თავი VIII. ძილთან ბრძოლა
ჩვენი კელიები შორი-შორს იდგა. ასე რომ, არავინ იყო, ვინც კარებზე დააკაკუნებდა და წამოსადგომად ნიშანს მოგცემდა.
ანდა ვინ გაგვაღვიძებდა? რა გვაიძულებდა, საჭირო დროს გაგვეღვიძა და ბურთებივით წამოვმხტარიყავით? შინაგანი მოშურნეობა, სულიერი წყურვილი და იმის შეგრძნება, რომ აღგვესრულებინა ჩვენი მოვალეობა. რა მიზნით მოვედი აქ? რადგან ამგვარია წესი და მოძღვარმაც ასე ბრძანა, უნდა წამოვდგე, უნდა შევასრულო მისი ნათქვამი. ასეც ხდებოდა. აქ ჩვენ დამხმარე არავინ გვჭირდებოდა. მე ყველაზე ავადმყოფური, სუსტი, ახალგაზრდა და უუნარო ვიყავი ყველაფერში. სნეულების გამო, მკერდის ტკივილისგან საშინლად ვიტანჯებოდი. როცა თვალებს გავახელდი და წამოდგომას დავაპირებდი, ფილტვებში საშინელი ტკივილი დამივლიდა ხოლმე. წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რა მჭირდა. ბერდიდის ლოცვა ერთ წუთზე მეტად ლოგინში წოლის საშუალებას არ მაძლევდა. არ მახსოვს, რომ წამომჯდარს საკუთარი თავისთვის მეთქვას: "ცოტას კიდევ წავიძინებ". ჩვენ ასეთი რამ არასოდეს დაგვმართია. რადგანაც გვწამდა, რომ მოძღვრის მორჩილება უნდა შეგვესრულებინა. რამეთუ იგი გვეტყოდა ხოლმე: თუ თქვენ ახლა არ დაიწყებთ მოღვაწებას, როცა ახალგაზრდები ხართ, როცა გვერდით დამრიგებელი გყავთ, მაშინ როგორღა იღვაწებთ, როცა დაბერდებით, როცა ვნებები დაგიხავსდებათ? თქვენთვის ახლაა მოღვაწების ჟამი. დაე, თქვენ თქვენი ვნებები გებრძოდნენ. ისინი დაგეხმარებიან, საქმით განიცადოთ ღვთის მადლიც და ეშმაკთა მზაკვრობაც. სიზარმაცის დრო არ არის. ქერუბიმივით მრავალთვალნი უნდა გახდეთ, რათა ყურადღებით მიმოიხილოთ და იხილოთ მახეები ეშმაკისა, რომელიც ხშირად ანგელოზის სახით მოდის ხოლმე, ასწავლის ღვთისმეტყველებას, მაგრამ მიზნად აქვს, კაცს ფეხი დაუდოს.
ყოველ ღამე ღამისთევის ლოცვას ვასრულებდით. ლოცვა საათობით გრძელდებოდა. ეს ჩვენი ტიპიკონი გახლდათ. ზოგი პატარა სკამზე და ვინ - მიწაზე მჯდარნი ჩავისუნთქავდით და ამოვისუნთქავდით ქრისტეს სახელს. ჩვენი მთელი ძალებით ვიღვწოდით. ბერდიდი მოითხოვდა, რომ სისხლის დაღვრამდე გვესაგრა ძილის და არაწმინდა გულისთქმების წინააღმდეგ. თვითონ კი თავის ბნელ კელიაში ღამისთევის ლოცვას, თავის განუყრელ თანაგზავრთან, გონებისმიერ ლოცვასთან ერთად აღასრულებდა.
რაც არ უნდა მომხდარიყო, ბერდიდი ყველაფერს მხნედ და განსჯით უდგებოდა. ღამისთევის ლოცვისა და სიწმინდის შესწავლისას ჩვენ მის მორჩილებს მხოლოდ საუკეთესო შეფასებები უნდა მიგვეღო. ის არ დაუშვებდა შემწყნარებლობას და ნებას არ გვაძლევდა ღამისთევის ლოცვა გაგვეცდინა, მიუხედავად ძნელი ცხოვრებისა. ხშირად ზაფხულში დაძინება არ შეგვეძლო, ვინაიდან პაპანაქება იდგა. ჩვენ კი დაღლილები, გაოფლიანებული ვიყავით, მაგრამ ბერდიდი საღამოს ამბობდა: "ღამისთევით უნდა ილოცოთ. დაღლილი ხარ, გეძინება, მაგრამ შენ შენს პოსტზე უნდა იდგე". ხშირად ისე ვიღლებოდით, ძილსაც ვერ ვახერხებდით, მაგრამ ჩავიდოდა მზე და ულაპარაკოდ, ფეხზე ვიდექით. მერე კი, ღამე ისევ ძილს ვებრძოდით. ეს ბრძოლა ხშირად გვიწევდა.
ძილი ჩვენ ძალზე ძლიერ გვებრძოდა, განსაკუთრებით მე. თავდაპირველად, კელიის სინოტივისა და იმის გამო, რომ ვცდილობდით, რაც შეიძლება ნაკლები გვეძინა. მაგრამ ღვთის მადლით, ჩვენ ძილს გმირულად ვუტევდით. ვიწყლულებდით ზურგებს ჯოხის ცემით, კედელზე მიჯახებით, იმ ერთადერთი მიზნით, რომ არ ჩაგვეთვლიმა, ღამისთევაზე არ დაგვეძინა და მისგან მონიჭებული სიკეთე არ დაგვეკარგა.
აი ასე, წამოვდგებოდი ხოლმე საღამოს ღამისთევის ლოცვაზე. მთელი დღის ნაშრომი ისევ დაღლილი ვიყავი. ვიდრე ამ სიცხეში დაძინებას მოვახერხებდი, დიდი დრო გადიოდა. მუდმივად საათს ვუცქერდი, რათა დროულად გამეღვიძა და ბერდიდისთვის ყავა მომემზადებინა. მე რომ არ მივიდე, ხომ უყავოდ დარჩება. წამოვდექი, რათა მამა იოსებთან წავსულიყავი. მაგრამ ისე მეძინებოდა, ისე მებრძოდა ძილი, ისე ვიყავი გონმიღებული, რომ გალელეჩებული ვიჯექი. ზოგჯერ თავს ვეკითხებოდი: "რომელი საათია? რას ვაკეთებ? სად ვარ?" თვალები მეხუჭება. "აბა, სასწრაფოდ წამოდექი! ბერდიდს ყავა უნდა მოუხარშო, შენ კი რას უზიხარ?" ამგვარად ვიღვიძებდი დაღლილი და გონმიღებული.
- მამაო, რა ვუყო ამას? - ვეკითხებოდი წინა საღამოს.
- იღვაწე, უკან არ დაიხიო. გადი გარეთ და კლდეს შეეჯახე. არ დაიძინო, თუნდაც ვეღარ აზროვნებდე. ოღონდ ძილს ებრძოლე. ღმერთი დაინახავს შენს შრომას. ნუ იფიქრებ, თვითონ რაიმეს გაკეთება შეგიძლია.
ლოცვისთვის ვჯდებოდი. ამ დროს თვლემა მეწყებოდა. წამოვდგებოდი, ვიღებდი სკვნილს, ეზოში გამოვდიოდი. კელიაში თუ დავრჩებოდი, ძილი მომერეოდა და ყველაფერი დაიკარგებოდა. თუ წვიმდა, ყინავდა, მაშინ? ეზოში ვიყავი ბრაუნინგით ხელში! ასე ეძახდა ბერდიდი სამასმარცვლიან სკვნილს.
ზამთრის ყინვაში, ღამისთევის ლოცვების გამო, წელსქვემოთ ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი, ისე როგორც ომის დროს ხდება მოყინვები. რამდენადაც ძილთან ბრძოლა ხუთ საათამდე გრძელდებოდა, სხეულის დაუფარავი ნაწილები იყინებოდა: ფეხები, ხელები, ცხვირი. დედის ნაჩუქარი საბანი შუაზე გავჭერი და დანით დავხვრიტე, ყულფებიც გავუკეთე, შიგ თოკი გავუყარე და ასე შემოვიკარი. საბნის მეორე ნაჭერი ბერდიდს მივეცი. ასევე საბნისგან გავაკეთე თეთრი საწვიმარი, ჩემთვის და მოძღვრისთვის. ლაპლანდიელებს ანდა ესკიმოსებს ვგავდით თეთრარშიიან ქურქებში გამოწყობილნი.
ეზოში თავს ჯოხით ვიცემდი, კლდეზე ზურგს ვიმტვრევდი, რათა ტკივილით განმედევნა ძილი. და როცა ასე ვიცემდი თავს და ვთრთოდი, ტკივილი ჩვეულებისამებრ გამოფხიზლებას მაიძულებდა. მაგრამ ზოგჯერ ძილის ეშმაკეული საცდური ისეთი ძლიერი იყო, რომ მის გასამკლავებლად უფსკრულის პირას მივრბოდი და წყლით სავსე ორი ავზი მიმქონდა, რომლებიც კლდეზე ეხეთქებოდნენ და მერე მე, დარტყმებისგან დაჟეჟილს, უფსკრულში გადავარდნის შიშით, უნდა გამღვიძებოდა. მაგრამ ხშირად ამის მერეც, გზაზე სიარულისას მეძინა და სიზმრებს ვხედავდი. ამდენად დიდი იყო დაღლა და ეშმაკის საცთური.
განსაცდელზე უარსა და ღამისთევის ლოცვის გამოტოვებას ჩვენ ბრძოლას ვამჯობინებდით, სიძნელეებს ვამჯობინებდით. დაე, ზოგჯერ ჩვენ მექანიკურად წარმოგვეთქვა ლოცვა, საკმარისი იყო ის, რომ ვფხიზლობდით და ვიბრძოდით. ხუთი საათი ტანჯვისა. ეზოში წინ და უკან სიარული. დაღლილობისგან მუხლები მეკვეთებოდა. ძილი, დიდი ეშმაკი, უკან არ იხევდა. მასთან ბრძოლა ნამდვილი მოწამეობა იყო.
მაგრამ ისეც ხდებოდა, რომ ჩამოჯდომის და ძილის საცთურთან, ხუთსაათიანი ბრძოლის მერე, როცა ბილიკებსა და ბუჩქნარში დავრბოდი, რათა ძილს არ დავნებებოდი, გასაოცარი სახით მშორდებოდა ძილიანობა. ძილი ისე გარბოდა ჩემგან, თითქოს დანით მოჰკვეთესო. ძილთან ბრძოლაში გატარებული ღამის მერე, თითქოს ჩემი გონება დაბნელებული უნდა ყოფილიყო. მაგრამ, მე მასში ისეთ სინათლეს, სიწმინდეს, ისეთ სიმსუბუქეს, ისეთ სიმშვიდეს ვამჩნევდი, თითქოს დიდი სულიერი შენაძენით, მრავალსაათიანი ლოცვა შემესრულებინოს. გონება ისეთი წმინდა მქონდა, რომ იესოს ლოცვა მაშინათვე ჭვრეტისკენ წარმიტაცებდა.
მე ვეუბნებოდი ჩემს თავს: "ეს რა მომივიდა? მე ხომ ხუთი საათი ვებრძოდი ძილს და ლოცვებს მექანიკურად ხმამაღლა წარმოვთქვამდი, ვებრძოდი ძილსა და გონების დაბნელებას და მაინც ბრძოლის დასრულების მერე განიწმინდებოდა სული. ამის მერე ვიჯექი და იესოს ლოცვას წარმოვთქვამდი: ჩასუნთქვა და ამოსუთქვა, ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. ასე ვსუნთქავდი და ვხედავდი, რომ იესოს ლოცვასთან ერთად ამოსუნთქვისას ჰაერი უფრო კეთილსურნელოვანი ხდებოდა და ეს კეთილსურნელება ირგვლივ ყველაფერს აღავსებდა.
ღმერთს თითქოს სურდა რვა წლის მერე დასვენების ნება მოეცა და თითქოსდა მეუბნებოდა: "შენს მიერ გაწეული შრომის შემდეგ, ნახე, როგორი შედეგი მივიღე, ასე რომ არც ხვალ დაიხიო უკან". ამგვარად ვიძენდი გამოცდილებას. ჩვენ შევიძინეთ იმის გამოცდილება, რომ ბრძოლა მოდიოდა როგორც დაღლილობისგან, ისე ძილის ეშმაკისაგან. ვეუბნებოდი ხოლმე საკუთარ თავს, ძილთან ასეთი ბრძოლის ბოლოს - სინათლეა.
ღამეა. არავინ არ არის, მხოლოდ მელიები და ტურები. ადგილი ჩვენ თითქმის არ გვქონდა, მხოლოდ ბილიკები და უფსკრული. თუმცა ჩვენ მაშინ საუკეთესო ასაკში ვიყავით და ყველაფერი ჩვენში მოშურნეობას აძლიერებდა: გარემომცველი ბუნება, ჩვენი განრიგი, მაგალითი მამა არსენისა და განსაკუთრებით ბერდიდისა, რომელიც მოსაგრეობაში უკან არ იხევდა, მიუხედავად მთელი თავისი სნეულებებისა, მუდმივად რომ შეაწუხებდნენ.
ჩვენ ძილი გვებრძოდა და ოთხ საათზე მეტხანს არ შეგვეძლო გონებისმიერი ლოცვის შესრულება, მაგრამ ბერდიდს ასეთი ბრძოლა აღარა ჰქონდა. ახალგაზრდობაში მას წარმოუდგენელი ბრძოლა ჰქონდა გამართული ძილთან, მაგრამ როცა მე მასთან საძმოში მივედი, ეს ბრძოლა უკვე დასრულებული იყო. რვასაათაინი გონებისმიერი ლოცვის მერე ის კელიიდან მადლით და ნათლით ავსებული გამოდიოდა.
- აბა, როგორ არის საქმე? კარგად აკეთებ ფრონტის ხაზს?
- ხან ისე, ხან ასე, მამაო.
- კარგად დაიჭირე ბრაუნინგი! იარაღი მაგრად გეჭიროს და არ შეგეშინდეს!
შემდეგ ერთად ვმარცვლავდით სკვნილს. მე მას ჩემს გულისთქმებზე ვუყვებოდი. ზაფხულობით მოცურდებოდნენ ნავები და მეთევზეები ფანრებითა და ლამპებით იჭერდნენ თევზებს.
- ხედავ ჩემო შვილო, მეთევზე თუ როგორ იღვწის აქ მთელი ღამე, რათა რაიმე მატერიალური მოიპოვოს, რათა მცირეოდენი თევზი დაიჭიროს და სახლში წაიღოს. და ამ მიწიერი რაღაცის გამო მთელი ღამე ის არ იძინებს და ფხიზლობს. ხედავ, დროის გასაყვანად ზოგჯერ ის მღერის, ჩვენ კი აქ ღვთის მადლის დასაჭერად მოსულებმა ნუთუ არ უნდა ვიფხიზლოთ? და ჩვენც უნდა ვიმღეროთ ანუ ვიგალობოთ და განვადიდოთ ღმერთი, ფხიზლად უნდა ვიყოთ გულისთქმებთან დაკავშირებით, არ უნდა დავიძინოთ. ეს მეთევზე ქვემოთ რამდენიმე თევზის დაჭერის გამო შრომობს, ჩვენ კი სულიერი თევზაობისთვის, ზეციური სასუფევლის დასაჭერად, დიდი მადლის გამო, ღვთის პირის წინაშე საუკუნო ჯილდოს გამო. ეს დიდი საქმეა!
- მართალი ხართ, მამაო.
ის, აი, ასე გვაძლიერებდა.
როგორი დიდი ღვაწლი გვქონდა უდაბნოში როცა ცხელოდა! გვალვაა... ზაფხულის შუადღისას კლდეები გავარვარდებოდნენ და ღამე სითბოს (ხვატს) გამოსცემდნენ. და ჩვენც პატარა მღვიმეში მოთავსებულ ეკლესიაში ვიხრაკებოდით. ის ისეთი პაწაწკინტელა იყო და შიგ ისე ცხელოდა, რომ შეიძლებოდა გავგუდულიყავით. ათსაათიანი ღამისთევის ლოცვა, ბოლოს კი ლიტურგია აღსრულდებოდა.
ვიდრე ეკლესიაში შევდიოდი ლიტურგიაზე, მე რაც შეიძლებოდა მოთმინების გულისთქმებს მოვიკრებდი, რათა გამეძლო, თავებს ვქინდრავდით, ვყვინთავდით, როცა უკვე თვლემას ვიწყებდით, ალიყურიც მოგვხვდებოდა ხოლმე. ისეც იყო, რომ ბერდიდი ჭიქით წყალს იღებდა და შემოგვასხამდა.
- გძინავთ! - ყვიროდა.
- შეგვინდე!
ოჰ, საშიში იყო ის ამ წყლით! ტანსაცმელი გვისველდებოდა და წყალი დაბლა წვეთავდა. იქიდან გამოსულები გაწუწულ ქათმებს ვგავდით.
ქერუბინთა საგალობელს, ჩვეულებისამებრ ბერდიდი გალობდა. ძალზე მშვენიერი რამ იყო. მას ლამაზი ხმა ჰქონდა. ზოგჯერ მამა არსენი ტონალობას კარგავდა და ბერდიდი მას მაშინათვე სილას გააწნავდა. რაც არ უნდა მიგეცა საგალობლად, ის მაინც მეექვსე ხმაზე შემობრუნებას ცდილობდა. ბერდიდი ეტყოდა:
- მამაო არსენ, "ნეტარი არიანზე" მესამე და მეექვსე საგალობელი მერვე ხმაში ვიგალობეთ.
მაგრამ გალობა კვლავ იშლებოდა, მეექვსე ხმის გამო.
- ოჰ, ჩემო ძვირფასო, განა მუსიკისა რამე გამეგება? - თავს იმართლებდა მამა არსენი. ხდებოდა ისეც, რომ ლიტურგიის დროს მამა არსენი შენიშვნას იძლეოდა.
- ხედავ, კანდელიდან ზეთი დაღვარე.
ბერდიდი კი ეტყოდა:
- ტაძარში ნუ საუბრობ!
ორივე რაოდენ დიდებული და შესანიშნავი ადამიანი იყო!