მცხეთის ჯვრის დღესასწაული სწორედ იმ დროიდან იღებს სათავეს და მიიჩნევა ერთ-ერთ უძველეს დღესასწაულად საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. იგი აღინიშნება სულთმოფენობის პირველ ოთხშაბათს და თავისი მადლმოსილებით უთანასწორდება იერუსალიმში აღსრულებული ჯვრის გამოჩინების (351 წ.) უდიდეს დღესასწაულს (ხსენება 7 მაისს).
როგორც "მოქცევაი ქართლისაი" გვამცნობს, მეფე მირიანმა, საბერძნეთიდან ჩამოსული მღვდლების რჩევით, ხუროები გაგზავნა "ხე ერთი ჰაეროვანის" მოსაჭრელად, რომლისგანაც შემდეგ ჯვარი შექმნეს. ხარების დღესასწაულზე, 25 მარტს, მეუფე იოანეს კურთხევით მოიჭრა ხე, რომელიც მცხეთის პირდაპირ მდებარე მთაზე, წმინდა ნინოს მიერ აღმოცენებული მაკურნებელი წყაროს გვერდით ამოსულიყო. პირველ მაისს მისგან სამი ჯვარი გამოკვეთეს, ხოლო შვიდ მაისს ისინი სვეტიცხოველში აღმართეს. სწორედ ამ ღამეს მოხდა პირველი გამოცხადება ცეცხლოვანი ჯვრისა. "მოქცევაი ქართლისაი" ასე აღწერს ამ მოვლენას:
"და იხილეს სიმრავლემან ქალაქისამან ბნელთა მათ ღამეთა, და აჰა ჩამოვიდეს ჯუარი ცეცხლისაი დაგვირგვინებული ვარსკვლავითა და დაადგრის ზედა ეკლესიასა ვიდრე განთიადამდე, და ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა ამას ზედა. და განთიად რიჟურაჟუს ოდენ, გამოვიდის მისგან ორი ვარსკვლავი. ერთი წარვიდის აღმოსავლით და ერთი დასავლით, და იგი თავადი ეგრევე დგან ბრწყინვალედ და ნელიად-ნელიად განდგის მიერ კერძო არაგუსა და დადგის ბორცვსა ზედა კლდისასა, ზემო-კერძო, ახლოს წყაროსა მას, რომელი იგი აღმოადინის ცრემლთა წმიდისა ნინოისთა და მუნით აღმაღლდის ზეცად".
საინტერესოა, რომ ერთ-ერთ რედაქციას აქვე დართული აქვს საყურადღებო ცნობა: "და იგი თავადი, რომელ არს ჯუარი ქრისტეს ღვთისაი". ეს სიტყვები ცხადყოფს, რომ "ჯვარი ცეცხლისაი", რომელიც სვეტიცხოვლის თავზე გამოცხადდა, უბრალოდ ნიში კი არა, საკუთრივ გოლგოთის ჯვარი იყო.
ეს სასწაული რამდენჯერმე განმეორდა. ცეცხლოვანი ჯვრიდან ამობრწყინებული ვარსკვლავების კვალს გაჰყვნენ. დადგინდა, რომ ერთი მათგანი თხოთის მთასთან უჩინარდებოდა, მეორე კი სოფელ ბოდისთან. სწორედ ამიტომ აღიმართა ერთი ჯვარი თხოთის მთაზე, მეორე - უჯარმაში, ხოლო დაბა ბოდისის მცხოვრებთ წმინდა ნინომ აღუთქვა, რომ თვით მივიდოდა მათთან.
სასწაულებრივი ხისგან გამოკვეთილი მესამე და მთავარი ჯვარი, რომელიც ზუსტად იმგვარივე იყო, როგორიც ზემოხსენებული ცეცხლოვანი ჯვარი, კვირა დღეს უდიდესი შიშითა და კრძალვით აღმართეს იმ მთაზე, სადაც წმინდა ნინო მკვიდრობდა. სწორედ ესაა ყოვლად დიდებული მცხეთის ჯვარი, რომელსაც "მოქცევაი ქართლისაი" ასე უწოდებს: "სასწაულთაგან ზეცისათა ჩუენებული ჯუარი მცხეთისაი".
როდესაც აღიმართა მცხეთის ჯვარი, მყისვე დაეცა და განადგურდა წარმართული კერპები.
რამდენიმე დღის მერე, სულთმოფენობის (ძველი ქართულით - "მარტვილიის") დღესასწაულის შემდეგ, ოთხშაბათ დღეს, აღსრულდა ჯვრის ხელმეორე გამოცხადება, ამჯერად უკვე მთაზე აღმართული მცხეთის ჯვრის თავზე. მართალია, ეს მცხეთის ჯვრის უკანასკნელი სასწაული არ იყო, მაგრამ რადგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ზეაღმატებული გამოცხადება ოთხშაბათ დღეს მოხდა, სწორედ ეს დღე დაამკვიდრა საქართველოს ეკლესიამ ჯვრის სასწაულებრივი გამოჩინების დღესასწაულად.
ჯვრის დღესასწაული საგანგებოდაა აღნიშნული X საუკუნის იადგარსა და სხვა ხელნაწერებში. საგულისხმოა, რომ ამ დღესასწაულის აღსანიშნავად საგანგებო საგალობელი არ დაწერილა; ყველა ხელნაწერი მიუთითებს, რომ ამ დღეს იერუსალიმში 7 მაისს გამოჩენილი ჯვრის სასწაულთან დაკავშირებული საგალობლები იკითხებოდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მცხეთაში ჯვრის გამოჩინების სასწაული თვით გოლგოთის ჯვრის გამოცხადებად მიიჩნეოდა.
მცხეთის ჯვარი "ყოვლისა სოფლისა მცველია", რადგან იგი სულიერად გოლგოთის ჯვრის ტოლფასია. შესაბამისად, მასზე გამობრწყინებული მაცხოვრისეული ჯვრის დღესასწაული მთელი მართლმადიდებლობის ზეიმია.
2007 წლის აპრილში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით, საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ მივიწყებული დღესასწაული მცხეთის ჯვრის გამოჩინებისა აღადგინა.
ამიერიდან სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს ყოველ წელს ვიზეიმებთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.
დემეტრე ტლაშაძემ