რით დაგეხმარო? მოგითხრობ ქრისტეშობის ამბავს, რომელიც და იოვანიკასგან გამიგონია: შესაძლოა ეს დაგეხმაროს. დაე, მან თვითონვე მოგიყვეს ისე, როგორც მე მომითხრო.
"...აი, უკვე ორმოცი წელია, რაც ამ ქვეყანაზე მარტო ვცხოვრობ. არასოდეს მქონია სიხარული ბავშვობის წლების გარდა, როცა მშობლებთან ვცხოვრობდი, მაგრამ არავის დამწუხრებული არ ვუნახივარ. ხალხში ყოველთვის ხალისიანი და მხიარული ვიყავი, ხოლო როცა მარტო ვრჩებოდი, ვტიროდი. ყველა ბედნიერად მთვლიდა, რადგან ჩემში სხვას ვერაფერს ხედავდნენ. ყოველი მხრიდან კაცთა წუწუნი მესმოდა: მარტოხელები თუ ოჯახიანები, მდიდრები თუ ღარიბები - ყველა წუწუნებდა. მე კი ვფიქრობდი: ამ უბედურებს ჩემს უბედურებაზე რად ვესაუბრო და ამით გარშემო მწუხარება გავამრავლო! სჯობს ყველას მხიარული ვეჩვენო: შესაძლოა ამით მეტი სარგებელი მოვუტანო ამ უბედურ სოფელს, საკუთარ საიდუმლოს კი დავფარავ და როცა მარტო დავრჩები, მაშინ გამოვიტირებ.
ვევედრებოდი ღმერთს, გამომცხადებოდა და მცირე რამ ნიშანი მოეცა ჩემთვის. ვლოცულობდი ამგვარად, რათა ჩემს საიდუმლო მწუხარებაში არ დავღუპულიყავი. მთელ ჩემს შემოსავალს მოწყალებად გავცემდი. მოვინახულებდი სნეულებსა და გლახაკებს და ჩემი მოჩვენებითი მხიარულებით მათთვის სიხარული მომქონდა. "მე მწამს შენი, ყოვლადსახიერო უფალო, - ვამბობდი ხშირად, - მაგრამ გევედრები, გამომეცხადე ისე, როგორც გნებავს, რათა რწმენაში განვმტკიცდე. მრწამს, უფალო! შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა" (მარკ. 9,24), - ვიმეორებდი სახარებისეულ ლოცვას და მართლაც უფალი გამომეცხადა.
ყველაზე მეტად დიდ დღესასწაულებზე მიჭირდა. ღვთისმსახურების მერე ჩავიკეტებოდი ოთახში და მთელი დღე ვტიროდი შობაზე და აღდგომის დღესასწაულზეც. მაგრამ გასულ შობას უფალი გამომეცხადა.
მოახლოვდა დიდებული დღესასწაული. გადავწყვიტე, ყველაფერი ისე მომემზადებინა, როგორც დედა მასწავლიდა. იატაკზე ჩალა დავაფინე, თითოეულ კუთხეში სამი კაკალი გავაგორე: დაე, ყოვლადწმინდა სამების წყალობა მოეფინოს ქვეყნიერების ოთხივე კუთხეს. თან განუწყვეტლივ ვლოცულობდი: "უფალო, გამომიგზავნე სტუმრები, ოღონდ სულ მთლად ღატაკნი და მშიერნი! გევედრები, გამომეცხადე დაბეჩავებულის სახით!" ზოგჯერ გულისთქმა მომდიოდა: "უგუნურო იოვანკა, რომელ სტუმრებს ელოდები ქრისტეშობას! ამ წმინდა დღეს ყველა შინ ხვდება". კვლავ და კვლავ ვტიროდი, განუწყვეტლივ ვლოცულობდი, კერძებს ვამზადებდი და ვტიროდი.
საშობაო ღვთისმსახურების მერე ტაძრიდან შინ დავბრუნდი, სანთელი ავანთე, სუფრა გავაწყვე და ოთახში ბოლთას ვცემდი. "უფალო, არ დამიტევო! - ვლოცულობდი. მაგრამ ცარიელ ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო: ქრისტეშობაა! ჩვენი ქუჩა გაუკაცურდა. უეცრად თოვლის ხრაშუნი გავიგე. კართან მივედი, ჩემი სტუმრები ხომ არ არიან-მეთქი. გვერდით ჩამიარეს. საათმა შუადღის დადგომა მამცნო, მე კი მარტო ვიყავი. ავტირდი და წამოვიძახე: "ახლა მივხვდი, უფალო, რომ მიმატოვე!" უეცრად კარზე ვიღაცამ დააკაკუნა და გავიგონე ტირილით ჩახლეჩილი ხმა: "ძმაო, მოწყალება გაიღე! დაო, დამეხმარე!" წამოვხტი და კარი გავაღე. ჩემს წინ ბრმა და მისი გამძღოლი იდგნენ, ჩამოკონკილნი, აკანკალებულნი. "ქრისტე იშვა, ძმებო!" - წამოვიძახე გახარებულმა. "ჭეშმარიტად იშვა!" (სერბებს ამგვარი ლამაზი ტრადიცია აქვთ: ქრისტეშობის დღიდან ვიდრე წარგზავნამდე ამგვარად ესალმებიან და პასუხობენ ერთმანეთს,- კ.კ.), - მიპასუხეს აღტაცებით.
- შეგვიწყალე, დაო! ფულს არ გთხოვთ, დილიდან მხოლოდ ყლუპი არაყი და კაპიკიანი მოგვცეს, პური კი არავინ მოგვიტეხა. მშივრები ვართ.
ცას ვეწიე სიხარულით! ოთახში შევიპატიჟე, მაგიდასთან დავსხი. სიხარულით ვტიროდი. გაოცებულებმა მკითხეს, - რატომ ტირიო. "სიხარულისგან, ძმებო, წმინდა და ნათელი სიხარულისგან. უფალმა მომცა ის, რასაც ვთხოვდი. უკვე რამდენიმე დღეა, ვევედრებოდი, ჩემთვის სწორედ ისეთი სტუმრები გამოეგზავნა, როგორიც თქვენ ხართ და გამომიგზავნა. თქვენ ასე უბრალოდ კი არ მოხვედით ჩემთან, არამედ ყოვლადსახიერმა უფალმა გამოგგზავნათ. ის მე დღეს თქვენთან ერთად გამომეცხადა. ეს ყველაზე ბედნიერი ქრისტეშობაა ჩემს სიცოცხლეში. ახლა უკვე ვიცი: "ცხოველ არს უფალი ღმერთი ჩვენი!"
- ქება და დიდება მას, - მიპასუხეს სტუმრებმა.
ისინი საღამომდე დავტოვე, მერე კი გუდები სანოვაგით ავუვსე და გავისტუმრე".
ასეთი იყო ქრისტეშობა იოვანკასთვის. ღმერთმა ქნას, წელს თქვენთვის უფრო სასიხარულო იყოს. ილოცე შენც, შვილო, რათა ზეციური მამა გამოგეცხადოს, იგი მრავალმოწყალეა: შენს თავსაც სასწაული აღსრულდება. დამწუხრებული ნუ შეხვდები ამ წმინდა დღეს - სიხარულით მოემზადე და ყოვლისმხედველი და ყოვლადმოწყალე უფალი სიხარულს კეთილგიბოძებს.