მღვდელმონაზონ ბენედიქტეს (ქიოტიშვილი) ამბავი
XX საუკუნის დამდეგს, ათონზე, ივერთა მონასტრის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში ცხოვრობდა
მღვდელმონაზონი ილია ფანცულაია. მამა ილიას შეუდგენია "ათონის ივერიის მონასტრის წიგნების კატალოგი" (MA #1140, 1141). AA 1141 წოდებულ ხელნაწერში მამა ილია მოგვითხრობს მღვდელმონაზონ ბენედიქტეს (ქიოტიშვილი) თავგადასავალს. ამ ხელნაწერის დახმარებით "კარიბჭის" მკითხველს უკვე მოვუთხრეთ მამა ბენედიქტეს შესახებ, ამჯერად კი გვსურს თვითონ ეს მონათხრობი შემოგთავაზოთ:"ვინაიდგან, უკვე მრავალგზის შეგვხდება ვენედიქტე და ილარიონის (საუბარია წმინდა ილარიონ ქართველზე, - კ.კ.) ხსენება, ამ წიგნებში და ივერიის მონასტრის წიგნთსაცავში, დაცულ წიგნებში, ამისთვის, სათანადო არს რათა მკითხველს გავაცნოთ მათი ვინაობა და მოკლე ბიოგრაფია: ვინაითგან ისტორია მათი, მათი გამოსლვა საქართველოდან, ივერთა მონასტერში მისლვა და არა მიღება, და სხვაცა მერმინდელი თავგადასავალი, ყოვლადვე არ უგულებელს საყოფელია, არამედ დიდი საგულისხმიერო და მრავლად ჩამაფიქრებელი. იყო ბერი ვენედიქტე, მღვდლობაში ბესარიონ ქიოტიშვილი, იმერელი, შორაპნის მაზრიდან და რადგან მღვდელი ვიყავიო, მამულის ურჩობაში ჩავვარდი (მამულის ურჩება არის: ხალხს აფიცებდნენ წინააღმდეგ რუსეთისა, ხოლო ვენედიქტეს არ უსურვებია, ამ საქმის ჩარევა (წმინდა სოლომონ მეფე აპირებდა თურქეთიდან დაბრუნებას და ხალხი აჯანყებისთვის ემზადებოდა, - კ.კ.) და ვიხილე ერთ ღამეს ღვთისმშობელი და მრქვა: "ბესარიონ, ბესარიონ"... მე ვარქვი: "ვინ ხარ დიდებულო დედუფალო!" მან მომიგო: "რაკი შენ ურჩი გამოხვედი ჩემი ერისა, ისეთს ადგილას წარგავლენ, რომ შენს დღეში ქართული ვეღარ გაიგონო!" გაღვიძებისას, ვიფიქრე, თუ ეს როგორ და რანაირათ მოხდება. გავიდა ერთი კვირა და მომიკვდა ცოლი, გავიდა ერთი კვირა კიდევ, გარდამეცვალა პირველი შვილი, კიდევ ერთი კვირის შემდეგ მომიკვდა მეორე შვილი და დავრჩი ცალიერი. მაშინ მოვეგე გონებასა და ვთქვი: იყავნ დედოფალო ნება შენი! აღვდექ და წამოვედი იერუსალიმს. პატრიარქისგან მიღებულ ვიქმენ დიდითა პატივითა (მამა ბენედიქტე ზოგ მინაწერში წმინდა სოლომონ მეფის მოძღვრადაც იხსენიება, - კ.კ.) და მიბოძა ყოველივე სახმარი და ქრისტეს საფლავის ეკლესიაში წირვა-ლოცვა ქართულად, ოთხი წლის განმავლობაში. შემდეგ წარმომგზავნა პატრიარქმა თვისი ხარჯით ათონზე, რადგან მყუდრო ცხოვრებას ვეძებდი და მივედ ქართველთა მონასტერში. ხოლო შიგ მდგომმა ბერძნის ბერებმა უარი გამომიცხადეს მიღებაზე, ვერ გიცნობთო ვინ ხარ, ერთი ბერი რომ მაინცა იყოს ქართველი, მიგიღებდითო, იყვნენ კი და აღარ არიანო. მაშინ მივმართე პანტელეიმონის მონასტერსა და იღუმენმა მკითხა, თუ რა შემიძლია. მე ვუპასუხე: მე ერთი ცოდვილი ბერი ვარ, რასაცა მიბრძანებთ, აღვასრულებ-მეთქი. ახალ ეკლესიას აშენებდნენ. მომცეს კურტანი და სხვათა ძმათა შორის მეცა ვზიდავდი ქვასა და რაიცა საზიდავი შემხვდებოდა. ამ ყოფაში ხუთი წელიწადი რომ გამომივიდა, იერუსალიმიდან ერთი არაბი მოსრულ იყო მონასტერში, მას ბალკონზე სეირნობისას შევენიშნე და ვეცანი და იღუმენისთვის უთქვამს: როგორ, როგორ თუ შენ ღვთისა არ გეშინია, რომ მღვდლისათვის კურტანი მოგიკიდია და ამუშავებ. არა, შვილო, უპასუხია იღუმენს, - აქ მღვდელი არა ვინ არი, და მაშინ გამოცხადდა ჩემი ვინაობა. ნასერობევს შემოვიდა ჩემთან იღუმენი და გამომკითხა ვინაობა და საქმე და მღვდელობის ხარისხზე დამაყენა. ხოლო ჩემი ხარისხის დაფარვისათვის კანონი დამდვა.
შემდეგ მოვიდა სოლომონ მეფის მოძღვარი ილარიონი შორაპანელი (მღვდელობაში იესე ყანჩაიშვილი), რომელიც მეფესთან ტრაპეზონს გამოყოლილი იყო და შემდეგ სამი წლისა და მეფის მიცვალებისა გაემგზავრა რუსეთს და ინახულა მანდ მყოფი დედოფალი მარიამი. და მანდედან დაბრუნებული მოვიდა მთაწმინდას და იღუმენის დახმარებით მიღებულ ვიქმნენით დიონისიატის მონასტერში ჩვენ ორივე. ამასობაში საბერძნეთი აუჯანყდა ოსმალეთს, გრიგორი პატრიარხის დროსა. დიდი არეულობა იყო 1821 წელსა, ვინათგან, ამ ჟამის ათონის ბერებმა მონაწილეობა მიიღეს აჯანყებაში და 6000 ბერი შეჭურვილ იქმნა და წავიდნენ კავალიის ასაღებად, რომელნიცა მუნ დაიხოცნენ 70 ასკერისაგან და ვითარცა სცნა ესე ხონთქარმან, გამოგზავნა ჯარი დასასჯელად ათონის მონასტრებისა. და 1822 წელს ფაშა ჩადგა ივერიის მონასტერში ჯარითა. ბერები ჩაკეტილ იქმნენ მონასტერში და ჯარისაგან გაჭირვება და განსაცდელი ედგათ. იმ ჟამად მე დიონისიატი, გარეთ ერთ კელიაში ვცხოვრობდი, სადაცა თათარმა კინაღამ მომკლა, მე ვუთხარი: "მე რას მერჩით. მე არც ბერძენი ვარ და არც ბოლგარი". ჩემი "გურჯობა" რომ გაიგო, ფაშას მიმგვარა, და ფაშას მოახსენა: გამოვიდა ფაშა და ქართულად დამეკითხა: "ვინ ხარ შენ, კაცო?" ეს რომ გავიგე, მეტი სიხარულისაგან შემოვეხვიე საამბოროდ. ხოლო მან შემაჩერა: - მე მუსლიმანი ვარ და ნუ შემეხები, თუმცა ქართველი ვარ, ჭყონია, გურიის მაზრიდანო და შემიყვანა მონასტერში. ბერძნებს უბრძანა, ამ ჩემ მონასტერში ქართველი ბერები არ ყოფილა, ყველა ამას დაემორჩილეთო და ოდეს შეატყვეს ფაშასა ბერძნებმა უსიამოვნება მონასტრიდან ქართველების გამოწყვეტით და ფაშამაც იკითხა თუ ვინაა აქ ქართველთაგანი (მართავდა მონასტერს, - კ.კ.), მათ ჩამოთვალეს სახელები: იოანე, ზაქარია, იაკობი, ილარიონ, გრიგორი, ანდრია, ამბერკი, ლავრენტი, თეოდორე, გაბრიელი, რომანოზი და სხვანი თხუთმეტამდე, გვარი კი აღარ ვიცით. ესენი და მათი უწინარესნი მართავდენ მონასტერსა დღემდის. ხოლო ბოლო დროებში, რაკი ხმელეთით გზა აღარ იყო, თან და თან შეწყდა მიმოსლვა ქართველთა და ესრეთ შემცირდენ. ესე თქვა ნათანაილ და გრიგორი ივერიის იღუმენმან. მაშინ შემომევედრენ მუხლთმოდრეკით არქიმანდრიტი და იღუმნები: "მამაო ვენედიქტე, გვიშველე ღვთის გულისათვის, ფაშა ქართველია და სთხოვე, ნუ აგვაოხრებსო, გადაარჩინე ეს ქართველების მონასტერი". მაშინ ვუპასუხე: "მე რომ მოველ, მაშინ არ მიცანით ქართველათ და არც მიმიღეთო. ხომ ახი იქნება თქვენზედა, ახლა ყველას თავები, რომ დაგაყრევინონ, ის შური რომ გიძიოთ. მაგრამ ამასა როდი გიზამ". მივედი და ვთხოვე ფაშას, არაფერი წაეხდინა ჯარსა. ხოლო მან თქვა: მე ხონთქრისაგან ბრძანება მაქვს ივერიის მონასტრის განადგურება, რადგან ამ მონასტერში მოახდინა პატრიარხმა ჩვენი საღალატო კრება, მაგრამ რადგან ქართველთა სამეფო მონასტერია, ამისთვის მე გადავარჩინე აოხრებისაგან და აი, შენ გაბარებ, ვითარცა ქართველთა მონასტრის წინამძღვარსა და გაძლევ ამ კლიტეს დიდ ლავრა-მონასტრისას. ფაშა დიონისიატის მონასტერში წავიდა და მონასტერი ჩვენი სრულს ჩემს უფლებაში დატია. საკუთრად მე ჩამბარდა დიდი კარის ღვთისმშობელი ეკლესია და გავატარე დეკანოზობაში ათი წელი. (ჩვენ ვიცით ბენედიქტეს მიერ 1833-სა წელსა, თავის ხელის მინაწერიდან, ამავე წელში დანომრილი ნომრით 7, მამათა სწავლანში ჩატანებული ანდერძისგან, სადაცა თვით სწერს, მთაწმინდაში მოსლვიდან 17 წელი არს, ამ მონასტერში მოსლვიდან 13 წელი. მაშ 1816 წელს მოსრულა მთაწმინდაში და ოთხი წელი ყოფილა პანტელეიმონი და დიონისიატის მონასტერში: რომელი არა ჯერ არს დაჯერება, ვენედიქტე 1821 წელს მოსრულა ამ მონასტერში. იხილე ნომერი 7 მოყვანილი ცნობა: ეგრეთვე ნამდვილად ვიცით ვერცხლის კანდელის წარწერიდან ქართულად, რომელიც მონასტრის დიდი ეკლესიის სამეფო კარის ზემოთ ჰკიდია, 1834 წელსა ვენედიქტე შიგნით მონასტერში ყოფილა. მაშ ვენედიქტე 14 წელი ყოფილა დეკანოზათ და არა ათი, ვითარცა ჩემი ხსენებული ნაამბობიდან სჩანს).
შემდგომ მოვიდა ათონზე ძმა გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსისა ვასილი ქიქოძე და მაშინ განვიზრახე დაყუდება და გამოვედ მონასტრით და საცხოვრებელად ავირჩიე ახლორე მდებარე კელია და ეკლესია წმინდა ილიასი. თან წამოვიყვანე ახლად მოსრული ვასილი ქიქოძე, რომელიც აღვკვეცე ბერად და უწოდე სახელად ბესარიონი. შემდგომში მოვიდა ოდიშელი გიორგი რატიანი, ბასილი რატიანის შვილი, დავით დადიანის მოურავისა, ვაკურთხე ბერად და ვუწოდე სახელად გრიგორი. და შემდეგში, მოვიდა ქაიხოსრო ახვლედიანი, რომელსა ბერობაში ეწოდა ქრისტეფორე, რომელიც უკანასკნელ მოძღვარი იქმნა.
ხოლო ილარიონ იყო დიონისიატის მონასტერში და შემდეგ წმინდა ანას სკიტეში და განთქმული იყო მთელ მთაწმინდაში და საბერძნეთში მოძღვრებითა. რამეთუ არეულობა დროს გამოგზავნილი იქმნა ვინმე სხვა ფაშა, თანახლებითა მიტროპოლიტისაითა. რათა ილოცონ ოცმა მონასტერმა ნიშნად ოსმალეთის ერთგულებისა. და ვინათგან, საუბედუროდ, დიდი ეკლესია დამორჩილებოდა ესე ვითარი განაჩენს და შეასრულებინა გარეშე საეკლესიო კანონისა ლოცვა წყეულთა აგარიანთათვის; აგრეთვე შიშისა რა გამო ოცი მონასტრებმა ბრძანება პატრიარხისა და ილოცეს სულთანის შესაწევნელად, გარდა პანტელეიმონის მონასტრისა, სადაცა შეხვდა ილარიონი და წინ აღუდგა ფაშა და მიტროპოლიტს და მათი მოთხოვნილებასა. აგრეთვე წმინდა გრიგორის მონასტერში, ვითარცა მოიწივნენ რიგის მღვდელი (საკურთხეველსა, - კ.კ.) შინა იყო: და მას ვითარცა უბრძანეს ლოცვად, უპასუხა, აი თავი ჩემი, აიღეთ ჩემგან და მე ესე ვითარი ლოცვას ვეღარ ვილოცავო. ხოლო იღუმენმა და სხვებმა ულოცეს, ხოლო შემდეგ წასლვისა მათისა განკანონებულ იქმნენ ილარიონის მიერ იღუმნები და უმფროსები. რომელთა ესე უჯერო ლოცვა შეასრულეს, ხოლო გრიგორის მონასტრის იღუმენს უთხრა: "აი ნამდვილი საიღუმენო კაცი ის მღვდელი ყოფილა, იმას ეკუთვნის იღუმენობა. შენ არ ყოფილხარ ღირსი იღუმენობისაო" და კანონი მისცა, რათა ილოცვიდეს დღეში სამჯერ მიწყალესა და 22 ფსალმუნისა. და ორმოც-ორმოცი მუხლთმოდრეკა სამ გზის დღეში.
ეს მოთხრობა მამისა ვენედიქტე ქიოტიშვილისა და ილარიონ ყანჩაიშვილისა, როგორათაც მათ უამბიათ თვისთა მოწაფესათვის, ესრეთ გვაქვს მოსმენილი და გაგონილი მათგან. შემდეგ ჟამებში მათ მოემატა საქართველოდან რამდენიმე წარჩინებული ბერი და ცხოვრობდნენ ერთად წმინდა ილიას კელიაში. ხოლო აქვნდათ წუხილი და გლოვა მასზედ, რომ ივერიის მონასტერში ახალი ჩამოსული ქართველებს ბერძნები აღარ იღებდნენ, არცა სჩანდა საიდანმე პატრონობა და იქ ესრეთ მათ თვალწინ იკეტებოდა ჩვენთვის კარი ივერიის მონასტრისათვის, იკარგებოდა დიდება და გვირგვინი განმაბრწყინვებელი ივერიისა.
მაშინ დაებადათ მათ აზრი ქართველთათვის ახალი სავანის აშენებისათვის, რომელიცა იმათ სიცოცხლეშივე იქმნა აღსრულებული. ვითარცა ესე ხედავთ. ხოლო მე ამა კატალოგსა შინა ვყავ აღნიშნული, რათა არა დავიწყებასა მიეცეს და საუკუნომცა არს ხსენება და კურთხევა მათი და ნეტართა შორის დაამკვიდროს უფალმან, ამინ".