მართლმადიდებლობის ზეიმის ხსენების დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ უდიდეს საეკლესიო მოვლენას: შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების ეპოქის დასასრულს. მეშვიდე მსოფლიო კრებაზე ხატთა თაყვანისცემის დოგმატი დადგინდა, რომელიც გვასწავლის, რომ უფლის გამოსახვა შესაძლებელი გახდა - თავისი განხორციელებით უხილავმა, შეუცნობელმა უფალმა კაცობრივი ბუნება შეიმოსა, კაცობრივი ხატება შეიძინა და, ამისდაკვალად, ღვთის ხატება შეიძლება გამოისახოს ხაზებითა და ფერებით; მაგრამ ეს არ არის პორტრეტი, არამედ შინაგანი, საიდუმლო ხატება ღვთისა, განჭვრეტილი, განცდილი, ეკლესიაში შეცნობილი.
რაოდენ ამაღელვებელია ეს ყოველივე: უფალს აქვს ხატი და ჩვენ შეგვიძლია მისი ჭვრეტა! და ხატის წინ, რომელიც ეკლესიურ გამოცდილებას, უფლის შესახებ ეკლესიურ კანონებს გამოხატავს, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, სიყვარულით, დიდებით, მოკრძალებით მოვიყაროთ მუხლი. უფალი მოვიდა ამქვეყნად, ერთ-ერთი ჩვენგანი გახდა და, ამასთან, არ შეუწყვეტია ყოფილიყო უხილავი, უდიდესი, თავად სიცოცხლე, უწმინდესი და ყველაზე მიუწვდომელი. ასეთ დროს ხელახლა ხმიანდება ძველი აღთქმის სიტყვები, რომ ღვთის ხატად ვართ შექმნილნი, ყოველი ჩვენგანი არის ხატი უფლისა. რაოდენ საოცარია ეს! ერთმანეთს ისე უნდა ვუცქიროთ, როგორც ხატს ვუცქერთ - რწმენით, სიყვარულით, მოკრძალებული ცქერით შევიცნოთ უფლის ხატება.
ახალ აღთქმაში უფალი გვასწავლის, რომ კეისარს კეისრის უნდა მივცეთ და ღმერთს - ღვთისა. ეს სიტყვები მაცხოვარმა მაშინ წარმოთქვა, როცა დინარზე გამოსახული რომის იმპერატორის სახე მიუტანეს. იესომ თქვა: ის, რაც აღბეჭდილია მიწიერით, ძალაუფლებით, ამქვეყნიურობით, მიეცით მას, ვისთვისაც იგი ძვირფასია; ხოლო უფალს მიეცით ის, რაც დაბეჭდილია უფლისავე ბეჭდით... ყოველი ჩვენგანი - ხატია უფლისა, თითოეულ ჩვენგანს აქვს ბეჭედი, რომელიც უფლისმიერებს გვხდის და მისი მიცემა, ღვთის გარდა, არავისთვის შეგვიძლია.
დღევანდელი დღესასწაული მოგვითხრობს არა მხოლოდ ხელით ნაწერ ხატებზე, არა მხოლოდ იმაზე, რომ ღმერთი გამოხატვადია, რომ უფალმა კაცობრივი ბუნება შეიმოსა და ადამიანის ხატება მიიღო, არამედ გვასწავლის იმასაც, როგორ უნდა ვეპყრობოდეთ ამ ხატს, რამეთუ ყოველი ჩვენგანი უფლის წმინდა ხატია; როგორ უნდა ვეპყრობოდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს. ეს ყველაფერი რომ გვესმოდეს, ამ ყველაფრის გაგება რომ შეგვეძლოს!
გვხვდება შებღალული, გათელილი, ადამიანური ღვარძლით დასახიჩრებული ხატები და ისინი ჩვენთვის იმდენად ძვირფასია, თითქოს ხატები კი არა, წმინდა მოწამენი იყვნენ. ასეთი ხატების დანახვისას მათი მოფრთხილება გვინდება, გვსურს, სიყვარულით დავიცვათ და შევმოსოთ ისინი, რადგან ადამიანურმა უსამართლობამ სასტიკად დაუზიანათ სახე... სწორედ ასე უნდა ვუცქერდეთ ერთმანეთსაც. როცა ადამიანი ცოდვამ დაასახიჩრა, როცა ასე ძნელია მასში უფლის სიტყვისა და მშვენიერების გაღვიძება, ასეთ დროს ღრმად უნდა ჩავიხედოთ ამ წმინდა, მაგრამ შებღალული ხატის სულში, დიდი ძალისხმევა გამოვიჩინოთ, მთელი სიყვარული, მთელი ჩვენი მოწიწება მოვიკრიბოთ, რათა ეს ხატი, - არა ხეზე დაწერილი, არამედ ადამიანის სულში, მის ხატებასა და გარეგნობაში აღბეჭდილი, - განიწმინდოს, განიკურნოს და კვლავ ღვთის სადიდებლად იბრწყინოს.
და აი, დღეს დიდმარხვის მეორე კვირას ვეგებებით, რომლის ბოლოსაც წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს, რომ უფლის მადლი, რომელიც სუფევს ადამიანში, გადმოდის მასზე, ეხება, კურნავს, სრულქმნის და ეს მადლი თავად უფალია. ამიტომ რაოდენი მოკრძალებით უნდა ვუცქერდეთ ერთმანეთს, რაოდენი თრთოლითა და მოწიწებით ვეპყრობოდეთ ერთურთს, მიუხედავად ჩვენი უძლურებისა და ცოდვებისა, რამეთუ ხატნი ვართ, მართალია შებღალულნი, მაგრამ მაინც განწმენდილნი.