25.04.2013
სიცოცხლისა და სიკვდილის მეუფემ თავისი ღვთიური ბრძანებით - "ლაზარე, შენ გეტყვი, აღსდეგ!" - ოთხი დღის მკვდრის გვამი ნამძინარევი ჭაბუკის სხეულად აქცია და სული დაუბრუნა...
იერუსალიმის მახლობლად, მცირე დაბაში, რომელსაც დღესაც ბეთანია ჰქვია, ცხოვრობდა მართალი ლაზარე, უფლის მეგობარი, იუდეველი, აღმსარებლობით - ფარისეველი.
გარდამოცემით, ქრისტე ხშირად სტუმრობდა სვიმეონ ფარისევლის - ლაზარეს მამის - სახლეულს და, ალბათ, სწორედ აქ იქცა მათი ურთიერთობა მეგობრობად.
ვნების ჟამი ახლოვდებოდა... უფალი იორდანეზე იმყოფებოდა, როდესაც ლაზარეს სნეულებისა და შემდგომ - სიკვდილის ამბავი შეიტყო და მოწაფეებს აუწყა: - "ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა, არამედ მე მივიდე და განვაღვიძო იგი" (იოან. 11, 11); მცირე ხნის შემდეგ კი წარმოთქვა: "ლაზარე მოკუდა" (იოან. 11, 14).
ლაზარეს დების, მართასა და მარიამის თხოვნით ბეთანიას ჩასულ მაცხოვარს მარიამი ამ სიტყვებით მიეგება: - "უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არმცა მომკუდარ იყო ძმაი იგი ჩემი. არამედ და აწცა უწყი, ვითარმედ რაიცა იგი სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან" (იოან. 11, 21).
როდესაც ლაზარეს საფლავისათვის ლოდის მოშორება დააპირეს, მართამ უთხრა უფალს: - "უფალო, ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს" (იოან. 11, 43).
მაგრამ საკმარისი იყო, უფალს ეთქვა: - "ლაზარე, გამოვედ გარე!", რომ გარდაცვლილს მყისვე დაეტოვებინა სიკვდილი და და სუდარაში გახვეული სიცოცხლეში გამოსულიყო...
ეს სასწაული ადამის შექმნას შეიძლება მიედაროს: - სიცოცხლისა და სიკვდილის მეუფემ თავისი ღვთიური ბრძანებით: - "ლაზარე, შენ გეტყვი, აღსდეგ", - ოთხი დღის მკვდრის გვამი ნამძინარევი ჭაბუკის სხეულად აქცია, თითქოს შორეულ, უცხო ქვეყანაში მყოფი მოგზაური სიკვდილის ტუსაღი მშობლიურ სახლში მოაბრუნაო...
ლაზარეს აღდგინება სახეა მკვდართა მომავალი აღდგინებისა...
პასექი ახლოვდებოდა... პალესტინის ყველა კუთხიდან და იერუსალემის მრავალრიცხოვანი დიასპორებიდან, რომელნიც საიმდროოდ ლამის ყველგან განბნეულიყვნენ, მომლოცველთა ნაკადები წმინდა ქალაქს ეშურებოდა...
ეს სასწაული მყის მოედო წმინდა ქალაქს... ადამიანებს სიხარულიანი იმედი ჩაუდგათ გულში: - ეგებ ნაზარეველი ის მესიაა, რომელსაც რახანია ელის ისრაელი, ის მეფეა, რომელიც რომის ტრიუმფატორ იმპერატორთა მსგავსად შემუსრავს მტრებს და მშვიდობას მოუტანს ქვეყანას...
თუმცა, ჯერ არსმენილმა ამ სასწაულმა სულ სხვა გრძნობები აღუძრა სხვებს: - შურით ბრმადქმნილებმა, მაცხოვრის შემდეგ ლაზარეს მოკვდინებაც მოიწადინეს, თუმცა, უფალი იქაურობას სწრაფად გაეცალა და მერე ლაზარემაც დატოვა სახლი - კუნძულ კვიპროსზე გადავიდა და წლების შემდგომ მოციქულებმა ამ კუნძულის ეპისკოპოსად გამოირჩიეს.
ეს ის ლაზარეა, რომელიც ღირსი შეიქმნა კიდევ ერთი დიდი პატივის, - თავად ღვთისმშობელმა შექმნა მისი სამღვდელთმთავრო ომფორი... მკვდრეთით აღდგენიდან მან კიდევ 30 წელიწადს იცოცხლა და კვიპროსზევე ჰპოვა სამარე, თუმცა, მას კიდევ ერთი სამარხი ელოდა: - იმპერატორმა ლეონ ბრძენმა საღვთო გამოცხადების შემდგომ ლაზარეს წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლს გადააბრძანა, ტაძარი აუგო, პატივით ჩააბრძანა ძვირფას ლუსკუმაში და საკურთხევლის პირდაპირ, შესასვლელის მარჯვნივ დააბრძანა... ისინი დღესაც იქ განისვენებენ და თურმე საოცარ სურნელს გამოსცემენ...
უფალო, შენი მეგობრის, მართალი ლაზარეს ლოცვით, შეგვიწყალე!