ღირსი დოსითეა - მონაზონი კიევისა
დასაწყისი იხ. "კარიბჭე" #2
კურთხევის შემდეგ დოსითეამ დიდი ხანი იცხოვრა მღვიმეში.
მთელ დღეებს მშიერ-მწყურვალი, სიცივესა და ეშმაკთა სხვადასხვანაირ შემოტევებს მოთმინებით იტანდა. მას ბუნებისაგან ჰქონდა ღვთისაგან ნაჩუქარი ნათელი და ღრმა ცნობიერება, სულიერი გამოცდილება. დოსითეას მიეჩვივნენ მართლმადიდებლები, ამიტომ მდიდარი თუ ღარიბი, მორწმუნე თუ ურწმუნო დასახმარებლად დოსითეასთან გარბოდა, მაგრამ დოსითეა უკვე კელიაში ხალხს აღარ იღებდა, სარკმლიდან ესაუბრებოდა მომსვლელებს. მას სახეც დაფარული ჰქონდა. დასაწყისი იხ. "კარიბჭე" #2
მიდიოდნენ დოსითეასთან და ეუბნებოდნენ: - მამაო, ვლოცულობ, ვმარხულობ, ბევრ მეტანიას აღვასრულებ, მაგრამ ჩემი არ ესმის უფალს. დოსითეა კი პასუხობდა: "ილოცეთ, შვილებო, მაგრამ არა მხოლოდ ენით, გულით ილოცეთ და უფალი შეისმენს თქვენს ლოცვას! წარმოიდგინეთ, ვინ არის უფალი და ვინ ვართ ჩვენ. რამხელა მადლს გვაძლევს უფალი, დაუმსახურებლად რამდენ რამეს გვაძლევს. რატომ ვცხოვრობთ დედამიწაზე, დაფიქრდით? შემდეგ გააძლიერეთ ლოცვა და აღარ თქვათ "უფალო, შეგვიწყალენ" მხოლოდ ენით, არამედ სულით აღმოთქვით სიტყვები: ღმერთო, დამეხმარე მე და მაჩუქე ძალა, რომ ვიარო შენი ნების მიხედვით... მაშინ შენი თხოვნა სასიამოვნო იქნება უფლისათვის.
***
მღვიმეში 20 წლის განმარტოვების შემდეგ დოსითეამ მეორედ იხილა ხორციელი და. მშობლები უკვე დიდი ხნის გარდაცვლილნი იყვნენ, მისი და კი მარტო ცხოვრობდა. ერთხელ გადაწყვიტა, კიევში წმინდა ადგილების მოლოცვა. მოილოცა კიევის მონასტრები - პეჩორის ლავრა, სადაც გაიგო დოსითეას ამბავი. მის დაკარგულ დაზე წმინდანს უამბო. მან ვერ იცნო დარია (დოსითეა). დოსითეასაც არ უჩვენებია სახე. გაცილებისას დოსითეამ უთხრა: - არ იდარდო დაკარგულ დაზე, რადგან ის უფალთანაა სულის სახსნელად. ნუ მწუხარებთ, არამედ გიხაროდენ, რამეთუ ის გადარჩენის გზას ადგას. მალე რუსეთიდან ბრძანება მიიღეს, რომ არცერთი განდეგილი არ ყოფილიყო. ამიტომ კიევის ლავრის ბერებმა შესთავაზეს დოსითეას მათთან გადასახლება. წმინდანმა ამოირჩია შორეული მღვიმე და განაგრძო განმარტოებული ცხოვრება, მღვიმეში ჩაკეტილი ლოცულობდა. საჭმელს, რომელიც მორჩილს მიჰქონდა ლავრიდან, სურვილისამებრ იღებდა.
დოსითეა და მისი მოწაფე თეოფანე
დოსითეას კელიაში ერთი ახალგაზრდა დასახლდა, თეოფანე. მან 12 წლიდან მოინდომა მონასტრული ცხოვრება. 16 წლისამ გადაწყვიტა განდეგილობა. დატოვა მიწიერი ცხოვრება ისე, რომ არც უთხოვია შენდობა და-ძმისთვის. მივიდა კიევ-პეჩორის ლავრაში. მამებმა მორჩილად მიიღეს. მონასტერში სხვადასხვა მორჩილებას აღასრულებდა. 17 წლისა დოსითეას სენაკში გადაიყვანეს. დიდი სულიერი გამოცდილება მიიღო თეოფანემ წმინდა დოსითეასგან. ბავშვური გულით უსმენდა მონაზონს და ასრულებდა მისი სულისთვის სასარგებლო რჩევებს. თეოფანეს არაწმინდა აზრები აწუხებდა. წინასწარმეტყველი დოსითეა მის სულიერ მდგომარეობას ჭვრეტდა და ეუბნებოდა: "მოითმინე, ძმაო, ბოლომდე მოითმინე და ცხონდები. შეიყვარე მწუხარე ცხოვრება, გადარჩენის გამო მიიღე ეს, როგორც მწყურვალმა. მძიმეა ასეთი მდგომარეობა, მაგრამ საცხოვნებელი".
"ძმაო! - ეუბნებოდა თეოფანე დედა დოსითეას, - გულს არ ესმის ჩემი... ის ახალგაზრდაა, იქედან ბოროტი აზრები გამოდის".
დოსითეა კი ფეოფანეს კვლავ არიგებდა.
მალე თეოფანეს წმინდა ადგილის მოლოცვის სურვილი გაუჩნდა. დოსითეასგან დალოცვა ითხოვა დიდ გზაზე გასამგზავრებლად. წინასწარმეტყველმა უპასუხა:
"არა, შენი გზა არ არის იერუსალიმში, შენ სხვა გზა გაქვს, მოლდავეთში გაემგზავრე... შენთვის ეს მოგზაურობა უფრო შედეგიანი იქნება".
"იქ ვისთან წავიდე? არავის ვიცნობ", - უპასუხა თეოფანემ.
"ამაზე ნუ იდარდებ. წადი ახლავე პოდოლზე, (კიევის ერთ-ერთი უბანი), იქ იპოვი ორ ახალგაზრდა სასულიერო პირს, რომლებიც კიევში ჩამოვიდნენ და უკან მიემგზავრებიან. ისინი დაგეხმარებიან", - მიუგო დოსითეამ.
თეოფანე შეცბა და შეშინდა. მართლაც წავიდა და ნახა მოლდავეთიდან ჩამოსულნი. ერთი მათგანი არქიმანდრიტი სოფრომი გახლდათ. პაისი დიდის მეგობარი და თანამმარხველი. თეოფანე მასთან დოსითეას სახელით მივიდა. ამ სახელის ხსენებაზე ბერები მაშინვე დათანხმდნენ და სამივენი ერთად მოლდავეთისკენ გაემგზავრნენ. მგზავრობის დროს თეოფანე მათ ემსახურებოდა.
გზად თვით პაისი დიდი შემოხვდათ. მიესალმა ყველას და თქვა: - სასწაულია თეოფანე!
ყველამ სიყვარულით მიიღო თეოფანე. მან შეისწავლა შრომა, ლოცვა, მორჩილება და მონაზვნობისათვის აუცილებელი საქმიანობა.
მონაზვნები რიდით, თვალებდახრილნი დადიოდნენ, შეხვედრისას ერთმანეთს თაყვანისცემით ესალმებოდნენ. იმ დროს პაისისთან მონასტერში 700 ბერი ცხოვრობდა. ერთ-ერთი მათგანი სასულიერო წიგნს კითხულობდა. როდესაც რომელიმე მათგანი დაიწყებდა თემის გარეშე საუბარს, ალერსიანად შეაჩერებდნენ. კელიაში ზოგიერთი წიგნს წერდა, ჩექმებს კერავდა. აკეთებდნენ სხვა საქმეს.
თეოფანეს მოეწონა აქაური ცხოვრება და პაისს სთხოვა, მოლდავეთში დაეტოვებინა. ბერმა უთხრა: - წადი კიევის რუსეთში, ცოტა ხანი დოსითეას ემსახურე, რომელიც მალე გარდაიცვლება, ხოლო მისი კურთხევის მიხედვით იქ წადი, სადაც მიგითითებსო.
ერთხელ დოსითეამ ითხოვა "ქერუბიმის" საკმეველი (ასე ეძახიან საკმეველს, რომელიც წირვაზე "რომელი ქერუბიმთას" გალობის დროს იხმარება). დააწყო საკმევლები ფანჯარაზე და ვინც მასთან დასალოცად მიდიოდა, ყველას უნაწილებდა.
"აიღე, - ეუბნებოდა მომსვლელს, - კარგად დაანთე შენთან სახლში და ეზოში... მალე იქნება საშინელი უბედურება... თქვენ კი ილოცეთ, ილოცეთ და გადარჩებით"!..
1770 წლის ბოლოს მართლაც გაჩნდა შავი ჭირი, რომელიც მალე კიევში გავრცელდა. ვინც საკმეველი დოსითეასგან მიიღო, ისინი და მათთან მცხოვრებნი გადარჩნენ, არც კი მიჰკარებიათ დაავადება.
წმინდა დოსითეას ანდერძი
გავიდა 4 წელი. დოსითეას კელიას შორეულ მღვიმეში უამრავი ხალხი ეხვია და ხელს უშლიდა ლოცვასა და განმარტოებაში.მან მოისურვა, დარჩენილი დღეები განეწმინდა ლოცვაში და მარტოობაში. 1775 წელს პეჩორის ლავრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ზოსიმეს სთხოვა, კვლავ კიტაევოში გაეგზავნა. გადმოცემით, დოსითეას ლავრაში დიაკვნად კურთხევა შესთავაზეს. მაგრამ როგორ დათანხმდებოდა, ის ხომ სინამდვილეში ქალი იყო! ამის შესახებ არავინ იცოდა, ამიტომ ძალიან რომ არ დაეძალებინათ, გადაწყვიტა, ლავრიდან წასულიყო და კიტაევოს მღვიმეში დაბრუნებულიყო.
დოსითეამ მაღალ სულიერ მდგომარეობას მიაღწია. იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრულის დრო. იხმო თეოფანე და უთხრა:
- დიდხანს იმსახურე შენ ჩემთან. ახლა მივდივარ ჩემი მამების გზაზე. როცა დამასაფლავებენ, წადი აქედან და იარე ჩრდილოეთისკენ. სოლოვეცკის სავანეში იპოვი გადარჩენის გზას.
- მამაო! - უპასუხა ცრემლმორეულმა თეოფანემ, - მე შევპირდი ღირს ანტონს და თეოდოსის, რომ მთელი სიცოცხლე ვიცხოვრებდი მათ მღვიმეებში და თქვენ ჩრდილოეთისკენ მიშვებთ?
- ღვთის წინაშე არა აქვს მნიშვნელობა, სად იქნები, შვილო. აქ ანტონი და თეოდოსია, იქ ზოსიმე და სავატია.
ასეთი იყო დოსითეას სიკვდილისწინა დარიგება მოწაფისადმი.
დოსითეამ იგრძნო სიკვდილის მოახლოვების დრო. გამოვიდა მღვიმიდან და ჯოხზე დაყრდნობით დასამშვიდობებლად მივიდა მონასტრის წევრების კელიასთან. განცვიფრდა კიტაევოს მონასტრის საძმო, რომ მათი საყვარელი ბერი მივიდა მათ კელიებთან. როცა კელიის კარს აღებდნენ, დაჩოქილი დოსითეა ყველას შენდობას სთხოვდა. "მაპატიეთ... მაპატიეთ... ყველას გაწყენინეთ სიტყვით, საქმით, აზრით", ითხოვდა თვალცრემლიანი დოსითეა შენდობას.
შემდეგ დაბრუნდა კელიაში და ისევ ჩაიკეტა. დილამდე გალობდა ფსალმუნებს და ელოდებოდა ამქვეყნიდან გასვლას. კითხულობდა კანონებს. ლოცვაში განუტევა წმინდა სული უფალს!
დილით თეოფანე მივიდა მოძღვართან რჩევის მისაღებად, მაგრამ დოსითეამ არ უპასუხა. მიხვდა - გარდაცვლილიყო და კიტაევოს მონასტრის ბერებთან წავიდა. როცა გატეხეს კარები, ყველას თვალწინ გადაიშალა განსაცვიფრებელი სურათი: ხატის წინ, რომელთანაც კანდელი ენთო, იდგა დაჩოქილი დოსითეა სკვნილით ხელში, თითქოს ლოცულობდა, მარცხენა ხელში ეჭირა დიდი გრაგნილი, რომელზედაც ეწერა: "ჩემი სხეული მზადაა სამუდამო სამყოფელისათვის, ყველას გთხოვთ, ძმებო, რომ არ დამასაფლავოთ ჩვეულებრივი წესით და არ გამომიცვალოთ სამოსი".
მისი სურვილისამებრ დოსითეას ანდერძი შეასრულეს. ზედმეტად არავინ შეხებია მის წმინდა სხეულს. დაასაფლავეს იმავე სამოსით, რაც ტანთ ეცვა.
უამრავი ხალხი მიდიოდა დოსითეასთან გამოსამშვიდობებლად. ტიროდნენ, რომ აღარ ჰყავდათ წმინდა მამა.
დოსითეას სიკვდილის შემდეგ მისი და მეორედ ჩავიდა კიევში და გაემართა კიტაევოს მონასტრისაკენ, რათა გასაუბრებოდა დოსითეას, მაგრამ წმინდანი გარდაცვლილი დახვდა.
როცა მივიდა საფლავთან და შეხედა ქვაზე ამოტვიფრულ მის სახეს, და გაოცდა... ეს მისი და დარია იყო. მაშინ გახდა ყველასთვის ცნობილი, რომ მღვიმეში ჩაკეტილი დოსითეა იყო არა მონაზონი მამაკაცი, არამედ მანდილოსანი.
დოსითეა 1776 წლის 25 სექტემბერს 56 წლისა გარდაიცვალა. ის დასაფლავებულია კიტაევოს მამათა მონასტრის ეზოში, წმინდა სამების სახელობის ტაძრის კედლის ჩრდილოეთ ფასადთან.
მოგვიანებით, როცა დოსითეა წმინდანად შერაცხეს, მისი საფლავი შეცვალეს, რომელზეც აწერია: "1776 წელი 25 სექტემბერი, დოსითეას გარდაცვალება".
***
გადმოცემის მიხედვით, ვიდრე დოსითეას წმინდანად შერაცხავდნენ, სურდათ მისი საფლავის გახსნა, წმინდა ნაწილების ამობრძანება და ძვირფას სასახლეში ჩაბრძანება, რათა ასე აღესრულებინათ მისი წმინდათა დასში შერაცხვა. მაგრამ რამდენჯერაც გათხარეს საფლავი, სულ ქვემოთ და ქვემოთ იწევდა მისი წმინდა სხეული. ეს სამჯერ განმეორდა. შემდეგ მიხვდნენ, რომ წმინდანს არ სურდა მიწიდან აღმოყვანება და როგორც სიცოცხლეში, ასევე სიკვდილის შემდეგაც, დაფარულად განმარტოება ერჩივნა. მას შემდეგ მის საფლავზე დადგეს თაბაშირის მონუმენტი მოზაიკის ხატით და წარწერით: "ღირსი დოსითეა, მონაზონი კიევისა". მას შემდეგ აღარ უცდიათ საფლავის გათხრა. ის წმინდანთა დასში შერაცხეს. წმინდა დოსითეა ეხმარება ყველა მიმსვლელს. მის კელიაში იგრძნობა მისი ლოცვის მადლი. შეგეწიოთ მისი ლოცვა და მეოხება ღვთის წინაშე ყველა ქართველს და სრულიად მართლმადიდებელ ეკლესიას! ამინ! წმინდა დედაო დოსითეა, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!