05.02.2009
გელათის სასულიერო აკადემია დასაბამითვე ქრისტიანული აზროვნების უმნიშვნელოვანეს სავანედ იქცა.
2 წლის წინ გელათის სასულიერო აკადემიამ 900 წლის იუბილე აღნიშნა.
აკადემიის დაარსებაზე, დამაარსებლის, მეფეთ მეფე წმინდა დავით აღმაშენებლის ღვაწლსა და მის დღევანდელობაზე ვესაუბრეთ გელათის სასულიერო აკადემიის ლექტორს მამა ლუკა წითურს.
- მამა ლუკა, რა მისია ეკისრა გელათის სასულიერო აკადემიას იმ დროში?
- აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე ბრძანებდა: "საქართველოს აღორძინება განვითარდა გელათის სასულიერო აკადემიის მიერ მითითებული გზით, საქართველოში აღორძინების იდეოლოგიური ცენტრი - გელათის სასულიერო აკადემია ანტიკური პერიოდის ქართული აკადემიების ტრადიციების განახლება იყო. იგი შეიქმნა რეალური მოთხოვნილების ნიადაგზე და უწინარა იმ იდეოლოგიურ მოძრაობას, რომელიც გზას უკაფავდა საქართველოს აღორძინებას".
გელათის სასულიერო აკადემიაში ყოველთვის იყო დავანებული ეპოქის შესაბამისი სიბრძნე.
უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე და სწავლული მეფე წმინდა დავით აღმაშენებელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სწავლა-განათლებას, რომელიც საფუძველი იყო ქვეყნის აღორძინება-აყვავებისა. 1106 წელს ჩაეყარა საფუძველი სამეცნიერო-პედაგოგიურ და კულტურულ-საგანმანათლებლო კერას. ეს იყო პირველი უმაღლესი სასულიერო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი საქართველოს შიგნით, რომელიც აღმოცენდა საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლიერების პერიოდში.
გელათის სასულიერო აკადემიას უნდა შეესრულებინა ჩვენში და მთელ აღმოსავლეთში მეორე იერუსალიმისა და ათინის როლი...
რაც შეეხება დავით აღმაშენებლის ღვაწლს და მის პიროვნებას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II თავის ქადაგებაში შესანიშნავად ბრძანებს: "წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი არის ის პიროვნება, რომელიც განსაკუთრებულად შეიყვარა უფალმა და მუდამ მფარველობდა მას. მადლი, რომელიც მოიპოვა დავით აღმაშენებელმა, მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არა, მთელი ერისთვის გამოითხოვა! დღეს მოქმედებს ის სულიერი ძალა, ის გენები, რომელიც იყო ჩვენს წინაპარში, ის გენები ქართველ ერშია დამკვიდრებული. წმინდა დავითი იყო ღვთისგან მოვლენილი მხსნელი. უფალმა აირჩია და აღამაღლა იგი საქართველოს გადასარჩენად".
- წმინდა დავითის მეფობის შემდგომ პერიოდში როგორ მიმდინარეობდა ლიტერატურულ-შემოქმედებითი მოღვაწეობა გელათის სასულიერო აკადემიაში?
- გელათში პოვა გამოძახილი ლიტერატურულმა საქმიანობამ, რომელიც განსაკუთრებით ყვაოდა ათონისა და პეტრიწონის მონასტერში. კორნელი კეკელიძე ბრძანებს: "გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პეტრიწონის მონასტერში სხვადასხვა პირობის გამო მე-13 საუკუნიდან შესუსტებულმა ლიტერატურულმა მოღვაწეობამ გაგრძელება პოვა სწორედ გელათის მონასტერში, სადაც გადმოტანილ იქნა ყველა იქაური ლიტერატურული ტრადიცია. აქ ითარგმნებოდა შესანიშნავი ფილოსოფიურ-თეოლოგიური ნაწარმოებნი ქრისტიანული აზროვნებისა".
მე-16 საუკუნეში კათოლიკოსმა ევდემონ ჩხეტიძემ კვლავ განაახლა მწერლობა და აღმშენებლობა. მისი მოღვაწეობის პერიოდში მოიხატა გელათის მონასტერი, გადაიწერა მრავალი სასულიერო წიგნი. კერძოდ, იოანე ქსიფილინოსის შესანიშნავი ჰაგიოგრაფიული კრებულის 2 წიგნი, რომელიც ინახება ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
მე-17 საუკუნეში კათოლიკოს ექვთიმე საყვარელიძის ბრძანებით გადაიწერა გელათის ხელნაწერები: უზარმაზარი ჰომილეტიკური კრებული, მეტაფრაზების კრებული, იოსებ ფლაბიოსის "მოთხრობანი იუდაებრივისა სიტყვადასაბამისანი", რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნეში შეიქმნა. ისიც საყურადღებოა, რომ სწორედ მე-12 საუკუნეში უთარგმნია არსენ იყალთოელს მე-9 საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის გიორგი ამარტოლის ქრონოგრაფია, რომელიც მსოფლიოსა და ბიზანტიის ისტორიის ფართოდ გავრცელებული სახელმძღვანელოა, მასში მსოფლიო ისტორია მოცემულია ადამიდან ვიდრე 842 წლამდე - კეისარ თეოფილეს გარდაცვალებამდე.
- დღეს რა მდგომარეობაა გელათის სასულიერო აკადემიაში? რას გვეტყვით მაღალყოვლადუსამღვდელოეს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატეს ღვაწლზე, რომელიც ბრძანდება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი?
- გელათის სასულიერო აკადემია იმდენად ძლიერ საფუძველზე იყო შექმნილი, რომ იგი საოცრად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასდაუდებელია მეუფე კალისტრატეს ღვაწლი გელათის სასულიერო აკადემიის აღორძინებაში.
მეუფე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სათანადო კონსულტაციები გამართა ქუთაისსა და თბილისში საერო და სასულიერო პირებთან გელათის სასულიერო აკადემიის აღორძინებისთვის. ის აქტიური მონაწილე იყო 1995 წლის 5 აპრილის წმინდა სინოდის სხდომისა, სადაც სიტყვა წარმოთქვა კათოლიკოს-პატრიარქმა, რომელშიც დასაბუთებული იყო ახალი სამეცნიერო ცენტრის შექმნის აუცილებლობა. სხდომამ მიიღო განჩინება: "ქართველი ერისა და სრულიად საქართველოს სულიერი განმტკიცებისთვის, მისი ინტელექტუალური და ზნეობრივი განვითარებისთვის ქალაქ ქუთაისში გელათის სასულიერო აკადემიასთან დაარსდეს გელათის მეცნიერებათა აკადემია და ამით აღდგეს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული გელათის აკადემიის ტრადიცია".
მეუფის თაოსნობით 1990 წელს გაიხსნა გელათის სასულიერო აკადემია, 1995 წელს - წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქუთაისის სასულიერო სემინარია და სასულიერო სასწავლებელი, 2001 წელს - წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, საღვთისმეტყველო ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტი, რომელსაც 2002 წელს დაემატა კიდევ ორი ფაკულტეტი ჟურნალისტიკისა და სამედიცინო, სადაც თავი მოიყარეს სწავლულმა მეცნიერებმა, რომლებიც წარმატებით წარმართავენ სასწავლო-სამეცნიერო მუშაობას. ამ სასწავლებლებში ახალგაზრდობა ღებულობს ჭეშმარიტად სასულიერო განათლებას და სულიერ საზრდოს.
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი არის მოძღვართ მოძღვარი, რომლის საზოგადოებრივი და პედაგოგიური მოღვაწეობა დასაფასებელია სასულიერო განათლების აღმავლობისა და განმტკიცების საქმეში, რომელიც განსაზღვრულია ისეთი ზნეობრივი კრედოთი, როგორიცაა რწმენა და სიმართლის მოყვარეობა.