25.04.2013
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა-დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას ვუწოდებთ.
წმინდა მახარებლები მოგვითხრობენ, რომ ბზობამდე თავისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში უფალი რამდენჯერმე ესტუმრა იერუსალიმს.
პირველად იესო 12 წლის იყო, როცა მშობლებს პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში გაჰყვა. ეს იყო ებრაელთა უდიდესი დღესასწაული, მასზე დასასწრებად ყოველი მხრიდან მიემართებოდნენ მორწმუნენი. ქალაქი სავსე იყო ხალხით და წმინდა ოჯახი ქალაქგარეთ დაბინავდა. რელიგიური ზეიმი რამდენიმე დღეს გაგრძელდა. დღესასწაულის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ უკან. ყრმა იესო კი იერუსალიმში დარჩა. ეს მარიამმა და იოსებმა არ იცოდნენ, ეგონათ, მგზავრებს შორის იყო. მეორე დღესაც რომ ვერ იპოვეს, დაუწყეს ძებნა ნათესავებსა და ნაცნობებს შორის, მაგრამ ამაოდ. იძულებული გახდნენ, იერუსალიმში მიბრუნებულიყვნენ. სამი დღის შემდეგ იპოვეს იესო ტაძარში მჯდომარე მოძღვრებს შორის, უსმენდა და ეკითხებოდა მათ. ყველა გაოცებული იყო მისი გონიერებითა და პასუხებით. ყოვლადწმინდა მარიამმა უსაყვედურა ყრმას, "ეს რა გვიყავი? აჰა, მე და მამაშენი გულშემოყრილნი დაგეძებთ შენ". "და რაისა მეძიებთ მე? - უპასუხა იესომ, -Aარა უწყითა, რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ-არს ჩემი ყოფაი?".
ამის შემდეგ მაცხოვარი 27 წლის აპრილში კვლავ ადის იერუსალიმში. იოანე მახარებელი წერს, რომ მაშინაც პასექი ახლოვდებოდა. ტაძარში შესულმა მაცხოვარმა ნახა, რომ მოვაჭრეებს დიდი ვაჭრობა ჰქონდათ გამართული ღვთის სახლში. ჰყავდათ გასაყიდი ხარები, ცხვრები, მტრედები და ა.შ. სხვები ცვლიდნენ უცხოურ ფულს ებრაულში. უამრავი გადამყიდველი, მაგიდები ფულით სავსე, შესაწირი პირუტყვი, ვაჭრობა, კამათი, მოტყუება, უთანხმოება. ყოველივე ეს სოლომონის ტაძრის სტოას ამსგავსებდა ხმაურიან ბაზარს. იესომ გააკეთა საბლის შოლტი და ყველანი ტაძრიდან გამორეკა ხარებითა და ცხოველებითურთ; ფულის დამხურდავებლებს დახლები წაუქცია და ფული დაუფანტა. მტრედების გამყიდველებს უთხრა: "გაიყვანეთ ესენი აქედან და სახლსა მამისა ჩემისასა ნუ აქცევთ სავაჭრო სახლად". იუდეველებმა ჰკითხეს იესოს, რა უფლებით აკეთებდა ამას და რა სასწაულს აჩვენებდა ამ უფლებამოსილების დასამტკიცებლად. იესომ იუდეველებს მხოლოდ ეს უთხრა: "დაარღვიეთ ეს ტაძარი და მე სამ დღეში აღვადგენ მას". გაკვირვებულმა იუდევლებმა ვერ გაიგეს მისი სიტყვები და მიუგეს, რომ ეს ტაძარი 46 წელი შენდებოდა და სამ დღეში როგორ აღადგენდა? მაცხოვარს არ განუმარტავს ნათქვამი. როგორც მამები განმარტავენ, უფალი თავისი სხეულის ტაძარზე ამბობდა, ესე იგი, როცა თქვენ მომკლავთ, დაარღვევთ ჩემს სხეულს (ღვთის ტაძარს), მე მესამე დღეს აღვსდგები.
ერთი წლის შემდეგ უფალი იესო ქრისტე ისევ ავიდა პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში. მის სტუმრობას დედაქალაქში კიდევ ერთი სასწაული უკავშირდება. იერუსალიმის შესასვლელში იყო ხუთბჭიანი აუზი, რომელსაც ებრაულად ბეთეზდა ეწოდებოდა. იქ იწვა უამრავი სნეული, ბრმა, კოჭლი და დავრდომილი, რომლებიც მოელოდნენ წყლის ამღვრევას. ვინაიდან უფლის ანგელოზი დროდადრო ჩადიოდა აუზში და ამღვრევდა წყალს; ხოლო ვინც წყლის ამღვრევისას პირველი ჩავიდოდა შიგ, რა სენითაც უნდა ყოფილიყო სნეული, იკურნებოდა.
იქ იწვა კაცი, რომელიც 38 წელი იტანჯებოდა სნეულებისაგან. როცა იესომ იხილა იგი, ჰკითხა: "გინდა განიკურნო?" სნეულმა მიუგო: "უფალო, კაცი არა მყავს, რომ წყლის ამღვრევისას ჩამიშვას აუზში; ვიდრე მე მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას". "აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი", - უთხრა სნეულს მაცხოვარმა. ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე განიკურნა მწოლიარე, აიღო თავისი სარეცელი და წავიდა. ეს სასწაული უფალმა შაბათ დღეს აღასრულა, რითაც იუდეველების უკმაყოფილება გამოიწვია... ამის შემდეგ უფალი კიდევ რამდენჯერმე სტუმრობს იერუსალიმს: კრავობის დღესასწაულზე იესო იერუსალიმის ტაძარში ქადაგებდა და ასწავლიდა იუდეველებს, იმავე ტაძარში მიჰგვარეს მას მრუშობაში მხილებული ქალი და ითხოვდნენ მოსეს სჯულის თანახმად მის ქვით ჩაქოლვას, რაზედაც მაცხოვარმა უპასუხა: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა... იერუსალიმში განკურნა ბრმადშობილიც, ტაძარში, სოლომონის ბჭესთან კი თქვა: "მე და მამაი ჩემი ერთ ვართ" (იოანე 10.30), რითაც თავი უფლის ძედ გამოაცხადა.
მოახლოვდა უფლის ვნების დროც და სწორედ ამ დროს ის უკვე დიდებით შედის იერუსალიმში. როდესაც იერუსალიმისაკენ მიმავალი მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ბეთანიის მთას, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო. მოციქულებმა ბრძანება შეასრულეს. ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ზაქარიასი: "და პოვა იესო ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა, ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცვსა ვირისასა" (იოანე 12, 14-15). დღესასწაულის გამო უამრავი ადამიანი იყო იერუსალიმში შეკრებილი. უბრალო ხალხი დიდი სიყვარულითა და აღტაცებით ეგებებოდა იესოს. ზოგი სამოსს იხდიდა და მის სახედარს უგებდა ფეხქვეშ, ზოგი პალმის ტოტებს - ბაიას უფენდა, ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: "ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!" (მთ, 21, 9). ფარისევლებს შეშურდათ მისი და მკაცრად მიმართეს: - როგორც ღმერთს, ისე გადიდებენ. რატომ არ გააჩუმებ მათ? ხოლო იესომ მიუგო: "გეუბნებით: ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს". ასეთი დიდებული შეხვედრა იერუსალიმში მანამდე არც ერთი მეფისა და კეისრისათვის არ მოუწყვიათ. ქრისტეს ეთაყვანება წმინდა ქალაქი, მთელი ხალხი აღტაცებით ხვდება მას. მაგრამ სულ მალე გახდება ცხადი, რომ ვისაც ელოდნენ, ის თურმე არ სჭირდებათ – ელოდნენ ღვთისგან მოვლენილ მხსნელს, რომელიც ებრაელებს გაათავისუფლებდა მიწიერი მტრისგან - ოკუპანტი რომაელებისაგან, და არა გაცილებით საშიში მტრისგან – ეშმაკისაგან. ამიტომ ბრბო, რომელიც დღეს იძახის: "ოსანა ძესა დავითისას", ხვალ დაიძახებს: "ჯვარს აცუ ეგე!"
ქალაქი რომ დაინახა, უფალი ატირდა და თქვა: "ნეტავ ამ დღეს მაინც გცოდნოდა, რა არის შენთვის სამშვიდობო, მაგრამ ახლა ეს დაფარულია შენს თვალთაგან. რადგან დაგიდგება დღეები, როცა მტრები შენს წინააღმდეგ აღმართავენ მიწაყრილს, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან. მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს, ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, რაკი ვერ გაიგე შენი მონახულების ჟამი".
მაცხოვარი შევიდა იერუსალიმის ტაძარში და მრავალი სასაწაული მოახდინა. ყველა კითხულობდა, ვინ იყო იესო.Aმასზე ხალხი პასუხობდა: ეს არის იესო, წინასწარმეტყველი, გალილეის ნაზარეთიდან. უფალი იერუსალიმიდან თორმეტი მოციქულის თანხლებით ბეთანიაში წავიდა.
იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს - მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა.
ამ დიდებული დღის მოსაგონებლად ქრისტიანები საზეიმო წირვა-ლოცვას ასრულებენ და ასე დღესასწაულობენ იესო ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში. მაგრამ ვინაიდან ცხელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან ფინიკისა და პალმის რტოები ძნელად მოიპოვება, ქართველები მის ნაცვლად სიმბოლურად უფალს ბზის ტოტებს უფენენ და ასე გამოხატავენ მისდამი თაყვანისცემას. მწუხრის ლოცვაზე დამსწრე მორწმუნენი ბზებით, ყვავილებით და ანთებული სანთლებით ხელში ესალმებიან უხილავად იერუსალიმში მომავალ მაცხოვარს, როგორც ჯოჯოხეთისა და სიკვდილის დამთრგუნველს. ცისკრის ლოცვისას ბზის ტოტები, რომლებიც ხელში უჭირავთ მორწმუნეებს, იპკურება ნაკურთხი წყლით.
უფალი ყოველ ჩვენგანს სთხოვს, სულიერად შეეგებოს მას, სამოსლის ნაცვლად გული გაუფინოს კიცვზე მჯდომ მეუფეს, მხურვალე ლოცვა და თაყვანისცემა კი ბზის ტოტებივით მიართვას და ისე მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც იერუსალიმში.