გავიხსენოთ, თუ როგორ განცხადდა ძე ღვთისას აღდგომა. პირველად უფლის მკვდრეთით აღდგომა მენელსაცხებლე დედებს ეხარათ: მაცხოვრის საფლავზე მისულებს კარი ღია დახვდათ, ლოდი გადაგორებული იყო და აღარც მცველები ჩანდნენ, იქ კი, სადაც უფლის სხეული ესვენა, სუდარაღა იდო. მაშინ ატირდნენ დედები. ეგონათ, უფლის ცხედარი ურწმუნო იუდეველებმა მოიპარეს. და აი, გამოჩნდა ანგელოზი, ანუგეშა მწუხარენი და ახარა, რომ მათი მოძღვარი მკვდრეთით აღდგა - აღსრულდა წინასწარმეტყველება, მოიკლა სიკვდილი. უბრძანა, უფლის მოწაფეებისთვისაც ეხარებინათ ეს ენით გამოუთქმელი სიხარული.
წმინდა წერილის ფურცლებიდან ნათლად ჩანს, რომ იესო ქრისტეს თითქმის ყველა მოწაფე დააეჭვა მენელსაცხებლე დედების ნათქვამმა. წმინდა მოციქულმა პეტრემ მაშინვე უფლის საფლავს მიაშურა, რათა საკუთარი თვალით ენახა, რომ მაცხოვრის ცხედრის ადგილას მხოლოდ სუდარა დარჩენილიყო.
შემდეგ უფალი თავად გამოეცხადა მოწაფეებს და თვითონვე ახარა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ამ დროს მხოლოდ წმინდა მოციქული თომა არ იყო იქ. როცა უფლის გამოცხადების შესახებ უამბეს, თქვა, რომ სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა ძე ღვთისას და მის ჭრილობებს, ჯვარზე გაკრულს ლახვრით რომ მიაყენეს ნეკნის ქვეშ, ხელით არ შეეხებოდა, - არ ირწმუნებდა მათ ნათქვამს.
მაცხოვრის აღდგომიდან შვიდი დღის შემდეგ უფალი კვლავ გამოეცხადა ერთად შეკრებილ მოწაფეებს. ამჯერად მათ შორის წმინდა მოციქული თომაც იყო. იესო ქრისტე დაკეტილ კარში შევიდა, შუაში დადგა და ბრძანა: "მშვიდობა თქვენდა!" ამის შემდგომ გულთამხილავმა მოძღვარმა თომას მიმართა: "აი, იხილე ჩემი ხელები, ჩადე ხელი ჩემს ფერდში და ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გრწმენინ". წმინდა მოციქულმა თომამ, მოძღვრის ხილვით გახარებულმა, შეჰღაღადა: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!"
როგორც ღვთივგანბრძნობილი მამები განმარტავენ, თომას ეს "უწმუნოებაც" საღმრთო განგებულებით იყო დაშვებული, რათა ჩვენ ყველას ღრმად და შეუეჭვებლად გვერწმუნა ძე ღვთისას ადამიანური ბუნების მკვდრეთით აღდგომა და ზეცად ამაღლება - ეს უდიდესი საიდუმლო.
აი, რას პასუხობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის მოწაფეს: "შენ მირწმუნე იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან, რომელთაც არა იხილეს და რწმენინ". ეს უკანასკნელნი კი ჩვენ ვართ. ჩვენ არც უფლის ამქვეყნიურ ცხოვრებას შევსწრებივართ და არც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გვიხილავს მაცხოვარი. თუმცა, თუკი ჩვენს ცხოვრებას დავუკვირდებით, გაგვახსენდება ის დრო, როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა მატერიალურად თუ სულიერად, და სწორედ მაშინ ხილულად გვიგრძნია უფლის შეწევნა, სრულიად მოულოდნელად კეთილად წარმართულა ჩვენი ყოფა.
მაგრამ როგორ მოვქცეულვართ ამ დიდი შეწევნის მიღების შემდეგ? წმინდა მათე მოციქულის მსგავსად, რომელიც უაღრესად მორწმუნე და ქრისტეს მცნებების დაუღალავი მქადაგებელი გახდა, უფლის მცნებების აღსრულებით გაგვიგრძელებია ცხოვრება თუ, პირიქით, სწრაფადვე დაგვვიწყებია ღვთის წყალობა და ამქვეყნიურ სიამოვნებებს მოვცემივართ?
ჭეშმარიტი მართლმადიდებლის ცხოვრებაში აღდგომის მომდევნო კვირას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ კვირაცხოვლობას - აღდგომის განახლებას აღიარა წმინდა თომა მოციქულმა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, ამიტომ მკრეხელობაა, როცა ურწმუნო, ათეისტ ადამიანს წმინდა თომას ვადარებთ.