დღესასწაული იმისთვის არაა, რომ საქმე გადადო და უქმად დარჩე.
დღესასწაული უქმი კი არაა, უქმეა, ანუ სულის სიხარულია ღმერთის უდიდესი წყალობის შეგნების გამო.
დღესასწაული სულიერი სიხარულის, მასში გულითადი მონაწილეობის, შინაგანი გრძნობის გარეშე იგივეა, რაც უსულო სხეული.
* თუკი საქმეები და ყოველდღიური საქმიანობა უნდა მიატოვო სადღესასწაულო დღეებში, მით უმეტეს უნდა მოერიდო საქმეებს, რომელთა კეთებაც სადაგ დღეებშიც არაა ნებადართული.
განა ცოტანი არიან ჩვენ შორის ისეთები, რომლებიც დღესასწაულის დილას ძილში ატარებენ? და ეს - ღამის შემდეგ, რომელიც ისეთ დღედ იქცა, მზის ღირსი რომ არაა.
* მშვენიერი უქმეა ცოდვისგან უქმობა.
ცოდვილისთვის დღესასწაული არ არსებობს.
ნათელი დღეები ნათელია მხოლოდ სუფთა და უბიწო სულისთვის.
ვინც წმინდა გულით ზეიმობს, ის ანგელოზებთან ერთად ზეიმობს.
ქრისტიანისთვის ყოველი დრო დღესასწაულია მისთვის მიძღვნილი საბოძვრის სიუხვის გამო.
დღესასწაული კეთილი საქმეების, სულის ღვთისმოსავი განწყობილებისა და წესიერი ცხოვრების გამოვლენაა. თუ ეს გაქვს, ყოველთვის შეგიძლია იდღესასწაულო.
* დღესასაწული იმისთვის არაა, რომ ვითავნებოთ და საკუთარი ცოდვები ვამრავლოთ, არამედ იმისთვის, რომ რაც გვაქვს, იმისგანაც განვიწმინდოთ.
მეოთხე მცნება გვავალებს, ექვსი დღე პატიოსნად ვიშრომოთ, მაგრამ ჩვენ ასე ვირჯებით განა? ორშაბათის მიჯნაზე ბევრ ჩვენგანს წინასწარ უფუჭდება გუნება იმ მიზეზით, რომ მეორე დღეს სამსახურშია წასასვლელი. იმის ნაცვლად, რომ გულში მაინც ვთქვათ: უფალო, მაკურთხე, დავიწყო საქმიანობა, ვფიქრობთ: ნეტა მალე მოვიდეს შაბათი, მალე დამიდგეს საპენსიო ასაკიო. თუ ბევრი სამუშაო შეგვხვდა, ვხვნეშით და ვოხრავთ. ვცდილობთ უსაქმურობასა და საკუთარ საქმეთა მოგვარებაში ან თანამშრომლებთან უქმადმეტყველებაში დავხარჯოთ დრო (რომლისთვისაც ფულს გვიხდიან). ვმუშაობთ არა სინდისის კარნახით, არამედ იმისთვის, რომ უფროსობამ არ დაინახოს ჩვენი დაუდევრობა, არ დავიმსახუროთ საყვედური და სულაც არ გვეუხერხულება ამგვარი გარჯისთვის ხელფასის დღეს ანაზღაურების მიღება. თანაც გული გვწყდება, რომ ცოტას გვიხდიან, არ გვაწინაურებენ სამსახურში. თუ უფროსი ცუდი მუშაობისთვის შენიშვნას მოგვცემს, ცრემლებს ვყრით განაწყენებულნი, ისტერიკას ვაწყობთ, უხეშად და კადნიერად ვეპასუხებით შენიშვნის მომცემს.
საქმისადმი ამგვარი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო სირცხვილია, საკუთარ თავს ქრისტიანი უწოდო.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
როგორ ვატარებთ მეშვიდე დღეს, ანუ კვირას და დღესასწაულებს, რომლებიც უფალს უნდა მივუძღვნათ? ჩვენ ხომ დიდი ხანია ყველა დღე ერთმანეთში ავურიეთ. ღმერთო, ყელამდე ვართ ჩაფლულნი ყოფით ამაოებაში და ვერაფრით ვწყდებით საზრუნავსა და შინაურ საქმეებს. არასდროს გვრჩება დრო ლოცვისა და კეთილი საქმეებისთვის. რომელი ჩვენგანი ასრულებს ყოველდღიურად და გულდასმით დილა-საღამოს ლოცვის კანონს?
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ, ჩვენი მოუცლელობა!
არ გიფიქრიათ განა, რომ თუ დილით ნახევარ საათს მიუძღვნით ყურადღებითა და შემუსვრილი გულით დილის ლოცვის, სახარებისა და სამოციქულოს თითო თავის წაკითხვას, ამით მთელი დღისთვის მიიღებთ სულიერ მუხტს და საქმე უკეთესად გამოგივათ? უფრო უკეთესი აზრები გაგიჩნდებათ, ჯანსაღ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. გამოგიჩნდებათ შემწე, დამხმარე, ოღონდ ყოველივე ამის შესახებ დილით უნდა შესთხოვოთ უფალს. იგივეა საღამოსაც - ძილის წინ ოცი-ოცდაათი წუთი ლოცვის შემდეგ უფალი რამდენიმე საათში აღგიდგენთ მთელი დღის მანძილზე დახარჯულ ძალებს, მოგანიჭებთ სიმხნევეს. რომელ თქვენგანს აქვს გარანტია, რომ ენერგიის აღსადგენად დაწოლილი არ დაიძინებს საუკუნო ძილით? აი, რას ამბობს წმინდა მამა იოანე დამასკელი ძილისწინა კანონში ჩართულ ლოცვაში: "განანათლენ თუალნი ჩემნი, ქრისტე ღმერთო, ნუ-უკუე დავიძინო მე სიკუდიდ, ნუ სადა სთქუას მტერმან ჩემმან, მრე ვეყავნ მას".
ჩვენ ისე ჩაგვითრია ყოველდღიური საზრუნავების მორევმა, რომ სიკვდილი დაგვავიწყა. გამოგლიჯეთ თუნდაც ერთი დღით თქვენი სული ამაოების კლანჭებს და მიუძღვენით დღე მეშვიდე უფალს მისი მცნების თანახმად! დარწმუნდებით, რამდენად მოგიწესრიგდებათ ცხოვრება! უფალი აკურთხებს თქვენს შრომას, ოჯახს, სახლს, მიწიერ ღვაწლს.
შენი მცნების დარღვევის გამო მოგვიტევე, უფალო, ჩვენ, ცოდვილთ!
როცა კვირა დღეს ან დღესასწაულზე არ ვმუშაობთ, მაშინ ვცოდავთ იმით, რომ გვეზარება ტაძარში წასვლა. აი, რას ამბობს მეექვსე მსოფლიო კრების მეოთხმოცე კანონი: "ერისკაცი, რომელსაც არ აქვს რაიმე გასაჭირი ან დაბრკოლება, თუ სამ კვირა დღეს არ დაესწრება ღვთისმსახურებას, განიკვეთოს", ანუ განეშოროს ეკლესიას.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
ბევრი თქვენგანი თავს იმშვიდებს: ჩვენ ხომ დავდივართ ტაძარში და თანაც ხშირად, არა მხოლოდ კვირაში ერთხელ. სიარულით კი დავდივართ, მაგრამ როგორ ვიქცევით?
ყოველგვარი შიშისა და მოწიწების გარეშე გადავაბიჯებთ ხოლმე ტაძრის ზღურბლს, ვაწუხებთ სხვებს, ვილანძღებით, ვიღრინებით და ვჩხუბობთ კიდეც. გონს მოდით!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
დღესასწაულზე თვით ეკლესიის კანონით არის დაშვებული მრავალფეროვნება ტრაპეზზე, ხოლო დიდ დღესასწაულებზე - "დიდი სიუხვე". ცოდვად არ ითვლება დღესასწაულზე გემრიელი საკვების მირთმევა, უფრო ხანგრძლივად დროის გატარება სუფრასთან, სტუმრად წასვლა და შინ წვეულების გამართვა, მაგრამ ყოველივე ეს უნდა აღესრულოს უფლის სადიდებლად.
შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი დამსგავსებია კიდეც პირუტყვს დღესასწაულის ტრაპეზისას ნაყროვანებითა და სიმთვრალით. შემდეგ დრო უტარებია უქმი გასართობითა და აზარტული თამაშებით, უყურებია ქრისტიანისთვის შეუფერებელი სპექტაკლის ან ფილმისთვის, მთელი დღე ტელევიზორთან მჯდარა ან ბანქო უთამაშია ან (განსაკუთრებით ახალგაზრდებს) თავი შეუქცევია ველური როკვითა და სიმღერით. შეინანეთ უფლის წინაშე!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
ჩვენ, ქრისტიანები, მეტად ფრთხილად უნდა მოვიქცეთ დღესასწაულზე. უნდა წავიკითხოთ წმინდა მამათა სულის საცხონებელი წიგნები, მოვინახულოთ სნეულები, მოვიწვიოთ შინ მარტოხელა ადამიანი, რათა გული გაუთბეს ჩვენი სტუმართმოყვარეობით, მოვიკითხოთ განსაცდელში მყოფი მოყვასი და თუ საქმით არა, სიტყვით მაინც ვანუგეშოთ. ნეტარია ის, ვინც ასე გაატარებს დღესასწაულს. ხოლო ვინც შესცოდავს, შეინანოს.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!