გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ღვთისმსახური, ვანის ეპარქიის მთავარხუცესი, დეკანოზი პეტრე გიორგაძე.
- თავიდანვე, შექმნა რა სამყარო, ღმერთმა შექმნა ამ სამყაროს გვირგვინი - ადამიანი და დაადგინა სამყაროს მეფედ, ანუ ადამს ჩააბარა თავის მიერ შექმნილი და დალაგებული სამყარო. ვიცით, რომ უფალი 6 დღეს ქმნიდა სამყაროს, მეშვიდე დღეს კი განისვენა, აკურთხა და წმინდა ჰყო დღე იგი. ადამს, ადამიანსაც, მეშვიდე დღე დაუთქვა განსჯის, მადლიერებისა და ღვთის დიდების დღედ - რათა ყოველთვის ხსომებოდა, რა სიკეთე აქვს და არ დაეკარგა ხსოვნა ამ სიკეთის წყაროსი. შემდგომ, ცოდვით დაცემის შედეგად, ადამიანმა დაკარგა ედემის ბაღის მადლი, შეცნობა ჭეშმარიტებისა. საბოლოოდ, დაკარგა მარადიულობა და მასში შემოვიდა სიკვდილი. ადამიანის ბუნება ცოდვისკენ მიდრეკილი გახდა. ადამის სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ ამ სამყაროს მეუფე ბოროტი შეიქმნა, ადამიანს მან წარტაცა სამყაროზე მეუფება, კაცი შეიქმნა მონა, ბოროტზე დამოკიდებული. დამონებულ კაცს არ შეუძლია სწორად განსაჯოს უფალი და სწორად ემსახუროს მას. ადამიანი ჯერ მიწიერი მონობისგან უნდა გათავისუფლებულიყო, რათა სწორი დამოკიდებულება აღედგინა უფალთან. მოსეს დროს, როდესაც უფალმა რჩეული ერი ეგვიპტიდან გამოიყვანა, გაათავისუფლა ეგვიპტელთა მონობისგან, რათა აღთქმულ ქვეყანაში შეეყვანა, ვიცით, რომ ადამიანს კვლავ აღუდგინა, მისცა სჯული და პირდაპირ სჯულში ჩაუწერა მეშვიდე დღის - შაბათის წმინდაყოფა და მისი მიძღვნა ღვთისთვის.
ახალ აღთქმაში საუფლო დღე, მთავარი დღე გახდა კვირა. ბევრს უჩნდება კითხვა: რატომ არის ქრისტიანისთვის საუფლო დღე კვირა? - ძველი აღთქმა მოლოდინია მხსნელის მოვლინებისა, ახალი აღთქმა - მოლოდინის აღსრულება. ვინც დღესაც რჩება შაბათში, მან მხსნელი არ მიიღო. აღსრულება და განცხადება მოხდა "ერთშაბათს" - უფალი ჯვარს ეცვა პარასკევს და აღდგა "ერთშაბათს" ანუ შაბათის შემდეგ დღეს, რომელსაც ეწოდა კვირა - კვირიოს, აღდგომა. ძველი აღთქმა შაბათით იყო, მაგრამ ახალ აღთქმაში საუფლო დღე კვირა გახდა, რადგან ამ დღეს მოხდა აღდგომა, განცხადდა, რომ იესო ქრისტეა მხსნელი. აღსრულდა აღთქმა უფლისა და მოლოდინი კაცობრიობისა.
საუფლო დღეებში ადამიანი იტვირთება სულიერი მადლით და შემდეგ კვლავ აგრძელებს ბრძოლას და საკუთარი ცხონებისთვის ცხოვრებას. ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს.
- საუფლო დღეებია საეკლესიო დღესასწაულების დღეებიც... რა დანიშნულება და მნიშვნელობა აქვს საეკლესიო დღესასწაულებს?
- რაც უფრო მეტია დღესასწაული, მით მეტია საიდუმლოება და პასუხისმგებლობა ადამიანისა ღვთისა და მის საიდუმლოებათა, სასწაულთა მიმართ. თვითონ სიტყვა "დღესასწაული" მიანიშნებს, რომ სადღესასწაულო დღე განსაკუთრებული, გამორჩეული დღეა, არსში მოიცავს დიდ საიდუმლოებას, ღვთის სასწაულს, აგრეთვე დიდ პასუხისმგებლობას ადამიანისგან. ჩვენ გამოვყოფთ ათორმეტ საუფლო დღესასწაულს, რომლებიც გვირგვინია ყველა დღესასწაულისა. ეს დღესასწაულები შეიძლება განვიხილოთ როგორც ღვთის განსაკუთრებული მოწყალება ადამიანთა მოდგმაზე ან ადამიანის მიერ უფლის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულისა და მორჩილების გამოხატულება, როგორიც არის, მაგალითად, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული, რომელსაც ეკლესია 4 დეკემბერს აღნიშნავს. წმინდა ქალწულის მშობლებმა - იოაკიმემ და ანამ ღვთისმშობლის შობამდე სიტყვა თქვეს, აღთქმა დადეს უფლის წინაშე, რომ შვილს უფალს შესწირავდნენ და აღასრულეს, რაც ყრმა მარიამის იერუსალიმის ტაძარში მოყვანებით იქნა გამოხატული. დანარჩენი საუფლო დღესასწაულების უმეტესობა - შობა, ნათლისღება, სულთმოფენობა, აღდგომა, ამაღლება... ღვთის უდიდესი წყალობის გამოხატულებაა კაცობრიობის მიმართ. თითოეულ დღესასწაულს, სადღესასწაულო მოვლენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ყველა სადღესასწაულო მოვლენა - შობა, ფერისცვალება, აღგომა, ამაღლება... დროში რეალურად მომხდარი სასწაული, მოვლენა, ფაქტია, მაგრამ არა ერთჯერადად აღსრულებული, რომელიც არასოდეს განმეორდება, არამედ ყოველწლიურად ხდება იმ საღმრთო სასწაულის, საკვირველი მოვლენის განახლება, იმ დღის მისტიკური გამეორება, რომელსაც ამა თუ იმ საეკლესიო დღესასწაულით განვადიდებთ, ვიხსენიებთ და საზეიმოდ აღვნიშნავთ. მარტო თარიღი კი არ უნდა აღნიშნო, მასში უნდა მონაწილეობდე, გაითავისო, თანამონაწილე, თანაგანმცდელი გახდე სადღესასწაულო მოვლენისა. მათში მონაწილეობით ადამიანი საღმრთო სასწაულსა და მის მადლს საკუთარ თავზე განიცდის.
ამასთან, უფალი გვამოწმებს, როგორ ვზეიმობთ ამ დღეებს - როგორ ვეგებებით, საერთოდ გვახსოვს თუ არა; მიწიერი სიხარულისა და სიამეების მიღებისთვის აღვნიშნავთ მათ თუ თაყვანს ვცემთ, მაგალითად, წმინდანთა ცხოვრებას, პატივს მივაგებთ მათ და ჩვენც ვისურვებდით, მათებრ ვემსახუროთ და პატივი მივაგოთ უფალს...
სამწუხაროდ, ზოგი დღესასწაულებს მხოლოდ მიწიერად, მატერიალურად, ხორციელად გამოხატავს. ეს, რა თქმა უნდა, მათში მონაწილეობა არ არის, არამედ მხოლოდ საკუთარი თავისა და საკუთარი სიამოვნებისთვის აღნიშვნაა.
სადღესასწაულო დღეები, საერთოდ, საუფლო დღეები, შექმნილია ადამიანისთვის, რათა აღვადგინოთ ერთობა ქრისტეში და მოვიპოვოთ მადლი. რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება ადამიანი საუფლო დღეებს, მით მეტი მადლის დამტევია და მეტად გრძნობს, რომ მისთვის ეს დღეები ძალზე მნიშვნელოვანია. გულით გრძნობს ამას. ზოგისთვის დღესასწაული ქეიფთან, დროსტარებასთან ასოცირდება, ზოგისთვის მთავარია მასში მონაწილეობა და მადლის მიღება, უხილავისა, რომელსაც ვერც ხელით შევეხებით და ვერც დავინახავთ, მაგრამ გულმა და გონებამ უნდა იგრძნოს. სწორედ ეს არის საჭირო ადამიანის უფალთან მიახლოებისა და ერთობის აღდგენისთვის.
- საუფლო დღეებს უქმეებსაც უწოდებენ. რა მნიშვნელობითაა ეს დღეები უქმეები და როგორ მართებს ადამიანს მათი დაცვა, რომ თავისი უქმობით უფალი განადიდოს? ადამიანთა ნაწილი უქმობად საოჯახო თუ საზოგადო, საერო საქმეებისგან თავის შეკავებას მიიჩნევს...
- ეს უქმეების არასწორი გაგებაა. სწორედ ამგვარად, არასწორად გაიგეს ებრაელებმა უქმე დღის მნიშვნელობა და დანიშნულება. უქმე დღეები მოგვეცა ადამიანური, ამსოფლიური საქმეებისგან განტვირთვისთვის - უნდა იუქმო შენი პირადი დღე, განდგე შენი პირადი კეთილდღეობისგან, გვერდით გადადო პირადი ცხოვრება, პირადი კეთილდღეობისთვის ზრუნვა და იზრუნო სულიერ ცხოვრებაზე ანუ აღმატებულზე. სასუფეველზე მომეტებული ფიქრი, სულის ცხონებაზე მომეტებული ზრუნვაა საჭირო საუფლო დღეებში, უქმეებში. განსაკურებით ამ დღეებში უნდა მოვიცალოთ მოყვასის შეწევნისთვის, დახმარებისთვის, საკუთარი თავის განსჯისთვის - უნდა ჩაუღრმავდე შენს თავს, გამოიძიო შენი სულიერი მდგომარეობა - გყავს უფალი გულში თუ არა, დაკარგე უფალი თუ მასთან ხარ. თუ უფალთან ხარ, მადლობა უნდა შესწირო, თუ არა, მეტად იღვაწო, იმუშაკო, რომ დაუახლოვდე. ადამიანთა ნაწილი უქმეებს, მით უფრო - სადღესასწაულო უქმეებს ტრაპეზითა და ქეიფით აღნიშნავს. ამგვარი ქმედებით შორდება მის დანიშნულებას და ვერ იღებს მთავარს - საღვთო მადლს.
მოყვასის სიყვარულს, მოყვასზე ზრუნვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უფალი ბრძანებს: არაფერია იმაზე დიდი ჩემთვის, ვიდრე ის, რომ მოყვასმა მოყვასისთვის დადოს თავი. პატრიარქი ქადაგებებში ხშირად ამბობს - თავგანწირვის გრძნობა მოგვიდუნდაო. თავგანწირვის გარეშე ძნელია ცხონების მოპოვება. როგორც ვთქვით, განსაკუთრებით სწორედ საუფლო დღეებში, უქმეებში უნდა მოვიცალოთ მოყვასისთვის - სნეულებასა და პატიმრობაში მყოფნი ვინახულოთ, ვანუგეშოთ, შევეწიოთ. უფალი ბრძანებს - ვინც ტირის, მასთან ერთად თქვენც იტირეთ, ვისაც უხარია, მასთან ერთად თქვენც გაიხარეთო. თუ ადამიანს გასაჭირი ადგას და მისი გასაჭირი შენს გულზე არ მოქმედებს, სხვისი ტირილი არ გესმის, ასეთ დროს სინანული და გლოვაა სჭირო. თუ სხვისი სიხარული გახარებს, ძალიან კარგია, თუ არა, მაშინაც სინანული და გლოვა სჭირდება შენს სულს. მეუფე ანტონმა საუბარში ბრძანა - დღეს ისეთი პერიოდი დადგა, უფრო დალხინების ჟამს შეიცნობა ადამიანიო. როდესაც კაცს უჭირს, ყველას ებრალება, მაგრამ როდესაც უხარია, შენ კი მის სიხარულს არ იზიარებ, გულზე არ გეკარება, ძალიან ცოდო ხარ - მისი სიხარული შეგშურებია. არადა, მან ისე მოიპოვა ეს სიხარული, შენი არაფერი გახარჯულა. შენ მხოლოდ ერთი გევალება - გულით თქვა: ღმერთმა გაგახაროსო. ბედნიერება უსურვო. ხელის შეშველება რომ დასჭირვებოდა, ალბათ ვერაფერს გაუკეთებდი, თავის გაწირვაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.
- ე.ი. როდესაც ადამიანი საუფლო დღეებში არ მონაწილეობს, უქმეებს არ იცავს, თუნდაც მხოლოდ მიწიერად გამოხატავს და აღნიშნავს მათ, ძალიან ბევრს კარგავს...
- მთავარს - საღვთო მადლს კარგავს. ერთ-ერთ ქადაგებაში პატრიარქმა ბრძანა - თუ ქონება დაკარგე, ჯერ არაფერი დაგიკარგავს, თუ ახლობელი დაკარგე, არც მაშინ დაგიკარგავს ყველაფერი, მაგრამ თუ მადლი დაკარგე, - ყველაფერი დაკარგე. მადლს მაშინ კარგავს ადამიანი, თუ ღვთის მცნებებს არ ასრულებს, არ უქმობს, წირვა-ლოცვას არ ესწრება, მოყვასს არ შეეწევა... შეცოდების გამო უფალმა შეიძლება სხვადასხვანაირად დასაჯოს ადამიანები, იმისდა მიხედვით, ვინ რაზეა მგრძნობიარე - ქონების, ახლობლის, სამსახურის ან ჯანმრთელობის დაკარგვით.
...ადამიანის გარდაცვალება კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოოდ ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ღვთის საოცარი განგებულებით მომართულია ჩვენკენ - რათა ჩავუღრმავდეთ ჩვენს თავს, გამოვფხიზლდეთ, მივხედოთ ჩვენს შეცდომებს და უკეთესნი გავხდეთ. ყველა სასჯელი ემსახურება ჩვენს გამოფხიზლებას და გამოსწორებას.
- ზოგიერთ დღესასწაულს წინ უძღვის მარხვა. რა დანიშნულება აქვს მას?
- მიწიერადაც, რაც უფრო გრანდიოზული ღონისძიებისთვის ემზადება ადამიანი, რაც უფრო მასშტაბურია საზეიმო დღე, მით უფრო ადრიანად იწყებს სამზადისს, მობილიზაციას, გულსა და სულს დებს მასში და მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება. სამზადისი გვმართებს საუფლო დღეების მიმართაც. რაც უფრო დიდია დღესასწაული თავისი მნიშვნელობით, მით მეტი სამზადისი გვმართებს მის შესახვედრად, რათა ღრმად ჩავწვდეთ მის საიდუმლოს, არსს და მეტი მადლი მივიღოთ. სწორედ ამას ემსახურება და ამაში გვეხმარება მარხვა. ერთი მარხვა შობის დღესასწაულის წინაა დადგენილი, რომელიც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, მეორე ეძღვნება ღვთისმშობლის მსახურებას, მესამე - მოციქულთა მსახურებას და პატივს მიაგებს ყველას, ვინც ემსახურა უფალს. მეოთხე სააღდგომო მარხვაა, რომელიც უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად გვამზაებს. ამ სამზადისში ადამიანმა უნდა მოკლას ხორციელი ვნებები - გაძლიერებული ლოცვით, მსახურებით, სინანულით, რათა სული განიწმინდოს, მგრძნობიარე გახდეს და ჩასწვდეს დღესასწაულის არსს, მეტად შეიმეცნოს ის საიდუმლო, ღვთის სასწაული, რომელსაც აღვნიშნავთ და რომელშიც ვმონაწილეობთ. დღესასწაულებზე უამრავი ადამიანი მოდის, ივსება ტაძრები, მაგრამ უმეტესობას თანაგანცდა არ აქვს, სადღესასწაულო მოვლენის თანამონაწილე ვერ ხდება. სულ სხვაა განცდა დღესასწაულზე მოწვეული სტუმრებისა, რომლებიც მზამზარეულზე მოდიან და სულ სხვაა განცდა ოჯახის წევრებისა, რომელთაც სამზადისში მთელი გული და სული აქვთ ჩადებული. როდესაც ყველაფერი სწორად წარიმართება და კეთილად დასრულდება, სიხარულსა და ბედნიერებას გრძნობენ. მმარხველი ადამიანი, როდესაც მარხვა დასრულდება და ეზიარება, გრძნობს, რომ მისი გული სავსეა, რადგან განწმინდა ლოცვითა და მარხვით და იგი უფალმა შეავსო.
- ღვთისგან დაწესებული განსაკუთრებული დღეებია მსგეფსის დღეებიც. რა დანიშნულება აქვს მსგეფსს, სახსნილო დღეებს?
- ამ გზით უფალი ადამიანს მცირე ხნით მოშვების საშუალებასაც აძლევს. უფალმა უწყის, რომ ზოგჯერ ადამიანს მოშვება სჭირდება - არის ჟამი მარხვისა და გლოვისა და არის ჟამი გამარჯვებით გამოწვეული სიხარულისა და ზეიმისა. უფალი ადამიანს არც ზეიმურობის გარეშე ტოვებს. სწორედ ზეიმურობისა და სიხარულის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა მსგეფსი.
ძველად აღდგომის დღესასწაულს ორმოცდღიანი მსგეფსი სდევდა თან, მაგრამ შემდგომ ადამიანებს ნელ-ნელა მოაკლდათ სულიერება, ვერ დაიტიეს ასეთი სიხარული, ცდუნებებში ჩავარდნენ და მსგეფსის პერიოდიც შემცირდა. უფალი ეკლესიის მეშვეობით აკონტროლებს ადამიანთა სულიერ მაჯისცემას და ყოველივეს მათი სულიერების შესაბამისად აძლევს.
- სულ მალე შობის დღესასწაულს მივეგებებით. დღეს, როდესაც ადამის ცოდვის შედეგად დაცემულ კაცობრიობას მოევლინა მხსნელი, განცხადებულად დაიწყო ღვთისგან მოცემული აღთქმის განხორციელება, რომელსაც კაცობრიობა ათასწლეულების მანძილზე ელოდა... რატომ გახდა აუცილებელი, უფალს ადამიანთა ხსნისთვის უკიდურესად დაემდაბლებინა თავი - მონის სახე მიეღო, ადამიანის ხორცი შეემოსა?
- უფალმა დამარცხებულ და სამოთხიდან გამოდევნილ ადამს დაუტოვა სიტყვა, მისცა აღთქმა, რომ მასა და მის მოდგმას არ მიატოვებდა, არ დატოვებდა სამუდამოდ დაცემულ მდგომარეობასა და ბოროტის ხელმწიფებაში, ადამიანი უფლის მეშვეობით შეძლებდა ბოროტზე გამარჯვებას და სამოთხეში დაბრუნებას, უფალთან შეწყვეტილი საუბრისა და დაკარგული ერთობის აღდგენას. ამას ათასწლეულები დასჭირდა, კაცობრიობა ათასწლეულები ელოდა, რომ შეძლებდა ბოროტზე გამარჯვებას... ბიბლია მრავლად მოგვითხრობს ისეთ ადამიანებზე - წინასწარმეტყველებზე, რჩეული ერის მამებზე, რომლებიც ემსახურებოდნენ უფალს, იცავდნენ ღვთის მცნებებს, მაგრამ არ აღმოაჩნდათ იმხელა ძალა და რწმენა, რომ გამკლავებოდნენ ბოროტის მთელ მანქანებას, რომელიც მას სამყაროზე ჰქონდა. მხოლოდ ადამიანი, ადამიანური ბუნება უძლური იყო გამკლავებოდა ყოველივე ამას. მით უფრო, თუ იმ პერიოდს გავიხსენებთ, როდესაც განკაცებული უფალი მოვიდა დედამიწაზე. ის ეპოქა ზნეობრივად ძალზე დაცემული იყო. გადმოცემით, იმდროინდელი მოაზროვნენი, ისინიც კი, რომელთაც არ იცოდნენ მესიის, მხსნელის შესახებ, ამბობდნენ - მხოლოდ ღმერთი თუ ჩამოვა დედამიწაზე და გვიხსნის ამ მდგომარეობიდან, დააწყობს ამ ქვეყანასო. დაწყობაში უნდა ვიგულისხმოთ იმ კანონზომიერების აღდგენა, როდესაც ერთ დროს ადამიანი მეფობდა ამ სამყაროზე და ბოროტზე გამარჯვება...
აღესრულა კიდეც უდიდესი, კაცთა გონებისთვის მიუწვდომელი სასწაული - ხორციელად შობა უფლისა, ღვთის განკაცება, ხორცშესხმა - ადამიანში თვით უფალი განხორციელდა. ეს მოხდა სულიწმინდის მადლით, სულიწმინდის მეშვეობით. განხორციელება ღვთისა მოხდა უწმინდეს ჭურჭელში - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელში, რომელიც თავის მხრივ განსაკუთრებულად იქნა შერჩეული ამ უდიდესი საიდუმლოს აღსასრულებლად. მთელი ეს პერიოდი, ის ათასწლეულები, როდესაც კაცობრიობა უფლის აღთქმის აღსრულების მოლოდინში იყო, დასჭირდა იმასაც, რომ შობილიყო ადამიანი, რომელიც დამტევი იქნებოდა უფლისა... როდესაც ყოველივე აღესრულა, განკაცებული უფალი მოევლინა, ვითარცა ახალი ადამი, რომელსაც ძველი, შეცოდებული ადამის ცოდვის შედეგად დაცემული, ბოროტისა და მარადიული სიკვდილის ტყვეობაში მყოფი კაცობრიობა უნდა გამოეხსნა და განეახლებინა.
სხვაგვარად რომ ყოფილიყო შესაძლებელი კაცობრიობის გამოხსნა, უფლისგან ამხელა მსხვერპლის გაღება საჭირო არ გახდებოდა - ადამიანის ხატებაში მოსვლა, შეურაცხყოფის დათმენა, ჯვარცმა... კაცობრიობა გამოუვალ მდგომარეობაში იყო. თუნდაც ის, რომ არც ერთმა სახლმა არ მიიღო და ბაგაში იშვა უფალი, ნიშანია იმისა, რომ ადამიანის, კაცობრიობის გული ჩაკეტილი იყო ლოცვისთვის... ადამიანი მძიმედ იყო დასნებოვნებული სულიერად. მან ისე ჩაკლა ღვთის ხატება თავის თავში, რომ მისი ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად უფალს დასჭირდა ადამიანის ხატების მიღება. უშუალოდ ღვთის მოქმედება გახდა საჭირო. უფალმა კაცობრივი ბუნების შემოსვით ისევ აღადგინა ადამიანის ხატება და მსგავსება, ადამიანის ღმერთთან ერთობა და კაცი დააბრუნა სამოთხეში... ეს ადამიანური ბუნების თანამონაწილეობით უნდა მომხდარიყო. რახან ადამიანმა შესცოდა, ადამიანური ბუნებაც უნდა გამხდარიყო თანამონაწილე გამოხსნისა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უდიდეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს - ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რა ქმნა, რა აღასრულა უფალმა ჩვენთვის.
- ზოგჯერ ჭირს ხოლმე მსჯელობა შობისა და აღდგომის დღესასწაულებს შორის უპირატესზე, მით უფრო, როდესაც დასავლეთის ქვეყნებში შობის დღესასწაულს განსაკუთრებული ზეიმურობით აღნიშნავენ...
- ადამიანთა კატეგორია მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მაცხოვრის შობაა, რადგან როდესაც კაცობრიობას მოევლინა უფალი, ხორციელად იშვა, ადამიანი და ღმერთი სწორედ იმ მომენტში იყვნენ ყველაზე ახლოს ერთმანეთთან. ხორციელი გაგებით მართლაც ასე იყო, მაგრამ ვიცით, რომ უფლის ხორციელად შობით მისია არ შესრულებულა. მთავარი უნდა მომხდარიყო. ყველაზე მეტი ერთობა ადამიანისა და ღვთისა არის ჯვარცმა, გამოხსნა, შერიგება და აღდგომა. უფალმა ჯვარცმით გამოიხსნა ადამიანი, მოხდა შერიგება კაცისა და ღმერთისა, რაც დამტკიცდა აღდგომით. ახალი ადამი, აღდგომილი ადამი, მოგვევლინა ჩვენ და დაგვანახა, რომ ესაა უმნიშვნელოვანესი - ჯვარცმიდან და აღდგომიდან იწყება ყველაფერი. რომ არა აღდგომა, ღვთის მოსვლა გაუგებარიც იქნებოდა, ყველაფერი აზრს დაკარგავდა. როდესაც ეკლესიაში მოდის ადამიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ მის გულში იშვა უფალი, მაგრამ ჩვენ მას შევაგონებთ: მის გულში მხოლოდ შობა ღვთისა არ არის საკმარისი - მან უფალი უნდა გაზარდოს თავის გულში, მასთან ერთად იცვალოს ფერი თაბორზე - განიცადოს ფერისცვალება, მასთან ერთად გაიაროს გოლგოთა, დაითმინოს შეურაცხყოფა, მასთან ერთად ავიდეს ჯვარზე და დაითმინოს ჯვარცმის ტკივილები. მიზანი და შედეგი კი აღდგომაა.
მართლმადიდებელი ეკლესია ადამიანს ეხმარება მიწიერი ცხოვრების გასულიერებაში. დასავლეთის ეკლესია კი, სამწუხაროდ, სულიერების გამიწიერებას უწყობს ხელს. ამიტომაც არის, რომ დასავლეთში ყველაზე მნიშვნელოვნად შობის დღესასწაულს მიიჩნევენ და დღესასწაულობენ კიდეც, რადგან უფლის ხორციელად შობა უფრო ახლოა მიწიერებასთან.
რამდენიმე წელია პატრიარქის კურთხევით დამკვიდრდა ტრადიცია შობის ღამით ჩვენი სახლის სარკმელში სანთლის დანთებისა. მაცხოვრის შობის მოახლოების ჟამს, როდესაც ყოვლადწმინდა ქალწულის მოლოგინების დრო მოახლოვდა, ვიცით, რომ მართალ იოსებსა და მარიამს რომის იმპერიაში გამოცხადებული საყოველთაო აღწერის გამო ბეთლემში მოუხდათ წასვლა. ისინი ამაოდ ეძებდნენ ღამის გასათევ ადგილს. სასტუმროში ღამის გასათევი თანხა არ ჰქონდათ, ღარიბნი კი არც ერთმა სახლმა არ მიიღო, არც ერთმა ოჯახმა არ შეიფარა. შობის ღამით სარკმელში სანთლის დანთებით სიმბოლურად მივანიშნებთ, რომ ჩვენი გული და სახლი მზად არის მიიღოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ვითხოვთ, რომ შინ გვეწვიოს ყოვლადწმინდა ქალწული და ჩვენს სახლში იშვას უფალი.