როგორც ხედავ, ჩემო შვილო, ბექა, ცდუნებებთან და ვნებებთან ბრძოლა ურთულესი პროცესია და ადამიანი ხშირად სასიკვდილო ჭრილობასაც იღებს, რომლის მოშუშება მხოლოდ მონანიებით, აღსარებით, მოძღვრისთვის გულისზრახვათა სრული განდობით შეიძლება. ღირსი მამა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი გვასწავლის: "სასიკვდილო ჭრილობაა მოუნანიებელი, გამოუტირებელი ცოდვა, რომელიც აღსარებით არ გაბათილდა, განსაკუთრებით მძიმეა სასოწარკვეთილება, რადგან თუ ჩვენ ჩვენს თავს თავად არ ჩავაგდებთ უყურადღებობის (დაუდევრობის) ან სასოწარკვეთილების უფსკრულში, დემონები ვერაფერს დაგვაკლებენ. მაშინაც კი, როცა ისინი ჭრილობებს მოგვაყენებენ, თუ მოვინდომებთ, კეთილსინდისიერი მონანიების გზით, შეგვიძლია უფრო მამაცები და გამოცდილები გავხდეთ. დაეცეს, ცოდვისგან დაიჭრას და მერე ისევ აღდგეს და ბრძოლა განაგრძოს, ეს უაღრესად სულმაღალი და მამაცი ადამიანის თვისებაა. ის ღირსია დიდი ჯილდოსი, რადგან ვიყოთ დაზღვეული დაცემისაგან, არ არის ჩვენს განგებულებაში, მაგრამ დავრჩეთ დაცემულნი, თუ ისევ ავღსდგეთ და ახალი ძალით განვაგრძოთ ბრძოლა, ეს ჩვენს ხელთაა. თუ არ ჩავვარდებით სასოწარკვეთილებაში და მთელი ძალებით შევეცდებით გავუძალიანდეთ ცოდვას, მაშინ სიკვდილი ჩვენზე ვერ იბატონებს, ყოველთვის გავექცევით მას, თუ მივმართავთ გულწრფელი, გულშემუსვრილი მონანიებით ყოვლისშემძლე და კაცთმოყვარე უფალს. რაოდენ სამწუხაროა, ჩემო ბექა, რომ ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილი სარგებლობს ამ მხსნელი საშუალებით. უმრავლესობა კაპიტულაციას არჩევს, იგონებს თავის გამართლების ათასგვარ თეორიებს, როგორიცაა "ბუნებრივი მოთხოვნილებანი", "როგორც ყველა, ისე მე", "მოდერნისტული აზროვნება", "თანამედროვე კულტურა" და ამით სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს საკუთარი თავისთვის. ისინი საკუთარ სულს სატანის სათამაშოდ აქცევენ, ხარბად ეწაფებიან ათასგვარ იაფფასიან საკბილოს, მათი საკვები არის "ყვითელი კულტურა", რაც მალე ბეზრდებათ, მაგრამ ამ მომენტისთვის მათ ახალ საკენკს უმზადებენ და ისე ასულელებენ, როგორც ბრიყვ ვირს ჯორზე ჩამოკიდებული ბალახით. ამიტომ არის მანკიერებათა ბაზარი უაღრესად მომგებიანი, უდიდესი შემოსავალი აქვს პორნოინდრუსტრიას, ნარკობიზნესს, სიგარეტით ვაჭრობას და ყველაფერი ეს კეთდება გაბრიყვებული ადამიანის ხარჯზე. სულიერად მხნე, ეკლესიური ადამიანი არ იყიდება ამ იაფფასიან მომაკვდინებელ საქონელზე, ამიტომ მანკიერებათა მომწოდებლები ყველანაირად ჩქმალავენ ჭეშმარიტ ფასეულობებს და ყველანაირად ცდილობენ მანკიერებათა "ბუნებრივ მოთხოვნილებად" გასაღებას. იგონებენ სხვადასხვა სოციალურ, ფსიქოლოგიურ თუ ფილოსოფიურ მოდელებს, რომ ადამიანი დაარწმუნონ მისი მომხმარებლური და ვნებიანი ინსტინქტების ბუნებრიობაში. ამიტომ დღეს უაღრესად აქტუალურია სწორი სულიერი პოზიციის შემუშავება: ადამიანს აქვს არჩევანი - ან იაფფასიან, წუთიერ სიამოვნებებზე დახურდავდეს და ამით წაიბილწოს სული, გახდეს საკუთარი ცოდვების მონა ან ესწრაფოს ქრისტესმიერ სიწმინდეს - ერთადერთ ჭეშმარიტ სიამოვნებას და თავისუფლებას. როგორც ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს: "რამდენად ნარჩევი ხორბლის პური უფრო ფასეული და გემრიელია, ვიდრე ნაკელი, იმდენად შეუდარებლად უფრო ტკბილია ზეციურის საღად გემოვნება, ვიდრე მიწიერი... ამქვეყნიურ სიკეთეებს ჩვეულებრივ თან სდევს მტანჯველი და მტკივნეული დარდი და გარჯა. ღმერთში ცხოვრება კი, როცა ადამიანი საუბრობს მასთან და თვითმხილველი ხდება მისი ენითგამოუთქმელი სიკეთის, ნებისმიერ ნეტარებაზე აღმატებულია ყველა სხვა დიდებაზე, ბედნიერებაზე, სიხარულსა და ნუგეშზე უმეტესია". უმაღლესი სიამოვნება სიწმინდეა, ადამიანი სიწმინდისთვის არის შექმნილი, ის ღვთის სახებაა - ღმერთი კი სრულად წმინდაა. აი, ამიტომ, ჩემო შვილო, ამთავითვე უნდა ისწავლო მიწიერ სიამოვნებათა ზომიერად მიღება და თვითშეზღუდვა, მათი ჭარბად და უაზროდ მოხმარება, თვით ამისკენ მისწრაფებაც კი, როგორც სულიერად ისე ფიზიკურად ანგრევს ადამიანს. ეკლესიური ცხოვრება არ არის სიამოვნებათა უარყოფა, პირიქით - აბსოლუტური სიამოვნების წყაროსკენ - ღვთისკენ მისწრაფებაა. ეს უკანასკნელი კი იმდენად სრულყოფილია, რომ მიწიერ სიამოვნებათა გამოკიდების აუცილებლობა თავისთავად გამოირიცხება. როგორც გადამეტებული ტკივილისაგან კვდება სხეული, ასევე გადამეტებული სიამოვნებისგან კვდება სული, ამიტომ სულიერებით დაინტერესებული ადამიანისთვის აუცილებელია ვნებებთან განუწყვეტელი ბრძოლა. ვიმეორებ: ომი სასტიკი და დაუნდობელია, განსაკუთრებით მძიმე და ძნელია ბრძოლა საკუთარი სხეულის წინააღმდეგ. "სექსის კულტურა" ეს ადამიანის გარყვნილი გონების ახირებაა, რომელმაც ისტორიული განვითარების პროცესში თანდათან სოციალური აღიარება მოიპოვა და დღეს "სექსუალური რევოლუციის" სახით ადამიანის სრული დეგრადაციის ინსტრუმენტად იქცა. ადამიანის სქესობრივი მისწრაფება გამოცხადდა სრულიად დაუოკებელ ვნებად და სექსუალური აღვირახსნილობა გამოცხადდა ნორმად. ეკლესიის წმინდა მამები კი ერთხმად ამტკიცებენ, რომ სქესობრივი მისწრაფება სრულიად კონტროლირებადი პროცესია. აი, რას წერს ამის შესახებ ღირსი ისააკ ასური (VI ს): "ღვთისგან ბოძებულ ბუნებრივ ინსტინქტს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში შვილთა შობისთვის არის ჩადებული, არ ძალუძს, გარედან ჩაურევლად აღაშფოთოს ჩვენი კეთილგონიერება და აგვაცდინოს სიწმინდესა და კდემამოსილებას, რადგან ღმერთი ბუნებას არ აძლევს ძალას, დააბრკოლოს მისკენ მიმავალი კეთილი განწყობა. როცა ვინმე აღგზნებულია, ან ვნებით არის შეპყრობილი, ეს ბუნებრივი ინსტინქტი კი არ აიძულებს დაარღვიოს საკუთარი ბუნების საზღვარი, არამედ მხოლოდ ის, რასაც გარედან ჩვენ, ჩვენი ნებით ჩვენს ბუნებას ვუმატებთ (ინსპირაცია). ღმერთმა რაც შექმნა, ყველაფერი მშვენიერი და გაწონასწორებულია და ვიდრე ჩვენში სწორადაა დაცული ბუნებრივი გაწონასწორებულობის საზომი, ბუნებრივ ინსტინქტებს არ ძალუძთ გზას (სიწმინდეს) აგვაცილონ". წმინდა მამის ამ სიტყვებს სრულიად ადასტურებს მდინარე ამაზონის ჯუნგლებში მცხოვრები პატარა ტომის ყოფაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი. მასში ნაჩვენებია, თუ როგორ ცხოვრობენ ბუნებრივი პირობების გამო ცივილიზაციისგან იზოლირებულად. რაც უაღრესად ნიშანდობლივია, მათ სრულებით არ ახასიათებთ სექსუალური ვნება, სრულიად მშვიდად ცხოვრობენ და საქმიანობენ ერთმანეთის გვერდით დედაკაცები და მამაკაცები. თუმცა სრულიად შიშვლები არიან. მათთვის სექსუალური ურთიერთობა მხოლოდ ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესია, რომელსაც მხოლოდ გარკვეულ დროს და შვილთა შობისათვის აუცილებელი ინტენსივობით იყენებენ. ის, რომ სექსუალური მოთხოვნილება არ არის დაუოკებელი ვნება, ამას ღვთიურ სიწმინდეში მყოფი ადამიანები საკუთარი გამოცდილებით გრძნობენ. ისინი აშკარად აბათილებენ ერში მიღებულ თვალსაზრისს ამ საკითხზე და ამტკიცებენ, რომ ის გარედან არის ინსპირირებული.
სექსუალურად გარყვნილი ადამიანი კანიბალს ჰგავს, რომელიც ბავშვობიდან ადამიანის ხორცის ჭამას მიაჩვიეს, რომლის ფანტაზიები არ სცილდება სხვისი ხორცის ფლობის ჩარჩოებს. ჩემო შვილო, გთხოვ, ნუ იქნები კანიბალი. თუ ვინმე თავისი ქცევით ან გარეგნობით გაცდუნოს, სასწრაფოდ დაიწყე მისთვის ლოცვა. შეეცადე, მისი სხეულის მიღმა მისი სული დაინახო და შეავედრო ის უფალს. ასევე, უმალ გაიხსენე უფლის მაგალითი, თუ როგორ მიუტევა მეძავ ქალს, წარმოიდგინე მისი თანაგრძნობით და ტკივილით აცრემლებული თვალები, გაიხსენე მისი უსაზღვრო სიყვარული ადამიანებისადმი და სთხოვე, აგაცილოს განსაცდელი, შეეცადე, იყო უვნებო და სუფთა, როგორც პატარა ბავშვი, სხვისი სილამაზე შეაფასე არა როგორც მოხმარების საგანი, არამედ როგორც ღვთის მშვენიერი ქმნილება. გაიხსენე, რომ ფიზიკური სილამაზე დროებითია და ლამაზი კანის ქვეშ ისეთივე დასისხლიანებული ხორცია, როგორიც ბაზრის დახლზე გასაყიდად დაყრილი პირუტყვისა და ის განწირულია დასალპობად.
ჩემო შვილო, კიდევ ბევრი მაქვს შენთვის სათქმელი, მაგრამ ამჯერად ამით დავკმაყოფილდები, ისედაც გრძელი წერილი გამომივიდა, მხოლოდ ერთს დავუმატებდი: მე პატივისცემით ვეპყრობი შენი პროფესიის არჩევანს და გწამდეს, ვევედრები უფალს, რომ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში ხელი მოგემართოს. კარგი იქნებოდა, რომ მოგეწერა, თუ რა გარემოებების საფუძველზე გააკეთე არჩევანი, ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა. როცა ადამიანი ამა თუ იმ პროფესიას ირჩევს, მას მის სასარგებლოდ გაცილებით მეტი დადებითი არგუმენტი აქვს, ვიდრე უარყოფითი. ძალიან მაინტერესებს ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიის, შენ მიერ განსაზღვრული დადებითი მხარეები. მომწერე ასევე, თუ გაქვს უკვე რაიმე გეგმები, რომლებზეც მუშაობ ან აპირებ იმუშაო.
დიდი სიყვარულით მომიკითხე დაჩი, ჩემგან დიდი ბოდიში გადაეცი, რომ ამჯერად წერილი არ დავუწერე. ვაპირებ, თუ ღვთის ნება იქნა, მისი დაბადების დღისთვის გავუგზავნო წერილი. ასე რომ, გული ნუ დასწყდება.
ჩემო შვილო, მინდა ასევე გაგიზიაროთ ერთი ჩემი დიდი სიხარული, გასულ ბზობის დღესასწაულზე კიდევ ერთი ქართველი აღიკვეცა ათონის მთის წმინდა ვათოპედის მონასტერში. მას თეოდორე უწოდეს. ის უკვე მეხუთე ქართველი ათონელია, კიდევ ხუთი რეალური კანდიდატია, რომლებიც, ღვთის ნებით, მომავალი ერთი წლის განმავლობაში აღიკვეცებიან. უნდა გაგიზიარო, რომ ეს ადამიანები ჩემთვის ძალიან ახლობელნი არიან. ისინი ისევე მიყვარს, როგორც შენ და დაჩი.Mმათთან რაღაც განსაკუთრებულ სულიერ სიახლოვეს ვგრძნობ. გთხოვ, შენც ილოცო მათთვის: ბერდიაკონი პეტრე, ბერი ევტიხი, ბერი ერმოლაოსი, ბერი ნექტარიოსი, ბერი თეოდორე და ხუთი მორჩილი: მიქაელი, საბა, პავლე, გიორგი, აბელი.
ამით დაგემშვიდობები, ჩემო კეთილო შვილო. სულ ორიოდე თვეში შენ დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებ. ღმერთმა რთული და ძნელი გზა აგირჩია, მაგრამ იცოდე, რა მძიმეც არ უნდა იყოს ღვთისგან კურთხეული ჯვარი, მისი ღირსეულად ტარებისთვის საუკუნო ნეტარება გელის. შენ დაბადებული ხარ წმინდანების: სოფიოსა (სიბრძნე) და მისი ქალიშვილების: პისტის (რწმენა), ელპიდესა (იმედი) და აღაპის (სიყვარული) ხსენების დღეს, 30 სექტემბერს. ეს უაღრესად ნიშანდობლივია - ღმერთმა მათ შენი მფარველობა დააკისრა, რითაც, მჯერა, რომ მოგიწოდა, რწმენით, იმედითა და სიყვარულით აღჭურვილმა მოიპოვო ღვთიური სიბრძნე.
ღმერთმა დაგილოცოს შენი ცხოვრების გზა!!!
მარად შენთვის მლოცველი შენი მშობელი მამა
ბერი ერმოლაოსი
წმინდა ათონის მთა, საბერძნეთი,
2006 წელი.
წმინდა ათონის მთა, საბერძნეთი,
2006 წელი.