მოიხმო მოწაფენი, აკურთხა და მათ წინაშე ზეცად ამაღლდა
19.05.2006
"საიდუმლო სერობის" საღამოს, როცა ხედავდა მოახლოებულ ჯვარცმასა და სიკვდილს, მწუხარებისგან სასოწარკვეთილი მოწაფეები უფალმა ანუგეშა: "გამოვედ მამისგან და მოვედ სოფლად და კვალად დაუტეობ სოფელსა და მივალ მამისა" (იოანე 16,28). ხოლო მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღდგა უფალი, მარიამ მაგდალინელს უთხრა:
"აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქვენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქვენისა" (იოანე 20,17). მიწიერი ცხოვრება იესო ქრისტესი დამთავრებულიყო. მან უკვე აღასრულა მისია, რომელიც ზეციურმა მამამ განუწესა და ახლა უნდა განდიდებულიყო იმ დიდებით, "უწინარეს სოფლისა დაბადებისა" რომ ჰქონდა. მაგრამ სიყვარული თვისთა მოწაფეთა - ამ "მცირე სამწყსოსი", რომელიც "სრულიად შეიყვარა" მხსნელმან სოფლისა - აკავებდა დედამიწაზე. უფალი მაშინვე არ აღმაღლდა ზეცად, რადგან ჯერ კიდევ აღსასრულებელი ჰქონდა მცირე რამ "სიყვარულის საქმე": უპირველესად უნდა ენახა ხორციელად მშობელი დედა თვისი, ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი, და ენუგეშებინა; ცრემლი უნდა მოეწმინდა უერთგულესი მოწაფისთვის, მარიამ მაგდალინელისთვის; უნდა გამოსცხადებოდა მის სამგზის უარმყოფელ პეტრეს, იმ ღამის შემდეგ ყოველ მამლის ყივილზე ღვარად რომ სდიოდა ცრემლი და მასაც სამგზის უნდა დაემტკიცებინა თავისი სიყვარული. "გიყვარმეა, პეტრე?" - "ჰე, უფალო"; თომასაც უნდა განეხილა გვერდი უფლისა და შეშინებულ და გაბნეულ იესოს ცხვრებს ერთად უნდა მოეყარათ თავი, განცოცხლებულიყო მათი რწმენა. იესო მრავალგზის გამოეცხადა მოწაფეებს, არწმუნებდა, რომ ჭეშმარიტად აღდგა მკვდრეთით, დასამოწმებლად ამისა ჭამდა და სვამდა მათთან ერთად, აჩვენებდა წყლულებს ფეხებზე, ხელებზე და სთავაზობდა, მის გვერდზე ნამახვილარი ჭრილობა ენახათ.
მაგრამ არა მხოლოდ თავისი მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად ეცხადებოდა უფალი მოწაფეებს; მაცხოვარი კვლავ განსწავლიდა მათ, "ეტყოდა სასუფევლისათვის ღმრთისა" (საქმე 1,3). რასაც ჯვარცმამდე ვერ გაუმხელდა, ახლა უნდა შეეტყოთ მოწაფეებს მოძღვრისგან. ამ დროს უფალმა "განუხუნა გონებანი მათნი გულისხმისყოფად წიგნთა" (ლუკა 24,45). ასწავლიდა თავის საღმრთო ხელმწიფებაზე "ცათა შინა და ქვეყანასა ზედა", აკურთხებდა მათ ყოველთა წარმართთა მოძღვრად და მახარებლად - "ნათელ სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა". ასწავლიდა მოწაფეებს, დაემარხათ ყოველივე, რაც კი მათ ამცნო. ჰპირდებოდა იესო, რომ თავის ეკლესიასთან იქნებოდა "ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა". უფალი თანდათანობით ამზადებდა თავის მოწაფეებს იმ უდიდესი მსახურებისთვის, რომლისთვისაც იყვნენ მოწოდებულნი - მქადაგებლად ღვთის სასუფევლის სახარებისა.
ამ მომზადებაში განვლო ორმოცმა დღემ. ღვთაებრივი მოძღვრის მოწაფეები ნელ-ნელა შეეგუვნენ იესოსთან განშორების აზრს. უფალი მათ დროდადრო სასწაულებრივად ეცხადებოდა და ესეც არწმუნებდა მოციქულებს, რომ მათი მოძღვარი უკვე ზეცას ეკუთვნოდა და არა ამ სოფელს. იესოს მოძღვარს კი აღარ ეძახდნენ, უფალს უწოდებდნენ. მათ გულებში სიყვარული კაცისა იესოსი შეიცვალა კეთილკრძალულ რწმენად ქრისტე მაცხოვრისა. ხვდებოდნენ, რომ მოძღვართან განშორება გარდუვალი იყო.
და აი, ეს დღეც დადგა - იესოს მკვდრეთით აღდგომიდან მეორმოცე დღე. მაშინ მრავალი მოწაფე შეიკრიბა ქრისტე მაცხოვრისა. შესაძლოა, სწორედ იმ ადგილას მოიყარეს თავი, სადაც საიდუმლო სერობა აღესრულა და სადაც ათი დღის შემდეგ მოციქულებზე სულიწმინდა გარდამოვიდა. აქ შეკრებილ მოწაფეებს გამოეცხადა უფალი. მისი ბოლო საუბარი მახარებლებს დაწვრილებით არა აქვთ გადმოცემული, მაგრამ მახარებელი ლუკა მოგვითხრობს, რას შეეხებოდა იგი: უფალმა კიდევ ერთხელ ბრძანა, რომ აუცილებელი იყო ჯვარზე ვნება მესიისა, რადგან "ასე იყო დაწერილი", რომ იგი მესამე დღეს მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. თქვენ, ვინც ამის მხილველნი იყავით, წარგგზავნით მახარებლად ყველა ხალხთან - უქადაგეთ მათ უფლის სახელით სინანული და მიტევება ცოდვათაო, - ასწავლიდა მათ უფალი. მაგრამ სანამ საქადაგებლად წავიდოდნენ, მოციქულებს უნდა მიეღოთ მადლმოსილნი ნიჭნი სულისა წმიდისა. "იერუსალემით ნუ განეშორებით, არამედ მოელოდეთ აღთქმასა მამისასა, რომელი გესმა ჩემგან. რამეთუ იოანე ნათელს-სცემდა წყლითა, ხოლო თქვენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა არა მრავალთა ამა დღეთა შემდგომადო" (საქმე
1,4-5). ასწავლიდა რა ამას უფალი, გამოიყვანა მოწაფეები იერუსალიმიდან და ბეთანიისკენ გაემართა. ამ გზაზე არაერთხელ უვლიათ ერთად. მოწაფეთა თვალწინ თითქოს განვლილი დღეები გაცოცხლდა. იფიქრეს, დადგა დრო, როცა მოძღვარი ჩვენი ამ სოფელს თავს მეფედ, მესიად გამოუცხადებსო. ამიტომაც ჰკითხეს: "უფალო, უკეთუ ამათ ჟამთა კვალად მოაგოა სასუფეველი ისრაელსა?" (საქმე 1,6). ჯერ კიდევ არ იყვნენ მოწაფენი სულიწმინდით მონათლულნი, ჯერ კიდევ კაცობრივად მსჯელობდნენ და ფიქრობდნენ ისრაელში იესო ქრისტეს გამეფებაზე. უფალმა მდაბლად მოისმინა მათი შეკითხვა და სიყვარულით უპასუხა: "არა თქვენი არს ცნობაი ჟამთა და წელთა, რომელნი-იგი მამამან დასხნა თვისითა ხელმწიფებითა". თითქოს ამბობდა მაცხოვარი სოფლისა: "მეფობასა და ჯილდოებზე კი არა, ღვაწლსა და მოთმინებაზე უნდა ფიქრობდეთ. მიანდეთ თქვენი მომავალი უფალს". ამ საუბარში მიაღწიეს ელეონის მთას. იესო შეჩერდა, მოიხმო მოწაფენი, აკურთხა და მათ წინაშე ზეცად ამაღლდა. თვალს რომ მიეფერა, გაოგნებულ მოწაფეებს უფლის ორი ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: "კაცნო გალილეველნო, რასა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესუ, რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად" (საქმე 1,11). ამის მოსმენის შემდეგ მოციქულებმა თაყვანი სცეს ზეცად ამაღლებულ უფალს და "სიხარულითა დიდითა" დაბრუნდნენ იერუსალიმში. გულის სიღრმეში გრძნობდნენ, რომ ქრისტე მათ შორის იყო და მარადის იქნებოდა, თუმცა გრძნობადი თვალით ვერ იხილავდნენ მას. "ოდეს იგი ამაღლდა და მიეფარა ხორციელად, მაშინ მათ იგრძნეს, რომელ მაცხოვარმან დაიმკვიდრა უხილავად სამყოფი თვით სულთა და გულთა შინა მათთა. მაშასადამე, არათუ არ განეშორა მათ, არამედ უმეტესად მიეახლა მათ", - ბრძანებს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი.
დიახ, ქრისტე მაცხოვარი უხილავად ახლაც ჩვენს შორისაა, დგას და გულის კარზე გვიკაკუნებს, იქნებ ვინმემ განუღოს, რათა შევიდეს და დაივანოს. და როცა უფალი კაცის გულში დაივანებს, მასაც შეუძლია თქვას სიტყვისაებრ პავლე მოციქულისა: "ცხოველ ვარ არა მე, არამედ იესო ქრისტე ჩემ შორის ცხოველ არს".