ქრისტე აღსდგა!
ქრისტე აღსდგა!
თუ ოცი საუკუნით უკან გადავინაცვლებთ და წარმოვიდგენთ მაცხოვრის ჯვარცმით დაზაფრულ, დამწუხრებულ, დაობლებულ მოწაფეებს, რომლებსაც უეცრად ყოველგვარი საფუძველი გამოეცალათ, მაშინ შევძლებთ, იმ განუზომელი სიხარულის მიზეზიც შევიმეცნოთ, რაც მათში უფლის მკვდრეთით აღდგომის ცნობამ გამოიწვია. ეს სიხარული უფრო სავსე შეიქმნა, როდესაც მათ საკუთარი თვალითაც იხილეს აღმდგარი მაცხოვარი და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ სწორედ ის იყო ადამისა და მისი შთამომავლობისთვის აღთქმული მესია. აი, ახლაც, 2000 წლის შემდეგ, სააღდგომო ლიტურგიის ჟამს მღვდელმსახური ამბიონიდან დაიძახებს: "ქრისტე აღსდგა!" "ჭეშმარიტად!" - ვუპასუხებთ და ჩვენც ქრისტეს მოწაფეთა სიხარულის თანაზიარნი ვხდებით. ისე გვევსება გული საზეიმო განწყობით, ისე მაღლდება სული, რომ გონებას რომც არ ჰქონდეს გააზრებული აღდგომის მთელი სისავსე, მაინც უზომოდ გვიხარია.

გვესაუბრება სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი გიორგი (გამრეკელი).

- მამაო, იშვიათია ადამიანი, აღდგომას განსაკუთრებული განწყობა რომ არ ჰქონდეს. რა არის ჩვენი ამ ზოგჯერ გაუცნობიერებელი სიხარულის მიზეზი?

- ზოგადად, ორი რამ გვიხარია: როცა აღსრულდება ის, რასაც ველოდით ან ვითხოვდით და როცა რაიმე კარგ ამბავს გვახარებენ ან გვაჩუქებენ რამეს, მოგვილოცავენ დაბადების თუ სხვა ჩვენთვის მნიშვნელოვან დღეს, თუმცა ეს უკანასკნელი მაინც პირველს წააგავს, რადგანაც ამ დღეს ველით, რომ ვიღაც მოგვილოცავს, ვიღაცას გავახსენდებით, რომ მარტონი არ ვიქნებით.

აღდგომის დღესასწაული სულის ზეიმია, სულის დღესასწაული. სული ელის უფალთან შეხვედრას, მასთან ერთობის აღდგენას, სიკვდილისგან ხსნას. მართალია, ცოდვით დაცემის შემდეგ ხორციელი სიკვდილი ყველამ უნდა განიცადოს, მაგრამ სულის სიკვდილი ღმერთთან განშორებაა და მისგან გათავისუფლება შესაძლებელია. ადამს ღვთისგან კურთხევა ჰქონდა, არ ეგემა კონკრეტული ხის ნაყოფი, თორემ მოკვდებოდა - უფალს დაშორდებოდა. ვიცით, რომ ადამმა ფიზიკურად 930 წელი იცოცხლა, მაგრამ სულიერი სიკვდილისგან ხსნის მოლოდინი მთელ მის შთამომავლობაზე გავრცელდა.

აი, გაიღო სასუფევლის კარი, პირველქმნილი ცოდვა მოტევებულია, სულს უხარია, რომ მისი მოლოდინი აღსრულდა და მას ამას ულოცავენ. "ქრისტე აღსდგა", - ამ ორ სიტყვაში გონებისთვის მიუწვდომელი საიდუმლოა ჩატეული, რომელსაც ვერ სწვდება ფილოსოფიური თვალსაწიერი, რომლისკენაც ილტვის მთელი კაცობრიობის სიბრძნე და ვერ აღწევს. ამ სიტყვებში ჩადებულია უდიდესი სიხარული, სულის ნუგეში, სულის იმედი, სულის დღესასწაული, სულის ძლევა სიკვდილზე. სწორედ ეს გვიხარია ჩვენ - სულს დაბადების, მარადიულობაში შობის დღეს ულოცავენ.

- ამ სიტყვებს - "ქრისტე აღსდგა" ქრისტიანები გამარჯობის ნაცვლად 40 დღის განმავლობაში, აღდგომიდან ამაღლებამდე ვამბობთ. საიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია და რისი მიმანიშნებელია? უნდა მივესალმოთ თუ არა ამგვარად ყველა ადამიანს, განურჩევლად იმისა, ეკლესიურია ის თუ არა?

- ვიტყოდი, რომ ეს ტრადიცია სათავეს ქრისტეს აღდგომის დღიდანვე იღებს. ანგელოზმა, რომელიც ქრისტეს საფლავზე გამოეცხადა მოციქულებსა და მენელსაცხებლე დედებს, უთხრა მათ, ეს ამბავი მოწაფეებისთვის ეხარებინათ. ისინიც ჯერ ანგელოზის უწყებას ავრცელებდნენ, ხოლო როდესაც თავადაც იხილეს მაცხოვარი ემაუს გზაზე, ამ დიდ სიხარულს ყველას უზიარებდნენ, მაცხოვრის ამაღლების შემდეგ კი მთელს მსოფლიოს ამცნობდნენ, ახარებდნენ ქრისტეს აღდგომას, ჯოჯოხეთის ტყვეობისგან გამოხსნას, ცხოვრების განახლებას.

40 დღის განმავლობაში ქრისტიანები ერთმანეთს "ქრისტე აღსდგათი" ესალმებიან იმ 40 დღის გასახსენებლად, მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა თავის მოწაფეებთან რომ გაატარა. მაშინ აღდგომის სიხარული განსაკუთრებული სისავსით გამოირჩეოდა, რომელსაც მათი გული ვერ იტევდა და აღდგომილი მაცხოვრის მხილველნიც კი კვლავ და კვლავ ახარებდნენ ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას.

ადამიანი, რომელიც არ არის ეკლესიური, მაგრამ თავს ქრისტიანად მიიჩნევს, რამენაირად მაინც აღნიშნავს ამ დღესასწაულს. მის სულსაც უხარია, რადგანაც, მამების თქმით, სული ყველა ადამიანისა დაბადებით ქრისტიანია, თუ, რასაკვირველია, მას უკვე წინასწარ არ აქვს მტრული განწყობა ეკლესიის, ქრისტიანობის მიმართ. მაგრამ თუ ვხედავთ, რომ დაბნელებულია მისი სული და ამ მოვლენას ეწინააღმდეგება, თავი უნდა დავანებოთ - ის ჯერ არ დაბადებულა აღდგომის სიხარულისთვის.

- თვითონ სააღდგომო მსახურებაც აღსავსეა საზეიმო განწყობით. რით განსხვავდება ის სხვა მსახურებათაგან?

- სააღდგომო მსახურება უპირველეს ყოვლისა განსხვავებული ტიპიკონით ტარდება: მწუხრი შაბათს, ბასილი დიდის წირვის შემდეგ სრულდება, საღამოს მსახურება კი სერობის ლოცვით იწყება, მაცხოვრის გარდამოხსნას იღებენ შუა ტაძრიდან, საკურთხეველში შეაბრძანებენ და ტრაპეზზე დაასვენებენ, იკითხება შესაბამისი საკითხავები, ხოლო შუაღამისას იწყება ლიტანიობა. ლიტანიობა განსხვავებული მსახურებაა - სამღვდელოება და მრევლი ჯვარ-ხატებითა და სანთლებით სამგზის შემოუვლის ტაძარს და გალობს: "აღდგომასა შენსა, ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა და ჩვენცა ღირს გვყვენ ქვეყანასა ზედა წმიდითა გულითა დიდებად შენდა". შემდეგ ტაძრის დახშული კარის წინაშე წარმოითქმის ცისკრის ასამაღლებელი, სრულდება ფსალმუნიდან გამოკრეფილი განსაკუთრებული მუხლები და თითოეულ მუხლზე იგალობება "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით..." მათი დასრულების შემდეგ წინამძღვარი თუ სხვა უპირატესი მსახური გარს შემოკრებილ ხალხს სამგზის ულოცავს ქრისტეს აღდგომას, ტაძრის კარი იღება, ყველა ერთად შედის ტაძარში და ქრისტეს აღდგომის საგალობლებს გალობს. ცისკრის ლოცვა დაწყებულია, მაგრამ ამის შემდეგ ფსალმუნები აღარ იკითხება; კითხულობენ მხოლოდ ძლისპირებსა და ტროპარებს - სააღდგომო საგალობლებს. აღსავლის კარი ღიაა, თითოეულ ტროპარზე ხდება კმევა და მილოცვა: ქრისტე აღსდგა. მსახურებაში ჩართულია იოანე ოქროპირის ქადაგება. ამის შემდეგ წირვა იწყება განსხვავებული ჟამნობით და ჩვეულებრივი ტიპიკონით გრძელდება.

- რატომ იკეტება ლიტანიობის დროს ტაძრის კარი, შეიძლება თუ არა ამ დროს ტაძარში დარჩენა, რადგანაც ხალხის სიმრავლის გამო ხშირად ძნელდება ლიტანიობაში მონაწილეობა?

- როდესაც სამღვდელოება და მრევლი ტაძრიდან გადის, წესით, შიგნით არავინ რჩება გარდა მცველისა, რომელიც კარს დახშავს. ამ დროს ტაძარი მოასწავებს მაცხოვრის დახშულ საფლავს, იმ გამოქვაბულს, რომელშიც მისი აღდგომა მოხდა, ლიტანიობაში მონაწილეობით კი თანაზიარნი ვხდებით ამ დიდი საიდუმლოსი და დედების სიხარულისა.

- რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს წითელ კვერცხს, აუცილებელია თუ არა, იგი მეწამული იყოს? რამდენად გამართლებულია სააღდგომო კვერცხების სხვადასხვა ფერად შეღებვისა და მოხატვის ტრადიცია, რაც დასავლურ ქვეყნებშია დამკვიდრებული?

- იმის შესახებ, თუ რატომ იქცა კვერცხი ქრისტეს აღდგომის სიმბოლოდ, არსებობს საეკლესიო გადმოცემა: როცა მარიამ მაგდალინელი იმპერატორის წინაშე წარადგინეს და მან ქრისტეს აღდგომა იქადაგა, იმპერატორმა სკეპტიკურად ჰკითხა: სად გინახავს ბუნებაში ასეთი რამ, რითი დაამტკიცებ შენს ნათქვამსო? მარიამ მაგდალინელმა მას კვერცხი აჩვენა - თუ მისი ნაჭუჭი არ დაირღვა, ისევე როგორც ირღვევა ჩვენი მიწიერი სხეული, ვერც იქიდან გამოვა ახალი სიცოცხლე; ჩვენი სხეულიც, თუ სიკვდილი არ განიცადა, ხელახლა ვერ იშვებაო. ამგვარად, ეს სიმბოლო პირველი საუკუნიდანვე არსებობდა.

აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოდ მიიჩნევა ხორბალიც - კვერცხებს წინასწარ გამზადებულ ჯეჯილზე აწყობენ. ამის შესახებ თავად მაცხოვარი გვეუბნება: თუ მიწაში ჩაგდებული მარცვალი არ მოკვდა, ვერც თავთავი აღმოცენდება მისგან და ნაყოფსაც ვერ გამოიღებსო.

რაც შეეხება კვერცხის წითლად შეღებვას, მეწამული სამეფო ფერია და იმაზე მიანიშნებს, რომ მეუფე სუფევს და ჩვენც ღირს ვიქმნებით მისი სამეფოს მკვიდრობისა. სხვადასხვა ფერად შეღებვა კი წადილია იმისა, რომ ეს სიხარული მრავალფეროვნებით გამოიხატოს. აქ შეიძლება პარალელი გავავლოთ მართასა და მარიამის მსახურებას შორის: მართა ზრუნავდა მრავლისათვის და შფოთავდა და ეს კარგი იყო, სანამ არ განიკითხა თავისი და მარიამი, მაგრამ უფალმა სწორედ მარიამის მსახურება შეიწირა - ერთი და მთავარი. ასე რომ, შეიძლება, სხვადასხვა ფერითა და მოხატულობით გამოვხატოთ სიხარული, რათა ჩვენს მიწიერ თვალსაც უხაროდეს, - ეკლესია ამას არ კრძალავს, - მაგრამ მთავარი მაინც მეწამული კვერცხი უნდა იყოს, რომელიც სრულად გამოხატავს ჩვენი სიხარულის სულიერ სიმბოლოს.

- რატომ იკურთხება სააღდგომო კვერცხები?

- არა მარტო კვერცხი იკურთხება, იკითხება ლოცვა კვერცხისა და ყველის კურთხევისა და ცალკე ხორცის კურთხევისაც. მონასტერში მხოლოდ ყველი და კვერცხი იკურთხება, ერში - დამატებით ხორციც. ზოგადად კურთხევა ზეცასთან კავშირია. მართალია, დღესასწაულის გამო შეგვიძლია გავიხსნილოთ, სულიერ ზეიმს ხორციელი დღესასწაულიც დავურთოთ, მაგრამ ესეც კურთხევით უნდა ხდებოდეს, სხეულიც ზეცასთან უნდა იყოს კავშირში, რადგან თუმცა იგი მიწაა და მიწადვე მიიქცევა, მაგრამ სულთან ერთად მისი მიწიერი სხეულიც აღდგება და გახდება თანაზიარი აღდგომის სიხარულისა. ამიტომ სხეულიც კურთხევას ემორჩილება, რათა სისავსე და მადლი ამ სიხარულისა იყოს ყველგან და ყველაფერში, მათ შორის - მიწიერ საზრდელშიც.

- რა სიმბოლური დატვირთვა აქვს სააღდგომო პასკას?

- ებრაული პასექის დღესასწაულზე ხმიადებს, უსაფუარო პურებს აცხობდნენ. ეს ხმიადები იყო საიდუმლო სერობაზეც. გარკვეული განსხვავება დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებში, ჯერ კიდევ განხეთქილებამდე, ის იყო, რომ დასავლეთში უსაფუარო კვერის გამოყენების ტრადიცია შეინარჩუნეს (ებრაელებს აკრძალული ჰქონდათ მისი საფუარით მომზადება), აღმოსავლეთში კი გაფუებული კვერის გამოყენების ტრადიცია შემოვიდა. ეს ტრადიცია ეფუძნება მაცხოვრის მიერ მოყოლილ იგავს სასუფევლის შესახებ: სასუფეველი ჰგავს საფუარიან ცომს, რომლის მცირე ნაწილი ცომს აფუებს. საფუარი მადლის სიმბოლოა - მადლით ხდება ქვეყანაზე ჭეშმარიტი სარწმუნოების გავრცელება, მადლით ხდება ადამიანის მოპოვება სასუფევლისთვის და ცხონება. ამიტომ აღდგომის დღესასწაულზე ვამზადებთ საფუარიან პურს, რომელიც ტკბილი უნდა იყოს - "ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავე მე სიმართლენი შენნი", იესო ტკბილის სულიერი სიტკბოება მიწიერშიც აისახება. ამავე დროს პასკა პურია. უფალი ამბობს: "მე ვარ პური ზეცით გადმოსული". ვიცით, რომ საზიარებელი ღვინო და პური ღვთის მადლით იკურთხება და გარდაისახება უფლის სისხლად და ხორცად. აღდგომის სიხარულთან ერთად პასკა ასევე ზეციური საზრდოს სიმბოლოა ჩვენი სულებისათვის.

- ტრადიციულად, მორწმუნენი ლიტურგიის დასრულებისთანავე იხსნილებენ. როდის უნდა გაიხსნილოს ადამიანმა, ვინც მსახურებას ვერ დაესწრო?

- ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისამდე ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი აღდგომას ტაძარში ეგებებოდა. მხოლოდ ლოგინად ჩავარდნილი მძიმე ავადმყოფები არ მიდიოდნენ ლიტურგიაზე და მათაც იმდენად კარგად იცოდნენ საგალობლები, რომ შეეძლოთ შინ ეგალობათ და ამით გამოეხატათ თავიანთი სიხარული. ისინი ელოდნენ თავიანთ ძმებსა და დებს და როდესაც ისინი ნაკურთხ კვერცხს, ყველსა და პასკას მოიტანდნენ ტაძრიდან, მათთან ერთად იტრაპეზებდნენ.

ტექნიკურმა პროგრესმა დღეს ყველას მისცა საშუალება, ტელევიზიით უყუროს სააღდგომო ლიტურგიას. თუ ადამიანს ეს არ სურს, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა, როდის შეჭამს. ვინც ამ სიხარულშია ჩართული, ის წირვის დამთავრების შემდეგ გაიხსნილებს ან, ძველი ქრისტიანების მსგავსად, დაელოდება ოჯახის წევრების მიერ ტაძრიდან მოტანილ ნაკურთხ საზრდოს.

- "მოველი აღდგომასა მკვდრეთით" - მრწამსის ამ მუხლს ყოველდღე ვიმეორებთ მართლმადიდებლები. რას ნიშნავს საყოველთაო აღდგომა?

- ქრისტეს აღდგომაც მიუწვდომელი იყო მოწაფეებისთვის, მით უმეტეს შეუცნობელი საიდუმლოა საყოველთაო აღდგომა. ამ კითხვას შეგვიძლია მხოლოდ უფლის სიტყვებით ვუპასუხოთ: იქნება დასასრული ამა სოფლისა, მოხდება მეორედ მოსვლა, გაიმართება ქრისტეს სამსჯავრო, სადაც ყველა წარდგება, სამსჯავროს შემდეგ კი დაიწყება ახალი ცხოვრება, იქნება ახალი ცა და ახალი მიწა, ახალი ქვეყანა. იმის მიხედვით, თუ რა თვისებები შეიძინა ქრისტეს აღდგომილმა სხეულმა, შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება ეს ახალი ცა და ქვეყანა.

KARIBCHE

სამსჯავროზე გაცხადდება, ვინ ვინ არის. თუ დღეს ადამიანის სულს ვერ ვხედავთ, განკითხვის დღეს სული სხეულში აისახება. მამები ამბობენ, რომ ყველას განსჯა მოხდება ღვთის სამართლითა და წყალობით. სახარებაში ნაჩვენებია, რის მიხედვით მოხდება გამორჩევა - ვინც შეიწყალა გლახაკი, სნეული განიკითხა, პატიმარი მოინახულა, მშიერი განაძღო, მწყურვალს ასვა, ვისაც ჰქონდა მოყვასის სიყვარული, - ხოლო მოყვასის სიყვარულის საფუძველი ღვთის სიყვარულია, - იქნება მარჯვნივ, ნათელში; ვინც საპირისპირო აკეთა, თუნდაც თქვას, რომ უყვარს უფალი, მაგრამ ღვთის სიყვარული მოყვასის სიყვარულით არ გაუცხადებია, - როგორც უმოწყალო, სასტიკი, უგულისხმო, შორს იქნება სასუფევლისაგან. ყველა აღდგება, მაგრამ ყველა ვერ შევა სასუფეველში; აღდგებიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა და ბოროტის მოქმედნი - აღდგომასა სასჯელისასა.

გავიხსენებ უფლის სიტყვებს, სადუკევლებს რომ ეუბნება: აღდგომისას არც ქორწინდებიან, არც თხოვდებიან, არამედ ანგელოზთა მსგავსად არიანო. ეს საყოველთაო აღდგომის სულიერ მდგომარეობაზე მიანიშნებს.

- აღდგომის შემდეგ დგება ბრწყინვალე შვიდეული, რომლის ყოველი დღე აღდგომის სწორია. რას ნიშნავს ეს, როგორ გავატაროთ ეს კვირა?

- ამ შვიდეულის ცალკე გამოყოფა არ უკავშირდება აღდგომის დღესასწაულის წარგზავნას, რომელიც ამაღლების წინა დღეს ხდება. მას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. მერვე დღეს - აღდგომის მომდევნო კვირა დღეს - თომას კვირასაც უწოდებენ. ეს ორ საიდუმლოზე მიგვანიშნებს. ერთი მხრივ, მოციქულთაგან მხოლოდ თომა იყო დარჩენილი, ვისაც არ ენახა აღმდგარი ქრისტე და აღდგომის სისავსე უფლის მოწაფეებს შორის გაცხადდა სწორედ მერვე დღეს, როდესაც თომამაც იხილა უფალი. მეორე მხრივ, ეს მერვე დღეს მოხდა, რაც იმ მერვე დღეს გვახსენებს, როდესაც უფალი მეორედ მოვა. დღიდან აღდგომისა იმ მერვე დღემდე აღდგომის სიხარულში ვართ. ეს შვიდეული გვაძლევს იმპულსს და ძალას, რომ ბოლო დღემდე აღდგომის სიხარულით ვიყოთ სავსენი.

- ამ დროს ლოცვების კითხვის წესიც იცვლება, პასექის ჟამნობაც გვიმძაფრებს დღესასწაულის შეგრძნებას... როგორ იკითხება სხვა ლოცვები ბრწყინვალე შვიდეულში?

- ლოცვებიც, ცხადია, განსხვავებულად იკითხება. "მეუფეო ზეცათაოს" ნაცვლად სამგზის ვამბობთ: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით"; არ იკითხება დანარჩენი დასაწყისი ლოცვებიც. იგალობება პასექის ძლისპირები, ერისკაცებისთვის საკითხავად ცისკრისა და მწუხრის საკითხავებია გამოკრებილი, ტაძრებსა და მონასტრებში კი ტიპიკონით გათვალისწინებული სააღდგომო მსახურება ტარდება. "ღირს არსის" ნაცვლად "ანგელოზი ღაღადებს" იკითხება, კვლავ არ ვკითხულობთ ფსალმუნებს.

- როგორც თავადაც ბრძანეთ, აღდგომის მომდევნო კვირას ურწმუნო თომას კვირასაც უწოდებენ. იყო თუ არა თომას საქციელი მართლაც ურწმუნოებით გამოწვეული?

- თომა მოციქულმა ვერ იხილა აღმდგარი მაცხოვარი - უფალი მას არ გამოეცხადა - და თომა ამას განიცდიდა. მასაც სურდა, ახელოდა სულიერი თვალი, გამხდარიყო თანაზიარი ამ მოვლენისა. მაგრამ ის კი არ თქვა, მეც მინდა მისი ხილვაო, არამედ განაცხადა: სანამ არ ვიხილავ მის დამსჭვალულ ხელებსა და ფეხებს, სანამ არ შევახებ ხელს მის ჭრილობებს, არ ვირწმუნებო. თომას ეს სიტყვები მიუთითებს, რომ მისი გონება მოვლენათა ამქვეყნიური შემეცნებით იყო დამძიმებული. ის, შეიძლება ითქვას, მეცნიერი იყო - ყველაფრის დასაბუთება სჭირდებოდა, ყველაფრის წვდომა გონებით სურდა.

თომა მაინც არ შეხებია მაცხოვარს - თავად უფალი შეეხო მას, უფალმა გაიმეორა თომას მიერ წარმოთქმული სიტყვები, რითაც მიანიშნა, რომ ამ სიტყვების წარმოთქმისას ის მის გვერდით იმყოფებოდა, მაგრამ თომა მას ვერ ხედავდა.

მაცხოვარი კურნავს თომას სისუსტეს, მის მატერიალურ ხედვას, გონების შეზღუდულობას. აჩვენებს, რომ უფალი სხვანაირად ურთიერთობს ადამიანებთან, რომ ის გულში, სულში ცხადდება. სწორედ აქედან უნდა მიიღოს ადამიანმა ცოდნა და სიბრძნე და არა გარეშე, გონებისმიერი შემეცნებით. გარეშე ცოდნა მხოლოდ მაშინაა სრული, როდესაც კაცს შინაგანი შემეცნებაც აქვს. მის გარეშე გარეგნული ცოდნა შეიძლება ნაკლულევანი და ცდომილი იყოს, რადგანაც მასში ჩვენი დაცემული ბუნება მეტად მონაწილეობს, ხოლო უფალთან ერთობაში ის ამ ნაკლულოვანებისაგან თავისუფლდება.

თომა მოციქულთან უფლის გამოცხადების ამბავი ჩვენთვისაც სანუგეშოა; ჩვენ უფრო მეტად უნდა ვეცადოთ, სულითა და გულით მივიღოთ უფალი.

- თომას კვირას ეკლესიაში რიგდება არტოსი. რისი სიმბოლოა იგი და როგორ უნდა მოვექცეთ მას?

- მთელი შვიდეულის განმავლობაში, ნიშნად სასუფევლის კარის გაღებისა, აღსავლის კარი ღიაა. ამ ღია კარში, ტაძრისა და საკურთხევლის ზღვარზე, იდგმება პური. აღსავლის კარში დებით იგი თითქოს ზეცასა და ქვეყანას აკავშირებს. ეს პური - არტოსი - მადლის მატარებელი ხდება და ზეციური პურის სახედ მთელი წლის განმავლობაში ვიხმევთ. ამგვარად ჩვენ კვლავ ვიხსენებთ აღდგომას.

- ათეიზმის ხანაში სარწმუნოებასთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი ძაფი იყო საფლავებზე გასვლა აღდგომის დღეს. პატრიარქის კურთხევით, ახლა სასაფლაოზე აღდგომის მეორე დღეს გადიან, ასევე - თომას კვირის მომდევნო სამშაბათს. რა უნდა იყოს საფლავებზე გასვლის მიზანი?

- საზოგადოების არაბუნებრივი მდგომარეობა და დარღვეული ცნობიერება სულის საცხოვნებელი ცოდნის გაუკუღმართებას ან ნაკლულევანებას იწვევს. საზოგადოება დაშორებული იყო ეკლესიას, მაგრამ მაინც ინარჩუნებდა გარკვეულ განწყობას, ნდობას უფლის მიმართ და სურვილი ჰქონდა, აღდგომის დღესასწაულის თანაზიარი ყოფილიყო. შესაძლოა, ნაკლებად ესმოდა მისი მნიშვნელობა, მაგრამ სულს უხაროდა. გარკვეულწილად ეს ხელისუფლების მიმართ პროტესტიც იყო, თავისუფლების განცდა ტოტალური დიქტატურის რეჟიმის დროს.

დროის დეფიციტისა თუ სოციალური პირობების შეზღუდვის გამო მოხდა ორი ქმედების თანხვედრა: აღდგომის დღესასწაულის განცდა საზეიმო სუფრითურთ და მიცვალებულების ხსენება საფლავზე გასვლით, - აღდგომა კვირას არის, საბჭოთა პერიოდში კი ხალხს ამ დღეს უფრო ჰქონდა საფლავების მონახულების საშუალება, - ხოლო საეკლესიო ტრადიციით ეს სხვადასხვა დროს ხდება. მიცვალებულთა მოხსენიების დღედ დადგენილია კვირაცხოვლობის ანუ თომას კვირის შემდგომი სამშაბათი. თუმცა სააღდგომო ლიტურგიისას კვეთაში, ჩვეულებრივ, ვიხსენიებთ მიცვალებულებს, რადგანაც ისინი წინ მიგვიძღვიან - პავლე მოციქულის თქმით, ჯერ მკვდრები აღდგებიან და მერე ცოცხლები შეეგებებიან უფალს.

ის, რომ ჩვენს ეკლესიაში ჩვეულებად იქცა საფლავებზე გასვლა აღდგომის მეორე დღეს - ორშაბათს, ადგილობრივი ტრადიციაა. აქაური ხელისუფლება შედარებით ლმობიერად უყურებდა კომუნისტური რეჟიმის აკრძალვებს, წინაპრებსაც მეტ პატივს მიაგებდა, ხალხი საფლავებზე ორშაბათსაც რომ გასულიყო, დიდად არ ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ეკლესიამ შესთავაზა მრევლს, საფლავებზე არა აღდგომას, არამედ მის მეორე დღეს გასულიყვნენ.

ჩვეულებრივი ტიპიკონით, ბრწყინვალე შვიდეულში პანაშვიდი არ სრულდება. თუ ამ დღეებში ვინმე გარდაიცვალა ან გარდაცვალების მეორმოცე დღე შეუსრულდა, ესეც ღვთის განგებაა და მას აღდგომის სიხარულის საგალობლებით ვეგებებით, რომლებიც საგანგებო ტიპიკონით სრულდება. სხვა შემთხვევაში ახლობლებს მომავალ კვირამდე დაცდას ვურჩევთ. ბრწყინვალე შვიდეულის შემდეგ პანაშვიდს ჩვეულებრივი ტიპიკონით ვიხდით, თუმცა აღდგომის საგალობლები იქაც ემატება.

- მართებულია თუ არა საფლავებზე კვერცხისა და პასკის გატანა, რომლებიც იქ ცხოველების საკვებად იქცევა ხოლმე?

- სააღდგომო კვერცხი და პასკა ჩვენთვის, ადამიანებისათვისაა განკუთვნილი, ამიტომ მიწაზე მათი დაგდება და უპატრონოდ მიტოვება იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს უბრალოდ არ ესმით მათი მნიშვნელობა. თუ მიცვალებულთა პატრონებს სურთ, აღდგომის სიხარული ვინმეს გაუზიარონ, პასკა და კვერცხი კი არ უნდა დააგდონ, მესაფლავეებს, მომვლელებს უნდა მისცენ, რათა მათაც მოიხსენონ მათი მიცვალებულები.

საფლავზე ჩვენი მისვლის მიზანი მიცვალებულისათვის აღდგომის სიხარულის გაზიარებაა, რისთვისაც აღდგომის საგალობელი უნდა ვიგალობოთ. კვერცხი და პასკა ნივთიერია, მიწაა და როგორც ნივთიერი, სხვას უნდა მივცეთ. პირუტყვი მიწიერ საზრდოს იღებს, იგი არ არის სულიერი საზრდოს თანაზიარი; პასკისა და კვერცხის მისთვის მიცემა შეურაცხყოფაა სიწმინდისა. ასეთი ქცევა უმეცრების შედეგია.

- ამბობენ, ვინც აღდგომას ან ბრწინვალე შვიდეულში აღესრულება, სასუფეველში მოხვდებაო.

- ასე ადვილი რომ იყოს სასუფეველში შესვლა... როცა ამას ამბობენ, გულისხმობენ მორწმუნეს, რომელიც აღდგომის მოლოდინში გარდაიცვალა ან მიაღწია ამ სიხარულს და ისე აღესრულა, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში განსაკუთრებულ მოლოდინში იყო და სასოებდა უფალს, ემზადებოდა ამ სიხარულში შესასვლელად, იმ ავაზაკის კვალობაზე, რომელმაც თქვა: მომიხსენე, უფალო, სასუფეველსა შენსაო, - და პასუხად მიიღო: დღესვე ჩემს გვერდით, სასუფეველში იქნებიო. თუ ასეთი განწყობით გადის ადამიანი ამ ქვეყნიდან, თუ იგი ცდილობდა, ეცხოვრა უფლის ნებით, მისი მცნებებით, მაშინ მისი ცხონება შესაძლებელია. ეს გამოთქმაც სწორედ ასე უნდა გავიგოთ.

- კვლავ აღდგომის დღესასწაულს მივუბრუნდეთ. რა ადგილი უნდა ეკავოს ამ მოვლენას მორწმუნის ცნობიერებაში?

- არა მხოლოდ აღდგომა, არამედ ყოველი დღე ქრისტიანის ცხოვრებისა აღდგომის რწმენით, სიხარულითა და მადლით უნდა იყოს განმსჭვალული.

- დაგვლოცეთ, მამაო!

- ღმერთმა დაგლოცოთ.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat