07.01.2015
მოგვებმა, აღმოსავლელმა ბრძენმა ვარსკვლავთმრიცხველებმა, უჩვეულო ვარსკვლავი იხილეს და მიჰყვნენ მას იერუსალიმამდე. უკვე მთელ აღმოსავლეთში გავრცელებული იყო რწმენა იმისა, რომ უახლოეს მომავალში სწორედ იუდეაში დაიბადებოდა მაცხოვარი სოფლისა.
ვერგილიუსი, ქრისტეს შობამდე ორმოცი წლით ადრე, თავის პოემაში "ბუკოლიკები", წერდა: "მოდის ახალი დრო, მოხდება მოვლენა, რომლისკენაც დიდი ხანია ისწრაფვის ისტორია - კოსმოსური, მსოფლიო მასშტაბის, რომელიც დროს ახლიდან აითვლის". ვერგილიუსის ეს წინასწარმეტყველება გამოსახულია მოსკოვის კრემლის ხარების ტაძრის კარიბჭის კედელზე.
პირველი საუკუნეების ქრისტიანი მწერლები (ეგნატე ღმერთშემოსილი, ორიგენე და ევსები) ფიქრობდნენ, რომ მოგვებს მიუძღოდათ განსაკუთრებული, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის შექმნილი ვარსკვლავი. წმინდა იოანე ოქროპირი (IV) და ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი (XI) თვლიდნენ, რომ ეს ღვთაებრივი გონიერი ძალა გამოეცხადათ ვარსკვლავის სახით. "როცა ვარსკვლავს გაიგებ, ნუ იფიქრებ, რომ იგი ერთ-ერთია ჩვენ მიერ დანახული. არა, ეს იყო ღვთაებრივი და ანგელოზებრივი ძალა, რომელიც ვარსკვლავის სახით გამოეცხადა. რადგანაც მოგვნი ვარსკვლავთმრიცხველობას მისდევდნენ, უფალმა ისინი მათთვის ნაცნობი ნიშნით მიიყვანა თავისთან, მსგავსად პეტრე მეთევზისა, თევზის სიმრავლით განცვიფრებული გაჰყვა ქრისტეს. ის, რომ ვარსკვლავი ანგელოზებრივი ძალა იყო, იქიდანაც ჩანს, რომ დღისითაც კაშკაშებდა.