"ქრისტე აღსდგა" - სულის ნუგეში, სულის იმედი, სულის დღესასწაული, სულის ძლევა სიკვდილზე სრულდება დიდი მარხვა და ახლოვდება ჟამი აღდგომის დღესასწაულისა.
ეს დღე განსაკუთრებულად სასიხარულოა მორწმუნეთათვის, მათთვის, ვინც თავისი საქციელით გახდა ქრისტეს ჯვარცმის თანამონაწილე, გაიარა გოლგოთა და ახლა უფალთან ერთად აღდგომას ზეიმობს.
თუ ოცი საუკუნით უკან გადავინაცვლებთ და წარმოვიდგენთ მაცხოვრის ჯვარცმით დაზაფრულ, დამწუხრებულ, დაობლებულ მოწაფეებს, რომლებსაც უეცრად ყოველგვარი საფუძველი გამოეცალათ, მაშინ შევძლებთ, იმ განუზომელი სიხარულის მიზეზიც შევიმეცნოთ, რაც მათში უფლის მკვდრეთით აღდგომის ცნობამ გამოიწვია. ეს სიხარული უფრო სავსე შეიქმნა, როდესაც მათ საკუთარი თვალითაც იხილეს აღმდგარი მაცხოვარი და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ სწორედ ის იყო ადამისა და მისი შთამომავლობისთვის აღთქმული მესია. აი, ახლაც, 2000 წლის შემდეგ, სააღდგომო ლიტურგიის ჟამს მღვდელმსახური ამბიონიდან დაიძახებს: "ქრისტე აღსდგა!" "ჭეშმარიტად აღსდგა!" - ვუპასუხებთ და ჩვენც ქრისტეს მოწაფეთა სიხარულის თანაზიარნი ვხდებით. ისე გვევსება გული საზეიმო განწყობით, ისე მაღლდება სული, რომ გონებას რომც არ ჰქონდეს გააზრებული აღდგომის მთელი სისავსე, მაინც უზომოდ გვიხარია.
გვესაუბრება ზემო ბეთლემის ტაძრის მღვდელმსახური,
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.- აღდგომის დღესასწაულის არსი ადამიანის ბუნების გამოსყიდვა, მისი ძველ მდგომარეობაში დაბრუნებაა. სწორედ მაცხოვრის მიერ მოხდა ბუნების განღმრთობა, რომელიც იესო ქრისტეში განხორციელდა. უფალმა სამოთხიდან გამოძევების წინ ადამსა და ევას აღუთქვა, რომ მოუვლენდა მხსნელს, რომელიც მათ ნეტარებაში დააბრუნებდა. მაცხოვრის ჯვარცმით და აღდგომით მოიკლა სიკვდილი და ადამიანის ბუნება სამარადჟამო ცხოვრებას - უფალ ღმერთს ეზიარა.
აი, გაიღო სასუფევლის კარი, პირველქმნილი ცოდვა მოტევებულია, სულს უხარია, რომ მისი მოლოდინი აღსრულდა და მას ამას ულოცავენ. "ქრისტე აღსდგა", - ამ ორ სიტყვაში გონებისთვის მიუწვდომელი საიდუმლოა ჩატეული, რომელსაც ვერ სწვდება ფილოსოფიური თვალსაწიერი, რომლისკენაც ილტვის მთელი კაცობრიობის სიბრძნე და ვერ აღწევს. ამ სიტყვებში ჩადებულია უდიდესი სიხარული, სულის ნუგეში, სულის იმედი, სულის დღესასწაული, სულის ძლევა სიკვდილზე. სწორედ ეს გვიხარია ჩვენ - სულს დაბადების, მარადიულობაში შობის დღეს ულოცავენ.
- როგორ ხდება აღდგომის თარიღის გამოთვლა? ეკლესიის სწავლებით, ყოველი კვირა დღეც აღდგომის სწორია. რატომ არის ასე?- აღდგომის თარიღის გამოთვლა უკავშირდება პასექის დღესასწაულს. როგორც სახარება გადმოგვცემს, მაცხოვრის ჯვარცმა პასექის დღესასწაულზე მოხდა. ეს დღე მოსეს მიერ ებრაელების ეგვიპტის ტყვეობიდან გამოხსნას უკავშირდება. იგი ღვთის ერის ხელახალ დაბადებას განასახიერებს. ებრაელთა კალენდრის მიხედვით, დღესასწაული აღინიშნებოდა ნისანის თვეში, რაც დაახლოებით მარტის მეორე ნახევრიდან აპრილის პირველ ნახევრამდე გრძელდებოდა. ამ თვის მე-14 დღეს, საღამოს, უნდა დაეკლათ საპასექო კრავი. ამ დღესასწაულით ტყვეობიდან გათავისუფლებას იხსენებდნენ. მაცხოვრის ჯვარცმა სწორედ ამ დღეს მოხდა, რასაც მესამე დღეს აღდგომა მოჰყვა. პარასკევიდან მესამე დღე კვირაა. ამის შემდეგ ყოველი კვირა აღდგომას ახსენებს ადამიანს. თავდაპირველად აღდგომის დღესასწაული ებრაელთა პასექის დღეს ემთხვეოდა, მაგრამ შემდგომ, წმინდა ეკლესიის დადგენილებით, მოხდა მისი ერთი კვირით გადაწევა. ასე რომ, აღდგომის დღესასწაულს პასექიდან ერთი კვირის თავზე ვდღესასწაულობთ. თავის მხრივ, პასექი ბუნიობის დღეს ემთხვევა, ამიტომაც არის აღდგომის დღესასწაული მოძრავი.
- არის თუ არა აუცილებელი აღდგომას ეკლესიაში წასვლა? სააღდგომოდ ხალხი უმეტესად რაიონში მიდის. ამის გამო აღდგომის მსახურებასაც ვერ ესწრებიან ხოლმე და აღდგომა მხოლოდ ოჯახში აღინიშნება. რამდენად დასაშვებია ეს?- აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაულია. გამოხატავს ადამიანის ცოდვისაგან გამოხსნას და მის მარადისობაში დამკვიდრებას. ყველა მორწმუნე უნდა იზიარებდეს იმ უდიდეს სიხარულს, რომელიც ამ დროს ეკლესიაში სუფევს. ბედნიერების განცდა მხოლოდ სააღდგომო ლიტურღიაზე დასწრებით არის შესაძლებელი. ამიტომაც ამ დღეს ეკლესიაში ყოფნა აუცილებელია.
- რატომ ტარდება აღდგომის დღესასწაული ღამისთევით, აქვს თუ არა ამ ლოცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა?- თავისი მნიშვნელობით აღდგომა მორწმუნისათვის ყველაზე დიადია, მრევლი იმ სიხარულის მოლოდინშია, რაც კაცობრიობას აღდგომამ მოუტანა. ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანი მღვიძარე უნდა მიეგებოს ამ დღეს, ამიტომაც ხდება ღამისთევა. რაც შეეხება ლიტურგიის არსს, მათში (ღამისთევის იქნება თუ არა) განსხვავება არ არის.
- თუ მიზეზთა გამო ღამისთევის მსახურებაზე ვერ წავედით, გვაქვს უფლება, 12 საათის მერე გავიხსნილოთ თუ ეს უფრო გვიან უნდა მოხდეს?- აღდგომის ზეიმი მაქსიმალურად უნდა განვიცადოთ. თუნდაც ტელევიზიით რომ ვადევნებთ თვალყურს მსახურებას, საჭიროა მის დასრულებას დაველოდოთ, პატრიარქის ქადაგებას, დალოცვას მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ სახსნილო საჭმელი.
- მორწმუნეთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა სააღდგომო ლიტანიობას აქვს. რა ხდება ამ დროს, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ მომენტს?- ლიტანიობის დროს სასულიერო პირი მრევლთან ერთად სამჯერ შემოუვლის გარს ტაძარს ხატებითა და ჯვრით ხელში. ქრისტიანულ სიმბოლიკაში წრე მარადიულობის სიმბოლოა, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. ამგვარად მორწმუნენი ყოვლადწმინდა სამებისადმი მადლიერებას გამოვხატავთ ადამიანის სამარადჟამო სამოთხეში დაბრუნების გამო. როცა სააღდგომო ღვთისმსახურება იწყება, აღსავლის კარი ღიაა, რაც სასუფევლის კარის გაღებას ნიშნავს. ეს კარი ადამის ცოდვის მერე დაიხშო, ხოლო ქრისტეს განხორციელებით - სამუდამოდ გაიღო.
- რატომ იკეტება ლიტანიობის დროს ტაძრის კარი? შეიძლება თუ არა ამ დროს ტაძარში დარჩენა, რადგანაც ხალხის სიმრავლის გამო ხშირად ჭირს ლიტანიობაში მონაწილეობა?- როდესაც სამღვდელოება და მრევლი ტაძრიდან გადის, შიგნით არავინ რჩება, გარდა მცველისა, რომელიც კარს დახშავს. ტაძარი მოასწავებს მაცხოვრის დახშულ საფლავს, იმ გამოქვაბულს, რომელშიც მისი აღდგომა მოხდა, ლიტანიობაში მონაწილეობით კი თანაზიარნი ვხდებით ამ დიდი საიდუმლოსი და დედების სიხარულისა.
- აუცილებელია თუ არა აღდგომას ზიარება?- ადამიანი, თუ რაღაც ცოდვის გამო ზიარებიდან არ არის განყენებული, მოძღვრის დაშვებით უნდა ეზიაროს.
- აქვს თუ არა მნიშვნელობა, რამხელა სანთელს დავანთებთ? როგორ მოვექცეთ ამ სანთელს ღამისთევის მერე? ზოგი უსახსრობის გამო ვერ იძენს სანთელს და ეს ცოდვა ჰგონია...- უმთავრესია, ლიტურგიას მივადევნოთ თვალი და განვიცადოთ აღდგომის სიხარული. მთავარია, ადამიანის გულში ენთოს რწმენის სანთელი. შესაბამისად, არც უსახსრობის გამო სანთლის ვერშეძენაა ცოდვა. ღამისთევაზე დანთებული სანთელი კი შეიძლება შინ წავიღოთ და ჩვენთვის მნიშვნელოვან დღეებში დავანთოთ, ან ეკლესიაში დავანთოთ რომელიმე ხატთან.
- რამდენად მნიშვნელოვანია სააღდგომოდ იერუსალიმში წასვლა?- როდესაც ადამიანის სული ღვთის სიყვარულითაა სავსე, აღდგომის სიხარულის განცდა ყველგანაა შესაძლებელი. მაცხოვრისმიერი გამოხსნა გეოგრაფიულად იერუსალიმში მოხდა, მაგრამ მის აღსაქმელად არ არის აუცილებელი ფიზიკურად მივიდეთ იმ ადგილას. უფალი ხომ ყველგანაა. სადაც მოგვიწოდებს, ჩვენც იქ უნდა ვეძიოთ ჩვენი გზა. საშუალება თუ გაქვთ, ცხადია, კარგია, შეხვდეთ ამ დღეს იერუსალიმში. თუმცა კი იყვნენ ადამიანები, წმინდა მამები, რომელნიც ღვთისადმი დიდი მოწიწების გამო თავს არ მიიჩნევდნენ ღირსად, მოელოცათ წმინდა ქალაქი.
- დიდი მარხვის დროს ყოველ კვირას წმინდა ბასილი დიდის ლიტურგია აღევლინება. ვისი ლიტურგია სრულდება აღდგომას და რა სხვაობაა ამ ლიტურგიებს შორის?- აღდგომას აღესრულება წმინდა იოანე ოქროპირის ლიტურგია გარკვეული სადღესასწაულო სახეცვლილებით. მთელი წლის განმავლობაში ბასილი დიდის წირვა სულ 10-ჯერ აღესრულება: დიდი მარხვის ყოველ კვირას, 14 იანვარს - ბასილი დიდის ხსენების დღეს, 6 და 18 იანვარს - შობისა და ნათლისღების წინა დღეებში. ყველა დანარჩენი ღვთისმსახურებისას იოანე ოქროპირის წირვა აღესრულება და ზიარების შემდგომ სამადლობელ ლოცვებშიც შესაბამისი წმინდანის ტროპარს ვკითხულობთ. სხვაობა ამ ორ ლიტურგიას შორის საიდუმლო ლოცვებშია. ბასილი დიდის წირვა იოანე ოქროპირის წირვაზე ცოტათი ხანგრძლივია. წმინდა იოანე იქროპირმა გაითვალისწინა ხალხის უძლურება და წმინდა ბასილი დიდის წირვა რამდენადმე შეამცირა. არსი, სტრუქტურა ლიტურგიისა ერთი და იგივეა.
პირველშეწირულის მსახურება დიდმარხვის განმავლობაში შუა კვირაში ტარდება. მისი ავტორი წმინდა გრიგოლ დიოლოღოსია. პირვეშეწირული მას იმიტომ ეწოდა, რომ მსხვერპშეწირვა ხდება წინასწარ, კვირის მსახურებაზე. ეს მსახურება ბოლოს აღევლინება ვნების კვირის ოთხშაბათს.
- აღდგომის შემდეგ თითქმის ძირეულად იცვლება ლოცვითი კანონი. დავიწყოთ "ღირს არსის" ლოცვით. იკითხება თუ არა ის აღდგომის შემდეგ?- აღდგომიდან ამაღლებამდე იკითხება შემდეგი ლოცვა: "ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმინდაო ქალწულო, გიხაროდენ და კვალად გიხაროდენ. ძე შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკვდარნი აღადგინა. ერნო, გიხაროდენ! განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალემ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ, სიონ, და აწ შენცა იშვებდი, ღვთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა!" სხვა ლოცვა ითქმის ამაღლებიდან სულთმოფენობამდე და სულთმოფენობიდან ყოველთა წმინდათა კვირიაკემდე. მათი მოძიება ლოცვანშია შესაძლებელი.
- არის თუ არა ცვლილებები აღდგომის შემდეგ დილა-საღამოს ლოცვებში?- დილა-საღამოს ლოცვა არ იკითხება ბრწყინვალე შვიდეულში. ამ დროს დილითაც და საღამოთიც იკითხება პასექის ჟამნი. ბრწყინვალე შვიდეულის შემდეგ ლოცვებს ვიწყებთ არა სიტყვებით "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა... მეუფეო ზეცათაო", არამედ აღდგომის ტროპარით - "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი". საზოგადოდ, ლოცვა "მეუფეო ზეცათაო" წყდება სულთმოფენობამდე. ამიტომაც ამაღლებიდან ამ დღესასწაულამდე ლოცვას პირდაპირ "წმინდაო ღმერთოთი" ვიწყებთ.
- როგორ იცვლება ფსალმუნთა კანონის კითხვის წესი?- ფსალმუნთა კითხვას ვწყვეტთ ვნების კვირის ოთხშაბათს. არც ბრწყინვალე შვიდეულში ვკითხულობთ, განვაახლებთ თომას კვირიდან.
- შეიძლება თუ არა ბრწყინვალე შვიდეულში სხვა ლოცვების (დაუჯდომლები, პარაკლისები) კითხვა?- ეს კვირა თავისი არსით უდიდესია. ამ პერიოდში შემსუბუქებულია ლოცვა. მძიმე მარხვისგან ერთგვარი დასვენება ხდება. მაგრამ თუ ადამიანს აქვს სურვილი, შეუძლია ეს საკითხი მოძღვართან შეათანხმოს.
- როდის წყდება ეფრემ ასურის ლოცვა?- ვნების კვირის ოთხშაბათის საღამოდან და მას აღარ ვკითხულობთ შემდეგ დიდ მარხვამდე.
- სააღდგომოდ წყდება მეტანიებიც. რა მნიშვნელობა აქვს ამას?- ვნების კვირის ოთშაბათს წყდება მეტანიები სულთმოფენობამდე. გამონაკლისია პარასკევს, საღამოს, ტაძარში გარდამოხსნის წინ შესრულებული დიდი მეტანიები. "მეტანია" ბერძნულად სინანულს ნიშნავს. ასე რომ, მეტანია სინანულის გამოხატულებაა. მას ეფრემ ასურის ლოცვასთან ერთად ვაჩერებთ. დიდ პარასკევს კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სინანულს. სააღდგომოდ კი ეს გრძნობა სიხარულით იცვლება, შესაბამისად, წყდება მეტანიებიც. ამიტომ წლის განმავლობაში კვირაობით (აღდგომის სწორს) და საუფლო დღესასწაულებზე მეტანიებს არ ვასრულებთ.
- შეიძლება თუ არა ნათლობა, ჯვრისწერა ან პანაშვიდის გადახდა ბრწყინვალე შვიდეულში?- ნათლობის საიდუმლოს შესრულება ყოველთვის შეიძლება. რაც შეეხება ჯვრისწერას, ის მხოლოდ ბრწყინვალე შვიდეულის შემდგომ არის შესაძლებელი.
- და ამ დროისათვის უკვე წყდება 40-დღიანი პანაშვიდები.- დიახ. ამ პანაშვიდებს მარხვის დასრულებისას ვწყვეტთ.
- რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს წითელ კვერცხს, აუცილებელია თუ არა, იგი მეწამული იყოს? რამდენად გამართლებულია სააღდგომო კვერცხების სხვადასხვაფრად შეღებვისა და მოხატვის ტრადიცია, რაც დასავლურ ქვეყნებშია დამკვიდრებული?- კვერცხი ქრისტეს აღდგომის სიმბოლოდ პირველი საუკუნიდანვე არსებობდა.
აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოდ მიიჩნევა ხორბალიც - კვერცხებს წინასწარ გამზადებულ ჯეჯილზე აწყობენ. მის შესახებ თავად მაცხოვარი გვეუბნება: თუ მიწაში ჩაგდებული მარცვალი არ მოკვდა, ვერც თავთავი აღმოცენდება მისგან და ნაყოფსაც ვერ გამოიღებსო. მეწამული სამეფო ფერია და იმაზე მიანიშნებს, რომ მეუფე სუფევს და ჩვენც ღირსი ვიქმნებით მისი სამეფოს მკვიდრობისა. სხვადასხვაფრად შეღებვა კი წადილია იმისა, რომ ეს სიხარული მრავალფეროვნებით გამოიხატოს. აქ შეიძლება პარალელი გავავლოთ მართასა და მარიამის მსახურებას შორის: მართა ზრუნავდა მრავლისათვის და შფოთავდა და ეს კარგი იყო, სანამ არ განიკითხა თავისი და მარიამი, მაგრამ უფალმა სწორედ მარიამის მსახურება შეიწირა - ერთი და მთავარი. ასე რომ, შეიძლება, სხვადასხვა ფერითა და მოხატულობით გამოვხატოთ სიხარული, რათა ჩვენს მიწიერ თვალსაც უხაროდეს, - ეკლესია ამას არ კრძალავს, - მაგრამ მთავარი მაინც მეწამული კვერცხი უნდა იყოს, რომელიც სრულად გამოხატავს ჩვენი სიხარულის სულიერ სიმბოლოს.
- რატომ იკურთხება სააღდგომო კვერცხები?- არა მარტო კვერცხი იკურთხება, იკითხება ლოცვა კვერცხისა და ყველის კურთხევისა და ცალკე ხორცის კურთხევისაც. მონასტერში მხოლოდ ყველი და კვერცხი იკურთხება, ერში - დამატებით ხორციც. ზოგადად კურთხევა ზეცასთან კავშირია. მართალია, დღესასწაულის გამო შეგვიძლია გავიხსნილოთ, სულიერ ზეიმს ხორციელი დღესასწაულიც დავურთოთ, მაგრამ ესეც კურთხევით უნდა ხდებოდეს, სხეულიც ზეცასთან უნდა იყოს კავშირში, რადგან თუმცა იგი მიწაა და მიწადვე მიიქცევა, მაგრამ სულთან ერთად მისი მიწიერი სხეულიც აღდგება და გახდება თანაზიარი აღდგომის სიხარულისა. ამიტომ სხეულიც კურთხევას ემორჩილება, რათა სისავსე და მადლი ამ სიხარულისა იყოს ყველგან და ყველაფერში, მათ შორის - მიწიერ საზრდელშიც.
- რა სიმბოლური დატვირთვა აქვს სააღდგომო პასკას? - ებრაული პასექის დღესასწაულზე ხმიადებს, უფუარ პურებს აცხობდნენ. ეს ხმიადები იყო საიდუმლო სერობაზეც. გარკვეული განსხვავება დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის, ჯერ კიდევ განხეთქილებამდე, ის იყო, რომ დასავლეთში უსაფუვრო კვერის გამოყენების ტრადიცია შეინარჩუნეს, აღმოსავლეთში კი გაფუებული კვერის გამოყენების ტრადიცია შემოვიდა. ეს ტრადიცია ეფუძნება მაცხოვრის მიერ მოყოლილ იგავს სასუფევლის შესახებ: სასუფეველი ჰგავს საფუვრიან ცომს, რომლის მცირე ნაწილი ცომს აფუებს. საფუარი მადლის სიმბოლოა - მადლით ხდება ქვეყანაზე ჭეშმარიტი სარწმუნოების გავრცელება, მადლით ხდება ადამიანის მოპოვება სასუფევლისთვის და ცხონება. ამიტომ აღდგომის დღესასწაულზე ვამზადებთ საფუვრიან პურს, რომელიც ტკბილი უნდა იყოს - "ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავე მე სიმართლენი შენნი", იესო ტკბილის სულიერი სიტკბოება მიწიერშიც აისახება. ამავე დროს პასკა პურია. უფალი ამბობს: "მე ვარ პური ზეცით გადმოსული". ვიცით, რომ საზიარებელი ღვინო და პური ღვთის მადლით იკურთხება და გარდაისახება უფლის სისხლად და ხორცად. აღდგომის სიხარულთან ერთად პასკა ასევე ზეციური საზრდოს სიმბოლოა ჩვენი სულებისათვის.
- თუ მიცვალებულის გასვენება აღდგომას დაემთხვა, როგორ უნდა მოვიქცეთ?- აღდგომა ახალი ცხოვრების დასაწყისია, სამარადჟამოდ განღმრთობილი სიცოცხლის, რომელსაც დიდი სიხარული ახლავს თან. ამიტომ მიცვალებულის დაკრძალვა უნდა მოხდეს ერთი დღით ადრე ან გვიან.
- როდის არის დაშვებული საფლავზე გასვლა?- საფლავზე გასვლა უნდა მოხდეს ბრწყინვალე შვიდეულის შემდგომი კვირის სამშაბათს. ხშირ შემთხვევაში საფლავზე გასვლა რაიონში გამგზავრებასთანაა დაკავშირებული, ამიტომ ათეიზმის პერიოდში ეს ხდებოდა აღდგომას, რადგანაც კვირა დღე დასვენება იყო. აქედან მოდის ტრადიცია აღდგომას საფლავზე გასვლისა. ხალხს ძალიან უჭირს მისი შეცვლა, ამიტომ უწმინდესმა ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს დაუშვა საფლავთა კურთხევა, რათა აღდგომას მწუხარებას არ ჰქონდეს ადგილი. იმედია, ნელ-ნელა მოხდება ამ ტრადიციის შეცვლა და დავუბრუნდებით ეკლესიის წესსა და დადგენილებას.
- არის თუ არა მარხვა აღდგომის შემდგომ შვიდეულში?- ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია. შემდგომი კვირის აღნიშნულ დღეებში ჩვეულებრივ ვაგრძელებთ მარხვას.
- არის თუ არა აუცილებელი სააღდგომოდ კვერცხისა და პასქის ჭამა?- პასექის კვერცხი თავისი ფორმით გამოხატავს ზეცისა და მიწის ერთობას, ანუ ადამიანის სამოთხეში დაბრუნებას, რისი შესაძლებლობაც და ძალაც მან თავისი ნებით დაკარგა. სოლომონის ტაძარში წმიდათაწმიდა დანარჩენი ტაძრისაგან გამოყოფილი იყო, რაც იმას მოასწავებდა, რომ ადამიანი, თავისი ცოდვილი მდგომარეობით, მოკლებული იყო სამოთხეს. მაცხოვრის აღდგომისას სოლომონის ტაძარში თავიდან ბოლომდე ჩაირღვა კრეტსაბმელი, რაც ღვთისა და ადამიანთა შერიგებაზე მიუთითებდა. გაერთიანდა ზეცა და მიწა. პასექის პურის თავი - ზეცის, ხოლო ტანი მიწის გამოხატულებაა, რომელიც ერთი მთლიანია. ეს სიმბოლიკა აქვს პასქის გამოცხობას და მის კურთხევას. მისი მირთმევაც ტრადიციის სფეროა.Kკვერცხი სიმბოლურად სიცოცხლის აღმოცენებას წარმოადგენს. წითლად შეღებვა კი მაცხოვრის სისხლის პკურებას ნიშნავს.
- ხშირად თუ მარხვისას მეტ-ნაკლებად ვცდილობთ ცოდვათაგან თავის შეკავებას, გახსნილების მერე ერთბაშად ცოდვას მივეცემით. ესეც ხდება, რომ უმეტეს შემთხვევაში აღდგომას მხოლოდ მარხვის დასასრულად აღვიქვამთ. რეალურად როგორ უნდა შევხვდეთ აღდგომას?- წმინდა ლიტურგიას მაქსიმალური ყურადღებითა და მონდომებით უნდა დავესწროთ. მისი დასრულების შემდეგ დღესასწაული სულიერების სფეროს არ უნდა გასცდეს და ხორცის ზეიმად არ უნდა იქცეს, რათა არ შეურაცხვყოთ არსი დიდებული ზეიმისა. მარხვის დამთავრება არ ნიშნავს ცოდვის დასაწყისს. ქრისტიანობა რელიგიური ცხოვრებაა, მარადჟამს სრულყოფა თავისა და უკუგდება იმ მანკიერებისა, რაც ხელს შეგვიშლის ცხოვრებაში. ის, რაც უფალთან გვაშორებს, მარხვის გარეშეც უნდა უკუვაგდოთ. მხოლოდ მაშინ შეიწირავს უფალი ჩვენს მარხვას.
- ამ სიტყვებს - "ქრისტე აღსდგა" - ქრისტიანები გამარჯობის ნაცვლად 40 დღის განმავლობაში, აღდგომიდან ამაღლებამდე ვამბობთ. საიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია და რისი მიმანიშნებელია? უნდა მივესალმოთ თუ არა ამგვარად ყველა ადამიანს, განურჩევლად იმისა, ეკლესიურია ის თუ არა?- ეს ტრადიცია სათავეს ქრისტეს აღდგომის დღიდანვე იღებს. ანგელოზმა, რომელიც ქრისტეს საფლავზე გამოეცხადა მოციქულებსა და მენელსაცხებლე დედებს, უთხრა მათ, ეს ამბავი მოწაფეებისთვის ეხარებინათ. ისინიც ჯერ ანგელოზის უწყებას ავრცელებდნენ, ხოლო როდესაც თავადაც იხილეს მაცხოვარი ემაუსის გზაზე, ამ დიდ სიხარულს ყველას უზიარებდნენ, მაცხოვრის ამაღლების შემდეგ კი მთელ მსოფლიოს ამცნობდნენ, ახარებდნენ ქრისტეს აღდგომას, ჯოჯოხეთის ტყვეობისგან გამოხსნას, ცხოვრების განახლებას.
40 დღის განმავლობაში ქრისტიანები ერთმანეთს "ქრისტე აღსდგათი" ესალმებიან იმ 40 დღის გასახსენებლად, მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა თავის მოწაფეებთან რომ გაატარა. მაშინ აღდგომის სიხარული განსაკუთრებული სისავსით გამოირჩეოდა, რომელსაც მათი გული ვერ იტევდა და აღდგომილი მაცხოვრის მხილველნიც კი კვლავ და კვლავ ახარებდნენ ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას.
ადამიანი, რომელიც არ არის ეკლესიური, მაგრამ თავს ქრისტიანად მიიჩნევს, რამენაირად მაინც აღნიშნავს ამ დღესასწაულს. ის სულსაც უხარია, რადგანაც, მამების თქმით, სული ყველა ადამიანისა დაბადებით ქრისტიანია, თუ, რასაკვირველია, მას უკვე წინასწარ არ აქვს მტრული განწყობა ეკლესიის, ქრისტიანობის მიმართ. მაგრამ თუ ვხედავთ, რომ დაბნელებულია მისი სული და ამ მოვლენას ეწინააღმდეგება, თავი უნდა დავანებოთ - ის ჯერ არ დაბადებულა აღდგომის სიხარულისთვის.
- "მოველი აღდგომასა მკვდრეთით" - მრწამსის ამ მუხლს ყოველდღე ვიმეორებთ მართლმადიდებლები. რას ნიშნავს საყოველთაო აღდგომა?- ქრისტეს აღდგომაც მიუწვდომელი იყო მოწაფეებისთვის, მით უმეტეს შეუცნობელი საიდუმლოა საყოველთაო აღდგომა. ამ კითხვას შეგვიძლია მხოლოდ უფლის სიტყვებით ვუპასუხოთ: იქნება დასასრული ამა სოფლისა, მოხდება მეორედ მოსვლა, გაიმართება ქრისტეს სამსჯავრო, სადაც ყველა წარდგება, სამსჯავროს შემდეგ კი დაიწყება ახალი ცხოვრება, იქნება ახალი ცა და ახალი მიწა, ახალი ქვეყანა. იმის მიხედვით, თუ რა თვისებები შეიძინა ქრისტეს აღდგომილმა სხეულმა, შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება ეს ახალი ცა და ქვეყანა.
სამსჯავროზე გაცხადდება, ვინ ვინ არის. თუ დღეს ადამიანის სულს ვერ ვხედავთ, განკითხვის დღეს სული სხეულში აისახება. მამები ამბობენ, რომ ყველას განსჯა მოხდება ღვთის სიმართლითა და წყალობით. სახარებაში ნაჩვენებია, რის მიხედვით მოხდება გამორჩევა - ვინც შეიწყალა გლახაკი, სნეული განიკითხა, პატიმარი მოინახულა, მშიერი განაძღო, მწყურვალს ასვა, ვისაც ჰქონდა მოყვასის სიყვარული, - ხოლო მოყვასის სიყვარულის საფუძველი ღვთის სიყვარულია, - იქნება მარჯვნივ, ნათელში; ვინც საპირისპირო აკეთა, თუნდაც თქვას, რომ უყვარს უფალი, მაგრამ ღვთის სიყვარული მოყვასის სიყვარულით არ გაუცხადებია, - როგორც უმოწყალო, სასტიკი, უგულისხმო, შორს იქნება სასუფევლისგან. ყველა აღდგება, მაგრამ ყველა ვერ შევა სასუფეველში; აღდგებიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა და ბოროტის მოქმედნი - აღდგომასა სასჯელისასა.
გავიხსენებ უფლის სიტყვებს სადუკეველთა მიმართ: აღდგომისას არც ქორწინდებიან, არც თხოვდებიან, არამედ ანგელოზთა მსგავსად არიანო. ეს საყოველთაო აღდგომის სულიერ მდგომარეობაზე მიანიშნებს.
უფლის ბრწყინვალე აღდგომას მადლიერებითა და სიხარულით უნდა მივეგებოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, განუგეშოთ, აგავსოთ მადლითა და სიყვარულით.