლება მუდმივად ვარჩიოთ ადგილი მოსაგრეობისთვის და კრიტიკულად შევაფასოთ მონასტრები. ჩვენ სიმდაბლით ვემორჩილებით ღვთის ნებას და ვმოღვაწეობთ იქ, სადაც უფალმა დაგვაყენა. როგორც გარდაცვლილი არ ირჩევს თავის მესაფლავეს, ასევე ჩვენც არ უნდა ვირჩევდეთ ჩვენთვის სასურველ, სულიერ მოძღვარს, არამედ, უსიტყვოდ უნდა დავემორჩილოთ უფლის ნებას და დავემორჩილოთ ნაკურთხ მოძღვარს. როგორც მკვდარი არ გეგმავს თავის მომავალს, ჩვენ, ბერები, გარდაცვლილები ამ ქვეყნისთვის, არ ვაგებთ არანაირ ამქვეყნიურ გეგმებს და ვზრუნავთ მხოლოდ ერთზე - სათნო ვეყოთ უფალსა და ადამიანებს. ბერს აქვს ერთი მიზანი - ქრისტესმიერი სიყვარულისკენ სწრაფვა და ამ მიზნის მისაღწევი საშუალებაც ერთი აქვს - დაუღალავი ქმნა სიყვარულისა.
არსებობს აზრი, რომ ზოგიერთი ადამიანი საერო ცხოვრებაში მარცხისა და საკუთარი გეგმების მსხვრევის შემდეგ მონასტერს მიაშურებს, რომ იქ მშვიდად დაასრულოს არშემდგარი ცხოვრება. არიან ასეთებიც. დედა-ეკლესიის კარები ყველასათვის ღიაა. თუ ეს ადამიანები შეძლებენ თავმდაბლობის მიღწევას, საკუთარ ნებაზე უარის თქმას და არ წამოეგებიან ეშმაკის მზაკვრობაზე, მათ შეუძლიათ ცხონდნენ. ამასთან, ნათელია ისიც, რომ სულიერ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად იგივე თვისებებია საჭირო, რომლებიც აუცილებელია საერო ცხოვრებაში წარმატებისათვის. უფალმა გაგვაფრთხილა, რომ ცათა სასუფეველი ძალისხმევით მოიპოვება და ამისთვის აუცილებელია: ძლიერი ნებისყოფა, პრინციპულობა, გონივრულობა, თავდაჭერილობა, დაკვირვებულობა, დასახულ მიზანზე კონცენტრირება და ა.შ. ამ თვისებების არმქონე ადამიანი სულიერ ცხოვრებაში ისევეა განწირული მარცხისათვის, როგორც საერო ცხოვრებაში.
მონასტერი ის ადგილია, რომელიც გამორჩეული უნდა იყოს უფლის მადლით და მაქსიმალურად უწყობდეს ხელს ვნებათა დაოკებასა და სულის ხსნას. მონასტერი არის ერისაგან გაშორებული ადგილი ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ განუდგნენ ამქვეყნად მღელვარე ვნებებს. თანამედროვეობის გათვალისწინებით არ არის აუცილებელი მონასტერი იყოს უდაბნოში, თუმცა ეს ყველაზე კარგი იქნებოდა. ის შესაძლებელია იყოს ქალაქშიც, თუმცა ამ შემთხვევაში იქ უნდა შეიქმნას ისეთი პირობები, რომელიც დაიცავს იქ მცხოვრებთ ამქვეყნიური ვნებებისაგან, ანუ უნდა არსებობდეს მათი დაოკების მკვეთრად განსაზღვრული წესები. ასეთი ცხოვრების წესი, რომელიც წმინდა წერილის საფუძველზე ძველთაგანვე შექმნეს წმინდა მამებმა, არის საერთო საცხოვრებელი - კინოვია, რომელიც რეგულირდება ყველასათვის აუცილებელი წესდებით.
საერთო საცხოვრებლის მთავარი ამოცანა თავმოყვარეობის, თვითნებობის, ეგოიზმის აღმოფხვრაა, რომლებმაც დაღუპეს ჩვენი წინაპრები სამოთხეში და რომლებიც სიამაყის მთავარი გამოვლინებებია.
მონასტრული საერთო საცხოვრებლის ძირითადი პრინციპებია: საერთო ლოცვა, საერთო შრომა, საერთო ტრაპეზი, საერთო ქონება, ვინმეს პრივილეგირებული მდგომარეობის გამორიცხვა მონასტერში. საძმოს ყველა წევრი, წინამძღვრიდან ბოლო მორჩილამდე, საკუთარ თავზე იღებენ საერთო მონასტრულ მოვალეობებს, სენაკის ლოცვას და საერთო შრომას და არავინ გამოდის ამ წრიდან. თუ ხდება, რომ ვინმე არ იცავს მონასტრულ წესდებას, მდგომარეობის გამოსასწორებლად მოქმედებაში შედის მონასტრული დისციპლინის ბერკეტები.
ყველა ეს ფაქტორი გარეგნული პირობებია, ყველაზე მთავარი პირობა კი თავდადებული მორჩილებაა, ბერი ნებაყოფლობით ამბობს უარს საკუთარ ნებაზე, საკუთარ გამორჩენაზე, პირად ქონებაზე, ხაზინაზე და ასე შემდეგ და უპირატესობას ანიჭებს თავისი მოყვასის ნებასა და სარგებელს. ბოლოს, ის ავლენს სრულ მორჩილებას თავისი მამისა და მწყემსის - წინამძღვრისადმი, რომელიც მისი სულიერი მამა-მოძღვარია და რომლის ლოცვითაც იმედოვნებს უფლისგან მადლისა და მუდმივი ცხოვრების მიღებას.
საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს შესაძლოა ეს ყველაფერი დათრგუნვის რეჟიმად მოეჩვენოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელი ეს სისტემა დამყარებულია ნების თავისუფლების პრინციპზე, ანუ ადამიანის შეგნებულ, თავისუფალ გადაწყვეტილებაზე - უარი თქვას ვნებებით დამახინჯებულ პირად ნებაზე, რაც აბსოლუტურად აუცილებელი პირობაა მოღვაწეობის მთავარი მიზნის - სულიერი სრულყოფილების მისაღწევად.
ცხოვრებაში სწორედ ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად არსებობს მონასტერი. ამიტომ ის, ვინც არ ისახავს მიზნად საკუთარი "მეს" დამარცხებას, არ უნდა შევიდეს საძმოში, რათა არ გაიზიაროს ანანიას და საპფირას ხვედრი და რაც უმთავრესია, არ შეიტანოს უცხო, დამანგრეველი ელემენტი (ანუ თვითნებობა) საერთო საცხოვრებლის სტრუქტურაში. ამ "რეჟიმის" ღერძი - საკუთარ ნებასთან, საკუთარ "მესთან" ბრძოლაა. საკუთარ "მეზე" უარის თქმა ძალიან ძნელი ამოცანაა, მაგრამ ეს სულიერი ცხოვრების ერთადერთი სწორი ალგორითმია. ვისაც სურს უფლის ხილვა, უნდა დაივიწყოს საკუთარი თავი.
მონასტრული საერთო საცხოვრებელი არის არა მარტო საერთო ტრაპეზი, საერთო ტანსაცმელი, საერთო ლოცვა და ღვთისმსახურება, არამედ ღვთისადმი სიყვარულში გაერთიანებულ სულთა საერთო მწუხარება და საერთო სიხარულია. ეს ყველაფერი გულისხმობს საერთო ამოცანებსა და საერთო პრობლემებს და კოლექტიურ მიდგომას მათი გადაწყვეტის პროცესში. თუ კონკრეტული მოქმედებით არა, მაშინ, რა თქმა უნდა, ლოცვითა და თანაგრძნობით, მაგრამ არც ეს არის ყველაფერი. საერთო საცხოვრებელი, რომელიც აერთიანებს საძმოს სულებსა და ლოცვებს, აყენებს ყველასათვის საერთო მიზნებს, ამოცანებსა და ერთიანი ძალებით გადასაჭრელ საერთო პრობლემებს. ასევე გულისხმობს ერთიან ცენტრალიზებულ მართვას. მხოლოდ მონასტრის საძმოს მიერ არჩეულმა ერთმა წინამძღვარმა, როგორც ჭეშმარიტმა სულიერმა მამამ, უნდა შექმნას, გაამხნევოს და მართოს ეს ერთიანი სულიერი ორგანიზმი. არა ვინმე უსულგულო ადმინისტრატორმა, მისი ნების შემსრულებელთა შტატით, არამედ ბრძენმა, მოყვარულმა მამამ, უფლის რჩეულმა და უფლის დანიშნულმა, პასუგისმგებელმა ყველაზე და ყველაფერზე ერთადერთ ღმერთთან! ამ შემთხვევაში წინამძღვარი ეყრდნობა არა დაქირავებულ, არამედ სიყვარულით შეკრულ, ერთსულოვან საძმოს, სადაც უმცროსები ეჭვგარეშე ემორჩილებიან უფროსებს ძმური სიყვარულისა და თანამოაზრეობის სულისკვეთებით.
საძმო, მის მიერ არჩეული წინამძღვრის ხელში, ამ უკანასკნელის ბრძნული, სულიწმიდის მადლზე დაყრდნობილი მართვით, პლასტიკური და ამავე დროს მყარი ძალაა, რომელიც მზადაა ყოველთვის, თავისი მწყემსის პირველივე კურთხევისას, შეასრულოს ნებისმიერი სულიერი დავალება და შეინარჩუნოს ამავე დროს საკუთარი მოწოდების ყველა ნიშანი: ძმური სიყვარული, თავმდაბლობა, მორჩილება, ლოცვა, სურვილი იშრომოს საერთო სიკეთისთვის.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ძმური ურთიერთსიყვარულის სულისკვეთებით თანაცხოვრებას არაფერი აქვს საერთო უაზრო შეკრებებთან, ფუჭ ლაპარაკთან ან მხიარულებასთან. ეს მანკიერი მიდრეკილებები ხრწნის მონასტრის სულს. ჭეშმარიტი თანაცხოვრების პარადოქსი სწორედ იმაშია, რომ ბერები ცხოვრობენ, შრომობენ, ლოცულობენ და იკვებებიან ერთად; გულწრფელად უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ამავე დროს ცდილობენ უფალთან თანამყოფობის სურვილით განერიდონ ზედმეტ ურთიერთობებს ერთმანეთთან. ადამიანებისთვის ჩვეულ შეკრებებს აქ ჩაანაცვლებს საერთო ღვთისმსახურება, ფუჭსიტყვაობას - ღვთისსადიდებელი და საგალობლები, ქეიფებს და დროსტარებას - მოკრძალებული საძმო ტრაპეზი. სიყვარული გამოიხატება არა იმდენად გარეგნული, რამდენად სულიერი, შინაგანი გამოვლინებით: შენიშვნებისა და საყვედურების ურთიერთდათმენით, ერთმანეთის უძლურების შეწყნარებით და წყენის მიტევებით, მოყვასის წარმატების სიხარულით და უბედურების თანაგრძნობით, ეჭვიანობისა და შურის აღმოფხვრით. ყველაფერი ეს ჭეშმარიტი ძმური სიყვარულის საუკეთესო გამოვლინებებია.
მაგრამ ბერისთვის უმთავრესი და მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც მოიცავს ყველა დანარჩენს, არის მუდმივი მისწრაფება მოყვასი საკუთარ თავს ანაცვალოს. ეს საერთო ცხოვრების ქვაკუთხედია. სწორედ ის აძლევს მოძმის სიყვარულს ზვარაკადშეწირვის ხასიათს და ანიჭებს მას უკვდავ და მარადიულ მნიშვნელობას. ზედმეტია განმარტება, რომ ეს სათნოება საჭიროებს თავისი გამოხატვისთვის სულ სხვა, აღმატებულ ინსტრუმენტებს, ვიდრე, მაგალითად, ისეთი მანკიერებანი, როგორიც არის ფუჭსიტყვაობა და კადნიერება.
გაგრძელება შემდეგ ნომერში