ჭეშმარიტი ბერისათვის არავინ და არაფერი არსებობს ამქვეყნად. მისი სიხარული და ნეტარება განუწყვეტელი ლოცვაა. მას ყველა ადამიანი უყვარს, მაგრამ სწყინდება მათთან, რადგან ისინი ღმერთს აშორებენ. მონაზვნობას უდიდესი ფასი აქვს ღვთის თვალში, როგორც სათნოების უმაღლეს სახეს - ამიტომაც ისინი, უფლისაგანაც უმაღლესი ჯილდოს ღირსნი ხდებიან. წმინდა ტიხონ ზადონელის ხატოვანი შედარებით, "როგორც წყნარ და სუფთა წყალში მზე უკეთ ჩანს, ვიდრე ამღვრეულსა და მღვრიე ზღვაში, ასევე მარადიული და სულიერი მზე - ღმერთი - უფრო უკეთ შეიცნობა სიმშვიდესა და სიწყნარეში - რწმენისა და გონების თვალით, ვიდრე შფოთსა და ადამიანურ ხმაურში"...
ვესაუბრებით ბერ-მონაზონ ნიკოლოზ სკანაძეს.
- მამა ნიკოლოზ, როდის გადაწყვიტეთ ბერობა?
- უფალს, თავისი ჯვარცმის უმძიმეს წუთებში, არავინ ჰყავდა გვერდით ღვთისმშობელ მარიამისა და იოანე მახარებლის გარდა, ადამიანი კიდევ უფრო მარტო რჩება განსაცდელის პირისპირ, ალბათ, ესეც ჩვენი ხვედრია.
18 წლის ვიყავი, როცა მონაზვნობა მოვინდომე, ამ გადაწყვეტილებამდე იმან მიმიყვანა, რომ მივხვდი, კონკრეტულ დროსა და მომენტში, როცა ძალიან მიჭირდა, მარტო ვრჩებოდი განსაცდელის პირისპირ. ბავშვობიდან წმინდა გიორგის ვევედრებოდი, გამოვეყვანე მძიმე მდგომარეობიდან და ყოველთვის შემეწეოდა. მივხდი, რომ ღმერთს არასდროს მივუტოვებივარ გაჭირვების წუთებში და ასე გავხდი პატარაობიდანვე კეთილდამოკიდებული ხატის, ლოცვის, ღვთისა და წმინდანთა მიმართ. აღმოვაჩინე, რომ არა მშობელი, არა ნათესავი, არა მეგობარი და ახლობელი, არამედ ღმერთია ჩვენი შემწე და მფარველი, რომელიც ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, მუდამ ჩვენს გვერდით არის.
შეყვარებული მყავდა 18 წლისას. ახლა, როცა იმ პერიოდს ვიხსენებ, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი იმხანად, არც მშიოდა, არც მწყუროდა, არც მეძინებოდა, ყველას მინდოდა მოვფერებოდი, გულში ჩამეკრა, მეკოცნა, ჩემთვის მტერი არ არსებობდა, რადგან მოძულეთა და მაჭირვებელთა მიმართაც ისეთივე გრძნობით ვიყავი გამსჭვალული, როგორადაც საყვარელი ადამიანებისადმი. წარმოიდგინეთ, როდესაც ადამიანი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ დაგეხმარება და ხელს გაგიმართავს, როგორი მადლიერი ხარ მისი და არ გავიწყდება ეს სიკეთე, მით უმეტეს, უფალი, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდითაა და გვიფარავს, არ გვმართებს მას მივუძღვნათ მთელი ჩვენი არსება? როცა უფლის მადლიერების ასეთი განცდა შემოვიდა ჩემში, 18 წლისამ გადავწყვიტე ყოველი წამი, ყოველი წუთი და სუნთქვა, უფლისთვის მიმეძღვნა, რომ ის სიყვარული და ჭაბუკური გატაცება, რაც შეყვარებულის მიმართ გამაჩნდა, უფლის სიყვარულში გადაზრდილიყო, რა თქმა უნდა, ჭაბუკური გატაცება უფრო სხვა სიყვარულია, უფლის სიყვარული გაცილებით წმინდაა და ამაღლებული, რომელიც ყოველგვარ ადამიანურ განზომილებას აღემატება, მაგრამ თუ ამ სიყვარულში ვიქნებოდი შემოქმედისადმი, წარმოვიდგენდი როგორ დამიფასდებოდა და გამიმრავლდებოდა ეს სიყვარული, თუ ჩვეულებრივმა, ქალ-ვაჟურმა სიყვარულმა, ყველა ასე შემაყვარა. მივხვდი, რა იქნებოდა უფლის სიყვარული, თუ შენ ის შეგიყვარდება მთელი შენი სულით, მთელი შენი გულით, მთელი შენი გონებითა და არსებით. 2007 წლის 18 თებერვალს შევიმოსე, 2008-ში კი მონაზვნად მაკურთხეს.
- მონასტრული ტიპიკონი აბსოლუტურად განსხვავდება საერო ცხოვრებისგან. ადამიანი, რაც უფრო ახლოს არის ღმერთთან, მით მეტია უხილავი ბრძოლა, როგორ დავიცვათ თავი ჩვენი საერთო მტრის გამუდმებული შემოტევებისგან?
- ძირითადი დამაბრკოლებელი პირობა ადრეც და ახლაც, ადამიანისთვის არის საკუთარი ცოდვები, განსაკუთრებით კი ამპარტავნების ვნება. ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ეს სენი დავამარცხოთ, ქრისტეს ჯარისკაცი მუდამ მზადყოფნაშია, რომ მტერი არ შემოუშვას თავის ბანაკში. სულიერი და გონებრივი მღვიძარებაა საჭირო, რომ უკეთურებამ არ მოიცვას ჩვენი გული და გონება, თუ მტერს ვიცნობთ, მაშინ ისიც გვეცოდინება, როგორ გავუმკლავდეთ მას, თუ არ ვიცნობთ, მაშინ ვერც შევებრძოლებით, მით უფრო, რომ უხილავ მტერთან გვაქვს საქმე, ხილულ მტერს ასე თუ ისე, ვხედავთ მაინც. ერთხელ მაკარი დიდს ეშმაკი გამოეცხადა, ცელი მოუქნია, მაგრამ ვერ სძლია, შემდეგ უთხრა: "მართალია, შენ მარხულობ მაკარი, მაგრამ მე სულაც არ ვჭამ, შენ ღამეებს მღვიძარებაში ატარებ, მაგრამ მაინც გძინავს, მე კი დღე და ღამე არ მძინავს. შენ მხოლოდ ერთი რამით - სიმდაბლით მჯობიხარ". სიმდაბლე მართლაც უპირველესი სათნოებაა, მაგრამ ამას ვერვინ მიაღწევს მარხვის, ლოცვისა და მღვიძარების გარეშე. მონასტრულ ცხოვრებაში სწორედ მღვიძარებას უკავია წარმმართველი ადგილი. ბერი მუდამ ბრძოლის ველზეა ბოროტ ძალასთან შესარკინებლად და შესაბამისად აღჭურვილია იმ შესამოსელით, იმ აბჯრით, იმ ჯავშნით, რასაც ბერის შესამოსელი და სხვა ატრიბუტები წარმოადგენს, ჯვარი იქნება ეს, სკვნილი თუ სხვა რამ. ჩვენ ვიცით, შუაღამის 3 საათზე იწყებს შეტევას ჩვენი დაუძინებელი მტერი, ამიტომ ამ ბრძოლისათვის ცოტა ადრე უნდა მოემზადოს მხედარი. ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია ლოცვა. თავად უფალი იესო ქრისტე ძალიან ხშირად ატარებდა ღამეებს ლოცვაში (მთ 26,41). მისი მოწაფეებიც ღამით იკრიბებოდნენ სალოცავად. ქრისიატნობის დევნის ჟამსაც ღამით ტარდებოდა ღვთისმსახურება.
წმინდა ბასილი დიდი, რომელიც ღვთისმსახურებას "აგრი პინებს" (უძილო ღამეს) უწოდებდა, ღამისთევის ლოცვებზე წერდა: "ხალხი ჩვენთან ტაძარში შრომაში, მწუხარებასა და ღვთის აღმსარებლობაში, ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში ათენებს ღამეებს, გამთენიისას კი უკვე ერთობლივად ერთი პირითა და ერთი გულით უგალობენ უფალს..." სახარებიდან ჩვენ ვიცით, იმ ღამით, როცა იუდამ მაცხოვარი 30 ვერცხლად გასცა, უფალი სიფხიზლისკენ მოუწოდებდა თავის მოწაფეებს, ადამიანური სისუსტის გამო, მათ ვერ შეძლეს ეფხიზლათ მთელი ღამის განმავლობაში, იუდეველებმა იმ ღამით შეიპყრეს უფალი იუდას გამცემლობით, რასაც მოციქულები მთელი თავისი ცხოვრება ნანობდნენ.
ბოლო ჟამის ადამიანებისთვის უფალი ამბობს, თქვენ რომ იცოდეთ, დღე ან ღამე როდის მოვა ქურდი, მოემზადებოდით მის დასახვედრად და სახლიდან არ გახვიდოდით, მეც ქურდივით მოგეპარებით, ამიტომ ყოველთვის ფხიზლად იყავითო, მათეს სახარების 25-ე თავში, იგავში ათთა ქალწულთა შესახებ მაცხოვარი ამბობს: "მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაი ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თვისნი და განვიდეს მიგებებად სიძისა, ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი და ხუთნი - სულელნი". ე.ი. ხუთი ბრძენი ქალწული მუდამ მზად არის სიძეთან შესახვედრად (ანთებული ლამპარი უფალთან შეხვედრის სამზადისს ნიშნავს), ხოლო სულელ ქალწულებს ჩაუქრათ ეს ლამპრები, რადგან ზეთი გამოელიათ. ჩვენ დღითაც და ღამითაც, ყოველთვის უნდა ვიფხიზლოთ, რადგან არ ვიცით, როდის მოვა უფალი. წმინდა ანდრია ქრისტესთვის სალოსი, ყოველ ღამეს ლოცვებში ატარებდა, რომელმაც ოცივე ფსალმუნი ზეპირად იცოდა, მას ღამის 3 საათზე გამოეცხადა ეშმაკი და მას შემდეგ კიდევ უფრო გააძლიერა ღამის ლოცვები. წმინდა იოანე ოქროპირი თავის ოქროს წყაროში აღნიშნავს: "თქვენ უძილო ღამეები გაქვთ და ასე მოსპეთ ძილის მეუფება, რადგანაც ქრისტესადმი სიყვარულმა სძლია ამ ბუნებრივ სისუსტეს, თქვენ უკუაგდეთ სიძულვილი, მოიშორეთ დაბალი ვნებანი, დათესეთ სათნოებანი, შეძელით მთელი ღამის ლოცვებში გატარება. აქ არა მხოლოდ ბერებზე, არამედ ერის ხალხზეც არის ლაპარაკი, წმინდა იოანე ურჩევს მშობლებს, - ღამით ბავშვებიც კი ააყენეთ და ისინიც ალოცეთო, ამდენად, გონებრივი მღვიძარება არ არის მხოლოდ ბერული ცხოვრების წესი, ეს საეროებსაც ეხებათ, ყველა იმ ადამიანს, ვინც თავის თავს ქრისტეს მიმდევრად მიიჩნევს. მამათა განმარტებით ღამის სიფხიზლეს მოაქვს გონებრივი სიფხიზლე. ღამით ლოცვის კანონის შესრულებას სათანადო მომზადება სჭირდება. დიდმარხვის ტროპარში წერია: "აჰა, სიძე მოვალს შუაღამისას და ნეტარ არს მონა იგი, რომელი იპოვოს მღვიძარედ, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვის უდებებით, იხილე, სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რათა არა გამოვარდე სასუფევლისგან, არამედ აღიმსთვე შუაღამისა და ხმობდე "წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩვენო, ღვთისმშობლისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ". ის, რაც ქრისტემ თქვა, რაც სახარებაში წერია, რასაც წმინდა ეკლესია გვასწავლის, არასოდეს ძველდება და ყოველ დროზეა განსაზღვრული. ფსალმუნიც ამასვე გვასწავლის; "აღიპყრენით ხელნი თქუენნი წმიდათ მიმართ და აკურთხევდით უფალსა, გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, რომელმან ჰქმნა ცანი და ქუეყანა".
ღამისთევის ლოცვა ათონის მთაზე
წინასწარმეტყველები, მოციქულები, წმინდანები შთაგვაგონებენ ღამის ლოცვას, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს ღვთის წინაშე. თავიდან ჩვენ შეგვიძლია 5-10 წუთი ვილოცოთ შუაღამით, 3 საათზე, მერე 20-30 წუთამდე გავახანგრძლივოთ. თუ შუქის ანთება არ შეგვიძლია, რომ ოჯახის წევრი არ გავაღვიძოთ, შესაძლებელია სკვნილზე, მწოლარემ, 100-ჯერ წარმოვთქვათ იესოს ლოცვა, ეს ხომ დაახლოებით 10 წუთის ამბავია, განსაკუთრებით კარგია შუაღამით ლოცვა მარხვის პერიოდში. ღამე მარტო იმისთვის არ არის რომ სულ ძილში გავატაროთ. ხშირად ადამიანები ჩივიან, რომ სამსახურში აგვიანდებათ და ვერ ასრულებენ ლოცვის კანონებს სრულყოფილად, დილით ადრე კი ვერ დგებიან სხვადასხვა გარემოებათა გამო, ამიტომ მათ ვურჩევდი გარკვეული ლოცვები ღამით წაიკითხონ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და გარემოში.
ძილი, როგორც ჭამა, ერთ-ერთი ვნებაა ადამიანისა, თუ ვაჭრებიც იღვიძებენ ნაშუაღამევს იმისთვის, რომ ახალი სამუშაო დღის სამზადისს შეუდგნენ, შენ ქრისტეს მხედარს, რატომ არ შეგიძლია რამდენიმე ხანს ღვთის დიდებაში გაატარო, - ამბობს იოანე ოქროპირი. ნეტარი თეოდორიტე ყველა კეთილმორწმუნეს სთავაზობს რჩევას, არა მარტო დღისით, ღამითაც უგალობდნენ ღმერთს. ეს რომ საჭირო არ იყოს და ჯანმრთელობას ვნებდეს, მაშინ უფალი, მოციქულები და წმიდანები ამას არ დაგვავალდებულებდნენ.
- ალბათ, გარკვეული წინაპირობა არსებობს შუაღამის ლოცვის გამომუშავებისათვის და ერთი მათ შორის მოძღვრის კურთხევა იქნება.
- ადამიანმა უპირველესად უნდა დაიწყოს გემოთმოყვარებისა და ნაყროვანების დათრგუნვით, მთავარია, საღამოს 7 საათის შემდეგ აღარ მიიღოს საკვები და 9-10 საათზე დაწვეს დასაძინებლად. როცა ნასვამ-ნაჭამი ვიძინებთ, ვითენთებით, აღარ გვძინავს მშვიდად და დილით ადამიანი დასვენებული კი არა, დასუსტებული და ძალაგამოცლილი იღვიძებს. ეს იმის შედეგია, რომ სავსე კუჭით სისხლი დიდი რაოდენობით მიეწოდება კუჭს, რაც გულისა და თავის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხებს. მონასტერში იცავენ ზომიერებას კვებაში, შუაღამის ლოცვების დროს ინაზღაურებენ ადრე დაწოლით და ამიტომაც უფრო დიდხანს ცოცხლობენ ერში მყოფი ადამიანებისგან განსხვავებით.
- მე ვყოფილვარ მონასტერში და მინახავს მონაზვნები, რომლებიც შემოსილნი იძინებენ და გამუდმებით სიფხიზლესა და ლოცვით მზადყოფნაში არიან.
- რა თქმა უნდა, როდესაც ომია, მებრძოლი ჯარისკაცი ხომ არ იხდის სანგარში ტანსაცმელს ღამით, ის ყოველთვის საბრძოლო მზადყოფნაშია და იარაღს არ უშვებს ხელიდან, ჩვენ ქრისტეს ჯარისკაცები ვართ. მუდამ საბრძოლო მზადყოფნაში რომ ვიყოთ, ზომიერად უნდა მივიღოთ სასმელ-საჭმელი, ასევე უნდა აკეთებდეს ერში მყოფი ქრისტიანი, ვინც საღამოს უზომოდ ჭამს, იგი აღარც დღე და აღარც ღამეა გამოსადეგი, უჭირს საჭმლის მონელება, უჩივის უძილობას და უუნარო ხდება, ეს ყველაფერი არასწორი ცხოვრების შედეგია, რაც ღვთისთვის არ არის მოსაწონი საქციელი. ნაკლები ვჭამოთ და ბევრი ვილოცოთ, შუაღამითაც მივეჩვიოთ ლოცვას და როცა ამას სისტემაში მოვიყვანთ, არამც თუ უძილობას დავამარცხებთ, პირიქით, იქით შეგვებრძოლება ბოროტი, რომ ძილი მოგვგვაროს. როცა ადამიანს არ ეძინება, უნდა უხაროდეს, რომ ღამის ლოცვის საშუალება მიეცეს, ლოგინში კი არ უნდა ვიწრიალოთ, ავდგეთ და ვილოცოთ. რა თქმა უნდა, ყველა საქმე წარმატებული რომ იყოს, მოძღვრის კურთხევით უნდა მოხდეს, მაგრამ როგორც მამა გაბრიელი იტყოდა, კეთილ საქმეს კურთხევა არ სჭირდება. ეს კურთხევა ჩვენ ქრისტესგან, მოციქულებისა და წმინდანებისგან მივიღეთ, მათზე დიდი მოძღვარი ვინღა უნდა იყოს ქვეყნად, მაგრამ მოძღვრის კურთხევა მაინც არის საჭირო, რომ ბრძოლები არ დაგვეწყოს და ლოცვითი კანონები სწორად გავანაწილოთ.
შეიძლება ადამიანი არ დაქორწინდეს და დარჩეს ქალწულად, მაგრამ როდესაც უფლის სიყვარულით სულიერ ქალწულებას ინარჩუნებ და ღამით გამონახავ დროს უფლის განსადიდებლად, დიდ დღესასწაულებს კი ღამისთევით შეხვდები, ეს 10-ჯერ და მეტჯერაც უფრო დაგიფასდება აქაც და მომავალ ცხოვრებაშიც. როგორც წმინდა გაბრიელ სალოსი იტყოდა, დღეს, როდესაც ნახევარზე მეტი ჯოჯოხეთი თითქმის დედამიწაზეა და კაცობრიობა ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინშია, სწორედ ახლა გვმართებს გაძლიერებული ლოცვა.
ქრისტიანობა ყოველ დროში იდევნებოდა, დღესაც იდევნება. I საუკუნეებში ღამე კატაკომბებში იმისთვის არ ლოცულობდნენ წმინდანები, რომ მხოლოდ წარმართებს დამალვოდნენ და თავი გადაერჩინათ, უპირველესად, ისინი ქრისტეს სიყვარულისა და პატივისცემისთვის ათენებდნენ ღამეებს. ღამისთევის ლოცვა და ჩვენი მღვიძარება იმის წინაპირობაა, რომ ლოცვით შევხვდეთ იმ გამოწვევებს, რასაც ბოროტი გვიმზადებს და ავიცდინოთ ის მომაკვდინებელი ისრები, რომლებიც ჩვენს დასაღუპად და გასანადგურებლად არის მომართული. ქრისტეს მადლითა და მფარველობით ჩვენ აღჭურვილნი ვართ ამ ბრძოლისათვის "მამაო ჩვენოს" ლოცვით, 90-ე ფსალმუნით, ნაკურთხი წყლით, ჯვრით და ეკლესიის სხვა მძლავრი საშუალებებით. ერთხელ მამა თეოდორე გიგნაძეს ჰკითხეს: - პარაკლისისა და დაუჯდომელის წაკითხვაზე არის თუ არა მოძღვრის კურთხევა საჭიროო. მამა თეოდორემ უპასუხა: "კურთხევა იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ ამას კანონად, სისტემატურად იღებ შენს თავზე, მაგრამ თუ ყოველდღიურად არ იღებ ამ ლოცვებს წასაკითხად, მაშინ ამას კურთხევა აღარ სჭირდება, ეს პასუხი, ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც გამოდგებოდა. ამდენ ცოდვებს რომ ჩავდივართ, მაშინ ხომ არ ვიღებთ კურთხევას მოძღვრისაგან, ვთქვათ, ვიცით, რომ არ უნდა განვიკითხოთ და მაინც განვიკითხავთ? ან ვასრულებთ კურთხევას, როდესაც მოძღვარი გვეუბნება, - მოერიდეთ ნაყროვანებასო და ჩვენ ვერა და ვერ დავძლიეთ გემოთმოყვარების ცოდვა? არადა შეგნებულად ვიცით, რომ ეს უფრო მეტად საზიანოა ჩვენთვის, ვიდრე დაფარულ ღვაწლში ყოფნა.
წმინდა წერილის წაკითხვას წინ უძღვის ლოცვა, რომელშიც წერია: არა ოდენ აღმოკითხვად წერილისა ამის, არამედ ყოფადცა მისთა", ანუ ეს სახარება უბრალოდ კი არ უნდა ვიკითხოთ, არამედ გავაკეთოთ კიდეც ისე, როგორც მასში წერია. თუკი ჩვენ მხოლოდ იმისთვის ვკითხულობთ წმინდა წერილს, რომ ამით მხოლოდ მოძღვრის მიერ მოცემული კანონი შევასრულოთ, ხოლო რაც მასში წერია, ის ცხოვრებაში არ აღვასრულოთ, მაშინ როგორი ქრისტიანები გამოვდივართ? თუ ჯანმრთელობა შუაღამის ლოცვის საშუალებას არ გვაძლევს, უფალი კი გვეუბნება "ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით", როგორ არ უნდა გამონახოს ქრისტიანმა დრო კურთხევის შესასრულებლად? თუ ის უძლურებაშია, ამ შემთხვევაში უფალი აუცილებლად შეუნდობს უძლურს და მის სარეცელთან უფლისავე დაშვებით, ანგელოზი ილოცებს ამ ადამიანის ნაცვლად.
ბევრ ადამიანს უჭირს გაღვიძება, ამიტომ მათ, ვინც შუაღამის ლოცვების დაწყებას განსაკუთრებულ საეკლესიო დღეებში მაინც დააპირებს, ვურჩევ შესთხოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ან მფარველ ანგელოზს გააღვიძოს ღამით ლოცვის დასაწყებად და დარწმუნებული ვარ, ეს თხოვნა მას შეუსრულდება.
გაგვაძლიეროს ღმერთმა ყოველი კეთილი ჩანაფიქრის შესრულებაში!