უდიდესი ბედნიერებაა, ვინც მადლს თავისი ღვაწლის შესაბამის ჯილდოდ მიიღებს უფლისაგან და სიხარულით ატირდება
03.01.2013
2000 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც იუდეის ქალაქ ბეთლემში 25 დეკემბრის ღამეს
, მაშინ, როცა ცოდვებით დამძიმებულ კაცობრიობას ღრმა ძილით ეძინა, ქვეყნიერებას მოევლინა განკაცებული ძე ღვთისა უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, რომლის გამოჩენასაც 35 საუკუნეზე მეტხანს ელოდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი.
"დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", - ასეთი საგალობლით ადიდებდნენ უფლის მიწიერ შობას იმ ღამით ზეციური ნათლით მოსილი ანგელოზები. ამბობენ, მას შემდეგ ყოველი შობის ღამეს უთვალავი ანგელოზი ჩამოდის დედამიწაზე და ზეციური გალობით კვლავაც ახარებს სიყვარულის მეუფებას ქვეყნად.
"იესო ქრისტე ბეთლემში იშვა, მაგრამ ეს საკმარისი არაა, ის უნდა იშვას ყოველი ადამიანის გულში, და არა მარტო იშვას, არამედ მუდამ იმყოფებოდეს მასთან. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენთვის მისაწვდომი ის ზეციური მადლი, რომელიც დედამიწაზე საუკუნეთა უწინარესმა ლოგოსმა მოგვიტანა", - აღნიშნავს ერთ-ერთ საშობაო ეპისტოლეში უწმინდესი და უნეტარესი ილია II. წმინდა ნიკოლოზ სერბი ასე გადმოგვცემს ამ უდიდეს მოვლენას: "მესია იშვა, მოვიდა ის, ვინც მამა ღმერთმა სამოთხიდან გამოშვებულ ჩვენს პირველმშობელთა აღუთქვა; ის, ვის მოსვლასაც წარმართი ტომნი და ხალხი ელოდნენ, ის, ვისაც სევდამორეული ნატრობდა უმწეო კაცობირობა, ის, ვინც ბნელი ღამის შემდეგ ამოსულ მზესავით გაბრწყინდა.
იწვა უძლიერესი მეფე უძლეველი კვერთხითა და მოწყალების ლამპით ხელში... ყრმა იშვა ძლევამოსილი. დაე, დაიცვას მართალნი და მოაქციოს ცოდვილნი, დაე, ცისქვეშეთის ბოროტი სულნი ძირს დაანარცხოს. მოძღვარი იშვა, წინასწარმეტყველი, დაე, გზააბნეულები მოიძიოს და გაუძღვეს"... იშვა ქრისტე ბაგაში, საქონლის სადგომში, რადგანაც სხვა ადგილი არ აღმოჩნდა მისთვის დედამიწაზე; კაცობრიობის ისტორიას მანამდე არ ახსოვს ადამიანის გონებისთვის ესოდენ წარმოუდგენელი და ბოლომდე შეუცნობელი სასწაული...
ვესაუბრებით ნეკრესის მიტროპოლიტს სერგი ჩეკურიშვილს.
- იშვა მესია, ქრისტე-მაცხოვარი ორი ბუნებით ერთდროულად, ღმერთიც და კაციც, ძნელია ამის გააზრება ადამიანის გონებისთვის.
- რა თქმა უნდა. სხვათა შორის, არიან ადამიანები, რომელთაც ჰგონიათ, თითქოს ქრისტე იმ დროიდან არსებობს, რა დროსაც იგი ბეთლემში იშვა ქალწული მარიამისგან. რასაკვირველია, ასეთი შეხედულება მცდარია და მიუღებელი ეკლესიური ცნობიერებისთვის. მაცხოვარი დასაბამიდან არსებობდა. იგი, როგორც ყოვლადწმინდა სამების ერთ-ერთი პირი, მონაწილეობდა სამყაროს შექმნაში. ქრისტე რომ არ შობილიყო, ჩვენი გონება ნაწილობრივადაც ვერ შეიქმნიდა წარმოდგენას ღვთიურ სასუფეველზე. საუკუნეთა უწინარესმა უფალმა ჯერ კიდევ კაცობრიობის შექმნამდე განჭვრიტა, რომ ადამიანი, ცოდვით დაცემის გამო, დასცილდებოდა თავის შემოქმედს. კაცთა მოდგმის ცოდვებისგან გამოხსნის მისია თავის თავზე აიღო წმინდა სამების ერთ-ერთმა პირმა იესო ქრისტემ, მას უნდა გამოესყიდა კაცობრიობის ცოდვები წამებისა და ჯვარცმის საზღაურად და დაენახვებინა ჩვენთვის გადარჩენისა და კვლავ უფლის წიაღში დაბრუნების გზა. ყოველივე ეს ჯერ კიდევ ადამიანის შექმნამდე გადაწყდა ზეცაში, წმინდა სამების ბჭობის შედეგად. ძველი აღთქმის მამები წინასწარმეტყველებდნენ, რომ "ქუსლი დედაკაცისა შემუსრავდა თავსა გველისასა". აქ ლაპარაკია ღვთისმშობელზე, ზეციურ კიბეზე, რომლის მეშვეობითაც უფალი დედამიწაზე ჩამოვიდა, ჩვენ კი საშუალება მოგვეცა, იმ მარადიულ, სანეტარო სამშობლოში დაბრუნებისა, რასაც სასუფეველი ჰქვია, ქრისტეშობის შემდეგ დედა ღვთისა ხომ ადამიანთა ზეცად აღმავალი კიბეც გახდა. გველმა აცდუნა ევა, რომლის სახელსაც უკავშირდება პირველი ცოდვა. ის, რომ ქალწული მარიამი ამარცხებს გველს, ამას სიმბოლური ახსნა აქვს: ამით იგი ამარცხებს ადამიანის ცოდვილ ბუნებას, რომელიც მემკვიდრეობად გვერგო ჩვენი პირველმშობლებისგან.
- ქრისტეშობის მარხვის ბოლო პერიოდი ცოტათი გამკაცრებულია და საერო ახალი წლის დღეებს ემთხვევა ყოველთვის. როგორ უნდა გავატაროთ ახალი წელი ისე, რომ დისკომფორტი არ შევუქმნათ ოჯახის წევრებს და ამასთან, ღირსეულად შევხვდეთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს?
- მადლობა ღმერთს, საქართველოში ძლიერი და მტკიცე ნებისყოფის ადამიანები ცხოვრობენ, ისინი პირველ ადგილზე მაინც სულიერებას აყენებენ უფლის დიდი სიყვარულის გამო და ვფიქრობ, ადვილად ართმევენ თავს ამ პრობლემას. მორწმუნისთვის სწორედ ის იქნება დიდი განსაცდელი, რომ შობის წინა დღეებში, როცა მარხვა უფრო გამკაცრებულია, მაშინ გაუჭირდეს მისი დაცვა. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, კარგი იქნება, გავაძლიეროთ ლოცვები, მეტად ვიფიქროთ იმაზე, რომ უფალი ჩვენი სიყვარულის გამო იშვა და ეწამა, - ეს არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, - ვილოცოთ და არ მოვაკლდეთ ეკლესიურ მადლს, იმისათვის, რომ განწმენდილი და განახლებული მივეგებოთ დღესასწაულს. მარხვითა და ლოცვით გული იწმინდება, სუფთა და საღი ხდება, უფალთან გონებით მაღლდება და ადამიანი ქალწულდება (აქ არ იგულისხმება ფიზიკური ქალწულობა). ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან მარხვითა და სწორი ლოცვით მივდივართ, აქედან იწყება სინანული, რაც ესოდენ აუცილებელია ყოველი ჩვენგანისთვის.
ქართველმა ხალხმა მრავალი გასაჭირი და განსაცდელი გამოიარა, ბევრჯერ გაგვლახა ამ ცხოვრებამ და შესაძლოა, ზოგი ამის გამო გაბოროტებულიყო კიდეც, მაგრამ ქართველ კაცს მოსიყვარულე, თბილი, მიმტევებელი გული აქვს, ეს კი ღვთის საჩუქარია და ალბათ, ამიტომაც ვიღებთ უფლისგან იმაზე მეტს, რამდენსაც ვიმსახურებთ.
- ბედნიერებაა ქრისტეშობის დღესასწაულს მორწმუნე ადამიანი ბეთლემში, იმ ადგილას შეხვდეს, სადაც ჩვენი მაცხოვარი იშვა...
- უცხოეთის მრავალ ქვეყანაში ვმოგზაურობ ყოველწლიურად, მაგრამ იერუსალიმში დღემდე არ ვყოფილვარ. გულახდილად მოგახსენებთ, არ მიმაჩნია ჩემი თავი იმის ღირსად, მოვილოცო იერუსალიმის წმინდა ადგილები, რატომღაც მგონია, ექსკურსიის დონეზე გამიჭირდება ისეთი ლოცვითი განწყობის შექმნა, როგორიც საჭიროა, რადგან არა ვარ დარწმუნებული ამაში. ასეთია ჩემი დამოკიდებულება, რომელიც, შესაძლოა, არასწორიც იყოს და ბევრისთვის მიუღებელი, მგონია, სწორი ცხოვრებით ყველგან შესაძლებელია უფლის პოვნა.
- დაბოლოს, რას უსურვებდით ჩვენს ხალხს შობა-ახალი წლის დამდეგს?
- უპირველესად, უფალთან სიახლოვეს, რწმენაში გაძლიერებას, მშვიდობიან ცხოვრებას, გამრავლებას, ოჯახურ ბედნიერებას. ლოცვით, მარხვით, ქრისტიანული ცხოვრების წესით გავიგებთ, თუ რას ნიშნავს ქრისტეშობის დღესასწაულის მადლის მიღება. უდიდესი ბედნიერებაა, უდიდესი სიხარულია, ვინც ასეთ მადლს თავისი ღვაწლის შესაბამის ჯილდოდ მიიღებს უფლისაგან და სიხარულით ატირდება.
უფლის შობა პირველად ზეცაში გადაწყდა და ეს ანგელოზთა უდიდესი ზეიმიცაა, ჩვენ ხომ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა შეიცვალა სასუფეველში და საიქიო ცხოვრებაში ამ უდიდესი მოვლენის შემდეგ?
ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გააძლიეროს ქართველი ხალხი და სრულიად საქართველო!
მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ამინ!
ქრისტეშობას გილოცავთ!