07.04.2018
"გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა"
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარება ბრწყინვალე ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს (ახალი სტილით) აღნიშნავს და იგი 12 საუფლო (უძრავი) დღესასწაულთაგანია.
იმის შესახებ, თუ სად და როდის გაჩნდა პირველად ხარების დღესასწაული, არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის ვიცით, რომ 560 წელს იმპერატორმა იუსტინიანემ ხარების აღნიშვნის თარიღად 25 მარტი (ახალი სტილით 7 აპრილი) მიუთითა.
დღესასწაულის სახელწოდება - ხარება - მასთან დაკავშირებული მოვლენის მთავარ არსს გადმოსცემს: მარიამ ღვთისმშობლისათვის ხარებას, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე - ძე ღვთისა.
ლუკას სახარება გვასწავლის: უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი მიავლინა გალილეის ქალაქ ნაზარეთში, ქალწულ მარიამთან, რომელიც იოსებზე იყო დანიშნული. შევიდა ანგელოზი მარიამთან და უთხრა: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის". უფლის ანგელოზის გამოცხადებამ შეაძრწუნა და ჩააფიქრა გამოუცდელი ქალწული-ნეტა, რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა დაამშვიდა იგი "ნუ გეშინინ მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა ესერა შენ მუცლადიღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესო. ესე იყოს დიდ და ძე მადლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითისი, მამისა თვისისაი და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაი არა იყოს დასასრულ". გაოცებული მარიამი ეკითხება ანგელოზს, თუ როგორ მოხდება ეს, როცა მან მამაკაცო არ იცის?! ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია, -"სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაი გფარავდეს შენ",-იყო პასუხი. გახარებული ქალწული თავის მორჩილებას ასე გამოხატავს: "აჰა მხევალი უფლისაი, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!"
აუწყა რა მთავარანგელოზმა უფლისა ნება რჩეულ ქალწულს, მოხდა სასწაული,-არსება უსხეული განსხეულდა და დაემკვიდრა ქალწულ მარიამის წიაღში.