როდესაც თაყვანს ვცემთ ხატებს, ჩვენი გონება ზეციური სამყაროსკენ მიისწრაფვის
05.03.2009
მართლმადიდებლობის ზეიმი - ასე ეწოდება დიდმარხვის პირველ კვირას. ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ხატმებრძოლთა ერესის დამარცხებას დღესასწაულობს.
VIII საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც გაძლიერდა და განმტკიცდა ბიზანტიის სახელმწიფო, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა. ამ ერესის სახელწოდებაც მიგვანიშნებს მის არსზე - ცხადია, მისი მიმდევრები ხატთა თაყვანისცემას ეწინააღმდეგებოდნენ. მათი წარმოდგენით, მართლმადიდებელ ქრისტიანებს კერპებად გაეხადათ ხატები. ხატმებრძოლნი თვლიდნენ, რომ ხატები ეწინააღმდეგებოდა წმინდა წერილს, რომელიც ბრძანებდა: ღმერთი სულია, რომლის გამოსახვა და შეცნობა შეუძლებელია. ხოლო მსჯელობას შემდეგნაირად წარმართავდნენ: თუ ხატები ქრისტეს, როგორც ღმერთსა და კაცს, ერთ ხატად გამოსახავს, ეს მონოფიზიტობაა, რომელიც მაცხოვრის ორ ბუნებას, ღვთაებრივსა და კაცობრივს, ერთში აერთიანებს, ხოლო თუ მხოლოდ კაცობრივი ბუნებით გამოსახავს, მაშინ საქმე ნესტორის ერესთან გვაქვს, რომელიც ქრისტეს, როგორც კაცს, ღვთაებრივი ლოგოსისგან (სიტყვისგან) განასხვავებს. როგორც ვხედავთ, ხატმებრძოლთა აზრით, უფლის ყველა გამოსახულება ღვთის გმობაა.
იოანე დამასკელმა ერეტიკულ სწავლებას დაუპირისპირა ხატისა და მისი თაყვანისცემის შესახებ მართლმადიდებლური სწავლება, რომლის მიხედვითაც, სამყაროში ყოველივე ხატია, გამოსახულებაა, თვით ადამიანიც კი ხატი და მსგავსია უფლისა, ასე რომ, ყოველი საგანი გამოსახულებაა იდეისა. ამრიგად, ხატი არის მატერიალიზაცია რეალობისა - ღმერთისა. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ხატებს ვცემთ თაყვანს, იმ მატერიას კი არ ვეთაყვანებით, რომლითაც შესრულებულია ესა თუ ის ხატი, იქნება ეს ხე თუ ვერცხლი, ან კიდევ მინანქარი, არამედ ვეთაყვანებით გამოსახულ სიწმინდეს, რაკი ხატი სარკეა ზეცისა. როდესაც თაყვანს ვცემთ ხატებს, ჩვენი გონება ამ მატერიას კი არ მიეჯაჭვება, არამედ მაშინვე ზეციური სამყაროსკენ მიისწრაფვის.
ხატმებრძოლობა თითქმის ერთი საუკუნე გაგრძელდა. ბიზანტიის იმპერატორები პოლიტიკური მიზნებისთვისაც კი იყენებდნენ ამ ერესს. ცნობილია, რომ იუდეველები და მუსულმანები ქრისტიანებს სწორედ ჭეშმარიტი ღმერთის დავიწყებასა და ხატების გაკერპებაში სდებდნენ ბრალს. ბიზანტიის იმპერატორებს სურდათ, ხატმებრძოლთა მხარდაჭერით იუდეველთა და მუსულმანთა გულები მოეგოთ და ადვილად დაემორჩილებინათ ისინი.
ხატმებრძოლობის წინააღმდეგ მეშვიდე საეკლესიო კრება გაიმართა, მაგრამ საბოლოოდ ამ ერესის დამარცხება დედოფალ თეოდორას უკავშირდება, რომელმაც ქმრის, იმპერატორ თეოფილეს, გარდაცვალების შემდეგ დევნილებიდან დააბრუნა მართლმადიდებლები. უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ ქმრის სიცოცხლეში დედოფალი ფარულად სცემდა თაყვანს ხატებს. რაკი 787 წლის 24 სექტემბერს მოწვეული მეშვიდე საეკლესიო კრების დადგენილება ხატმებრძოლთა ცრუ სწავლების წინააღმდეგ უკვე არსებობდა, თანაც მსოფლიო კრების მოსაწვევად ხანგრძლივი სამზადისი იყო საჭირო, რაც დიდ დროს მოითხოვდა, გადაწყდა, ადგილობრივი კრება ჩაეტარებინათ.
ბიზანტიაში 824 წელს მოწვეულ იქნა ადგილობრივი კრება, რომელმაც მეშვიდე მსოფლიო კრების აქტებზე დაფუძნებით დაგმო ხატმებრძოლთა ერესი, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და ამ დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა.
აღდგომის მარხვის პირველ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმზე, დედაეკლესიაში სახარებიდან იკითხება ის მონაკვეთი, რომელშიც მოთხრობილია გალილეის ქალაქ კანის მცხოვრები ნათანაელის შესახებ, რომელზეც მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ბრძანა: "აი, ჭეშმარიტი ისრაიტელი, რომელთანაც არ არის მზაკვრობა". ნათანაელის კითხვაზე, საიდან იცნობდა მას იესო, რომელსაც თვითონ პირველად ხედავდა, მაცხოვარი პასუხობს: "ვიდრე ფილიპე (იესოს ერთ-ერთი მოწაფე) მოგიხმობდა, ლეღვის ქვეშ მდგომი გიხილე". წმინდა წერილის განმარტების მიხედვით, უფალმა ამ სიტყვებით ამცნო ნათანაელს, რომ იცოდა ყველა მისი ზრახვა, ხედავდა მის სარწმუნოებასა და მესიის მოლოდინს. აქ ნათლად ჩანს, რომ ძე ღვთისა მის ყველაზე მგრძნობიარე სიმს შეეხო - ეს იყო სასოება, იმედი, და აგრძნობინა, რომ მის წინ იდგა მესია, რომელსაც ასე ელოდა. ნათანაელმა გაუღო გულის კარი უფალს და ქრისტეს სარწმუნოებით მონადირებულმა წარმოთქვა: "რაბი (რაც თარგმანებით მოძღვარს ნიშნავს), შენ ხარ ძე ღმრთისაი, შენ ხარ მეუფე ისრაელისაი!" შემდგომ ამისა იგი ბართლომეს სახელით ხდება იესო ქრისტეს მოწაფე, ერთი ათორმეტთაგანი.
ნათანაელის სახით უფალმა დაგვანახა, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქრისტიანი - უზაკველი, მართალი ღვთის წინაშე, გულწრფელად უნდა აღიარებდეს უფალს და ასეთივე სიწრფელითა და გულმოდგინებით ემსახურებოდეს შემოქმედს მისი მცნებების აღსრულებით. რადგან ხატი მართლმადიდებელი ქრისტიანისა სახარებაში ნათანაელის სახით არის გადმოცემული, ამიტომაც დედაეკლესიამ მართმადიდებლობის ზეიმზე სწორედ ამ მონაკვეთის კითხვა დააწესა.
დასასრულ, მინდა გავიხსენო ის მართლმადიდებლობის ზეიმი, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ყოველ გახსენებაზე ისეთივე სიხარულით მავსებს, როგორიც მაშინ განვიცადე სტრასბურგში.
სტუდენტი ვიყავი. ევროპის შუაგულში, სადაც თავი მოუყრია ევროპულ საბჭოსა თუ პარლამენტს, ევროპულ სასამართლოს, სიცოცხლე დუღს. მაგრამ სიცოცხლე დუღს ღვთისგან ძალიან შორს. აქ ღმერთი დავიწყებიათ და მატერიალურს მოუცავს ადამიანთა გული, გონება და სული. ასეთ გარემოში კიდევ უფრო გიმძაფრდება განცდა ღვთისა.
მართლმადიდებლობის ზეიმზე ბერძნულ ეკლესიას მივაშურე. ეზოში უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. გამიკვირდა, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. როგორც წესი, კვირაობით ტაძარში ცოტა ხალხი იყო ხოლმე. იმ დღეს კი...
შევედი თუ არა ეკლესიაში, დავინახე ამბიონზე მდგარი სამი მოძღვარი: ქართველი, ბერძენი და რუმინელი. ისინი ერთსულოვნად, თუმცა სხვადასხვა ენაზე ადიდებდნენ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს.
მოვიდა სახარების წაკითხვის ჟამიც. და რა დიდი სიხარულით ამევსო გული, როდესაც მშობლიურ კერას რამდენიმე ათასი კილომეტრით მოშორებულმა მშობლიურ ენაზე მოვისმინე სახარება! რომ მიმოვიხედე, ყველას სახეზე გამოუთქმელი სიხარული ამოვიკითხე, მათაც ხომ მშობლიურ ენებზე მოისმინეს უფლის სიტყვა. საოცარი ძალა ვიგრძენი - ეს იყო ერთობის განცდა. იმედი მომეცა, რომ მართლმადიდებლები არც ისე ცოტანი ვყოფილვართ დედამიწის ზურგზე, მე რომ მეგონა და ეს სიმცირე მაშინებდა, გულს მიკლავდა. სამ ენაზე აღსრულებულმა უფლის სადიდებელმა სულიერად განმამტკიცა, სიმხნევე შემმატა და ახლაც ყოველთვის უჩვეულო სიხარული მეუფლება, როცა მახსენდება, რომ დედამიწაზე სხვადასხვა ენაზე მართლმადიდებლები ერთსულოვნად ვადიდებთ ჭეშმარიტ ღმერთს, თვალუწვდენელი და შეუცნობელი სამყაროს შემოქმედს.
სტატიის ავტორი:
თინათინ მაჭარაშვილი