დღეს მცხეთის ჯვრის დღესასწაულია.ეს დღე სათავეს მეფე მირიანის მეფობის დროიდან იღებს და საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთ უძველეს დღესასწაულად მიიჩნევა.
მცხეთის ჯვრის დღესასწაული სულთმოფენობის პირველ ოთხშაბათს აღინიშნება და თავისი მადლმოსილებით იერუსალიმში აღსრულებული ჯვრის გამოჩინების უდიდეს დღესასწაულს უტოლდება.
სვეტიცხოვლის აშენების შემდეგ წმინდა ნინომ კვლავ განმარტოება ინება და ავიდა მცხეთის პირდაპირ მდებარე მთაზე, სადაც მისი უშრეტი ლოცვით კლდის ძირას მაკურნებელი წყარო აღმოცენდა.
ამ დროს მთავარეპისკოპოსი იოანე შეუდგა შესაფერისი ხის ძებნას, რომ მისგან ჯვრები გამოეკვეთა. წმინდა ნინოს მიერ აღმოცენებული წყაროს პირას ნახეს ერთი მშვენიერი, ფურცლოვანი ხე, რომლის ნაყოფიც სასწაულებრივად კურნავდა დაჭრილ ცხოველებს. მოჭრეს ეს ხე ოცდახუთ მარტს, ხარების დღესასწაულის დღეს, პარასკევს.
მოჭრილი ხე მცხეთაში ოცდაჩვიდმეტ დღეს იდო, მაგრამ ერთი ფოთოლიც არ შეხმობია.
პირველ მაისს მისგან გამოკვეთეს სამი ჯვარი და შვიდ მაისს სვეტიცხოველში აღმართეს ისინი.
ცეცხლოვანი ჯვრის პირველი გამოცხადება სწორედ შვიდი მაისის ღამეს მოხდა სვეტიცხოვლის თავზე.
ცაზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცეცხლის ჯვარი გამოჩნდა. იგი გათენებამდე სვეტიცხოვლის თავზე იდგა. რომ გათენდა ელვებივით გაიშალა. ჯვარს ერთი ვარსკვლავი მოსწყდა, სვეტიცხოვლის პირდაპირ იმ მთას დაადგა, რომელზეც ნინო ლოცულობდა და რომლის ძირშიც მისმა ლოცვამ სამკურნალო წყარო აღმოაცენა. ორი ვარსკვლავი კი სხვადასხვა მხარეს წავიდა.
ეს უცნაური სახილველი რამოდენიმე დღე მეორდებოდა.
- მთებზე ხალხი დააყენე. დაე, მათ გიამბონ, ვარსკვლავები სად დგებიან. - ურჩია ნინომ მირიანს.
მირიანი ასეც მოიქცა.
მეამბეები მალე დაბრუნდნენ.
- ერთი ვარსკვლავი თხოთის მთაზე დგება!
- ერთმა ვარსკვლავმა ქართლი გადაიარა და კუხეთში, ბოდბეს თავზე დადგა! - მოახსენეს მეფეს.
ამ სასწაულის გამო წმიდა ნინოს რჩევით მეფემ ერთი ჯვარი დასავლეთით თხოთის მთაზე აღამართინა, მეორე – ქალაქ უჯარმაში, მესამე კი არაგვის გაღმა კლდოვან ბორცვზე, სადაც ახლა ჯვრის ტაძარია.
როცა მცხეთაში ეს პატიოსანი ჯვარი აღიმართა, მაშინვე ყველა კერპი დაიმსხვრა ქართლში.
საგულისხმოა, რომ ცეცხლის ჯვარი, რომელიც სვეტიცხოველის თავზე გამოცხადდა, ზოგადად ჯვრის ნიში კი არ იყო, არამედ საკუთრივ გოლგოთის ჯვარი, რომელიც მოგვიანებით (351 წ-ს) იერუსალიმშიც გამოჩნდა ცაზე იმავე 7 მაისს.
ჯვრის სასწაული რამდენიმე დღე გრძელდებოდა, მაგრამ რადგან ყველაზე ზეაღმატებული გამოცხადება ოთხშაბათ დღეს მოხდა, ეს დღე დაამკვიდრა საქართველოს ეკლესიამ მცხეთაში ჯვრის სასწაულებრივი გამოჩინების დღესასწაულად.
თხოთის ჯვარი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. იგი წარმოადგენს 260×123 სმ სიგრძე-სიგანის ხის ჯვარს, რომელიც ვერცხლის ფურცლებითაა მოჭედილი.
დიდი ხისგან გამოკვეთილი მეორე ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარშია აღმართული. მცხეთის ჯვარ-პატიოსანი შედგება ხის ორი ძელისაგან, რომელიც ვერცხლის ფურცლებით არის შეჭედილი. ჯვრის ჰორიზონტალური მკლავების ბოლოებში გამოსახულია თითო მახარებელი. ჯვარში ჩასვენებულია წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის ნაწილი. 2004 წელს ჯვარმა მირონდენა იწყო.
მესამე ჯვარი, რომელიც უჯარმაში აღიმართა, დაკარგულია.
საუკუნეთა შემდეგ ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზ გუარამის ძემ სვეტიცხოვლის პირდაპირ, იქ, სადაც ჯვარი იდგა, ტაძარი ააგო. მას ჯვრის მონასტერს ვუწოდებთ. ახლაც დგას გზისპირა მთაზე და მთელ მცხეთას გადაჰყურებს.
ჯვრის მონასტერი
მცხეთის ჯვარი (586/87-604 წლები) მდებარეობს მთაზე ძველი დედაქალაქის პირდაპირ, არაგვის გადაღმა, იქ, სადაც არაგვი მტკვარს ერთვის (ეს მტკვრისა და არაგვის მარცხენა ნაპირია). შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არ არსებობს ნივთიერი კულტურის სხვა ასეთი პოპულარული ძეგლი. ხალხისათვის ეს მხოლოდ ხელოვნების ნაწარმოები კი არ არის, არამედ ნამდვილი სიმბოლოც, ხორცშესხმული განსახიერება მისი ისტორიული წარსულისა, სიცოცხლის ძალისა, უშრეტი შემოქმედებითი ენერგიისა. მასთან დაკავშირებულია ძველი გადმოცემები, მისდამი მიძღვნილია სამეცნიერო გამოკვლევები, მას შთაუგონებია პოეტებიც. თბილისისკენ ჩრდილოეთიდან ან დასავლეთიდან მომავალი მგზავრი შორიდანვე ხედავს მცხეთის ჯვრის სილუეტს, მერე გარს უვლის მას სხვადასხვა მხრიდან, ძეგლი ხან გზის პერსპექტივში წარმოუდგება, ხან ცის, ხან მაღალი მთების ფონზე და საიდანაც არ უნდა უყურებდე მას, მცხეთის ჯვარი გაოცებს და გაღელვებს გარემო ბუნებასთან, მთების მოხაზულობასთან ჰარმონიული შერწყმით - იგი თითქოს ამ მთებისგანაა აღმოცენებული, როგორც მათი ბუნებრივი ნაწილი და გაგრძელება. "ბუნების გრძნობა" ხუროთმოძღვრებისა და გარემოს ორგანული კავშირი ქართული ძეგლების დამახასიათებელი და აუცილებელი თვისებაა. ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. ქრისტიანობის მიღების პირველ ხანებიდანვე ამ ადგილას ხის მაღალი ჯვარი იყო აღმართული.
ეს განმარტოებული ჯვარი, რომელიც მცხეთის არემარეს თავს დაჰყურებდა და ყოველი მხრიდან ჩანდა, დედაქალაქის მკვიდრთ ახალი, მათთვის ჯერ კიდევ იდუმალებით მოცული, სარწმუნოების ძალასა და უძლეველობას შთააგონებდა. მას მარტო ქართველები კი არ სცემდნენ თაყვანს, არამედ კავკასიის სსვა ქრისტიანი ერებიც (მათ შორის სომხებიც). მლოცველთა რიცხვი თანდათან მატულობდა. VI ს-ის მეორე ნახევარში ქართლის ერისთავმა გუარამმა ჯვრის გვერდით ააშენა პატარა ეკლესია (იგი დგას საგანგებო სუბსტრუქციაზე, რომელშიაც სამარხია). გარედან ეს ორფერდა სახურავიანი მარტივი სწორკუთხედია, მაგრამ შიგნით მას ჯვარისებრი მოხაზულობა აქვს - ერთი აფსიდითა და სამი სწორკუთხა მკლავით. მკლავები მცირე სიღრმისაა და თვით კედელშია "ამოღებული". შუაში აქაც კვადრატია, რომელსაც გუმბათისებრი გადაბურვა უნდა ჰქონოდა, მაგრამ ყელის გარეშე. ამ პატარა სამლოცველოს, რომელიც დღესაც დგას (თუმცა კი დაზიანებულია), ჩვეულებრივ ჯვრის მცირე ტაძარს ანუ "მცირე ჯვარს" უწოდებენ. იმავე VI ს-ის მიწურულში და VII ს-ის დასაწყისში გუარამის ძემ სტეფანოზ ერისმთავარმა მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რაკი მცირე სამლოცველო ვეღარ აკმაყოფილებდა ფესვგადგმული სარწმუნოების მოთხოვნილებას, მორწმუნეთა სიმრავლეს. დიდი ტაძარი ზედ გადაეხურა ხის ჯვარს, რომლის კვარცხლბეკი დღემდეა დარჩენილი ეკლესიის შიგნით.