მაცხოვარი აფრთხილებს თავის მოწაფეებს, არ გავიდნენ იერუსალიმიდან მანამ, ვიდრე მათზე სულიწმიდის მადლი არ გადმოვა და ამის შემდეგ იქადაგონ სახარება მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით.
"მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა", - ამ მანუგეშებელი სიტყვების შემდეგ, "უფალმა აღიპყრნა ხელნი თვისნი და აკურთხა იგინი". მოციქულები დიდხანს უყურებენ ზეცად ამაღლებულ მოძღვარს, ვიდრე ბრწყინვალე ღრუბელი არ დაჰფარავს მას. აღმოსავლეთით, სადაც მათი უფალი ამაღლდა, ორი ანგელოზი გამოეცხადებათ და ეტყვის: "გალილეველებო, რად დგახართ და უყურებთ ზეცას, იესო, რომელი ამაღლდა თქვენგან, იმავე სახით მოვა, როგორიც ზეცად აღმავალი იხილეთ". როგორ მოუვლიან ისინი მთელი სამყაროს ურწმუნო ხალხებს და თანაც მარტონი, მასწავლებლის გარეშე, რომელიც უკვე სამუდამოდ დაემშვიდობათ? სიყვარულით სავსე გულთამხილავი უფალი, გრძნობს მათ შეშფოთებას და ამცნებს მათ, იმათი სახით კი, ყოველ მორწმუნეს, მთელ თავის ეკლესიას აძლევს უდიდეს აღთქმას, რომ ნუ შეშინდებიან, რადგან ყოვლადძლიერი ზეციური მეუფე მარად მათთან იქნება, ყოველ მის ჭეშმარიტ მორწმუნეს დაიცავს, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ცხადია, მოციქულები ვერ იცოცხლებდნენ ქვეყნის აღსასრულამდე, ამიტომ უფალი ეუბნება ყველა მის ერთგულ მიმდევარს, როგორც მისი ეკლესიის ერთ სხეულს: "ქრისტიანო, გწამს უფლის ეს სიტყვები? თუ გწამს, - გვეუბნება მიტროპოლიტი ფილარეტი, მაშინ ისიც უნდა ირწმუნო, რომ ახლაც, მსგავსად აღდგომის პირველივე დღისა, უფალი ეცხადება თავის მორწმუნეებს და მოყვარულებს და ანიჭებს იმათ გულებს თავის ღვთიურ სიყვარულსა და მშვიდობას". სწორედ ამდაგვარი სიხარულის განცდა დაეუფლათ ქრისტეს მოციქულებს ანგელოზთა უწყების ჟამს, ისინი ხომ ღმერთკაცი იესო ქრისტეს ბოლო სამი წლის მიწიერი ცხოვრების ყოველი საქმის თვითმხილველნი გახდნენ, მათ საკუთარი თვალით იხილეს მაცხოვრის ვნებანი, ჯვარცმა და მკვდრეთით აღდგომის სასწაულის ჭეშმარიტება. ამიტომ ისინი თაყვანს სცემენ ზეცად ამაღლებულ იესოს და გახარებული ბრუნდებიან იერუსალიმში.
დეკანოზი ზაქარია მაჩიტაძე თბილისის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარი:
ამაღლების ყველაზე დიდი სიხარული ადამიანური ბუნების ზეცად ამაღლების სასწაულში ვლინდება. ხარებას ჩვენ ვზეიმობთ ღმერთის განკაცების დღესასწაულს, როდესაც ღმერთი განკაცდა და კაცობრივი ხორცი შეიმოსა, ამაღლებას კი, პირიქით მოხდა - კაცობრიობა განიღმრთო, ანუ მესიამ, უფალმა იესო ქრისტემ კაცობრივი ბუნება ზეცად, ღვთიურ სასუფეველში აიყვანა, სწორედ ამ უდიდეს მოვლენას ზეიმობს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს აღდგომის მეორმოცე დღეს. ამ დღესასწაულის საიდუმლო, თავად მაცხოვრის სიტყვებში დევს: "მე, თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა..." ეს არ იყო განშორების აქტი, პირიქით, მოხდა კაცობრივი ბუნებით მაცხოვრის ზეცად ამაღლება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ სწორად გვესმოდეს ამ დღესასწაულის შინაარსი, ეს იყო ადამიანებისთვის მაცხოვრის მიერ ადგილის გამზადება ზეციურ სასუფეველში, უფალი ბრძანებს: მე თქვენ განგიმზადებთ ადგილს და მოვავლინებ სულიწმიდას, რომელიც თქვენ ყველაფერს გასწავლითო.
- ყველა მოციქული ესწრებოდა უფლის ამაღლებას?
- ყველა მოციქული და მათთან ერთად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი. ამაღლების კომპოზიციის ფრესკებსა თუ ხატწერაში ღვთისმშობელი ყოველთვის შუაში დგას მოციქულებთან ერთად, ყველას მზერა ზეცისკენ აქვს აღპყრობილი. ქრისტესთან დგანან ანგელოზები, რომლებმაც უფლის მეორედ მოსვლა უნდა აუწყონ სამყაროს.
რა იდუმალებას მოიცავს სახარებისეული სიტყვები: "და იყო კურთხევასა მას იესუისსა მათა მიმართ, განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად?
ღვთაებრივ მოძღვართა განშორებას მოციქულები უნდა დაემწუხრებინა თავიდან, ასეც მოხდა, შემდეგ კი, როგორც სახარება მოგვითხრობს, ისინი დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში. რატომ მოხდა ასე?
რაში მდგომარეობს უფლის ზეცად ამაღლების მისტერია და რა ზნეობრივი გაკვეთილი უნდა მივიღოთ სახარების ამ ეპიზოდიდან?
ამ შეკითხვებს უპასუხებს XIX ს. მოღვაწე, ღვთისმეტყველების მაგისტრი დეკანოზი გრიგოლ დიაჩენკო.
- ინიშნეთ, რომ წმინდა მახარებელი არ ამბობს: როცა აკურთხა, როცა დაასრულა კურთხევაო, არამედ, კურთხევასა მასო", ანუ როცა ჯერ ისევ განაგრძობდა კურთხევასო, რასაკვირველია, სახეა მოქმედებისა! უფალი თვის მოწაფეებს აკურთხებს, ჯერ არ დაუსრულებია იგი, განაგრძობს მათ კურთხევას და ამასთანავე, ზეცად ამაღლდება! რას ნიშნავს ასეთი მოქმედება? - იმას, რომ მას არ სურს თავისი კურთხევის დასრულება, შეწყვეტა! სურს განუწყვეტლივ, დაუსრულებლად აკურთხებდეს თავის წმინდა ეკლესიას - თავის ყველა ჭეშმარიტ მორწმუნეს.
"აღვიდა ზეცად", ანუ იმ ყოვლადმსოფლიო სფეროში, სადაც უპირატესად განაცხადებს თავის მყოფობას უფალი ღმერთი და სადაც უპირატესად მკვიდრობენ წმინდა, უზაკველი სულები - ანგელოზები, ხოლო იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ - ღმერთის წმინდა ადამიანებიც.
"ნატერფალი", ადგილი ელეონის მთაზე, საიდანაც უფალი ამაღლდა
მაცხოვარი თავად ცათა შინა ამაღლდა წინამორბედად ყოველთა, რათა თავისი წმინდა სხეულით წარმდგარიყო ღვთის წინაშე და მამისა თანა დადგინდა იგი (ებრ. 9,24): და ახლაც ჩვენი ადამიანური ბუნება ყოველთა ანგელოზთა ძალთაგან იღებს თაყვანისცემას ქრისტეში.
- მოციქულებმა თაყვანი სცეს მას, ზეცად აღმაღლებას, ცხადია, არა მხოლოდ დამშვიდობების ნიშნად, არამედ რელიგიური თაყვანისცემის მნიშვნელობით, რაც მამა ღმერთისკენ მიმავალ ღმერთკაცს შეეფერებოდა. მახარებლის უწყება, რომ უფლის მოწაფენი დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, შესაძლოა მოულოდნელი მოგვეჩვენოს, რამეთუ, თითქოს თავიანთ ღვთაებრივ მოძღვართან და მაცხოვართან განშორებას მათში მწუხარება უნდა გამოეწვია: მაგრამ არა, მათ უხარიათ და თანაც დიდადაც! რატომაა ასე? - იმიტომ, რომ ახლა სრულქმნა მათი რწმენა და მათი გონებაც განიხვნა ქრისტეს საიდუმლოთა გულისხმისსაყოფად: მათ სწამთ და უწყიან, რომ ქრისტემ, როგორადაც თავისი მკვდრეთით აღდგომით შემუსრა ჯოჯოხეთის კარნი და მორწმუნეთ გამოსასვლელი განუღო მისგან, ასევე ახლაც, თავისი ზეცად ამაღლებით იგი მასში შესასვლელს განუღებს თავის მორწმუნეთ. მათ უხარიათ იმიტომ, რომ სრულ-იქმნა მათი სიყვარული: ტკბილია მათთვის ის, რომ მათი საყვარელი მაცხოვარი ზეცად აღვალს საღმრთო ნეტარებასა და დიდებაში, თუმცა კი თავად ამქვეყნად რჩებიან ღვაწლთათვის და ვნებათათვის, ტანჯვისთვის. მათ უხარით იმიტომ, რომ სრულ-იქმნა მათი სასოება: იმედოვნებენ და გრძობენ, რომ ზეცად ამაღლებული უფალი, თავისი აღთქმებისაებრ, მალე მოუვლენს მათ სხვა ნუგეშის-მცემელს, სულიწმიდას, და რომ ბოლოს, ანგელოზის უწყებისაებრ, "ესე იესო, რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრევე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად (საქ. მოც. I, 11) და მოვალს იმისთვის, თავისი სხვა აღთქმა აღასრულოს "კვალად მოვიდე და წარგიყვანნე თქვენ თავსა ჩემისა თანა, რათა სადაცა მე ვიყო, მუნცა თქვენ იყვნეთ" (იოანე 14,3).
- ახლა განმარტებული სახარებიდან ზნეობრივი გაკვეთილიც ავიღოთ, ჩვენივ შეგონებისა და დამოძღვრისათვის ცხოვრების ჭეშმარიტ გზაზე, რომელსაც საუკუნო ნეტარებისაკენ მივყავართ.
პირველი, რასაც უფალი გვასწავლის აქ, თავისი ზეცად ამაღლებით ამა ქვეყნისაგან, არის ის, რომ ჩვენც, რაც შეიძლება ხშირად უნდა განვეშორებოდეთ ამა ქვეყნის ხმაურსა და ფუსფუსს, განვმხოლოვდებოდეთ ჩვენს საუნჯეში, ჩვენი არსების წიაღში, რათა საკუთარი სულის ცხონებისათვის ვიღვაწოთ. აქ სულაც არ იგულისხმება მაინცდამაინც უდაბნოში განმარტოება, სადაც მოსაგრე ბერნი განმხოლოებასა და უფალთან ერთობაში ატარებენ ცხოვრებას - ყველა როდია მოწოდებული ასეთი მაღალი მსახურებისათვის უფლის წინაშე; ასეთი ცხოვრების დატევნა მხოლოდ მცირედთ, რჩეულთ შეუძლიათ, მაგრამ ყველა ქრისტიანს აქვს ასეთი აუცილებელი მოთხოვნილება თავისი სულისთვის, რომ ყოველდღე, რამდენიმე საათი მიუძღვნას განმხოლოებულ ლოცვას და ღმერთზე ფიქრს, რათა სრულიად არ განიბნეს ამა ქვეყნის ფუსფუსსა და ამაოებაში. ჩვენს სულს ისევე ესაჭიროება ძალების ყოველდღიური აღდგენა ლოცვითა და ღვთის დიდებულებაზე ფიქრით, როგორადაც ესაჭიროება ყოველდღიური განძლიერება საზრდოს მიღებით. და არ არსებობს ქვეყნად ისეთი სამუშაო, არ არსებობს ისეთი რთული და მნიშვნელოვანი სამსახური, რომლისგანაც არ შეიძლებოდეს გარკვეული დროის დათმობა სულიერი ცხოვრების საზრდოობისათვის ამ სულიერი პურით - ლოცვითა და ღმერთზე ფიქრით, რამეთუ ჩვენი სულთა ხსნა ყველა სხვა საქმეზე უმნიშვნელოვანესია. და ვისაც რაც უფრო მნიშვნელოვანი მსახურება აკისრია ქრისტიანულ საზოგადოებაში, მით უფრო აუცილებელია მისთვის ლოცვა უფლის წინაშე ძალების მისაღებად და ამ მსახურების ჭეშმარიტებით აღსასრულებლად - სასარგებლოდ საკუთარი თავისთვისაც და საერთო კეთილდღეობისთვისაც და ვინც გამუდმებით აღასრულებს ამ უბრალო, მაგრამ მაცხოვნებელ წესს, მისი ყველა საქმე ნათლდება საღმრთო კურთხევით, რისი ძალითაც ასეთი ქრისტიანი ჭეშმარიტ სათნოებას შეიძენს და ყოველთვის, სამსახურის საქმეთა შორისაც და მოსვენებისასაც, ასევე ყველაზე უწყინარ შვება-სიამეთა ჟამსაც - გულით განუშორებლად ღმერთთანაა და არ მისდრეკს მას ამა ქვეყნისაკენ, არამედ სულ ზეცისაკენ მსწრაფველია.
გულის ზეცად ამაღლება, - აი, მეორე რამ, რასაც ამ ქვეყნისაგან ზეციური სავანებისაკენ აღმავალი უფალი გვასწავლის, და რაზომ ახასიათებს ეს ქრისტიანს! - რამეთუ იქაა მისი მამა, იესო ქრისტე, რომელმაც თავისი სისხლით შობა იგი და საუკუნე ცხოვრების მემკვიდრეობაც განუმზადა, იქ არის მისი უფალი, რომლისგანაც არის მისი საუნჯე, იქ არის მისი ჭეშმარიტი სამშობლო, რომლისთვისაც სულთ-ითქვამს და რომელსაც შეჰნატრის თავის მსხემობაში ამქვეყნად, რამეთუ სხვა რა არის ეს ქვეყანა, თუ არა სამოთხის სიტკბოებიდან განდევნის ადგილი? მაგრამ აი, მთავარი შეცთომილება კაცთა ძიებისა: ისინი ჯერ კიდევ ცდილობენ ეს განდევნის ადგილი კვლავ სიტკბოების სამოთხედ გადააქციონ.
მაცხოვარი ამბობს: სადაც იყოს საუნჯე თქვენი, იქ იქნება თქვენი გულიცო. ჭეშმარიტი ქრისტიანის მთელი საუნჯე ზეცად ამაღლებულ უფალ იესო ქრისტეშია, და ამიტომ მისი გულიც იქ არის და მისი ცხოვრებაც და ცხოვრობს რა ამქვეყნად სხეულით, სულით ცათა შინაა. აკი მოციქული პავლეც ამბობს: "ჩვენი მოქალაქობაი ცათა შინა არს, ვინაიცა მაცხოვარსა მოველით, უფალსა იესო ქრისტესა" (ფილიპ. 3,20).
აი, სწორედ ამაში ჰგონებდნენ ღვთის ჭეშმარიტი ძენი თავიანთ ნუგეშს ამქვეყნად - ცათაგან თავიანთი მაცხოვრის მოსვლის გამუდმებულ მოლოდინში და სწორედ ასვეა მესამე რამ, რასაც ჩვენ ამა ქვეყნისაგან ზეცად აღმავალი უფალი გვასწავლის. იგი გვასწავლის, რომ ვცხოვრობთ რა ამქვეყნად და ვიბრძვით რა მისი ჯვარის დროშის ქვეშ, ყოველთვის მოველოდეთ მის მოსვლას ზეციდან; მოველოდეთ მარადიული მზადყოფნით - უზაკველი გულით მივეგებოთ მას, რათა შეურცხვენლად წარვუდგეთ მას. როცა იგი, ჩვენი გამომსყიდველი და მაცხოვარი, ანგელოზთა აღურაცხელი დასებითურთ, მთელი თავისი დიდებით მოვა ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად. როცა ეს ხილული ცა, ეს ქვეყანა წარხდებიან და განიხვნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა; როცა უფალი თავის მონებს წმინდა ქალაქში - ახალ იერუსალიმში შეიყვანს, გარდამომავალი ცათაგან - ღვთისაგან განმზადებულში, ქმრისთვის პატარძალივით მორთულში, როცა ღმერთი ცრემლს წარხოცს მათი თვალებიდან, და აღარასოდეს იქნება არც სიკვდილი, არც ტირილი, არც ღაღადი თუ კვნესა; მაშინ დაგვიფარე, უფალო, იმისგან, რომ რომელიმე ჩვენგანი მოკლებული იყოს ამ სამარადისო, გამოუთქმელად სასიხარულო დღესასწაულში მონაწილეობას წმინდანებთან ერთად, ქრისტეს მეუფების დაუღამებელ დღეს!