გვესაუბრება საბურთალოს სასაფლაოზე არსებული უფლის ამაღლების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი კონსტანტინე ლეკიშვილი:
- წინასააღდგომო მარხვას "დიდი" თავისი მნიშვნელობის გამო ეწოდება. იგი ორმოცდაცხრა დღეს მოიცავს. ამ ხნის განმავლობაში ადამიანი ნელ-ნელა ამზადებს სულს, გონებას, გულს, სხეულს უფლის ბრწყინვალე აღდგომასთან შესახვედრად. საზოგადოდ, უნდა ითქვას, რომ მარხვა დიდი დღესასწაულების წინ მათ ღირსეულად შესახვედრად არის დაწესებული. მარხვა ხომ ცოდვების მონანიებისა და შემუსვრის საუკეთესო საშუალებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარხვა, პირველ რიგში, საკუთარ სულში ჩაღრმავება და იქ უფალთან პირისპირ ყოფნაა. ეს თვითანალიზის დროა, საკუთარი ცხოვრების ყურადღებით გადახედვის, მეტ-ნაკლებად აქტიური სულიერი ღვაწლის პერიოდია, რაც ცოდვების აღმოფხვრას, სხეულისა და სულის განწმენდას ემსახურება.
უწმინდესისა და უნეტარესის კურთხევაა, მორწმუნე მარხვაში ყოველ კვირას ეზიაროს. ეს შემთხვევითი სულაც არ არის. დღევანდელი ადამიანის ცხოვრება საკმაოდ მძიმეა. მძიმეა ის სულიერი თუ ფიზიკური სამყარო, რომელშიც ვიმყოფებით, ირგვლივ უამრავი საცდური და დამაბრკოლებელი საშუალებაა. სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ ცხოვრობს ქრისტიანულად. ბევრს შესაძლოა ამის დიდი სურვილიც აქვს, მაგრამ ვერ ახერხებს. ჩვენ ხომ სამოცდაათწლიანი უღმერთობის შედეგებს დღემდე ვიმკით. ამიტომ საჭიროა, მორწმუნე წმინდა ზიარების მიღებით გაძლიერდეს; ეს ძლიერება კი მას განსაკუთრებით მარხვაში სჭირდება.
- როდესაც ადამიანი მარხვისთვის ემზადება, სინანულის გზას შეუდგება, მისი გული ბრძოლის ველს ემსგავსება. ხილულად შესაძლოა კაცს ბოროტი სული არც ებრძოდეს, მაგრამ აზრობრივ ბრძოლას ვერსად გაექცევა...
- როცა მორწმუნე პირველ ნაბიჯს გადადგამს უფლისკენ, ღმერთი მას თითქოს ხელში აყვანილს ატარებს. საოცრად დიდი მადლი მოდის და ეს იმდენად იგრძნობა, რომ ზოგჯერ საშიშიც კია, ადამიანი ხიბლში არ ჩავარდეს, თავი განწმენდილად, უფრო ძლიერ ქრისტიანად არ წარმოიდგინოს. ცხადია, ეკლესიური ცხოვრების დაწყებასთან ერთად ადამიანს ბრძოლებიც ეწყება. ძალიან დიდ მადლს გრძნობს უფლისგან, მაგრამ გრძნობს ბოროტის დიდ შემოტევასაც.
ამბობენ ხოლმე, ეშმაკი ანტონი დიდს ებრძოდა და ჩვენ ვინ ვართ მასთან შედარებითო. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ბოროტს მიშვებულნი ვყავართ. როგორც კი დაინახავს, რომ ადამიანი სულიერად წელში გაიმართა და ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, მყისვე ეცდება, ყველანაირად ხელი შეუშალოს და დააბრკოლოს.
- მამაო, როგორ მოვიპოვოთ მარხვა სინანულისა?
- ჭეშმარიტი მარხვა მონანული სულის ზეიმია. თუ სინანული, საკუთარი ცოდვების მუდმივი განცდა არ გვაქვს, მარხვას აზრი ეკარგება. ამიტომ კარგია, თუ მორწმუნეს მარხვის განმავლობაში ხშირი აღსარების საშუალება აქვს - აღსარება სულს ასუფთავებს.
როცა ადამიანი აღსარებას პირველად ამბობს, აუცილებელია, სათანადოდ მოემზადოს სულიერად. ზოგმა ისიც არ იცის, რა არის ცოდვა. ტაძარში ყველა ახალმოსული თითქმის ერთსა და იმავეს ამბობს: "მამაო, კაცი არ მომიკლავსო"; ის კი ავიწყდებათ, რომ კაცის კვლა სიტყვითაც, უბრალო მზერითაც შეიძლება...
ზოგჯერ ადამიანი მოდის ტაძარში და ერთი სული აქვს, როდის გათავისუფლდება, განიწმინდება იმ ცოდვებისგან, სულს რომ უმძიმებს. მაგრამ არის მეორე შემთხვევაც - ადამიანი ჯერ არ არის მზად აღსარებისთვის. ასეთნი ხშირად გაუცნობიერებლად ამბობენ აღსარებას, გააზრებულიც კი არ აქვთ, რას ნიშნავს ესა თუ ის ცოდვა.
- მამაო, ხშირად ვიცით, რომ ესა თუ ის საქციელი ცოდვაა, თუმცა სინანული არ გვაქვს. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? უნდა ვთქვათ აღსარებაში ასეთი ცოდვა?
- რა თქმა უნდა, აღსარებაში ასეთი ცოდვები უნდა ითქვას. შესაძლოა, ცოდვის ამგვარ აღიარებას თავიდან მექანიკური ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ შემდეგ ჩვენი სულიერი მდგომარეობა ნელ-ნელა დაიხვეწება და სინანულიც გაგვიჩნდება. წმინდა მამები ამბობდნენ, უფალს გამუდმებით უნდა ვთხოვდეთ, სინანული მოგვმადლოსო. სინანულის წყალობით ადამიანს ძალუძს, ცოდვებისგან განიბანოს, დაცემული აღდგეს.
სამწუხაროდ, მრევლის უმეტესობა ტაძარში განსაცდელს მოჰყავს. განსაცდელი კი ხელს უწყობს სინანულის გაღვიძებას. ასეთ დროს ადამიანს თავისთავად აქვს ცრემლი და აღსარების თქმაც უადვილდება. უხეშად რომ ვთქვათ, განსაცდელისგან მოგვრილ ცრემლს სინანულისთვის იყენებს...
სასურველია, მორწმუნემ ძილად მისვლის ლოცვების შემდგომ თვალი გადაავლოს განვლილ დღეს, გაიაზროს, რა შესცოდა. კვირის ბოლოს მას უკვე ეცოდინება, რა აქვს სათქმელი აღსარებაში. თანაც ეცდება, წინა დღეს ჩადენილი ცოდვა მეორე დღეს აღარ გაიმეოროს. მაგრამ თუ მაინც გაიმეორა, შეეცდება, მესამე დღეს მაინც აღმოფხვრას იგი. ვფიქრობ, ასე უფრო გაუადვილდება საკუთარ თავთან, ცოდვებთან ბრძოლა. ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამარჯვება ხომ საკუთარი თავის, მანკიერი მხარეების ძლევაა.
- ნამარხულევი როდის იხილავს იმ შედეგს, რომლისთვისაც მარხვით უნდა მიეღწია?
- მე ასე ვიტყოდი: შედეგი დასანახიც რომ იყოს, ქრისტიანმა არასოდეს არ უნდა დაინახოს - შესაძლოა, ამ შედეგის დანახვამ უფრო მძიმე ცოდვაში ჩააგდოს კაცი. ამიტომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჩავუთვალოთ საკუთარ თავს ერთგვარ წარმატებად თუ მიღწევად მარხვის სრულყოფილად დაცვა, ხშირი ზიარების მიღება... ეს ჩვენი დამსახურება კი არა, მხოლოდ და მხოლოდ ღვთის წყალობაა. რაც შეეხება შედეგს, მას მაშინ დავინახავთ, უფლის წინაშე რომ წარვდგებით.
- დიდ მარხვაში ეკლესიებში შვიდგზის ზეთისცხება ტარდება. განგვიმარტეთ, რას ნიშნავს ეს წესი და აუცილებელია თუ არა, ყველა მართლმადიდებელმა მიიღოს მასში მონაწილეობა.
- ზეთის კურთხევის საიდუმლო ერთ-ერთია იმ შვიდ საიდუმლოთაგან, რომელიც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიდგინა. ზეთისცხების საიდუმლო ძირითადად ავადმყოფებზე, წელიწადში ერთხელ კი ყველა ადამიანზე სრულდება. ღვთის სულის უხილავი მადლით მოგვეტევება ცოდვები და სულიერი თუ ხორციელი ტკივილისგან განვიკურნებით. აქვე აღვნიშნავ, რომ სნეულზე ზეთისცხების საიდუმლო წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება შესრულდეს, თუკი ამას ავადმყოფის მდგომარეობა მოითხოვს.
დიდ მარხვაში შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო სხვადასხვა ტაძარში სხვადასხვა დროს სრულდება, რათა ყველა მორწმუნემ შეძლოს მასში მონაწილეობა. იმისთვის, ვინც წელიწადში ერთხელ შედის ტაძარში, არ მარხულობს და აღსარებას არ ამბობს, ვფიქრობ, ცოტათი საფრთხილოც კია ამ საიდუმლოში მონაწილეობა, რადგან ის მათთვის არის დანიშნული, ვინც მარხვას იცავდა, ლოცულობდა, აღსარებას ამბობდა, ეზიარებოდა... შვიდგზის ზეთისცხება აძლიერებს მორწმუნეს ეკლესიურ ცხოვრებაში. თუკი კაცი აღსარებაში სრულად და გულწრფელად ვერ აღიარებს ცოდვებს, ვნებები მძლავრობენ მასზე და სულთან ერთად მისი სხეულიც ზიანდება. ზოგჯერ ავიწყდება კიდეც ჩადენილი ცოდვები და ამით მათი ფესვები მასში კიდევ უფრო ძლიერდება. სწორედ ამ მომძლავრებული ცოდვის დასაძლევადაა დამკვიდრებული ეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულება.
- მამაო, დიდმარხვის ბოლო კვირას ვნების კვირა ეწოდება. მოგვითხრეთ მის შესახებ.
- დიდმარხვის ბოლო კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრისტიანისთვის. მთელი დიდი მარხვა სწორედ მისთვის მზადებაა.
დიდი ორშაბათი ის დღეა, რომლიდანაც უფალი ჩვენი ცოდვების გამო ჯვარზე ვნებისთვის მომზადებას იწყებს. ორშაბათიდან ტაძრებში ტარდება მსახურება, რომელშიც სახარების კითხვაა ჩართული. თითქმის მთელი სახარება იკითხება. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებას, ვნებას, აღდგომასა და ამაღლებას.
დიდ სამშაბათს იესომ მოწაფეებს თავისი მომავალი ვნების ამბავი განუცხადა. ესაუბრა მეორედ მოსვლაზეც, მოუთხრო "ათი ქალწულის" იგავი. იგავის შინაარსი ასეთია: სასუფეველი ცათა ემსგავსება ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და სიძის მისაგებებლად გავიდნენ. ხუთი მათგანი სულელი იყო, ხუთი კი გონიერი. სულელებმა აიღეს ლამპრები, მაგრამ ზეთი თან არ წაიღეს, ხოლო გონიერებმა ჭურჭლები ზეთით გაავსეს. სიძე იგვიანებდა, მის ლოდინში ქალწულებს ჩაეძინათ. შუაღამისას ყველა ძახილმა გამოაღვიძა: "სიძე მოდის, გამოდით მის მისაგებებლად!" მაშინ ადგნენ ქალწულნი და მოამზადეს თავიანთი ლამპრები. სულელებმა სთხოვეს გონიერ ქალწულებს, მოგვეცით ზეთი თქვენი ლამპრებიდან, რადგან ჩვენი ლამპრები ქრებაო. გონიერებმა კი მიუგეს: ვაითუ ყველას არ გვეყოს, ამიტომ უმჯობესია, წახვიდეთ და ვაჭრებთან იყიდოთო. წავიდა ხუთი ქალწული ზეთის საშოვნელად. ამასობაში სიძეც მოვიდა და ვინც მზად დახვდა, მასთან ქორწილში შევიდა. დაგვიანებით მოსული ხუთი სულელი ქალწული კი სიძემ აღარ მიიღო.
ათი ქალწულის იგავი მაგალითია ყველა ქრისტიანისთვის. ლამპარი სიმბოლურად სხეულს აღნიშნავს, ზეთი კი მადლს. ათი ქალწულიდან ხუთმა ვერ განსაზღვრა უფლის მოსვლის დრო. შესაძლოა, განსაზღვრა კიდეც, მაგრამ იზარმაცა და ამის გამო ლამპრები ზეთით ვერ შეავსო. ზეთით სავსე ლამპარი სიმბოლოა ჩვენი სულიერი სისავსისა, უფალთან შესახვედრად ჩვენი სულიერი მზადყოფნისა. სამშაბათ დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, რისთვის ვემზადებით და საითკენ უნდა წავიდეთ. ეს იგავი მოგვიწოდებს, კვლავ ჩავუფიქრდეთ განვლილ ცხოვრებას, შევავსოთ ზეთით ჩვენი ლამპრები და ასე შევეგებოთ უფალს.
შემდეგ მოდის დიდი ოთხშაბათი - დღე, როცა იუდამ ოცდაათ ვერცხლად გაყიდა უფალი. დიდ ხუთშაბათს კი უფალმა მოწაფეებს უკანასკნელი დიდი მცნებანი და სწავლანი მისცა, დააწესა უმთავრესი ქრისტიანული საიდუმლო ზიარებისა. ამავე დღეს მისცა მათ უმაღლესი მაგალითი ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულისა - დაბანა ფერხნი მათნი. დიდ ხუთშაბათს ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში წირვა აღესრულება. მოგეხსენებათ, წირვის შემდგომ უწმინდესი და უნეტარესი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში თორმეტ მღვდელს ფეხს ბანს, ისევე, როგორც ეს მაცხოვარმა შეასრულა.
საღამოს, მწუხრისკენ, ტაძრებში თორმეტი სახარება იკითხება, კერძოდ, ის ადგილები, სადაც მოთხრობილია ვნება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ესეც მოწოდებაა იმისკენ, რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რისთვის მოვიდა და ევნო ძე ღვთისა. მაცხოვარი ჩვენს გადასარჩენად, ჩვენი ცოდვების გამო გაეკრა ჯვარს. თუკი ყველანი გავიაზრებთ ამას და საკუთარ თავს იმ ერთ-ერთ ცოდვილად ჩავთვლით, ვის გამოც ევნო უფალი, მერწმუნეთ, კიდევ ერთ აგურს დავდებთ ჩვენი სულიერი სახლის ასაშენებლად.
პარასკევი ყველაზე მძიმე დღეა კაცობრიობის ისტორიაში. დღე, როდესაც ადამიანებმა, რომელთა გადასარჩენადაც განკაცდა უფალი, ჯვარს აცვეს იგი.
შემდეგ მოდის შაბათი. ამ დღეს მოხდა მაცხოვრის საფლავად დადება. სახარებიდან ვიცით, როგორ გამოითხოვა იესო ქრისტეს წმინდა სხეული იოსებ არიმათიელმა, როგორ შეამკეს ნელსაცხებლით მენელსაცხებლე დედებმა. შაბათს ტაძრებში უფლის წესის აგების რიტუალი ტარდება, რომელსაც ბასილი დიდის წირვა მოებმის. შემდგომ უკვე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ვემზადებით, იწყება სადღესასწაულო მსახურება.
- რა მოხდა მაცხოვრის აღდგომით? რატომ არის ის, მაცხოვრის შობასთან ერთად, ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული?
- აღდგომა თავიდათავია ჩვენი სარწმუნოებისა. ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ სიკეთე სძლევს ბოროტებას, სიყვარული ამარცხებს სიძულვილს, რომ სიკვდილზე გამარჯვება მოპოვებულია. როდესაც მაცხოვარი ჯვარზე აღესრულა, იგი ჯოჯოხეთში ჩავიდა და თავისი სიკვდილით სიკვდილი დაამარცხა. ამით უფალმა გამოიხსნა იმ მართალთა სულები, რომლებიც ჯოჯოხეთში სულმოუთქმელად ელოდნენ მას. გაიღო სასუფევლის კარი.
- როგორ უნდა ეზიაროს ადამიანი აღდგომის სიხარულს?
- იოანე ოქროპირის სიტყვა რომ წაიკითხოთ, რომელიც აღდგომის ღამეს იკითხება, მიხვდებით, როგორ უნდა მოვემზადოთ აღდგომის სიხარულთან შესახვედრად. ზიარება ახსენეთ... მართლაც, ადამიანი მთელი სულითა და გულით უნდა მოემზადოს აღდგომის მადლიან დღეს უფლის წმინდა ხორცისა და სისხლის მისაღებად. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: ვინც მოვიდა, მაგრამ არ არის მომზადებული, ისიც ეზიაროს - ამ დღეს გულნაკლული ნურავინ დარჩებაო. თუმცა ეს სიტყვები იმის საფუძველს როდი იძლევა, რომ ადამიანმა არ იმარხულოს, არ ილოცოს, მთელი მარხვა ფეხიფეხზეგადადებულმა გაატაროს, აღდგომას კი მოვიდეს და ეზიაროს. მადლი სწორედ იმ ადამიანის ზიარებას ექნება, ვინც მთელი მარხვის განმავლობაში ემზადებოდა ამ დღისთვის.
- მორწმუნეები ამბობენ, ვინც აღდგომას ან ბრწყინვალე შვიდეულში გარდაიცვლება, პირდაპირ სასუფეველში ხვდება, რადგან ამ დროს დახშულია ჯოჯოხეთის კარიო...
- უკლებლივ ყველანი, ცხადია, სასუფეველში ვერ მოხვდებიან. ურწმუნოსთვის, რომელიც არც აღმსარებელია და არც ეზიარება, რა მნიშვნელობა აქვს, როდის გავა ამ ქვეყნიდან?! ვისაც რწმენა არ აქვს, იმისთვის ჯვარიც არაფრის მთქმელია, შესაბამისად - არც აღდგომა და არც ბრწყინვალე შვიდეული.
- სააღდგომოდ ყველანი წითლად ვღებავთ კვერცხებს და ერთმანეთს ვუცვლით სიტყვებით: "ქრისტე აღსდგა!"
- ეს ჩვეულება პირველი საუკუნეებიდან მოდის. არსებობს გადმოცემა, რომ ამაღლებამდე მაცხოვარმა მოწაფეები სხვადასხვა ადგილას დაგზავნა, რათა მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად წავიდა მარიამ მაგდალინელიც. წმინდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო, ამიტომ დაუბრკოლებლად შეუშვეს. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: "ქრისტე აღსდგა!" იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: "განა შეეძლო მკვდარს, აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდეს". იმპერატორს სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ კვერცხი მთლად გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხით ვეგებებით ქრისტეს აღდგომას.
- უფალი ჩვენი იესო ქრისტეს აღდგომა ხომ არ ნიშნავს იმასაც, რომ ის საწინდარია ჩვენი მომავალი სულიერი და ფიზიკური აღდგომისა? რათა ჩვენი აღდგომა და განახლება დაიწყოს ჯერ კიდევ აქ - დედამიწაზე?
- უწმინდესი და უნეტარესი ქადაგებებში ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჯოჯოხეთიც და სამოთხეც ამქვეყნადვე იწყება. მათთვის, ვინც ცოდვას ემონება, აცნობიერებს თავის მდგომარეობას, მაგრამ მაინც არ ცვლის ცხოვრების წესს, ამქვეყნიური ცხოვრება ჯოჯოხეთის დასაბამია. მათთვის კი, ვინც სცოდავს, თუმცა ცდილობს, აღარ გაიმეოროს, ზრუნავს სულის განწმენდისთვის, სამოთხე აქ, დედამიწაზე იწყება. და აღდგომაც, თავისთავად. აღდგომა ხომ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის მოხდა, რომ ადამიანის სული გადარჩენილიყო. სულის გადარჩენა კი უფლის სასუფეველშია შესაძლებელი.
- მამაო, რას გვეტყვით საუბრის დასასრულს?
- მინდა, ყველა ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანს მივულოცო უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული და ვუსურვო, მათ გულებში ყოველთვის ყოფილიყოს აღმდგარი უფალი. ქრისტე აღსდგა!