ასე რომ, მაცხოვრის აღთქმის შესაბამისად, სულიწმინდა მოციქულებზე გარდამოვიდა ცეცხლოვანი ენების სახით. ენებისა იმიტომ, რომ ამით უფალმა მიანიშნა ის ძალა და შესაძლებლობა, რომელიც მიეცათ მოციქულებს ქრისტეს მოძღვრების საქადაგებლად მთელ დედამიწაზე. ხოლო ცეცხლისა იმიტომ, რომ ამით მინიშნებულ იქნა ის ნიჭი, რომელიც ეძლეოდათ მოციქულებს ცოდვათა დასაწვავად, სულთა განსაწმენდელად, განსანათლებლად და განმათბობელად...
მოციქულთა შემდგომ ეს ნიჭი კურთხევისა ხელდასხმის გზით გადაეცემოდათ სათნოებით გამორჩეულ ადამიანებს - ეპისკოპოსებს. ეპისკოპოსის ტიტული უმაღლესი საეკლესიო ხარისხია. ეპისკოპოსებს სხვაგვარად მღვდელმთავრებად სახელსდებენ. მათ ეძლევათ უფლება, აღასრულონ ახალ სამღვდელო პირთა (ეპისკოპოსთა, მღვდელთა, დიაკონთა) ხელდასხმა ანუ კურთხევა (მღვდლობის საიდუმლო), აგრეთვე მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული დანარჩენი ექვსი საიდუმლო (ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, სინანული, ქორწინება, ზეთის კურთხევა) და ყოველგვარი საეკლესიო მსახურება.
განყოფილი ენების შესახებ წმინდა იოანე ოქროპირი შენიშნავს: "ოდესმე ენანი ღმრთისა განრისხებითა განიყვნეს უკეთურებისათვის კაცთაისა (ნაგულისხმევია ენათა აღრევა ბაბილონში), ხოლო ამას დღესა შინა წყალობითა და მადლითა სულისა წმიდისაითა მოეცნეს შეწევნისათვის სოფლისა. მაშინ განიბნინეს, რაითა მოყუასმან მოყუასისაი ნუ ისმინოს, ხოლო აწ მოეცნეს, რაითა ისმინონ, ისწავონ და გულისხმა ყონ".
ბაბილონის მცხოვრებნი, როგორც ეს ძველი აღთქმიდანაა ცნობილი, ერთ ენაზე მეტყველებდნენ. გაუკუღმართებული გონების კარნახით, მათ განიზრახეს, აეშენებინათ გოდოლი, რომელიც ცაში იქნებოდა აზიდული. ადამიანებმა ხორციელებრივი განღმრთობა მოიწადინეს, ფიზიკურად ახლოსმყოფობა ღმერთთან, სადაც ადგილი არ ჰქონდა ღვთისათვის სათნო სულიერებას. ამის გამო უფალმა ისინი სხვადასხვა ენაზე აამეტყველა, რის შედეგადაც ბაბილონელებმა გოდოლის აშენება ვერ განასრულეს. ამისგან განსხვავებით, სულიწმინდის მოფენისას გამოჩენილმა სხვადასხვა ცეცხლოვანმა ენამ არათუ დააშორა ადამიანები ერთმანეთს, არამედ, პირიქით, სულიწმინდამ "დაჰბეჭდა ხსნაი ჩუენი ნიჭითა მისითა (ქრისტესითა), ამაღლდა მხოლოდშობილი იგი, რომელი დამდაბლდა ჩუენთვის წყალობითა თვისითა და გარდამოხდა ნუგეშისმცემელი, რაითა აღასრულოს ძლევაი ჩუენი წყალობითა თვისითა".
იმ დროს, როცა ეს სასწაული მოხდა, იერუსალიმში უამრავი ხალხი იყო ჩასული სხვადასხვა ქვეყნიდან.
ხალხმრავლობა განპირობებული იყო იუდეველთა უდიდესი დღესასწაულით. ისინი ზეიმობდნენ პასექიდან ორმოცდამეათე დღეს, სინას მთის კანონმდებლობის მოსახსენებლად დაწესებულს, და აგრეთვე უფლის აღთქმას თავის რჩეულ ხალხთან (ე.ი. ებრაელებთან). პასექის (ებრ. - გვერდი აუარა) დღესასწაული დაწესდა ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლასთან დაკავშირებით. ეგვიპტის ფარაონს, მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სასწაულებით არაერთხელ ჰქონდა მინიშნება, გაეთავისუფლებინა ებრაელები, არ სურდა, რჩეულ ერს დაეტოვებინა ეგვიპტე, რადგან მათი შრომით დიდ სარგებელს იღებდა. ღმერთმა უბრძანა მოსეს, ებრაელთა თითოეულ ოჯახს გაზაფხულის პირველ თვეს, ნისანს (ნისანი ემთხვევა მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისს), ცხოვართაგან ამოერჩია თითო ერთი წლის ვერძი და იმავე თვის მეთოთხმეტე დღეს, საღამოს, დაეკლათ, მისი სისხლი კი წაეცხოთ "წყირთლთა მათ ზედა კართასა და ზღურბლთა მათ ზედა სახლებისა მათისათა...", თვით ტარიგი ცეცხლზე შეეწვათ და ეჭამათ ხმიადთან და მწარე ბალახთან ერთად, ეჭამათ ისე, რომ ძვალი არ გაეტეხათ და თუ ხორცი გადარჩებოდა, დაეწვათ. ჭამის დროს ებრაელები უნდა ყოფილიყვნენ ჩაცმულ-დახურულნი, ჯოხით ხელში და ეჭამათ სწრაფად: "მალიად-მალიად მსწრაფლა შეჭამონ, რამეთუ ზატიკი (გამოხსნა, გათავისუფლება) არს უფლისა" (გამოს. 12,11). ღმერთმა უთხრა მოსეს: "მოვივლი იმ ღამით ეგვიპტის ქვეყანას და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში კაციდან პირუტყვამდე... სისხლი გქონდეთ ნიშნად სახლებზე, სადაც ცხოვრობთ; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით. არ მოგეკარებათ დამღუპველი სუნი, როცა ეგვიპტელთა შემუსვრას დავიწყებ. სამახსოვროდ დაითქვით ეს დღე, იდღესასწაულეთ იგი საუფლო დღესასწაულად თაობიდან თაობაში. სამარადისო წესად დაიდეთ ეს დღესასწაული" (გამოს. 12,12-14).
ისრაელელებმა ეს ყოველივე აღასრულეს. დანიშნულ ღამეს მოკვდინებულ იქნა ეგვიპტელების ყოველი პირველი შვილი კაციდან პირუტყვამდე. ყოველ ოჯახში მკვდარი ესვენა. ეგვიპტე გლოვამ და გოდებამ მოიცვა. ფარაონმა იმ ღამესვე მოუწოდა მოსესა და მის ძმას, აარონს, და უბრძანა ეგვიპტიდან ებრაელების საჩქაროდ გაყვანა.
ებრაელები ნისანის თხუთმეტს წამოვიდნენ ეგვიპტიდან. მათი რიცხვი იყო ექვსასი ათასი კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა. ისინი გაემართნენ მეწამული ზღვისაკენ. სწორედ ეგვიპტიდან გამოხსნის სახსოვრად იქნა დაწესებული პასექის დღესასწაული, რომელსაც აღნიშნავდნენ ებრაელები ნისანის მეთხუთმეტე დღეს.
წმინდა მამათა განმარტებით, ბატკანი, რომელიც ღვთის ბრძანებით დაკლეს პასექის დღეს, მოასწავებდა იესო ქრისტეს: როგორც ბატკნის სისხლმა გამოიხსნა ებრაელთა პირმშონი სიკვდილისაგან, ასევე იესო ქრისტემ თავისი სისხლით გამოიხსნა კაცობრიობა ცოდვის, წყევისა და სიკვდილისაგან.
ღმერთმა ეგვიპტიდან გამოსვლის 50-ე დღეს მისცა ისრაელს ძველი სჯული მოსეს ხელით, ხოლო ამავე დღეს იმიტომ მოეფინათ მოციქულებს სულიწმინდა, "რაითა ცხად იქმნეს უფლებაი სულისა წმიდისაი და გამოთარგმანებულ-გამოჩინებაი ღმერთი", რათა ღმერთის განუყოფელი სამგვამოვნება იქადაგოს, რადგან ერთი და იგივე არის ძველი და ახალი რჯულის მომცემელი. როგორც ებრაელები, ასევე სხვა რჯულის წარმომადგენლები ციდან წამოსულმა უცნაურმა ხმამ იმ სახლთან შეყარა, სადაც მოციქულები იყვნენ თავმოყრილნი. აქამდე შიშით შეპყრობილი ქრისტეს მოწაფეები ახლა, როდესაც სულიწმინდის მადლით აღივსნენ, უშიშრად გამოვიდნენ ხალხის წინაშე და სხვადასხვა ენაზე ამეტყველებულებმა იწყეს ღვთის დიდება. ყოველი კაცი თავის მშობლიურ ენაზე ისმენდა მოციქულთა სიტყვას და განცვიფრებული კითხულობდა: ესენი ხომ გალილეველები არიან და როგორღა ვისმენთ თითოეული ჩვენგანი ჩვენს ენაზე ღვთის დიდებასო. ზოგიერთი დაცინვით ამბობდა: დამთვრალანო.
ამის საპასუხოდ პეტრე მოციქულმა აღიმაღლა ხმა - ჯერ ხომ მხოლოდ დილის ცხრა საათია, სულაც არა ვართ მთვრალებიო. პეტრემ განმარტა, რომ აღსრულდა იოველ წინასწარმეტყველის მიერ თქმული: "და იყოს უკანაისკნელთა დღეთა, - იტყვის უფალი ღმერთი, - მოვჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინაისწარმეტუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი და ჭაბუკნი ხილვასა იხილვიდენ და მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებით განვეცხადო" (საქ. მოც. 2,17).
წმინდა ათანასე ალექსანდრიელი სულიწმინდის ნიჭით გასხივოსნებას ადარებს ანთებულ სანთელს, რომლითაც მრავალი სანთელი იქნა ანთებული და, ამის კვალობაზე, ძალუმი ნათელი მოეფინა მიდამოს: "სიმდიდრე მადლისაი ოდეს განმრავლდის, განამრავლნა ნიჭნი, რამეთუ სანთელმან ერთმან აღანთნის მრავალნი სანთელნი და იგინი ყოველნი აღივსნიან ნათლითა და მას არაი მოაკლდის, ესრეთვე მადლი სულისაი სხუათაგან სხუათა ზედა მოვიდის და აღავსნის იგინი და პირველთა მათ არაი მოაკლდის.
პირველად მოვიდა მადლი მოციქულთა ზედა და მოიწია, ვითარცა კიდესა ქუეყანისასა და მათ მიერ გზა-ყო მორწმუნეთა მიმართ და კრებული აღივსო და აღმოდუღილი მადლისაი არა დამცირდა. ცეცხლისა მადლი იქცეოდა და ყვნა ჭურ ენანი მრავალნი".
პეტრე მოციქულმა სულიწმინდისგან მიმადლებული ძალით წარმოთქმულ სიტყვაში, დავით მეფის ფსალმუნთა მოშველიებით, დაამტკიცა ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტება, მისი ზეცად ამაღლება, რომლის უახლესი მოწმობაც იყო სულიწმინდის გარდამოსვლა.
მოციქულმა მოუწოდა იქ მყოფ ადამიანებს, რომ ცოდვათა მისატევებლად იესო ქრისტეს სახელით მონათლულიყვნენ და ამ გზით მიეღოთ მადლი სულიწმინდისა.
იმ დღეს ბევრმა შეიწყნარა მოციქულის სიტყვა და ნათელიღო. მონათლულთა რიცხვმა სამ ათასს მიაღწია. სულიწმინდის გარდამოსვლა მოციქულებზე წმინდა სამოციქულო ეკლესიის დაარსების დღედ არის მიჩნეული.
მოციქულთა დროიდან სულთმოფენობა ყოველწლიურად იდღესასწაულება. ეკლესიის ცნობილი ისტორიკოსი, ევსები კესარიელი, სულთმოფენობას უწოდებს უდიდესსა და უწმინდესს დღესასწაულთა შორის. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი კი ამბობდა: "ჩვენ ვდღესასწაულობთ სულიწმინდის გარდამოსვლას, როგორც აღსრულებას აღთქმისას, აღსრულებას იმედებისას, ვზეიმობთ დიდსა და ღირსეულ დღესასწაულს". წმინდა იოანე ოქროპირი წერს: "ენით გამოუთქმელი ნიჭი მიიღო დღეს (სულთმოფენობას) კაცთა მოდგმამ კაცთმოყვარე ღმრთისაგან. ამიტომაც სიხარულით ვმადლობდეთ უფალს... ეკლესია სავსეა დღესასწაულებით. მცირე ხნის წინ ვიდღესასწაულეთ აღდგომა, შემდგომ - ამაღლება, ახლა კი სულიწმინდის გარდამოსვლას ვზეიმობთ - მადლის ამ ზღვას, ღვთის აღთქმის გასაოცარ ნაყოფს".
ჭეშმარიტ ქრისტიანს, რომელსაც მიღებული აქვს მადლი სულიწმინდისა, მისი (სულის) ნაყოფით გამოვიცნობთ, რომელიც, პავლე მოციქულის სიტყვებით, არის: "სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიტკბოება, მყუდროება, სახიერება, მარხვა და მოთმინება" (გალ. 5,22).
ლევან მათეშვილმა