ოქონობის დღესასწაულის აღნიშვნა ძველი ტრადიციაა, რომელიც სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსის მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2003 წელს აღდგა და ყოველწლიურად აღინიშნება. დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც XII საუკუნიდან გორის მფარველად ითვლება.
სავარაუდოდ, არსებობდა ოქონის ორი ხატი: ღვთისმშობლისა, რომელსაც ოქონის ხატსაც უწოდებდნენ, და ის ცნობილი კარედი ტრიპტიქონი, რომელიც შვეიცარიიდან იქნა დაბრუნებული. ეს ხატი ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაკარგული იყო და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს, ხოლო 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
"ოქონის ხატო, პატივცემულო,
ძუელადგან მეფეთა მიერ განდიდებულო;
შენ, მეოხად თაყუანისცემულო,
სასწაულთაგან ფრიად გაბრწყინებულო,
ვინ შეუძლოს ქებად შენდა,ღუთივ-მიმადლებულო".
ეს წარწერა ამკობდა ოქონის სასწაულმოქმედი ხატის საბრძანებელს - გორის ღვთისმშობლის ტაძრის, "ოქონის", მთავარ კარებს.
ხატი VII საუკუნეშია შესრულებული ბიზანტიაში, სამხრეთ ანატოლიის ქალაქ იკონიაში. იმპერატორ რომანოზ არგიროსს ძმისწულისთვის, ბაგრატ V-ის მეუღლის, დედოფალ ელენესთვის, გამოუტანებია საქართველოში. მისივე ბრძანებით, ამ სიწმინდისთვის მონასტერი აშენდა ოქონაში (დღევანდელი ზნაურის რაიონი). მიწისძვრის შედეგად მონასტერი დაინგრა და ხატმა სამეფო პალატებში გადაინაცვლა, საიდანაც თამარ მეფეს გორში გადმოუსვენებია და მისთვის მცირე ბაზილიკური ტაძარიც აუგიათ. ხატს ერთი საპატიო მისია ეკისრა - როგორც სრულიად ქართლის დიდი სიწმინდე, უნდა შეგებებოდა მეფეს, ქართლის ეპისკოპოსს, წინ მიუძღოდა ომში მიმავალ მეფესა და ლაშქარს.
21 აპრილი, 2009 წელი.
გაზაფხულის ამ მშვენიერ დღეს მეექვსედ იშვა ოქონობის ლამაზი დღესასწაული. იკურთხა ქალაქის ქუჩები და ჩატარდა ამ დღისთვის მიძღვნილი ღონისძიებები.
გორის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი გაბლიშვილი:
- პატრიარქი ეფრემი წერს: ოქონობის დღესასწაული აღდგომის მეორე დღეს გორში და, საზოგადოდ, მთელ შიდა ქართლში აღინიშნებაო.
ეს დღესასწაული რამდენიმე წელია აღდგა - გორის, როგორც ქალაქის, საეკლესიო დღესასწაული ხალხურს შეერწყა. საფუძველი ჩაეყარა ამ დღეს ქალაქის დალოცვის ტრადიციას - ოქონის ნატაძრალთან აგებულ ნიშთან ყოველ წელს ვასრულებთ ღვთისმსახურებას, შემდეგ კი სამღვდელოება და მრევლი ბაირაღებით საზეიმოდ შემოუვლის ქალაქს, ქუჩები ნაკურთხი წყლის სხურებით იკურთხება.
ახლახან მეუფე ანდრიამ გვახარა: ღვთის შეწევნით, წელს იგეგმება გალავნის აშენება იმ ტერიტორიაზე, სადაც ოქონის ტაძარი უნდა აშენდეს...
გისურვებთ მშვიდობას, ღვთის წყალობას, აღდგომის სიხარულის შეცნობასა და გონიერებას! ხშირად მითქვამს: დღეს არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა მივიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ახლა ყველაზე მეტი გონიერების გამოჩენის დროა. აი, ამ გონიერებას ვუსურვებ კარიბჭის მკითხველსა და მთელ საქართველოს, რათა საკუთარი შეხედულებითა და ამბიციებით არ დავაზიანოთ ერი და ქვეყანა.
ღმერთმა დაგლოცოთ, სიხარული და სიკეთე მოგცეთ!
დემეტრე ტლაშაძემ